ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

ჩვენ შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ შეიქმნა 1996 წლის 18 მარტს.
ორგანიზაციის შექმნის ინიციატორები იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების მიერ 80-იან წლებში ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისათვის დაპატიმრებული და გასამართლებული პირები. ორგანიზაციის წევრობა შეუძლიათ არა მხოლოდ ყოფილ პოლიტპატიმრებს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს წესდების მოთხოვნებს და აღიარებს მის მიზნებსა და ამოცანებს. ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში, განსახორციელებელი პროექტების მოცულობის მიხედვით, სისტემატურად ჩართულია რამდენიმე ათეული ადამიანი.


ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია:
​
  • სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა
  • უფლებების შელახვის ფაქტების გამოვლენა და შეტყობინება ადგილობრივი და უცხოური უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის მათი აღმოფხვრის მიზნით
  • იმ საკანონმდებლო აქტებზე მუშაობა, რომელიც უშუალოდ ეხმიანება ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის საკითხებს
  • საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პრობლემატიკის აქტუალიზაცია
Picture
ნანა კაკაბაძე
ავტობიოგრაფია
​ნანა კაკაბაძე დაიბადა 1962 წლის 23 თებერვალს თბილისში. ადრეული ასაკიდანვე გამოხატავდა იდეურ წინააღმდეგობას კომუნისტურ რეჟიმთან და 70-იანი წლების ბოლოდან ღია თუ ფარულ დისიდენტურ მოქმედებებს ახორციელებდა. 

იმ პერიოდში პატრიოტ ქართველ ახალგაზრდობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ სტუდენტური მოძრაობის ლიდერები: თამარ ჩხეიძე, ნანა კაკაბაძე და მარიამ ბაღდავაძე. მათი ინიციატივით ეწყობოდა ნახევრად ლეგალური ან სულაც ლეგალური სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებები, რომლებიც საბჭოთა რეალობისთვის სრულიად ახალ და გაუგონარ ამბავს წარმოადგენდა. 

ვინაიდან დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დისიდენტებისთვის უცხო არ იყო ბრძოლის არალეგალური ფორმებისა და მეთოდების გამოყენება, საკუთარი პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმად, ნანა კაკაბაძე და მისი მეგობრები სხვა თანამოაზრეებთან ერთად, პროკლამაციების და პეტიციების შედგენას და გავრცელებასაც იყენებდნენ. პეტიციებზე ხელს აწერდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, რაც ხელისუფლებაზე ზეწოლის ფორმა იყო.

დისიდენტების  შეკრების ადგილად და მათი ბრძოლის სულიერ საფუძვლად ეკლესია იქცა, რომლის აღმავლობა 1977 წლის ბოლოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია მეორის კურთხევის შემდეგ დაიწყო. ნანა და მისი მეგობრები სიონის ეკლესიის მრევლი იყო. ეკლესიისკენ ხალხის შებრუნება კომუნისტური რეჟიმისადმი ერის პროტესტს წარმოადგენდა - ადამიანები აჩვენებდნენ  ხელისუფლებას, რომ რელიგიურ დღესასწაულებს არა მხოლოდ სახლში და მალულად აღნიშნავდნენ, არამედ ღიად, ეკლესიაში თამამი სიარულით.

იმ პერიოდში გახმაურდა ქართველი ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის საქმე, რომელიც მას შემდეგ დააკავეს და მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რაც ფშავში, ვაჟაობის დღესასწაულზე სიტყვით გამოვიდა და რამდენიმე პარტიული ფუნქციონერი ამხილა. ნანა კაკაბაძისა და მისი მეგობრების ძალისხმევით ნაზი შამანაურის მიმართ განხორციელებული რეპრესიები მოსახლეობის ფართო მასებში გავრცელდა, რაც დიდი დარტყმა იყო კომუნისტური რეჟიმისთვის.

1981 წელს დისიდენტურ მოძრაობაში ახლადჩაბმული ირაკლი წერეთელი მცხეთობის დღესასწაულზე ერთ-ერთ საკითხზე ხელმოწერებს აგროვებდა, როდესაც მილიციის მუშაკები მას და მასთან მყოფ ახალგაზრდებს გარს შემოერტყნენ, ნანა კაკაბაძემ და მისმა მეგობრებმა სცადეს მისი დაცვა, მოხდა შეხლა-შემოხლა და პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 120 მილიციის ცემის ფაქტზე და მცხეთის სასამართლომ ი. წერეთელს, თ. ჩხეიძეს, ნ. კაკაბაძეს, მ. ბაღდავეძეს პირობითი სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი დახურული იყო. 

ედუარდ შევარდნაძის თანხმობით დარბაზში, მხოლოდ მწერალი რევაზ ჯაფარიძე შეუშვეს. ქალბატონი ნანა მჭედლიძე კი შესულა, როგორც ნანა კაკაბაძის დეიდა. სხდომას საზოგადოებრივი ბრალმდებელიც ესწრებოდა, ერთ-ერთი საშუალო სკოლის მასწავლებელი, რომელმაც, საქმის მოსმენის შემდეგ, მსჯავრდებულთა გაკიცხვის ნაცვლად, ილია ჭავჭავაძის პატრიოტული ლექსი
წაიკითხა: 
„ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული!“

ზოგადად, ნანა კაკაბაძისა და დისიდენტური ჯგუფის წევრებსა და მათ თანამოაზრეებს ხშირად აკავებდნენ, ბინებს უჩხრეკდნენ და აპატიმრებდნენ. ერთ-ერთი მსგავსი ინციდენტი ლეონიდ ბრეჟნევის საქართველოში ჩამოსვლისას მოხდა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ჯგუფის წევრები მიტინგის გამართვას აპირებდნენ, რა დროსაც თამარ ჩხეიძე, მარიკა ბაღდავაძე და ნანა კაკაბაძე უნივერსიტეტის ეზოსთან დააპატიმრეს და დღის ბოლომდე გლდანის მილიციაში ამყოფეს, შუაღამისას კი თელავში წაიყვანეს, სადაც ,,ინტურისტის“ სასტუმრო დაცალეს და დაპატიმრებულები შეასახლეს. 

ახალგაზრდები მხოლოდ ერთი კვირაში, ბრეჟნევის საქართველოდან წასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. 1983 წელს, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის იუბილე უნდა გამართულიყო. ახალგაზრდებმა გამოსვლა მოაწყვეს. ირაკლი წერეთელი და სხვები პროკლამაციებს ავრცელებდნენ, რომელშიც ტრაქტატის, ხელისუფლების პოზიციისგან განსხვავებულად იყო შეფასებული და აქედან გამომდინარე მოითხოვდნენ, არ მომხდარიყო მისი საზეიმოდ აღნიშვნა. 

დაპატიმრებულთა დასახმარებლად საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდა თამარ ჩხეიძის ჯგუფის წევრები და სხვები - დაახლოებით ასამდე ადამიანი, რის გამოც ისინი დააკავეს, თუმცა დღის ბოლომდე ყველა გაათავისუფლეს და მხოლოდ თამარ ჩხეიძე, ნანა კაკაბაძე, მარიკა ბაღდავაძე, გია ჭანტურია და ზურაბ ცინცაძე დააპატიმრეს. მოგვიანებით მათი ბედი ლუიზა შაკიაშვილმაც გაიზიარა. იგი მიტინგზეც იყო და აქტიურ პროტესტს გამოხატავდა ხელისუფლების მოქმედებების წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ საქმე ორად გაიყო. ერთის მხრივ - ლ. შაკიაშვილის, ზ. ცინცაძისა და გ. ჭანტურიას წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ, თამრიკო ჩხეიძის, მარიკა ბაღდავაძისა და ნანა კაკაბაძის წინააღმდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1983 წლის 8 აგვისტოს ნანა კაკაბაძეს და მის მეგობრებს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ ბრალდებით სამწლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლო გადაწყვეტილებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. გამოჩენილმა ადამიანებმა წერილი მისწერეს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს, რომელშიც დაპატიმრრებული ახალგაზრდების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. წერილს ხელს აწერდნენ ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები: მედეა ჯაფარიძე, რეზო თაბუკაშვილი, აკაკი ბაქრაძე, ნანა მჭედლიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ანა კალანდაძე, ნონა გაფრინდაშვილი, მზექალა შანიძე და სხვები. 
ამის მიუხედავად ნანა კაკაბაძეს და მის მეგობრებს პატიმრობაში 2 წელზე მეტი ხნის გატარება მოუხდათ, რომლის ნაწილიც მათ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ციხეში გაატარეს. 

ნანა კაკაბაძე დღესაც აგრძელებს აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობას და უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც არის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი წარმატებული აქტივისტი. ის განსაკუთრებული სიყვარულით დისიდენტობის წლებს იგონებს და ამბობს: 

,,ვფიქრობ, დისიდენტები სხვანაირი, თავგანწირული ადამიანები არიან და არა მარტო საქართველოში. ომში ისინი გმირები არიან, თუმცა ომი სხვა მოცემულობაა, ხოლო იმხელა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც ტოტალიტარული საბჭოთა სახელმწიფო იყო, სულ სხვა რეალობაა. მახსოვს შეხვედრა ლუდმილა ალექსეევასთან, სერგეი კოვალიოვთან, ლარისა ბოგორაზთან და სხვა დისიდენტებთან, რომელიც ქალაქ ხარკოვში გაიმართა. ბევრ საერთაშორისო კონფერენციაზე ვყოფილვარ, მაგრამ ის სულიერი ერთობა და სხვისი უფლებების უპრეცედენტო დაფასება, რაც იმ ადამიანებისგან ვიგრძენი, სხვაგან არსად განმიცდია“.
ჩემი ისტორია (ვიდეო სიუჟეტები)
მზადების პროცესშია
Picture
გელა ნიკოლაიშვილი
ავტობიოგრაფია
გელა ნიკოლაიშვილი 1958 წლის 27 მარტს, თბილისში დაიბადა. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო მცხეთის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში სწავლული მდივნის თანამდებობაზე.

ნასამართლევი არ ყოფილა, თუმცა მის ბიოგრაფიაში იყო ერთი ეპიზოდი, რომელიც გამოძიებამ გაიხსენა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დროს.

სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, 1977 წელს გელა ნიკოლაიშვილი მისი თანაკურსელის, თამარ ჩხეიძის საშუალებით გაეცნო არალეგალურ ჟურნალს, რომელსაც გამოსცემდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომლებიც არალეგალური საქმიანობისთვის ამავე წელს დააპატიმრეს. საქმე ეხებოდა ჟურნალ ,,საქართველოს“ პირველ და მეორე ნომრებს.

ამის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა არალეგალური ანტისაბჭოთა ჯგუფი, რომელიც გაერთიანდა თამარ ჩხეიძის გარშემო და რომელმაც წელიწადზე მეტი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაავრცელა პროკლამაციები დაპატიმრებული ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დასაცავად.

თამარ ჩხეიძის გარდა, ამ ჯგუფში შედიოდნენ და სხვადასხვა დროსა და ადგილებში პროკლამაციების გავრცელებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის
სტუდენტები: გია ჭანტურია, გელა ნიკოლაიშვილი, გიორგი ჩხიკვიშვილი, ბადრი ბანძელაძე, თამარ შალიკაშვილი, თამარ გვიანიშვილი, აგრეთვე რეჟისორი ავთანდილ იმნაძე და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი თემურ გონჯილაშვილი.

გელა ნიკოლაიშვილი არქივის თანამშრომლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნულ პერიოდს ასე იგონებს:

,,იმ ასაკში ახალგაზრდები სიმართლეს ეძებენ, მეამბოხენი არიან. სხვისგან გამორჩეული არ ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ჩანს, გარემომ იმოქმედა, კერძოდ იმ გარემოებამ, რომ თამარ ჩხეიძის ჯგუფელი ვიყავი.

ჯერ კიდევ 1976 წელს, როდესაც უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები ვიყავით, თამრიკო უკვე ყურადღებას იქცევდა, როგორც გამორჩეული ინტერესების მქონე ახალგაზრდა. სხვა სტუდენტებს თუ გართობა აინტერესებდათ, თამრიკო საინტერესო იდეებით ქონით ხასიათდებოდა.

ექციებზე აქტიურად და კვალიფიციურად ეკამათებოდა ლექტორებს პოლიტიკურ საკითხებზე,
აკეთებდა თამამ და ძალზე კრიტიკულ (ფაქტობრივად, ანტისაბჭოთა) განცხადებებს, რაც მაშინ გაუგონარი რამ იყო და, რაც მთავარია, ლოგიკური მსჯელობითა და ფაქტებით ასაბუთებდა თავის პოზიციას. სწორედ მისგან შევიტყვე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაპატიმრების შესახებ. მანამდე, როდესაც ინტერესი გამოვიჩინე, მანვე გამაცნო არალეგალური ჟურნალებიც, რომელსაც თავად ბეჭდავდნენ. იმ პერიოდშივე გავეცანი ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ ,,კავკასიონს“, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საფრანგეთიდან თამრიკოს მამის-ცნობილი რეჟისორის, რევაზ ჩხეიძის მიერ ყოფილა ჩამოტანილი.

კარგად მახსოვს, 7 აპრილის დილა იყო. თამრიკო უნივერსიტეტში მოვიდა და თქვა, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დააპატიმრესო. იმ დროისთვის, დისიდენტური აქტიურობისთვის, თეორიულად უკვე მზად ვიყავით, განსაკუთრებით თამრიკო. ამიტომ გადავწყვიტეთ , რომ დაპატიმრებულების დასაცავად რაიმე მოგვემოქმედებინა. ვინაიდან კომუნისტური რეჟიმის დროს ღია გამოსვლები შეუძლებელი იყო, მოვიფიქრეთ გამსახურდიასა და კოსტავას მხარდასაჭერი ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელება.

კარგად მახსოვს, როდესაც 1975 წელს ჰელსინკის აქტს მოეწერა ხელი, სწორედ მაშინ დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში დისიდენტური (ანუ სხვაგვარად მოაზროვნეთა) მოძრაობა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ბრძოლას ეფუძნებოდა. დისიდენტური მოძრაობა განსაკუთრებული აქტიურობით ბალტიისპირეთსა და უკრაინაში გამოირჩეოდა.

1976 წლიდან დაიწყო დისიდენტების დაპატიმრებები სსრკ-ის სხვადასხვა რესპუბლიკაში, ხოლო 1977 წელს საქართველოს ჯერიც დამდგარიყო, დააპატიმრეს გამსახურდია და კოსტავა. მათი დაპატიმრება ჩვენთვის მოქმედების სტიმული აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ ზვიადისა და მერაბის საქმე გაგვეგრძელებინა, რამდენადაც ეს შეეძლოთ 18-19 წლის ახალგაზრდებს (თავად თამარ ჩხეიძე ამ დროს 17 წლის იყო).

ამას ორი მოსაზრება ედო საფუძვლად. უპირველესად, გვსურდა ხელისუფლებისთვის დაგვენახებინა, რომ მერაბი და ზვიადი მარტონი არ იყვნენ. ამასთანავე, აუცილებლად მიგვაჩნდა ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია გადაგვეცა უცხოელებისათვის. თამრიკოს
სახლში გავიცანი რეჟისორი ავთანდილ იმნაძეც, რომელიც მისი უფროსი მეგობარი იყო.

ბევრი გულშემატკივარი გვყავდა, საინტერესო დრო იყო, თუმცა არალეგალურ საქმიანობაში უშუალოდ ჩართვას ძალიან ცოტა თუ ბედავდა. დროდადრო ზოგი ჩამოგვშორდებოდა, მაგრამ ახლები ჩნდებოდნენ. ჩემი მხრიდან, დისიდენტურ მოძრაობაში ჩავრთე თემურ გონჯილაშვილი.

განსაკუთრებით მაგონდება 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები. უნივერსიტეტში სტუდენტური აქტივობის სულისჩამდგმელი თამრიკო ჩხეიძე იყო. 14 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე, ფაკულტეტის კომკავშირის კრება მოაწყეს და კონსტიტუციით შემოთავაზებული პროექტის განხილვა დაიწყეს.

უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ვნებები დუღდა. განსაკუთრებით ვაქტიურობდით უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები. დეკანატმა დაგაწყვიტა, რომ რაღაც კალაპოტში მოექცია ეს მათთვის საშიში მოძრაობა და კონსტიტუციის პროექტის განსახილველად მოაწყო ფაკულტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა კრება, რომელსაც კომკავშირის კრება დაარქვა.

კრების თავმჯდომარედ მე ამირჩიეს, როგორც ე.წ. აქტიურ ოპოზიციონერ სტუდენტთა ერთ-ერთი წარმომადგენელი. კრება ანტისაბჭოთა დემონსტრაციად ვაქციეთ. დავადგინეთ, ოქმი გაგვეფორმებინა და თბილისისა და მოსკოვის ცენტრალურ კომიტეტებში გაგვეგზავნა ჩვენი მოთხოვნები ქართული ენის სტატუსთან დაკავშირებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე კომკავშირულ სტილში შედგენილი ოქმი წინასწარ ჰქონდათ გამზადებული, სადაც კონსტიტუციის პროექტის ქება-დიდება იყო და მხოლოდ ერთი წინადადებით, გაკვრით იყო შეთავაზება ქართული ენის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების თხოვნით. მე, როგორც კრების თავმჯდომარემ, ამ ოქმს ხელი არ მოვაწერე.

პროტესტის ნიშნად, გაეროსთვის, მოსკოვისა და თბილისის ცენტრალური კომიტეტებისთვის საპროტესტო წერილი გავგზავნეთ და სტუდენტებში ხელმოწერების ფარულად შეგროვება დავიწყეთ, თუმცა, ეს დოკუმენტი კგბ-მ იპოვა და ამოიღო. მეტად კარგად მაგონდება ის პერიოდი.

ჩემს მახსოვრობაში დისიდენტურმა მოძრაობამ კეთილი მოგონებები დატოვა. მიმაჩნია, რომ სწორი პოზიცია მეკავა, რამაც ზეგავლენა იქონია მთელი ჩემი მომდევნო ცხოვრებისეული პოზიციების ჩამოყალიბებაზე.“

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით აგრეთვე ირკვევა, რომ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავას დაპატიმრებიდან დაახლოებით ორ თვეში ჩხეიძეს, ნიკოლაიშვილისა და იმნაძეს დაუგეგმავთ ანტისაბჭოთა ხასიათის პროკლამაციების გავრცელება, რომლებიც ძირითადად მიმართული იყო დაპატიმრებული დისიდენტების დაცვისაკენ. კერძოდ, ჩხეიძესა და ნიკოლაიშვილს უნდა გაევრცელებინათ ისინი რუსთაველის პროსპექტზე, ხოლო იმნაძე კი პლეხანოვის პროსპექტზე.

1977 წლის 2-3 ივნისს, ისინი ალექსანდროვის პარკში შეიკრიბნენ. სულ დაახლოებით 30 ფურცელი
გაუვრცელებიათ, რუსთაველის თეატრიდან მეტრო ,,რუსთაველამდე“, რაშიც მონაწილეობდნენ თამარ ჩხეიძე და თამარ გვიანიშვილი, აგრეთვე გელა ნიკოლაიშვილი და თემურ გონჯილაშვილი.

მათ 18/16 ზომის, მანქანაზე დაბეჭდილი ფურცლები გაუკრავთ სახლების ფასადებსა და სადარბაზოებზე. გარდა ამისა, 1977 წლის  სექტემბერში აღნიშნული ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა დროს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მხარდასაჭერი პროკლამაციები ერთდროულად გაავრცელეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში.

კერძოდ, გელა ნიკოლაიშვილმა და თემურ გონჯილაშვილთან ერთად რამდენიმე რამდენიმე ასეული პროკლამაცია გაავრცელა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, შიდა კიბეებზე მათი გადმოყრის გზით.

ამავე ჯგუფის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1978 წლის 14 აპრილის მოწყობილ ქართული ენის დასაცავი დიდი აქციის წინა დღეებში უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტების მობილიზაციაში.

1977 წლის ოქტომბერში თამრიკო ჩხეიძის ბინაში მისულ ავთანდილ იმნაძეს განუცხადებია, რომ
ჯერ კიდევ ზაფხულიდან მას დარჩენილი ჰქონდა ასამდე პროკლამაცია და აპირებდა მეორე დრეს მათ გავრცელებას. ისინი ,,სამაიას“ ბაღში შეიკრიბნენ, სადაც ავთანდილ იმნაძეს და თემურ გონჯილაშვილს ერთმანეთი გაუცნიათ. პროკლამაციები რუსთაველის გამზირზე მდებარე ,,მეშახტეთა“ სახლის (ამჟამინდელი ,,კინოს სახლის“) სახურავიდან ავთანდილ იმნაძემ პროკლამაციები გადმოყარა.

1977 წლის ოქტომბრის ბოლოს ავთანდილ იმნაძემ დახმარება თხოვა გელა ნიკოლაიშვილსა და თემურ გონჯილაშვილს ფურცლების სტადიონ ,,დინამოზე“ გასავრცელებლად. 2 ნოემბერს, საერთაშორისო საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, რომელშიც თბილისის ,,დინამო“ დანიურ გუნდს ხვდებოდა, თემურ გონჯილაშვილი და გელა ნიკოლაიშვილი შეხვდნენ ავთანდილ იმნაძეს სტადიონის წინ და ნებართვა სთხოვეს თავად გაევრცელებინათ ფურცლები. იმნაძემ მათ 80-100 ცალი, ფოტომეთოდით დამზადებული 8/6 ზომის ფურცლები გადასცა, რომელზეც დაბეჭდილი იყო მოწოდება ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გათავისუფლების შესახებ.  მატჩის დასრულების შემდეგ, ანტისაბჭოთა ხასიათის პროკლამაციები მათ სტადიონის ზედა იარუსიდან გადმოყარეს და სტადიონიდან გამომავალ მაყურებელს თავზე დააყარეს.

1983 წლის 26 მაისს ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური და პოლიტექნიკური ინსტიტუტებისა და ავტომატური ტექნიკუმის ტერიტორიებზე გავრცელდა ანტისაბჭოთა შინაარსის მქონე ფურცლები, რომლებიც მოსახლეობას საბჭოთა წყობილების დამხობისკენ მოუწოდებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 1983 წლის 31მაისს აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდა).

საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საგამოძიებო განყოფილების უფროს გამომძიებლებს. 1984 წლის 7 აგვისტოს, საქმის სირთულიდან გამომდინარე, გამომძიებელთა ჯგუფს შეუერთდა საგამოძიებო
განყოფილების უფროსი გამომძიებელიც.

1983 წლის 13 ივლისს თბილისში დააპატიმრეს დროებით უმუშევარი ზაქარია კონსტანტინეს ძე ლაშქარაშვილი და ტარიელ ნიკოლოზის ძე ღვინიაშვილი, იმავე წლის 21 დეკემბერს-გურამ შალვას ძე გოგბაიძე. 1983 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით, მათი საქმე გამოიყო N196 საქმიდან თანდართული დოკუმენტები.

სისხლის სამართლის N196 საქმიდან ცალკე საქმედ გამოიყო N216 საქმე, რომლის მიხედვითაც ბრალი წარედგინა გელა ანტონის ძე ნიკოლაიშვილს. 1984 წლის 26 მარტს საგამოძიებო განყოფილების მაიორმა თ. ჭუმბურიძემ ხელი მოაწერა დადგენილებას გელა ნიკოლაიშვილის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ.

იგი დააპატიმრეს მეორე დღეს, 1984 წლის 27 მარტს და განათავსეს თბილისის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ციხეში, სადაც 1 წელი და 6 თვე გაატარა.

1983 წელს, დაპატიმრების შემდეგ, გელა ნიკოლაიშვილმა არაერთი განცხადებით მიმართა გამოძიებას. პირველი მათგანი ამავე წლის 23 დეკემბრით თარიღდება. მასში ბრალდებული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება ექსპერტიზის შედეგს და მასზე დაფუძნებულ ბრალდებას. რომლის თანახმად, 1983 წლის 26 მაისს, ქუთაისში სახელმწიფო პედაგოგიური და პოლიტექნიკური ინსტიტუტებისა და ავტომექანიკური ტექნიკუმის ტერიტორიებზე გავრცელებულ ანტისაბჭოთა შინაარსის მქონე პროკლამაცია თითქოს მისი ხელით იყოს დაწერილი კუთხოვანი ასოებით.

ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე სამი თვის განმავლობაში რამდენჯერმე ჩატარდა გელა ნიკოლაიშვილის ბინის ჩხრეკა და დაკითხვა, თუმცა, 1984 წლის 2 იანვრიდან დაწყებულ დაკითხვებზე იგი უარყოფდა 1983 წლის 26 მაისს ქუთაისში გავრცელებულ პროკლამაციებთან რაიმე შეხებას. მეტიც, ითხოვდა განმეორებითი, გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარებას მოსკოვში.

განმეორებითი ექსპერტიზა ჯერ თბილისში ჩატარდა. ამ ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ საქმეში არსებული პროკლამაციები ნიკოლაიშვილის ხელით იყო შესრულებული. ბრალდებული არც ამ დასკვნას დაეთანხმა.

ის ექსპერტიზის ჩატარებას კვლავ მოსკოვში ითხოვდა. 1984 წლის 16 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში ბრალდებული აღნიშნავდა: ,,ყურადღებით გავეცანი საექსპერტო დასკვნებს და კატეგორიულად უარვყოფ მათ. თუმცა, ჩემი დაწერილი ზოგიერთი ასო, გარეგნულად მაინც ჰგავს პროკლამაციაში არსებულ ასოებს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი კავშირი აღნიშნულ პროკლამაციებთან არ მქონია. გთხოვთ სამართლის დასადგენად ჩატარდეს დამატებითი ექსპერტიზა მოსკოვში, ხოლო ზემოთ აღნიშნულმა ექსპერტებმა სამართლის დადგენის შემდეგ მცდარი საექსპერტო დასკვნის მიცემისათვის პასუხი აგონ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლის მიხედვით.

ძიების პროცესში კიდევ ერთი გარემოება გაირკვა. აღმოჩნდა, რომ ნიკოლაიშვილი იყო ავტორი სტატიისა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო შეფასებული, როგორც ანტისაბჭთა შინაარსის მქონე. ამ თემაზე ბრალდებული 1984 წლის 21 ივნისს, მის მიერვე დაწერილ განცხადებაში საუბრობს:

,,1982 წელს პრესაში გამოქვეყნდა მწერალ ნოდარ დუმბაძის მოხსენება სათაურით ,,კიდევაც დაიზრდებიან“. ამ მოხსენების საპასუხოდ მე დავწერე სტატია ,,პასუხად ნ. დუმბაძეს“, რომელიც ხელმოწერილი იყო ორი ფსევდონიმით: მაისურაძე და გიორგაძე. ჩემ მიერ დაწერილი ეს სტატია წავაკითხე მეგობარს, მამულაშვილს და მირჩია როგორმე გამომექვეყნებინა ის. მე ამის შესაძლებლობა არ მქონდა და ეს მეგობარსაც ვუთხარი.  ამიტომაც, ჩემი ხელით დაწერილი სტატია კარგა ხანს მედო სახლში...

რამდენიმე ხნის შემდეგ სტატია ჩემი მეგობრის, თამრიკო ჩხეიძის სახლში წავიღე და მასაც წავაკითხე. თამრიკოსთან სტუმრად იყვნენ ზურაბ ცინცაძე, ნანა კაკაბაძე, მარიკა ბაღდავაძე, რომელთაც იქვე, ჩემი თანდასწრებით წაიკითხეს სტატია და საერთო ჯამში მოიწონეს. მათ მკითხეს სტატიის ავტორის ვინაობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს ვენდობოდი, სიმართლე არ ვთქვი და ვუპასუხე:

,,არ ვიცი, ნაცნობმა მათხოვა და მალე უნდა დავუბრუნო-მეთქი. მარიკა ბაღდავაძემ სტატია მთხოვა, გადავწერ და დაგიბრუნებო. ვათხოვე, რასაკვირველია. გარკვეული დროის შემდეგ მარიკამ მითხრა, სტატია გადავწერე და შემიძლია უკან დავაბრუნოო, მაგრამ აღარ გამოვართვი და ვუთხარი, მაგის პატრონმა სტატია მე მაჩუქა და თქვენ უფრო გამოგადგებათ, ჩემს ნაცნობებს შორის მაგით დაინტერესებული ბევრი არავინაა და უქმად დებას ჯობს თქვენ დაინტერესებულ ადამიანებს წააკითხოთ-მეთქი. ამაზე მარიკა სიამოვნებით დამთანხმდა. სტატია ანტისაბჭოთა შინაარსის იყო, 3-4-ფურცლიანი და ნოდარ დუმბაძის წარმოთქმულ სიტყვას ეხებოდა, სადაც ის კომკავშირს აქებდა, ყველა წარმატებას კომკავშირლებს მიაწერდა და არაპირდაპირ ლანძღავდა დისიდენტური მოძრაობის წარმომადგენლებს.

სტატიაში ვიცავდი დისიდენტურ მოძრაობას და ვაკრიტიკებდი დუმბაძის პოზიციას. სტატიის ზუსტი შინაარსი აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ერთი ფრაზა: ნოდარ დუმბაძე ამბობდა, აღნიშნულმა ვაი-პატრიოტებმა ჩვენს მიწაზე აღმართულ წმინდა დროშასაც კი შეახეს თავისი ბინძური ხელიო. ხოლო ჩემს სტატიაში ამ სიტყვებს მე იუმორისტულად ვაკრიტიკებდი. ჩემივე სტატიის ერთი ეგზემპლარი მომცეს, თუმცა ზუსტად რამდენი და როგორ დაბეჭდეს არ ვიცი. ზუსტად არც ის ვიცი, თუ ვინ დაბეჭდა ის“.

გელა ნიკოლეიშვილის ნახსენები ნოდარ დუმბაძის სტატია 1982 წელს გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა. სამწუხაროდ აღარ არსებობს გელა ნიკოლაიშვილის საპასუხო სტატია, რადგან იგი არალეგალურად გავრცელდა და ოფიციალურ ბეჭდურ მედიაში არ გამოქვეყნებულა.

1984 წლის 9 ოქტომბერს გამოძიებას ჩვენება მისცა მარიკა ბაღდავაძემ, რომელმაც განაცხადა: ,,ის ფაქტი, რომ გელა ნიკოლაიშვილმა თამარ ჩხეიძის ბინაში გაგვაცნო თავისი ჩანაწერი-,,პასუხი ნ. დუმბაძეს“ (როგორც იგი ამას ამბობს), არ მახსოვს. უფრო ზუსტად, არც ტექსტის შინაარსი მახსოვს და არც ის-გადმომცა თუ არა მან ეს ტექსტი.“

აღნიშნული ფაქტი ვერც თამარ ჩხეიძემ გაიხსენა: ,,მე პირადად გავეცანი გელა ანტონის ძე ნიკოლაიშვილის განცხადებას. მან რაღაც ნაწერი მართლაც მოიტანა ჩემთვის გასაცნობად, მაგრამ დრეს მისი არც შინაარსი და არც სათაური არ მახსოვს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არ მახსოვს გელა ნიკოლაიშვილის განცხადებაში მოყვანილი ფაქტი. თუ ის, რაც გელამ მოიტანა იყო ,,პასუხი ნ. დუმბაძეს“, მაშინ იგი სწორად უჩვენებს. თუმცა, მე ასეთი სათაურით ან შინაარსით გელას მოტანილი არაფერი მახსენდება.“

ამ საკითხზე დაიკითხა ზურაბ ცინცაძეც, რომელმაც გამოძიებას შემდეგი ჩვენება მისცა: ,,თარიღს ვერ ვიხსენებ... მე მივედი თამარ ჩხეიძესთან სახლში ლარსის ქუჩაზე. სადაც შევხვდი ნანა კაკაბაძეს, მარიკა ბაღდავაძესა და თამარ შაკიაშვილს. თამარის ოთახის საწერ მაგიდაზე იდო საბეჭდ მანქანაზე ქართულად დაბეჭდილი დოკუმენტი, დასათაურებული ,,კიდევაც დაიზრდებიან“, რომელიც შედგებოდა თეთრი სტანდარტული ქაღალდის 3-4 გვერდისაგან. დასახელებული დოკუმენტი, გოგონებთან ერთად, მეც წავიკითხე. როგორც მახსოვს, ამ დოკუმენტს ხელს აწერდა ანონიმი ავტორი გვარებით: ,,გიორგაძე“ და ,,მაისურაძე“, რომლებიც გამოდიოდნენ ქართველი ახალგაზრდების სახელით, გამოთქვამდნენ გულისწყრომას აწ განსვენებული მწერლის, ნოდარ დუმბაძის მისამართით, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ჩვენი რესპუბლიკის პრესის ფურცლებზე გამოაქვეყნა თავისი წერილი, რომელშიც აკრიტიკებდა თანამედროვე ახალგაზრდობის ზოგიერთი წარმომადგენლის მანკიერ საქციელს.

როგორც ხსენებული დოკუმენტის შინაარსიდან ირკვეოდა, მისი ავტორი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო წყობილებას ადარებდა ჩილეს სახელმწიფოში ამჟამად არსებულ სახელმწიფო რეჟიმს.

მახსოვს კარგად, თამარ ჩხეიძემ უარყოფითად შეაფასა დოკუმენტის შინაარსი: ,,... რა მოსატანი იყო საბჭოთა წყობის შედარება ჩილეს რეჟიმთანო.“ მე კი აღვნიშნე: ,,მის ავტორს რაში დასჭირდა ფსევდონიმით ხელმოწერა-მეთქი.“  ხსენებული დოკუმენტის ირგვლივ მსჯელობისას არცერთ ჩვენგანს მისი ავტორი არ დაუსახელებია.

იცოდა თუ არა მის შესახებ რამე ვინმემ არ ვიცი. როგორც  მახსოვს, ჩვენი საერთო საუბრის ანალიზიდან დავასკვენი, რომ თითქოს იმ დოკუმენტის ავტორი ზვიად გამსახურდია უნდა ყოფილიყო. ამ შეხვედრიდან ორი-სამი დღის შემდეგ, თამრიკოსთან ერთად ვიყავი სტუმრად გამსახურდიას სახლში გალის ქუჩაზე მდებარე ბინაში.

მასთან ჩვენი მისვლის მიზანი იყო გაგვეცნო გამსახურდიასთვის ზოგიერთი სიახლე. მაშინ გამსახურდიასთან საუბრისას შევეხეთ ანონიმი ავტორის მიერ დაწერილი დოკუმენტის შინაარსსაც. რამდენადაც მახსოვს, იმ მომენტში, ზვიად გამსახურდიას ხელში უნდა სჭეროდა დასახელებული დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი, გარეგნული ფორმით ანალოგიური იმისა, როგორიც მე თამარ ჩხეიძესთან ბინაში რამდენიმე დღის წინ ვიხილე.

როდესაც გამოძიებამ ამ თემაზე ზვიად გამსახურდია დაკითხა, მან მსგავსი დოკუმენტის არსებობა უარყო: ,,მე ვიცნობ თამარ ჩხეიძეს, მარიკა ბაღდავაძეს, ნანა კაკაბაძეს და ზურაბ ცინცაძეს. მიუხედავად ჩვენი ნაცნობობისა, მათთან რაიმე საქმიანი კავშირი არ მქონია. მათთან შეხვედრებსაც კი ვერიდებოდი და თუ შემთხვევით შევხვდებოდი სიონის ტაძარსა თუ ქუჩაში, მათთან საუბარსაც კი ვერიდებოდი. მე მათგან გასაცნობად არავითარი სახის დოკუმენტი არ მიმიღია, მათ შორის წერილი სათაურით: ,,პასუხი ნ. დუმბაძეს“ საერთოდ არ მინახავს. როგორც ზემოთ დასახელებულ პირებს, ასევე სხვა ვინმეს ჩემთვის ასეთი დოკუმენტი არ გადმოუციათ.“

ამავე დროს, გელა ნიკოლაიშვილი კვლავ განცხადებით მიმართავდა პოლკოვნიკ მირიანაშვილს და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსი ინაურს, კატეგორიულად უარყოფდა საკუთარ მონაწილეობას 1983 წლის 26 მაისს ქუთაისში პროკლამაციების მომზადებასა და გავრცელებაში, რის დასამტკიცებლად მოითხოვდა დამატებით გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარებას.

საინტერესოა, რომ გამოძიებამ თანხმობა განაცხადა მესამე გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარებაზე, რისთვისაც ამოღებული მოწოდებები და გელა ნიკოლაიშვილის ხელნაწერი ნიმუშები უნდა გადაგზავნილიყო ანალიზისთვის მოსკოვში, სსრკ იუსტიციის სამინისტროში, თუმცა მოსკოვიდან მოვიდა წერილი, რომლის თანახმად სასამართლო ექსპერტიზების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი უარს აცხადებდა ექსპერტიზის ჩატარებაზე, რისი მიზეზიც ინსტიტუტში ქართული დამწერლობის მცოდნე ექსპერტების არარსებობა იყო.

აღნიშნულის შემდეგ, გამოძიებამ გადაწყვიტა ექსპერტიზის ჩატარება სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებისთვის ეთხოვა, თუმცა ამ უწყებიდანაც უარის წერილი მოვიდა მსგავსი საფუძვლით-ქართული დამწერლობის სპეციალისტები სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ჰყავდათ. მაშინ ნიმუშები ექსპერტიზისთვის გადაეგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს. მესამე გრაფიკულმა ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ პროკლამაციების ტექსტი გელა ნიკოლაიშვილის მიერ იყო შესრულებული.

შემდეგ გელა ნიკოლაიშვილმა მოითხოვა პროკლამაციის ტექსტის სტილური ექსპერტიზის ჩატარება, რაც გამოძიებამ დააკმაყოფილა. 1984 წლის 11 სექტემბერს პროკლამაციის ტექსტი ლექსიკურ-სტილისტური ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეგზავნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტს. ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ქ. ლომთათიძემ, იმავე წლის 25 სექტემბერს წარმოადგინა დასკვნა, რომლის თანახმად:

1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გ.ა. ნიკოლაიშვილის განცხადებები 1984 წლის 11 და 28 მაისის, 21 ივნისის, 3,10 და 17 აგვისტოსი, შენიშვნები წიგნის ,,ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ“ 351-ე გვერდზე და დაუსათაურებელი სტატია 21-გვერდიანი დოკუმენტიშესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ.
2. ქ. ქუთაისში გავრცელებული ფურცლების ენა ტექსტების სიმცირის გამოსაშუალებას არ იძლევა დადგინდეს ერთი პირის მიერაა ისინი შესრულებული თუ სხვადასხვა პირის მიერ.
3. ქ. ქუთაისში გავრცელებული ფურცლების ტექსტების ენასა და გ. ნიკოლაიშვილისმიერ შესრულებული ხელნაწერი დოკუმენტების ენას შორის მსგავსება ნაკლებია, ვიდრე განსხვავება.
4. ქ. ქუთაისში გავრცელებული ფურცლებისა და გ.ა. ნიკოლაიშვილის ხელნაწერი დოკუმენტების ავტორი არ უნდა იყოს ერთი და იგივე პირი.

წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება გელა ნიკოლაიშვილის წინააღმდეგ 1983 წლის 26 მაისს ქ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური და პოლიტექნიკური ინსტიტუტებისა და ავტომექანიკური ტექნიკუმის ტერიტორიაზე ანტისაბჭოთა შინაარსის მქონე პროკლამაციების დამზადებისა და გავრცელების ბრალდებით, თუმცა, თუმცა, ვინაიდან ბრალდების მხარემ ამის დამტკიცება ვერ შეძლო (გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის გარდა, ვერავითარი სხვა მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული),

ამის გამო 1985 წლის 18 აპრილს მაიორმა თ. ჭუმბურიძემ ხელი მოაწერა დადგენილებას გელა ნიკოლაიშვილის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. თუმცა, იმავე დრეს, მანვე გამოსცა ახალი დადგენილება პატიმარ გ. ნიკოლაიშვილისათვის სსკ-ის იმავე 71-ე მუხლის პირველი ნაწილით საქმის აღძვრის შესახებ. ამჯერად, გ. ნიკოლაიშვილს ბრალად ედებოდა 1977 წლიდან თანამოაზრეებთან ერთად განხორციელებული ანტისაბჭოთა აქტები, როგორებიც იყო ანტისაბჭოთა შინაარსის მქონე დოკუმენტების სისტემატური დამზადება და გავრცელება.

მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1077 წლის 7 ნოემბერს მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, სადაც მასთან ერთად მოქმედებდნენ ავთანდილ იმნაძე, თამარ ჩხეიძე და თემურ გონჯილაშვილი. კერძოდ, ამ დრეს კომუნისტები პომპეზურად აღნიშნავდნენ ,,დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის“ 60 წლისთავს.

სწორედ ამ საზეიმო დემონსტრაციაზე მიმავალ ხალხს ფილარმონიის გვერდით მდებარე მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან თავზე დაეყარა მათ მიერ დამზადებული და გამრავლებული ასამდე დამზადებული პროკლამაცია, რომელშიც მხილებული იყო კომუნისტური რეჟიმის სახე და იყო მოწოდება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ. ამონარიდი პროკლამაციიდან:

,,უკვე 60 წელია, რაც კომუნისტები ექსპლუატაციას უწევენ მშრომელ ხალხს. 60 წელია ბოლო არ უჩანს მათ სისხლიან ტერორს. საქართველო ოკუპირებულია. ნაციას ემუქრება გადაგვარება... ოქტომბრის რევოლუციის 60 წელი არის კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ყველაზე ტირანული რეჟიმის 60 წელი... ჯერ არსად, არასოდეს, არცერთ სისტემას არ დაუმონებია ხალხი ისე, როგორც ეს გააკეთა საბჭოთა სისტემამ. საბჭოთა იმპერია-ერთიანი კომუნისტური საპყრობილეა, რომელშიც იძულებით შეყარეს დამონებული ნაციები.“

გელა ნიკოლაიშვილს სასამართლოზე ბრალდებად აგრეთვე წაეყენა ნოდარ დუმბაძის სტატიის საპასუხოდ დაწერილი წერილი, დასავლური რადიოსადგურების მოსმენა და მათი ჩანაწერების ფირზე შენახვა-გავრცელება.

აღნიშნულ ბრალდებებში გელა ნიკოლაიშვილმა დაადასტურა მისი მონაწილეობა პროკლამაციების გავრცელებაში და თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა, სასამართლოზე ვერ დაუდასტურდა ნოდარ დუმბაძის საპასუხოდ დაწერილი სტატიის დანაშაულებრივი ხასიათი და რადგან სისხლის სამართლის საქმის მასალებში აღნიშნული სტატია არ არსებობდა, სასამართლომ მოუხსნა აღნიშნული ბრალდება.

1985 წლის 25 ივნისს შედგა სასამართლო სხდომა, რომელზეც განხილული იყო გელა ნიკოლაიშვილის საქმე. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდა) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით, გადასახლების გარეშე, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში.
ჩემი ისტორია (ვიდეო სიუჟეტები)
მზადების პროცესშია

ჩვენი ისტორია

Picture
ორგანიზაციამ, 1996 წლიდან დაწყებული, განახორციელა რამდენიმე ათეული პროექტი და სხვადასხვა სახის აქტივობა:
პროექტები
,,სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრებისთვის“ (1996-1997 წწ.)

პროექტი ითვალისწინებდა ყოველთვიური ბიულეტენების გამოცემას ქართულ და
ინგლისურ ენებზე. ბიულეტენებში საუბარი იყო საქართველოში ადამიანის უფლებათა
დარღვევების კონკრეტულ ფაქტებზე, აგრეთვე განხილული იყო ადამიანის უფლებათა
დაცვის საკითხების თეორიული ასპექტები. პროექტის თანადამფუძნებლები იყვნენ აშშ-
ს საელჩოს დემოკრატიული კომისია და ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო“.

,,სემინარები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის“ (1996-1997წწ.)

პროექტი ითვალისწინებს სემინარების ჩატარებას ადამიანის უფლებათა დაცვის
პრობლემატიკით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და
იურისტებისთვის. პროექტი დააფინანსა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ.

,,როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები“ (1997-1998 წწ.)

პროექტი ითვალისწინებს ამავე სახელწოდების ბროშურის გამოცემას, აგრეთვე
სემინარების ჩატარებას ადამიანის უფლებათა დავის პრობლემატიკისადმი მიძღვნილ
საკითხებზე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების პოლიციის რაიონულ
განყოფილებებში. პროექტი ძირითადად დააფინანსა ევრაზიის ფონდმა
(თანადამფინანსებელი ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო“).

1997-1998 წლებში ორგანიზაციის ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის
ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემატიკისადმი
მიძღვნილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების 4 კონფერენცია.

1998 წელს გაეროს განვითარების პროგრამების საქართველოს წარმომადგენლობის
მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა ჩვენს ორგანიზაციაში დამუშავებული
ბროშურა ,,ადამიანის უფლებები საქართველოში: კრიტიკული ანალიზი“.

,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის“ (დამფინანსებელი -კანადის
საელჩო საქართველოში. 1998-1999 წწ.) პროექტი ითვალისწინებს საქართველოში

ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ყოველთვიური ბიულეტენების გამოცემას
ქართულ და ინგლისურ ენებზე.

1999 წელს ორგანიზაცია მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით
დაწყებულ და იტალიური საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ნუოვა ფრონტიერას“
ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელ პროექტებში. პროექტი ითვალისწინებდა
მსჯავრდებულთა დასაქმებას, ხოლო ჩვენი ორგანიზაციის წარომადგენელთა ფუნქცია
იყო დასაქმების პერიოდში პატიმართა უფლებების დაცვის მონიტორინგი.

1999-2000 წლებში ორგანიზაციამ განახორციელა რამდენიმე პროექტი, რომლებიც
ითვალისწინებდნენ მსჯავრდებულის უფლებების დაცვასთან და მათი პირობების
გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ აქტივობებს (ინგლისური ენის სწავლება
მსჯავრდებულთათვის, მათთვის ყოველთვიური ბიულეტენების გამოცემა და 4
სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში საქართველოს ახალი კანონმდებლობისა და
ადამიანის უფლებათა საკითხებზე სემინარების ჩატარება). პროექტებს აფინანსებდნენ:
ქართული ფონდი ,,ჰორიზონტი“, საერთაშორისო ორგანიზაციები: Oxfam-ი და Penal Reform
International-ი.

2000 წელს ორგანიზაციამ დაასრულა ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ
დაფინანსებული პროექტი ,,როგორ დავნერგოთ საქართველოში ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო სტანდარტები“, რომელიც ითვალისწინებდა საერთაშორისო
ორგანიზაციის Penal Reform International-ის მიერ 1995 წელს ჰოლანდიაში გამოცემული
სახელმძღვანელოს Making Standards Work”-ის ქართულ ენაზე თარგმნას და გამოცემას.
სახელმძღვანელო (,,პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტები“) ქართულ ენაზე
გამოიცა 2000-იანი ტირაჟით.

,,სემინარები პოლიციის განყოფილებებში“

დააფინანსა ფონდმა ,,ჰორიზონტმა“. პროექტი ითვალისწინებდა სემინარების ჩატარებას
პოლიციის 15 რაიონულ განყოფილებაში.

მსჯავრდებულთა დახმარება

2000 წელს განხორციელებული პროექტი ითვალისწინებდა მსჯავრდებულთათვის
უფასო იურიდიული დახმარების აღმოჩენას მათი უფლებების დაცვის მიზნით.
დახმარება ითვალისწინებდა როგორც ზედამხედველობის წესით სასჯელის
გასაჩივრებას, ისე კონკრეტული კანონიერი შეღავათების მიღებისათვის განცხადებების
შედგენას. პროექტი ითვალისწინებდა აგრეთვე მსჯავრდებულთა ოჯახების
წევრებისათვის უფასო სამართლებრივ დახმარებას. პროექტი დააფინანსა ფონდმა ,,ღია
საზოგადოება საქართველომ“.

უფლებადაცვითი ორგანიზაციების ქსელის შექმნა (2001წ.)

პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უფლებადაცვითი
ორგანიზაციების ქსელის შექმნას და მათი საქმიანობის კოორდინაციას. პროექტი
დაფინანსებულია COLPI-ს მიერ.

სამაგალითო სასამრთლო გადაწყვეტილებები (2002 წ.)

პროექტი ითვალისწინებდა ქართულ და ინგლისურ ენებზე უზენაესი სასამართლოს
მიერ გასული წლის იმ სასამრთლო გადაწყვეტილებების წიგნად გამოცემას, რომლებშიც
გამოყენებული იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები.
პროექტი დააფინანსა ამერიკის იურისტთა ასოციაციამ (ABA).

მონიტორინგი და ტრენინგები პოლიციის განყოფილებებში (2002)

დაფინანსებულია ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ.

სამოქალაქო საზოგადოება და ეროვნული უმცირესობები სამცხე- ჯავახეთის რეგიონში (2002).

დაფინანსებულია ევროპის საბჭოს მიერ

2003-2004 წწ. წამების პრევენცია საქართველოში: ხელისუფლება, საზოგადოება და
წამების მსხვერპლნი (წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია)


თანამშრომლობა და მონაწილეობა
ორგანიზაციის წევრები სისტემატურად აწყობენ ან ესწრებიან საქართველოსა და
უცხოეთში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი,
უნგრეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვ.) ადამიანის უფლებათა დაცვის
პრობლემატიკისადმი მიძღვნილ სხვადასხვა სემინარებსა და კონფერენციებს.

ორგანიზაცია არსებობის პერიოდში სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ადამიანის
უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე ქართულ (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 21-ე
საუკუნე, კავკასიის ინსტიტუტი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი,
სამართლიანი არჩევნები, ქალთა კლუბი ,,პეონი“ და სხვ.) და უცხოურ (Amnesty
International, Human Rights Watch, Penal Reform International, პოლონეთის ,,ჰელსინკის
ფონდი“, სომხეთის ორგანიზაცია ,,სამართლებრივი განუკითხაობის წინააღმდეგ“ და
,,აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“) არასამთავრობო
ორგანიზაციებთან.
გამომცემლობა
ორგანიზაციამ სხვადასხვა წელს გამოსცა ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სხვადასხვა წიგნი და ბროშურა:
  • ,,როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები“,
  • ,,ადამიანის უფლებები საქართველოში: კრიტიკული ანალიზი“,
  • ,,პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტები“,
  • ,,სახელმძღვანელო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის“,
  • ,,საქართველოს ციხეები (ყველაფერი პატიმრობის შესახებ)“,
  • ,,თავისუფლების აღკვეთა: საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები“,
  • ,,შევაჩეროთ წამება“,
  • ,,ადამიანის უფლებათა დაცვის სამაგალითო სასამართლო გადაწყვეტილებები“,
  • ,,პოლიცია და საზოგადოება.“
Picture
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
Picture
გაზიარება
Меню в форме
Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი