19/9/2022 2014-2020 წლების განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შეფასებაRead Nowევროკავშირმა დაფინანსების განვლილი პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის დეტალური შეფასება გამოაქვეყნა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დასკვნები და რეკომენდაციები პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან იყო განხილული. „ბოლო ორი წლის განმავლობაში, შემფასებელთა დამოუკიდებელი ჯგუფი ევროკავშირის საქართველოსთვის 2014-2020 წლებში განვითარებაზე მიმართული დახმარების ყოვლისმომცველ შეფასებაზე მუშაობდა. შეფასება მოიცავდა 2000-ზე მეტი დოკუმენტის განხილვას და ინტერვიუებს 100-მდე პირთან, რომელიც ევროკავშირის საქმიანობას იცნობდა. 16 სექტემბერს შეფასების შედეგი წარედგინა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. შეხვედრა დასკვნების საფუძვლიან განხილვას და რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებული იდეების გაზიარებას მოიცავდა. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან იყო სტრატეგიულად გამართული და მისი დაგეგმვა და განხორციელება მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებს ეყრდნობა. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობისას გამოყენებულია ინსტრუმენტების, მეთოდებისა და დაფინანსების არხების ფართო სპექტრი. მიღწეულ იქნა წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი კარგად წარიმართა. შეფასება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ მაღალი რჩება. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის პროგრამების ხილვადობა შეფასების პერიოდის ადრეულ ეტაპებზე პრობლემური იყო, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის გასაუმჯობესებლად ზომები მიიღო. ასევე, ხარვეზებს შორის დაფიქსირდა შეზღუდული წინსვლა როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ. შეფასების ჯგუფის მიერ შემდეგი ზოგადი რეკომენდაციები გაიცა: ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ინსტრუმენტების, მეთოდებისა და არხების ფართო სპექტრის, მათ შორის, პოლიტიკის და პოლიტიკური დიალოგის გამოყენება, ამასთანავე ეფექტიანობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს კრიტიკული მიდგომა შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების საჭიროების შეფასებისას, მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხოლო შედეგების მონიტორინგი ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს. ევროკავშირმა უფრო ხარისხიანად უნდა განაგრძოს გამჭოლი საკითხების წინა პლანზე წამოწევა, განსაკუთრებით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის მხარდაჭერა თანამშრომლობის კუთხით სტრატეგიულად უნდა განისაზღვროს, განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტის ასასახად. შეფასება ასევე იძლევა დეტალურ რეკომენდაციებს 2014-2020 წლებში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ექვს პრიორიტეტულ სექტორთან დაკავშირებით. ესენია: სოფლის მეურნეობა, სოფლის და რეგიონული განვითარება; საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა; მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობა; ეკონომიკური განვითარება, ბაზრის შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები; ურთიერთკავშირები; მობილურობა და ადამიანებს შორის კავშირები. ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკომისიის სათავო ოფისის კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკვე დაიწყო ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთის განხორციელება ახალი პროგრამების შემუშავებისას. გასულ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო დამატებითი იდეები რეკომენდაციების ადაპტირების გზებთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები უახლოეს წლებში ახალი პროგრამებისა და დახმარების პრიორიტეტების შემუშავებისას მხედველობაში იქნება მიღებული“, - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. 15/9/2022 საქართველოს პრემიერ-მინისტრის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის შეხვედრაRead Nowბერლინში, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს შორის ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა შეხვედრა.
საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას და გამოხატეს მზადყოფნა, ძალისხმევა მიმართონ სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისკენ. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და გლობალური გამოწვევები. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მნიშვნელობა ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, 2008 წლის სამხედრო აგრესიასა და იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. ამ ფონზე აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა გერმანიის გამორჩეულ წვლილს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში საქართველოში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასა და მის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა როგორც ამ ისტორიული გადაწყვეტილების, ისე ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული პერსპექტივის და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განსაკუთრებულ დატვირთვას და მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით უდგება. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს ინკლუზიური მუშაობა პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისათვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ მედიაციას და პრემიერ-მინისტრის სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა მადლიერება ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილის გამო და ხაზი გაესვა ამ პროცესში განსაკუთრებით წარმატებულ თანამშრომლობას გერმანულ მხარესთან ალიანსის სამშვიდობო მისიებში. საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დამატებით მიმართონ ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოტენციალის სრულად გამოყენებისკენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის, გაზრდილი როლი ევროკავშირისთვის და შუა დერეფნის, როგორც დიდი პოტენციალის მქონე მრავალმოდალური სატრანსპორტო დერეფნის, მნიშვნელობა. ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები მიესალმნენ 2023 წელს საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე – ITB Berlin, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციას და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებულ ხალხთაშორის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს და იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში ხელმოწერილი კომპლექსური მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი და გერმანელი ხალხების, სახელოვნებო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების დაახლოებას. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცი მისთვის ხელსაყრელ დროს საპასუხო ვიზიტით საქართველოში მიიწვია. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებს მონეტარულ, საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებში. განიხილეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, ასევე საბანკო სექტორში არსებული ვითარება, ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის ომის გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფისკალური ვითარების და პერსპექტივების შესახებ. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პროგრესი გრძელდება, რაც 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების საშუალებას გვაძლევს. პარლამენტში გამართულ შეხვედრას სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნა პრიორიტეტების მიხედვით, რომლებშიც ჩართულია ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ახალ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა პაველ ჰერჩინსკის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საქართველო, უკრაინა, მოლდოვა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან.
ევროკავშირის ახალი ფორუმის – “ევროკავშირი+”-ის პირველი შეხვედრა პრაღაში უნდა ჩატარდეს, რადგან ამჟამად ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. შეხვედრა 7 ოქტომბერს, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ გაიმართება. „სამიტზე, რომელიც 6-7 ოქტომბერს პრაღაში დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით გაიმართება, მოსაწვევები უახლოეს დროში გაიგზავნება. მოსალოდნელია, რომ მათ მიიღებენ ნორვეგიის, შვეიცარიის, ისლანდიის, ლიხტენშტაინის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის ლიდერები“, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენელმა. ახალი ფორუმის შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. მისი მიზანია – უზრუნველყოს პლატფორმა პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მათ შორის, იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ისევე, როგორც იმ ქვეყნებს, რომლებიც არ აპირებენ ამის გაკეთებას და დარჩებიან ბლოკის მიღმა. სამიტის მთავარი თემები იქნება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ენერგეტიკული კრიზისი და ევროპის ეკონომიკური მდგომარეობა. გასულ კვირას ელჩებთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ახალი ევროპული პოლიტიკური ფორუმი ყოველ ექვს თვეში ერთხელ შეიკრიბება. ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის საფრანგეთის მიერ შეთავაზებულ იდეას მხარი ევროპულმა საბჭომ ივნისში, ბრიუსელში გამართულ სამიტზე დაუჭირა. პროგრამა სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებითა და პენიტენციური და პრობაციის სისტემების სფეროში განსახორციელებელ აქტივობებს ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და გერმანიის იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა მარკო ბუშმანმა მოაწერეს.
თანამშრომლობის სამუშაო პროგრამის თანახმად, მოხდება დარგობრივი გამოცდილების გაზიარება, ბავშვთა უფლებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, თანამედროვე პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვისა და მოწყობის საკითხებზე. ასევე, საქართველო გაიზიარებს გერმანულ გამოცდილებას მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, განათლებისა და დასაქმების პროგრამების თაობაზე. რატი ბრეგაძემ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიას შორის არსებული სამართლებრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ამავდროულად ხელი შეეწყობა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომ საქართველოს და გერმანიას აკავშირებს ხანგრძლივი მეგობრობა. გერმანია იზიარებს დემოკრატიის თავისუფლებას და კანონის უზენაესობის ღირებულებას. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ თანამშრომლობა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ხელი მოეწერა ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამას. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მზად არის, დაეხმაროს საქართველოს, რათა ადგილი დაიმკვიდროს ევროკავშირში. შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ ამბიციებითა და სურვილებით, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობას უკავშირდება.“,-განაცხადა მარკო ბუშმანმა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.
ჟოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ გზაზე მხარს დაუჭერს. „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“,- აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი. 2/9/2022 ევროპარლამენტში საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვსRead Nowევროპარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და საქართველოს კანდიდატობის სტატუსს, - განაცხადა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტად მყოფმა უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
„რა თქმა უნდა მათ იმ რეკომენდაციების მნიშვნელობა კარგად ესმით, რომელიც გაცემულია ევროკომისიის მხრიდან და ბევრი იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ გადაწყვეტილებები, რომელსაც მიიღებს პარლამენტი, საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა დეპუტატმა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ,საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრი, ირაკლი ჩიქოვანი ევროპარალამენტში კოლეგებს ხვდებიან. მთავარი თემა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პუნქტის დაკმაყოფილება და ევროინტეგრაციის გზაზე იმ რეფორმების გატარებაა, რომლებიც პროცესს დააჩქარებს. დეპუტატებს დღეს შეხვედრები ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიებში აქვთ. მზადება მიმდინარეობს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომისთვის, რომელსაც ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს. გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან კახა იმნაძე შეცვალა.
შესაბამის წარდგენას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. საქართველო გაეროში 50-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას შეუერთდა, რომელიც რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში და გაიყვანოს თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიიდან.
განცხადება ასევე მოუწოდებს კრემლს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების სრული უგულებელყოფა, მათ შორის გაეროს წესდების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის. ერთობლივი განცხადების ხელმომწერმა ქვეყნებმა ასევე დაგმეს მკაცრად რუსეთის შეიარაღებული ძალების მუდმივი სარაკეტო დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე, რამაც გამოიწვია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი. „ჩვენ კვლავ ვაფიქსირებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ყველა თავდასხმა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალები და სამხედრო ტექნიკა სრულად, დაუყონებლივ და უპირობოდ გაიყვანოს“, - აღნიშნულია განცხადებაში. საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება და საქართველო გააგრძელებს აქტიურ სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დასკვნას ეხმაურება. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო ევროკავშირის მიმართულებით სვლას განაგრძობს და დიალოგის ფარგლებში ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის დადებითი დინამიკა შეინიშნება. მისივე განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა და დასკვნაში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრა. „ევროკავშირთან ჩვენ ღია დიალოგი გვაქვს. ჩვენ მათთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ გამოწვევის გასმკლავებლად, რომელიც არსებობს. ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით დინამიური პროცესი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, ძალიან მჭირდო კოორდინაციით საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება და საქართველო გააგრძელებს აქტიურ სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალაა. „მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს“, - ნათქვამია ანგარიშში, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და, კანონის უზენაესობის კუთხით, უკუსვლა შეინიშნებოდა. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.
„საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, მისი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. თუმცა, ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს. „მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და გამოხატა მზადყოფნა კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების და ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სერიოზული ვალდებულება გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირი საქართველოს ამ პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს. ასევე გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის ძირითადი დასკვნების თანახმად, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო. „მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს. ინკლუზიური და და ეკოლოგიურად დაბალანსებული ზრდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენდა. 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული დახმარება და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას. თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით. ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. უფრო მეტიც, 2021 წელს, ევროპის საფინანსო ინსტიტუტებთან და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით კარგი საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის საფლაგმანო პროექტების რეალიზებისთვის“, - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა მისი პროევროპული არჩევანი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა Twitter-ზე წერს.
მისივე თქმით, ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას. „14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა მისი პროევროპული არჩევანი. ჩვენ არასოდეს მივიღებთ „ძლევამოსილების უფლებას“. საქართველო მიეკუთვნება ღირებულებათა ევროპულ ოჯახს. ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას“, – წერს რობერტა მეცოლა. აშშ-ის მისია ეუთო-ში აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აშშ-ის მისია ეუთო-ში მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე. „საქართველოში რუსეთის შეჭრიდან მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, - წერს აშშ-ის მისია twitter-ზე. რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კომენტარს ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. „რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ევროკავშირი ერთხმად უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფუძველმოკლებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს, ასევე კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. „ბორდერიზაციის“, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. კვლავ მოვუწოდებთ ანგარიშვალდებულებისკენ, მათ შორის წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების სათანადო შესრულება. კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. მან კოლეგებს და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ გააცნო ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით. ისაუბრა სამუშაო ჯგუფის შექმნისა და შემადგენლობის შესახებ, ასევე გამართული სამუშაო შეხვედრების თაობაზე. „არა მარტო ჩვენი კომიტეტის, არამედ სხვა კომიტეტების წევრებიც იყვნენ ჩართული ჯგუფის მუშაობაში. ასევე ჯგუფის წევრები იყვნენ რელევანტური სახელმწიფო დაწესებულების, საქართველოს პროკურატურის, სასამართლო ხელისუფლების, იურიდიული პროფესიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრებზე ყველა მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა წარმოედგინა იდეები და მოსაზრებები, თუ რამ შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით უზრუნველყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, ზოგადად პრეცედენტული სამართლის უფრო რელევანტურად გამოყენება. სამუშაო შეხვედრებზე გამოიკვეთა გარკვეული იდეები და მოსაზრებები, რომელთაგან პრაქტიკულად უკვე ყველა აისახა კანონპროექტებში, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ როგორც ინიციატივას“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ანგარიში კომიტეტმა ცნობად მიიღო. დღესვე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მიხეილ სარჯველაძემ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინა საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე შემუშავებული საქართველოს კანონების პროექტების პაკეტი. ინიციირებული პაკეტი 11 კანონპროექტისგან შედგება, ესენია: „სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში და „ადვოკატთა შესახებ“, ასევე „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ნორმატიული აქტების შესახებ“, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონსა და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები. მომხსენებელმა თითოეულ კანონში ცვლილების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩემთვის განსაკუთრებით ღირებულია საქმე, რომელზეც ვმუშაობთ, მისი მიზნიდან გამომდინარე. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივ სამართალში უფრო აქტიურად გვქონდეს გამოყენებული სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ამ სასამართლოს იურისპრუდენციის რეპუტაცია ძალიან მაღალია. ეს არის პრაქტიკულად მექა, სადაც ყველაზე მაღალი ხარისხით, ყველაზე აკადემიურად, დახვეწილად, ყველაზე მაღალი სტანდარტით ხდება ზრუნვა ადამიანის უფლებების განვითარებაზე, სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებაზე. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენი კანონმდებლობის სწორება ამ მიმართულებაზე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ეს წარმოდგენილი პაკეტი ამას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციირების საკითხს. უზბეკეთი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელმაც აზერბაიჯან-საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. ინფორმაციას Day.Az უზბეკურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ინიციატივით უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი, ილხომ მახკამოვი ტაშკენტში აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრების პირველ შეხვედრაზე გამოვიდა. მისი თქმით, ახალი მულტიმოდალური დერეფნის ფორმირება თურქეთი-კავკასია-ცენტრალური აზია-სამხრეთ აზია-ავღანეთის გავლით მოხდება. უზბეკეთი პროდუქციის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას საქართველოს პორტების გავლით განიხილავს. საქართველო რომ უზბეკეთისთვის „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია,“ ამის შესახებ უზბეკეთის პრემიერმა, აბდულა არიპოვმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს ივლისის შეხვედრაზეც განუცხადა. როგორც ცნობილია, საქართველო ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობს, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვა-კასპიის ზღვის მარშრუტი და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქცია. უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი ამბობს, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში სამხრეთ აზიის ქვეყნების ზრდის უკიდურესად მაღალი პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა ამ ქვეყნებთან ტვირთების გადაზიდვის განვითარებისთვის. მახკამოვის ცნობით, უზბეკი გადამზიდავები უკვე ეტაპობრივად ტესტავენ და იწყებენ საავტომობილო გზით ტვირთების ტრანსპორტირებას ავღანეთის გავლით პაკისტანში. პაკისტანი-ავღანეთი-უზბეკეთის მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2,6-ჯერ გაიზარდა და 330 000 ტონა შეადგინა. ამავე პერიოდში უზბეკეთსა და დსთ-ს, ახლო აღმოსავლეთის, კავკასიისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ტვირთების გადაზიდვის მოცულობა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,5-ჯერ გაიზარდა და 52 ათას ტონას მიაღწია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობის პროცესი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შეტანა და შემდგომ, მათი მიღება არის დაგეგმილი. „შევხვდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს, მივაწოდეთ ინფორმაცია თუ როგორ მიდის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა. გავაცანით ის დროის გრაფიკი, რომელიც საკმაოდ მკაფიო და მკაცრია, თუ როდის უნდა მოხდეს შესაბამისი ინიციატივების შემოტანა და მათი მიღება მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტში. ასევე გავაცანით იმ შეხვედრების გრაფიკი, რომელიც აქამდე გაიმართა კომიტეტის, სამუშაო ჯგუფის თუ სხვა თავისუფალ ფორმატებში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის დაგეგმილი“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები, უზრუნველყოფს მხარეთა ჩართულობას ამ პროცესში და მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, რათა შემუშავებული და განხილული იქნას კანონპროექტები. „ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ საპარლამენტო ფორმატები არის აქ წამყვანი. კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატებია, რომელიც უზრუნველყოფს ჩართულობას ამ პროცესში, რომ პროცესი იყოს თავად ინკლუზიური და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, აინტერესებს იყოს ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულებისა და აინტერესებს მათ შორის, რომ იყოს დეპოლარიზაციის ნაწილიც, იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და შემდგომ განხილულ იქნას კანონპროექტები. ამაზე არის ყველას თანხმობა და ერთსულოვნება. - ამას გულისხმობს დემოკრატია და დემოკრატიული პროცესები“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს გაეროსთან თანამშრომლობის 30 წლისთავს “ტვიტერზე” ეხმაურება.
“საქართველო გაეროში 30 წლის წინ გაერთიანდა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ისეთივე წარმატებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან, რათა კვლავ დავიცვათ ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ჩადებულია გაეროს დებულებაში და ხელს უწყობს საქართველოს მდგრად და მშვიდობიან განვითარებას”,- წერს პაპუაშვილი “ტვიტერზე“. დიდი ბრიტანეთი და საქართველო შეთანხმდნენ, გააფართოვონ თავიანთი თავდაცვის პარტნიორობა და ერთობლივად გააძლიერონ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე.
„[დიდი ბრიტანეთი] თავდაცვის მდივნის მოადგილე შეიარაღებულ ძალებში, ჯეიმს ჰიპი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლელა ჩიქოვანი გუშინ შეთანხმდნენ გააძლიერონ უსაფრთხოების თანამშრომლობა შავ ზღვაში და ითანამშრომლონ ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სასწავლო პროგრამების მეშვეობით, როგორც ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თავდაცვის პარტნიორობის ნაწილი“, – აღნიშნეს დეპარტამენტში. 29/7/2022 საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და აჩვენა ძლიერი ზრდა, 10.4%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელსRead Nowპანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და აჩვენა ძლიერი ზრდა, 10.4%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშში, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამ წარსული მიღწევები შემოატრიალა და მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ეროვნულ ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე. „საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდა, განსაკუთრებით მკვეთრი ზარალით ტურიზმის სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირველ ტალღას, ინფიცირების მაჩვენებელი 2021 წლის მეორე ნახევარში გაიზარდა, რამაც აიძულა მთავრობა, მიეღო მთელი რიგი შეზღუდვები, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ აქტივობაზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და აჩვენა ძლიერი ზრდა, 10.4%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ოპტიმისტურ პერსპექტივას პროგნოზირებდნენ 2022 წლისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და ზრდის დაბალი მოლოდინი განაპირობა“,- აღნიშნულია ანგარიშში. 25/7/2022 გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი გაერო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებააRead Now“საქართველოს საგარეო უწყებაში საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის, აბდულა შაჰიდის შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “როგორც ილია დარჩიაშვილმა შეხვედრის შემდგომ განაცხადა, აღნიშნული ვიზიტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ორგანიზაციის მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობის ნათელი დადასტურებაა. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების, ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებს. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად არის ჩართული გაეროს გენერალური ასამბლეის, ისევე როგორც ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობაში. მათ შორის, მინისტრის თქმით, საქართველო მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების თანაფასილიტაციის და თემატური რეზოლუციების ინიცირებისა და თანაავტორობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას. ამასთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაერო-ს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაერო-ს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა.
უწყების ცნობით, კანონპროექტი საქართველოს მხრადამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს. „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სრული შემადგენლობით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც 2023 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. კანონპროექტი მკაფიოდ ადასტურებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას ნატო-სა და ევროპელი პარტნიორებისადმი რეგიონში არსებული საფრთხეებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე და ხაზს უსვამს ძლიერი ალიანსებისა და პარტნიორობების მნიშვნელობას აშშ-ისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის. კანონპროექტი საქართველოს მხრადამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესის ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით. წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტის ფარგლებში დაამტკიცა კონგრესმენ ოსტინ სკოტის მიერ ინიცირებული და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადამ სმიტის მიერ წარდგენილი შესწორება, რომელიც მოიცავს აშშ-ის კონგრესის ხედვას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, კერძოდ: კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ღირებული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა, რომელიც თანმიმდევრულად მიისწრაფვის საერთო ღირებულებებისა და ინტერესების განმტკიცებისკენ. ხაზგასმულია, რომ პარტნიორობის 30 წლის მანძილზე აშშ-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის უზრუნველყოფის პროცესში. აქვე აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მხრიდან არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის ფონზე. ხაზგასმულია, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებისა და სტრატეგიული ინტერესებისთვის შავი ზღვის რეგიონში. კანონპროექტის თანახმად, საქართველო მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ენერგო-ტრანზიტისა და ვაჭრობის საერთაშორისო ჰაბია და როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განუყოფელ ნაწილი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და მომარაგების სტრატეგიული მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით. აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია, დე-ფაქტო ანექსიის მცდელობები და ჰიბრიდული ომის ტაქტიკა საქართველოს ეროვნული და მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მიიჩნევს, რომ აშშ-მა უნდა: განამტკიცოს მხარდაჭერა და გადადგას ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიმართულებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით და აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად. განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის გზით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. განაგრძოს ძლიერი მხარდაჭერა და არსებითი მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად და საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. განაგრძოს პრესის თავისუფლების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობა, რათა დაეხმაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. პრიორიტეტად დასახოს და გააღრმავოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაციის, საქართველოს აღჭურვილობის მოდერნიზაციის გეგმების გაზრდილი დაფინანსების გზით, რათა განმტკიცდეს საქართველოს შეკავების, ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობები, ასევე, ნატო-სთან თავსებადობა. შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მხარი დაუჭიროს არსებულ და ახალ თანამშრომლობის ფორმატებს, რათა გაზარდოს ნატო-ს, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობა. გააძლიეროს კიბერ-სფეროში საქართველოს მხარდაჭერა, ტრენინგების, განათლების და ტექნიკური დახმარების გზით. განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტულ კამპანიებთან გამკლავების მიზნით, რომელიც მიმართულია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, მისი დემოკრატიული ინსტიტუტების სანდოობას და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ანგარიშში ხაზგასმულია აშშ-ის მიერ უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობა ისეთ პარტნიორებთან, როგორებიც არიან საქართველო, ფინეთი, შვედეთი და მოლდოვა. კანონპროექტი აშშ თავდაცვის მდივანს ავალებს ანგარიშის წარდგენას, რომელშიც ასახული იქნება სტრატეგია და რესურსების გეგმები GDDEI -ის ფარგლებში წვრთნებისა და მოდერნიზაციის პროგრამების დასაჩქარებლად. განმარტებითი ანგარიში, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ ანგარიშის მომზადებას, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უნდა წარუდგინოს წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტს არაუგვიანეს 2023 წლის 1 მარტისა. თავდაცვის მდივანმა სამხედრო კომიტეტში ასევე უნდა უზრუნველყოს ბრიფინგი აშშ-ისა და საქართველოს შორის კიბერ-სფეროში არსებული თანამშრომლობის შესახებ. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე მუშაობა აშშ კონგრესში აქტიურ ფაზაშია შესული. პროცედურის თანახმად, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას, ასევე, დაამტკიცებს აშშ-ის სენატი, რის შემდეგაც კონგრესის ორივე პალატის ვერსიები შეჯერდება ე.წ. კონფერენციაზე და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ აქტი კანონის ძალას შეიძენს“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი ყოველთვის აქტიურად მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას. „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განგვეხილა ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს წინაშე დევს. საქართველოში ვიზიტი არის სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ვიზიტის ნაწილია, ჩვენ შევხვდებით პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტის სპიკერს, პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. რა თქმა უნდა, ძირითადად ვისაუბრებთ საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ წინა თვეში მიღებული გადაწყვეტილება იყო მართლად ისტორიული. ითქვა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. ეს არის აღიარება იმისა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მზად არის, საქართველო ევროკავშირს დაუახლოოს. საქართველო ევროპული ოჯახის წევრია, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პრეზიდენტთან განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე გადადოს განსხვავებები და კონსტრუქციულად იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად. სამწუხაროდ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე ერთი სიტყვა - პოლარიზაცია. ეს არის პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით, იმის სურვილის არქონით, რომ დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად. ევროკავშირი ყოველთვის აქტიურად მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ წარმოადგინეს თავიანთი გეგმები. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ევროპარლამენტის პოზიციას, რომ ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად და რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას. ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს არ არის რაიმე ვაჭრობის საგანი. საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება დამოკიდებულია ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ იცხოვროს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში“, - აცხადებს მაკალისტერი. |