ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

18/4/2022

მდგრადი განვითარების 17 მიზანი უკეთესი მომავლისთვის

Comments

Read Now
 
Picture
მდგრადი განვითარების მიზნები — საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნების ერთობლიობა, რომელმაც 2015 წლის ბოლოს შეცვალა ათასწლეულის განვითარების მიზნები.

​გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები გულისხმობს 17 მიზანს მსოფლიოს უკეთესი და მდგრადი მომავლის მისაღწევად.

მიზანი 1 — სიღარიბის აღმოფხვრა

მსოფლიოს პირველ მიზანს წარმოადგენს უკიდურესი სიღარიბის დაძლევა 2030 წლისთვის. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია შემუშავდეს ეფექტური სოციალური დაცვის პროგრამები, იმისთვის რომ ყველას თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი საბაზისო სერვისებზე. აღნიშნული მიზნის პროგრესის შესამოწმებლად არსებობს 13 ინდიკატორი. სიღარიბის ინდექსი 1990 წლის შემდეგ განახევრდა. თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მსოფლიოში 10-დან 1 ადამიანის საშუალო ყოველდღიური მინიმუმი 1,25 აშშ დოლარს არ აღემატება. სიღარიბის განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორებია ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და განათლების სისტემებზე ხელმიუწვდომლობა. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები განიცდიან აგრეთვე შიმშილსა და სოციალურ დისკრიმინაციას.

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა ნახევარზე მეტს ბავშვები წარმოადგენენ. 2013 წლის მონაცემებით 385 მილიონი ბავშვის საარსებო მინიმუმი ყოველდღიურად 1,90 აშშ დოლარს უტოლდებოდა. აღნიშნული პრობლემასთან ბრძოლის პროცესში, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არასრული მონაცემთა ბაზა. საშუალოდ წევრი ქვეყნების 97 %-ს არასაკმარისი სტატისტიკური მონაცემები აქვთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვების მდგომარეობის დასადგენად. ქვეყნების 63 %-ს არანაირი სტატისტიკური მონაცემი აქვთ აღნიშნული პრობლემის შესახებ.

1 მიზნის მიღწევას აფერხებს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი, სოციალური უთანასწორობის მაღალი ხარისხი, სახელმწიფო პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობის დაბალი ხარისხი და კლიმატური ცვლილებები.

მიზანი 2 — შიმშილის აღმოფხვრა

აღნიშნული მიზანი გულისხმობს, რომ 2030 წლისთვის უნდა აღმოიფხვრას შიმშილის ყველანაირი ფორმა. ეს მიიღწევა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობისა და მცირე მასშტაბის სურსათის მწარმოებლების (განსაკუთრებით ქალებისა და მკვიდრი მოსახლეობის) შემოსავლის გაორმაგებით, საკვები პროდუქტების წარმოების მდგრადი სისტემების უზრუნველყოფით და მიწისა და ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებით. დასაქმების თვალსაზრისით სოფლის მეურნეობა ყველაზე მსხვილი სფეროა, რომელიც მოსახლეობის 40 % უზრუნველყოფს საარსებო საშუალებებით. ეს არის ყველაზე დიდი შემოსავლის წყარო ღარიბი სოფლის ოჯახებისთვის. ქალები შეადგენენ სოფლის მეურნეობის მშრომელთა დაახლოებით 43 %-ს განვითარებას ქვეყნებში, ხოლო 50 %-ზე მეტს აზიასა და აფრიკის რეგიონებში. ამასთანავე, ქალები მიწის მხოლოდ 20 %-ს ფლობენ. ყველას ჰქონდეს უსაფრთხო ნოყიერი და საკმარისი საკვები, განსაკუთრებით ბავშვებს, დედებს და დაუცველ ადამიანებს.

რაც შეეხება სხვა ამოცანებს, აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წვდომის გაფართოვება, თესლის გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება, სავაჭრო ბაზრებზე არსებული შეზღუდვების შემცირება, ფასის მდგრადობის უზრუნველყოფა და ორგანიზაცია „საერთაშორისო სურსათის ნარჩენების კოალიციის“ დახმარებით ნარჩენების სწორი მართვა.

გლობალურად 9 ადამიანიდან 1-ს არ აქვს საკმარისი საკვები საარსებოდ, მათი უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. კვებასთან დაკავშირებული მწვავე პრობლემების გამო წლიურად 3,1 მილიონი ბავშვიდან საშუალოდ 45 % იღუპება. კვებასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემები მსოფლიოში დაახლოებით 155 მილიონზე მეტ ბავშვს ეხება, რაც ხელს უშლის ბავშვთა ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და ზრდის სიკვდილიანობის ხარისხს. 2017 წლის მონაცემებით, გაეროს წევრი 202 ქვეყნიდან მხოლოდ 26 არის მდგრადი განვითარების მიზნების სრულყოფის გზაზე, ხოლო 20 %-ს არანაირი პროგრესი განუცდია კვებასთან დაკავშირებული პრობლემების შემცირების კუთხით, თითქმის 70 %-ს კი არ აქვს საკმარისი მონაცემები მათი პროგრესის დასადგენად.

მიზანი 3 — ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა

აღნიშნულ მიზნის მისაღწევად აუცილებელია დედებისა და ახალშობილებისთვის მშობიარობა გახდეს უსაფრთხო. შემცირდეს ჩვილი და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა. ყველას ჰქონდეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარება. ხელმისაწვდომი მედიკამენტები და ვაქცინები.

2000-დან 2016 წლამდე სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდისა და ჩვილ ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის შემცირების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. აღნიშნულ პერიოდში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 47 %-ით შემცირდა. თუმცა, მაინც 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ უკიდურესად მაღალია. მხოლოდ 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 5,6 მილიონს უტოლდება.

მდგრადი განვითარების მესამე მიზნის მთავარი ამოცანაა 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის შემცირება 1000 ცოცხალ დაბადებულზე მინიმუმ 25-მდე. მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, თუ არ მოხდა დროული და მიზანშეწონილი ცვლილებები, 60 ქვეყანაზე მეტი აღნიშნულ მიზანს 2050 წლისთვისა ვერ მიაღწევს. მიზანი 3 ასევე გულისხმობს მშობიარობის პროცესში დედათა სიკვდილიანობის შემცირებას, 100 000 შემთხვევიდან 70-მდე. მიუხედავად იმისა, რომ დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2000 დან 2015 წლამდე 37 %-ით შემცირდა, 2015 წლის მონაცემებით დაახლოებით 303 000 დედა გარდაიცვალა, მიზანი 3 აგრეთვე მოიცავს მოზარდთა ორსულობის შემცირებას.

პროგრესი მიღწეულია აგრეთვე სუფთა წლისა და სანიტარული სისტემების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მკვეთრად არის შემცირებული ტუბერკულოზის, მალარიისა და შიდსის გავრცელების შემთხვევები. 2000-2016 წლებში აივ ინფექციის გავრცელება შემცირებულია 66 %-ით 15 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში და 45 %-ით 15-19 წლის მოზარდების შემთხვევაში.

მიზანი 4 — ხარისხიანი განათლება

აღნიშნული მიზანი გულისხმობს, რომ ყველას თანაბრად შეეძლოს ხარისხიანი განათლების მიღება, აღმოიფხვრას უთანასწორობა საგანმანათლებლო სისტემაში, შეიქმნას უსაფრთხო ინკლუზიური და პოზიტიური გარემო სკოლებში. მონაცემებზე დაყრდნობით, უმთავრესი პროგრესი მიღწეულია განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით დაწყებითი სკოლის დონეზე, როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვის. სკოლის გარეთ მყოფ ბავშვთა რიცხვი თითქმის განახევრდა 1997 წლიდან 2014 წლამდე 112 მილიონიდან 60 მილიონამდე.

განათლების ხელმისაწვდომობა ყოველთვის არ გულისხმობს ხარისხიან განათლებას, მსოფლიოში დაახლოებით 103 მილიონი ახლაგაზრდა განიცდის საბაზისო ცოდნისა და უნარების დეფიციტს, რაც აუცილებელია მომავალში რეალიზაციისთვის, აქედან 60 % კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია.

მიზანი 4-ის მთავარი ამოცანაა 2030 წლისთვის ყველა გოგოსთვის და ბიჭისთვის იყოს ხელმისაწვდომი ხარისხიანი საშუალო განათლება.

მიზანი 5 — გენდერული თანასწორობა

აღნიშნული მიზნის მთავარი ამოცანაა ქალებსა და გოგონებს ჰქონდეთ ისეთივე შესაძლებლობები როგორიც მამაკაცებსა და ბიჭებს. დასრულდეს ქალებისა და გოგონების მიმართ ყველა ფორმის ძალადობა და დისკრიმინაცია. აღმოიფხვრას მავნე პრაქტიკები და ტრადიციები, რომლებიც ხელს უშლის გოგონების განვითარებას.

გაეროს თანახმად „გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, არამედ აუცილებელი საფუძველია მშვიდობიანი და მდგრადი მსოფლიოსთვის.“ ქალებისა და გოგონებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების სრულყოფას.

2013 წლის მონაცემებით, გაეროს წევრი სახელმწიფოებიდან 143-ს კონსტიტუციურად აქვს დეკლარილებული გენდერული თანასწორობა ეროვნულ დონეზე, თუმცა ცალკეულ რეგიონებში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით.

მიზანი 6 — სუფთა წყალი და სანიტარია

მდგრადი განვითარების მეექვსე მიზანი შედგება 8 ამოცანისგან და 11 ინდიკატორისგან, რომლებიც გამოიყენება მიზნების მიღწევის პროცესის მონიტორინგისთვის. პირველი სამი ამოცანა ეხება სასმელი წყლის მიწოდებასა და სანიტარული ნორმების გაუმჯობესებას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სანიტარული პირობები ყველასთვის თანაბრად იყოს მორგებული, რაც გულისხმობს ხანდაზმულებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპეციფიკური საჭიროები გათვალისწინებას.

2017 წლის მონაცემებით მსოფლიოს 4,5 მილიარდ ადამიანს არ აქვს უსაფრთხო სანიტარული პირობები. 2030 წლისთვის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად წევრი ქვეყნების ერთმა მესამედმა უნდა დააჩქაროს პროგრესი ღია დეფეკაციის დასრულების მიზნით.

აგრეთვე აუცილებელია, მუდმივად მოწმდებოდეს წყლის ხარისხი დაბინძურების შესამცირებლად. მოსახლეობა უნდა იყოს მუდმივად ინფორმირებული ჰიგიენის საკითხებზე. აუცილებელია წყალთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსების: მთების, ტყეების, მდინარეებისა და სხვა რესურსების დაცვა.

მიზანი 7 — ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია

აღნიშნული მიზანი გულისხმობს ყველასთვის საიმედო თანამედროვე და მდგრადი ენერგომომსახურების ხელმისაწვდომობას. მიზანი 7 აგრეთვე გულისხმობს განახლებადი ენერგიის წილისა და ენერგოეფექტურობის გაზრდას, ახალი ტექნოლოგიების განვითარების გზით. ამ კუთხით კი მნიშვნელოვანია ღია დამუშავებისა და სუფთა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში უფრო მეტი ინვესტიციის მობილიზება.

მიზანი 8 — ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

აღნიშნული მიზანი გულისხმობს ყველასთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შემქნას, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ეკონომიკური მიზანია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ყოველწლიური მინიმუმ 7 %-იანი ზრდის მიღწევა. უმაღლესი პროდუქტიულობის მიღწევა მოითხოვს დივერსიფიკაციასა და განახლებულ ტექნოლოგიას, ინოვაციასთან, მეწარმეობასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდასთან ერთად. 2020 წლის მიზანია ახალგაზრდების უმუშევრობის შემცირება და დასაქმების გლობალური სტრატეგიის ამუშავება. 2030 წლისთვის კი დაგეგმილია ტურიზმის მდგრადი განვითარების პოლიტიკის აღსრულება, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. მნიშვნელოვანი ყურადღება ეპყრობა აგრეთვე ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების გაძლიერებას, მდგრადი ეკონომიკური მიზნების მისაღწევად.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად აგრეთვე აუცილებელია მოხდეს, როგორც ფორმალური აგრეთვე პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და იძულებითი შრომის პრევენცია.

მიზანი 9 — მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა

მიზანი 9 გულისხმობდა მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ეკონომიკურ განვითარების მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია მოხდეს ინოვაციების ხელშეწყობა რაც უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახალი ტექნოლოგიები და ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

მიზანი 10 — შემცირებული უთანასწორობა

უთანასწორობის შემცირებისთვის აუცილებელია ეკონომიკურად გაძლიერდნენ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები. გარდა ეკონომიკური თანასწორობისა, მნიშვნელოვანია გაიზარდოს განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა საკანონმდებლო და პოლიტიკურ დონეზე.

მიზანი 11 — მდგრადი ქალაქები და დასახლებები

აღიშნული მიზანი გულისხმობს ხარისხიან, უსაფრთხო საცხოვრებელს აუცილებელი მომსახურებებით, რისთვისაც საჭიროა გაიზარდოს მზაობა სტიქიური უბედურებების მიმართ და ასევე შემუშავდეს უსაფრთხო და მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა.

აღნიშნული მიზნის მიღწევის ინდიკატორია ქალებში ე. წ. „ქოხებში“ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. 2000-დან 2014 წლამდე პროცენტული მაჩვენებელი 39 % დან 30 %-მდე შემცირდა. თუმცა რიცხობრივი მაჩვენებელი კვლავ კრიტიკულია 2000 წელს - 792 მილიონ ადამიანს უტოლდებოდა, ხოლო 2014 წელს ეს რიცხვი 880-მდე გაიზარდა. 2014 წლიდან შესამჩნევია ქალაქიდან სოფლებში გადასვლის ტენდენცია, რაც მოსახლეობის მატებაზე და ალტერნატიული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე მეტყველებს.

მიზანი 12 — მდგრადი მოხმარება და წარმოება

აღნიშნული მიზანი გულისხმობს ნარჩენების გამოყენების ეფექტიანობის გაზრდას. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია აიკრძალოს მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. აგრეთვე, აუცილებელია მოხდეს ცნობიერების ამაღლება ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების შესახებ.

მიზანი 13 — კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო ქმედებები

აუცილებელია კლიმატის ცვლილებებისა და მისი უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად გატარდეს გადაუდებელი ზომები. იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას გლობალურ დონეზე, საჭიროა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული ზომები ინტეგრირდეს ეროვნული პოლიტიკის სტრატეგიებსა და გეგმებში. გარდა ამისა, აუცილებელია ადამიანები უკეთ იყვნენ მომზადებულნი, რომ გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილებებითა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულ ზიანს.

მიზანი 14 — ოკეანისა და ზღვის რესურსები

აღნიშნული მიზანი გულისხმობს ზღვისა და ოკეანეების დაბინძურების შემცირებას. აგრეთვე მოიცავს უკანონო თევზჭერის აღმოფხვრას და ოკეანისა და ზღვის რესურსების სწორ გამოყენებას მდგრადი განვითარებისთვის.

სანაპირო წყლების დაბინძურება გლობალურ პრობლემად იქცა, რაც უარყოფითად აისახება ოკეანეების ბიომრავალფეროვნებაზე. მომავალში კოორდინირებული ქმედებების გარეშე, მოსალოდნელია რომ ზღვის ევტროფიკაცია გაიზრდება 20 %-ით 2050 წლისთვის.

მიზანი 15 — დედამიწის ეკოსისტემები

აღნიშნული მიზანი გულისხმობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვა და ხეების მოჭრის შემცირება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ახალი ხეების დარგვის პოპულარიზაციაც.

მიზანი 16 — მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები

აღნიშნული მიზანი გულისხმობს ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ, მნიშვნელოვანია აგრეთვე სექსუალური ტრეფიკინგისა და იძულებითი შრომის აღკვეთა. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია შეიქმნას ეფექტიანი ეროვნული ინსტიტუციები და გაიზარდოს სანდოობის ხარისხი, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს მართლმსაჯულება და ყველას თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საჭირო ინფორმაციაზე. 2004-2014 წლებში შესამჩნევია პროგრესი სექსუალური ექსპლუატაციის შემცირების კუთხით, თუმცა იძულებითი შრომის ტენდენციები კვლავ მაღალია.

მიზანი 17 — პარტნიორობა მიზნების მისაღწევად

ქვეყნებს შორის თანამშრომლობითა და შესაბამისი რესურსების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება მდგრადი განვითარების 17 მიზნის მიღწევა. საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზემოთ ხსენებული 16 მიზნის მისაღწევად. აუცილებელია განმტკიცდეს კავშირი როგორც წევრ სახელმწიფოებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორს შორის. საერთო მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ცოდნის, გამოცდილებისა და ფინანსურის რესურსების გაზიარებით.

კოორდინირებული მოქმედებისთვის აუცილებელია, რომ მიზნები გათვალისწინებული იყოს ყველა ქვეყნის სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში. გარდა ამისა, აუცილებელია ქვეყნებმა გააუმჯობესონ მონაცემები და სტატისტიკა, რათა შეძლონ გლობალური მიზნების განხორციელების პროგრესის შეფასება
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი