ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

17/5/2022

დემოკრატია და პოლიტიკური კულტურა

Comments

Read Now
 
Picture
დემოკრატია სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ მისი საზოგადოებრივი დონიდან სახელმწიფოსკენ აღმასვლის პირობებში. დემოკრატიულ თამაშის წესებს ესაჭიროება ყოველდღიურობა, რომელშიც, თავის მხრივ, აქტუალიზდება ადამიანის უფლებები.

ამგვარი აქტუალიზება წარმოადგენს როგორც ცალკეული მოქალაქის ინტერესების დაცვის, ასევე საზოგადოებაში არსებული ღირებულებითი წესრიგის განმტკიცების გარანტს.

ის ფაქტი, თუ რამდენად აქტიურია მოქალაქე საზოგადოებრივ დონეზე პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესში დიდწილად დამოკიდებულია ამა თუ იმ სახელმწიფოში პოლიტიკური კულტურის არსებობასა და მისი განვითარების ხარისხზე. სამოქალაქო და შესაბამისად, პოლიტიკური შეგნებისა ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების სოციო-კულტურული იდენტობა, რომელიც იქმნება ინდივიდების მიერ თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიული გამოცდილებიდან.

პოლიტიკური კულტურა ნებისმიერ ქვეყანაში ემყარება ინდივიდების განწყობას და ქმედებებს. მათი სამოქალაქო თვითშეგნება კი განსხვავებული შეიძლება იყოს:
  • თანასწორობისა და თავისუფლების იდეების უარმყოფელები;
  • ადამიანის უფლებების დამრღვევები;
  • რელატივიზმის მიმდევრები, რომლებიც გარკვეული კულტურული თუ პოლიტიკური მიზნით ადამიანის უფლებების შეზღუდვას ემხრობიან;
  • ინდიფერენტულები, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი „არ ეხებათ“;
  • მსხვერპლები, რომლებმა არ იციან თავიანთი უფლებები და მათი დაცვის გზები;
  • მსხვერპლები, რომლებიც აცნობიერებენ თავიანთ უფლებრივ მდგომარეობას და იბრძვიან დარღვეული უფლებების დასაცავად;
  • სოლიდარულები, ვინც უთანაგრძნობენ ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლებს;
  • კრიტიკულები და კომპეტენტურები, რომლებიც მზად არიან აკონტროლონ ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც სწამთ, რომ ადამიანის უფლებები ქმნის საზოგადოებრივი თანაცხოვრების მთავარ ორიენტირს;
  • პასუხისმგებელი პირები, რომლებიც პატივს სცემენ და იღწვიან იმ ადამიანების უფლებების დასაცავად, რომელთა წინაშეც მათ კანონით აკისრიათ შესაბამისი პასუხისმგებლობა.

პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნისთვის უკავშირდება გარემოებას, რომ ახალი დემოკრატიული კულტურის ფორმირებამდე არსებობას განაგრძობს ძველი სისტემის პირობებში გამყარებული მიდგომები.

ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება კი შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი განათლების მეშვეობით, მოქალაქეთა შეგნების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განმტკიცების პირობებში.

ამასთან, რაც უფრო მაღალია საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციისა ხარისხი, მით უფრო ეფექტიანია ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციაც. პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის პროცესში უმთავრესი იყო მოქალაქეთა ნების ავტონომიური ჩამოყალიბების პრეცედენტების შექმნა, ნაცვლად სახელმწიფოს მხრიდან თავსმოხვეული (იდეოლოგიზირებული) ჰეტერონომიული ფორმირებისა.

პიროვნული ავტონომიურობის მნიშვნელოვანი გარანტია სახელმწიფოს მსოფლმხედველობრივი ნეიტრალიტეტის ვალდებულება. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი თანასწორობის იდეის ხორცშესხმა კონკრეტულ ვითარებაში. მაგალითისთვის, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან შეკრების უფლებით მოსარგებლე მანიფესტანტთა დაცვის ხარისხი არ უნდა იყოს დამოკიდებული შეკრების, კერძოდ შეკრების მონაწილეთა სოლიდარობის ან პროტესტის შინაარსზე.

პოლიტიკური კულტურის ინდექსის დადგენა შესაძლებელია გარკვეული ინდიკატორების მეშვეობით, რომელიც მიუთითებს, თუ რამდენად მზადაა საზოგადოება თავადაც იყოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ღირებულებათა წესრიგის დაცვის გარანტი, რომელიც არ უნდა უკავშირდებოდეს ცალკეული პოლიტიკური პარტიების თუ თანამდებობის პირების ნებას.

ამგვარი ღირებულებითი მოცემულობის შემქმნელი საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც იცნობს საკუთარ უფლებებს და ახორციელებს მათ საკუთარი პასუხისმგებლობით, სხვათა უფლებების პატივისცემის პირობებში. სამოქალაქო საზოგადოებაში მაღალია სამოქალაქო სოლიდარობის ხარისხი;

ინდივიდებს სწამთ ცვლილებებზე საკუთარი გავლენის ეფექტიანობის, რის შედეგადაც კლებულობს სახელმწიფოს „მზაობა“ იყოს თვითნებური საკუთარ ქმედებებში; უფრო მეტად იზრდება სახელწიფოს თვითბოჭვის ხარისხიც. აღნიშნული თვითშეზღუდვა არ ხდება მხოლოდ სამართლის ძალით, არამედ ასევე ემყარება გარკეული დაუწერელი დემოკრატიული თამაშის წესების ტრანსფორმირებას პოლიტიკურ ცხოვრებაში. შედეგად, მტკიცდება თავად სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა თვითშეგნება, როგორც პოლიტიკური კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტი.

დემოკრატიული სახელმწიფოს შიდაპოლიტიკის ამოსავალია პოსტულატი, რომლის მიხედვითაც მმართველი ძალა თავიდან იცილებს საზოგადოების დეზინტეგრაციას.
 

თანამედროვე დემოკრატია ახდენს კონფლიქტების ინსტიტუციონალიზებას იმგვარად, რომ უზრუნველყოფს საჯარო ფორუმს აზრთა თავისუფალი გაცვლის, აზრთა კონკურენციის მეშვეობით პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამისად, დემოკრატია ქმნის შანსს მუდმივი გაუმჯობესებისთვის.

მაინტეგრირებელი სახელმწიფო არ იმყოფება საზოგადოებასთან დაპირისპირებაში, არამედ განავრცობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამისათვის სახელმწიფოში პოლიტიკური ნების ფორმირებისას მნიშვნელოვანია იმგვარი შიდა პოლიტიკის წარმართვა, რომელშიც სახელმწიფო ორგანოები საკუთარ მოქალაქეებთან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან.

მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი კომპენსირდეს წარმომადგენლობითი დემოკრატიის დეფიციტები და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გააჩნდეს შესაბამისი დემოკრატიული ლეგიტიმაცია. თანამედროვე სახელმწიფო კომუნიკაციური სახელმწიფოა, რაც გამორიცხავს ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელ სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების ერთმანეთისგან აცდენილ დინამიკას.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი