ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

7/4/2022

პიროვნული უნარ-ჩვევები და ღირებულებები

Comments

Read Now
 
Picture
უნარი არის ადამიანის თანდაყოლილი (ფიზიკური და ფსიქიკური) შესაძლებლობა, პოტენციალი, რომელიც მას დაბადებიდან აქვს. უნარი მხოლოდ შესაძლებლობის, პოტენციის სახით  არის მოცემული  და  მისი  შემდგომი  განვითარება დამოკიდებულია  თუ  რამდენად  მიეცემა  ადამიანს  ამ  უნარის  განვითარების  შესაძლებლობა.  (მაგ. შესაბამისი წვრთნა, ცხოვრების პირობები და მოთხოვნები და სხვა);

ჩვევას უწოდებენ მრავალჯერადი გამეორებით შეძენილ მეტად თუ ნაკლებად ავტომატიზებულ მოქმედებას ან ქცევას. მოქმედება ან ქცევა,  იმდენად კარგადაა დასწავლილი და გამჯდარი, რომ ადამიანს არ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა, დაფიქრება მათ განსახორციელებლად, ცნობერება ამ პროცესში  დაბალი ხარისხით მონაწილეობს. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვევა არის პიროვნების უნარი კარგად შეასრულოს მიზანდასახული მოქმედებები მათზე ყურადღების სპეციალურად გამახვილების გარეშე, მაგრამ ცნობიერების კონტროლის ქვეშ.

განასხვავებენ მოტორულ და გონებრივ ჩვევებს. მოტორულს უწოდებენ მოძრაობის ჩვევას; მაგალითად, ველოსიპედით სიარულს,  ღილის, თასმების შეკვრას, ცურვას და ა.შ.

გონებრივს უწოდებენ ისეთ ჩვევებს, რომლებიც ავტომატიზებულ გონებრივ ოპერაციას წარმოადგენს (გამრავლების ტაბულის ზეპირი ცოდნა, აბზაცის დაცვა, სასვენი ნიშნების გამოყენება, კითხვის დროს პაუზების გაკეთება და ა.შ.).

მეორე მხრივ, ჩვევებს აჯგუფებენ შინაარსის მიხედვითაც. გამოყოფენ საყოფაცხოვრებო (ჩაცმა-დახურვა, დანა-ჩანგლის ხმარება, ლოგინის გასწორება და ა.შ.), ჰიგიენურ (კბილების გახეხვა, ხელების დაბანა); სპორტულ ჩვევებს (ველოსიპედის ტარება, ცურვა) და ა.შ.

თუ ადამიანი ხშირად იმეორებს ერთი და იგივე მოქმედებას, მას თანდაყოლილი უნარიდან გარკვეული უნარ-ჩვევა უვითარდება, ხოლო თუ მას არ ექნება სათანადო პირობები, თუ არ ისწავლის, არ იმუშავებს სათანადო მიმართულებით, მაშინ მას ეს უნარ-ჩვევა აღარ განუვითარდება. უნარ-ჩვევა იგივე უნარია, რომელიც ძირითადად ნასწავლია და წვრთნის შედეგადაა განვითარებული. იგი მოიცავს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს სასურველი შედეგის მიღწევას. განასხვავებენ შემდეგ უნარ-ჩვევებს: აკადემიური (კითხვა, წერა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება და სხვა), პიროვნული ურთიერთობის (მოსმენა, საუბარი, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, სხვა), და მოტორული (ძერწვა, ხატვა, ჭიდაობა, მიზანში სროლა და სხვა);

კრიტიკული აზროვნება საკუთარი თავის შესწავლის მიზნით ინტელექტის გამოფხიზლებას ჰგავს. ეს უკანასკნელი ძალიან მდიდარი კონცეფციაა, რომელიც 2500 წელზე მეტია არსებობს ხოლო ტერმინი უშუალოდ მეოცე საუკუნიდან გაჩნდა. კრიტიკული აზროვნება საკუთარი თავის შესწავლა, გაძღოლა და თვითდისციპლინირებაა, რომლის მიმდევარი ადამიანებიც ცხოვრობენ რაციონალურად, თანაგრძნობითა და მოქმედებენ შეგნებულად. ისინი "მოიხმარენ" ინტელექტუალურ მექანიზმებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, გაანალიზონ, შეაფასონ და გააუმჯობესონ ესა თუ ის ფაქტი.

კრიტიკული აზროვნება ნიშნავს ცნობისმოყვარეობას, გამოკითხვის სტრატეგიების გამოყენებას, კითხვების დასმას და მათზე პასუხის ძიებას. ის მოიცავს ფაქტების არა მხოლოდ დაფიქსირებას, არამედ მათი მიზეზებისა და შედეგების გარკვევას. კრიტიკულ აზროვნებას მივყავართ გადაწყვეტილებამდე: რა უნდა დავიჯეროთ და რა არა. კრიტიკული აზროვნება იწყება ინფორმაციის მიღებისთანავე და ამ ინფორმაციისადმი პიროვნული დამოკიდებულების გამომუშავებით სრულდება. ესაა აზროვნების ფორმა, რომელიც საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვას და ალტერნატივების აწონ-დაწონვას  გულისხმობს.

აღსანიშნავია, აზროვნება კრიტიკულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ინდივიდუალური ხასიათისაა. პიროვნებას საკმარისი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რათა იფიქროს და დამოუკიდებლად გადაჭრას სხვადასხვა სირთულეების საკითხები.

ღირებულება, ესაა პრინციპი ან სტანდარტი, რომელსაც აღიარებს ადამიანი,  ადამიანთა ჯგუფი, ან საზოგადოება. 

ღირებულება გამოხატავს ადამიანის რწმენას, შეხედულებებს, იდეალებს და ეთიკურ სტანდარტებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მისი ცხოვრების წესს. ღირებულებები ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს  ადამიანის  ქცევათა ერთობლიობას, რომელიც მას უბიძგებს, ან პირიქით, აკავებს ამა თუ იმ ქცევისგან.

პიროვნებას ან საზოგადოებას არაერთი ღირებულება გააჩნია. ამ ღირებულებათა ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს მათი ერთიანი ხასიათი. ღირებულებები სტრუქტურულ კავშირში არიან ერთმანეთთან და ქმნიან ერთ მთლიან სისტემას, რაც საშუალებას გვაძლევს ამ ღირებულებათა მატარებელი პიროვნების ან საზოგადოების ქცევა პროგნოზირებადი იყოს. თუმცა, აღსანიშნავია რომ  ღირებულებები სრული სტაბილურობით არ ხასიათდებიან. შესაძლოა მათი ცვლილება თანდათან,  მოულოდნელად და სწრაფადაც კი განხორციელდეს. ეს ცვლილება ღირებულებითი ორიენტაციის შესაბამისად ხდება.

ღირებულებები წარმოადგენს ერთგვარ საზომს, რომლითაც ვავლენთ გარკვეულ დამოკიდებულებას მოვლენების მიმართ, თუ რა არის კარგი ან ცუდი, სამართლიანი ან უსამართლო, მორალური ან ამორალური. ეს დამოკიდებულებები კი  აღზრდის პროცესში ყალიბდება, რომელიც მყარ რწმენად გადაიქცევა და ხშირად რთულად ემორჩილება ცვლილებებს.

სხვადასხვა საზოგადოებაში აღზრდილ პიროვნებას, ბუნებრივია უყალიბდება განსხვავებული ღირებულებები, როდესაც ისინი თანაარსებობენ, შესაძლოა მათ შორის განვითარდეს რაიმე სახის კონფლიქტი. ასეთი შემთხვევები ხშირია მულტიკულტურულ ქვეყნებში, სადაც  სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის, კულტურის მქონე ადამიანები ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ღირებულებითი კონფლიქტი, რომელიც არის საკმაოდ რთულად მოსაგვარებელი, ვინაიდან იგი დაკავშირებლია ადამიანის ფასეულობებთან.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი