ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

5/3/2022

პაციფიზმი - ომის საწინააღმდეგო მოძრაობა

Comments

Read Now
 
Picture
პაციფიზმი - ომის საწინააღმდეგო მოძრაობა, რომლის წევრები გმობენ ყოველგვარ ძალადობას, უარყოფენ რა სამართლიანი განმათავისუფლებელი ბრძოლის გამართლებულობას. მათ სამშვიდობო მოლაპარაკებისა და მანიფესტაციების გზით ომის აღკვეთის სწამთ.

პაციფიზმი მომდინარეობს სიტყვა „pacific“-დან, რომელიც ლათინურად ნიშნავს მშვიდობისმყოფელობას. ტერმინი თანამედროვეობაში XX საუკუნის დასაწყისიდან დამკვიდრდა, თუმცა, თავად მშვიდობის იდეას დიდი ისტორია აქვს. პაციფიზმის, როგორც სიტყვის, ყველაზე ცნობილი გამოყენება მათეს სახარებაში გვხვდება, სადაც იესო ამბობს, რომ დალოცვილ არიან „მშვიდობისმყოფელნი“. აქ ბერძნული სიტყვა eirenopoios ლათინურად გადათარგმნილია როგორც pacifici, რაც მშვიდობისთვის მოღვაწეს ნიშნავს. eirenopoios მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან eirênê (მშვიდობა) და poiesis (კეთება). ფილოსოფიაში ცნება გამიჯნულია ომის წინააღმდეგ უფრო ვიწრო გაგებისგან და ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ უნივერსალურ იდეას მოიცავს. პაციფიზმს ხშირად სამართლიანი ძალადობის იდეასთან მიმართებაში განიხილავენ, რაც „სამართლიანი ომის“ დასავლური ტრადიციის ნაწილია. დისკუსიები, სამართლიანი ომის თეორიასა და პაციფიზმის ურთიერთმიმართების შესახებ, თუ რამდენად ეფუძნება სამართლიანი ომის თეორია ომის წინააღმდეგ პაციფისტურ პოზიციას, დღესაც აქტუალურია.

ზოგადად პაციფიზმი ომისა და ძალადობის წინააღმდეგ პრინციპული დაპირისპირებაა, თუმცა პაციფიზმთან დაკავშირებული ტერმინოლოგია მშვიდობის სახელით წარმოებული პრაგმატული ომების გამამართლებელ არგუმენტად არაერთხელ გამოუყენებიათ. „სამართლიანი ომის“ ტრადიცია სწორედ იმ იდეას ემყარება, რომ ომი შესაძლებელია წარმოადგენდეს მშვიდობის მიღწევის საშუალებას. მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, პაციფიზმი ძალადობას, როგორც მშვიდობის მიღწევის საშუალებას ეწინააღმდეგება და მშვიდობისადმი მსახურების პრინციპს ემყარება. პაციფისტები ხშირად უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურსა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე. ზოგიერთი, გადასახადებისთვის თავის არიდებით, უარს აცხადებს იმ პოლიტიკური სისტემების მხარდაჭერაზე, რომელიც საომარი მოქმედებებისკენ მოუწოდებს ხალხს. პაციფისტთა უმეტესი ნაწილი სოციალუ-პოლიტიკური ცხოვრებას სრულიად ემიჯნებიან და ანარქისტული პრინციპებით ცხოვრობენ, თუმცა სხვანი აქტიურად ერთვებიან ანტი-ძალადობრივ გამოსვლებში. პაციფიზმის ზოგიერთი ინტერპრეტაცია ნებისმიერი ცოცხალი არსებების მიმართ ძალადობას უარყოფს - მაგალითად, ვეგეტარიანელობა და ვეგანობა. ხშირად პაციფიზმს უფრო ფართო სულიერ ტრანსფორმაციასა და მაჰათმა განდის ანტიძალადობრივ მოძღვრებასაც უკავშირებენ.

პაციფიზმი შესაძლოა დაფუძნებული იყოს მორალურ პრინციპებზე (დეონტოლოგიური ხედვა) ან პრაგმატიზმზე (მიზეზშედეგობრივი ხედვა). პრინციპებზე დაფუძნებული პაციფიზმი ძალადობისა და ძალის გამოყენებას ამორალურ ქმედებად მიიჩნევს. პრაგმატული პაციფიზმის თანახმად ომისა და ძალადობის საფასური იმდენად მაღალია, რომ უმჯობესია კონფლიქტის მოგვარების უფრო მშვიდობიანი გზები გამოინახოს. პაციფისტები, როგორც წესი, ეწინააღმდეგებიან სამართლიანი ომის თეორიებს.

პაციფისტთა ნაწილი არაძალადობრივ პრინციპებს მიჰყვება და სჯერა, რომ არაძალადობრივი ქმედებები მორალურად უფრო აღმატებული და ეფექტურია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად თავდაცვის მდგომარეობაში, ძალადობის გამოყენებას ამართლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციფისტი ერთა შორის ომის წარმოების წინააღმდეგია, ისტორიაში ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს სამხედრო კონფლიქტებს. მაგალითად, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, მშვიდობის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაცია მხარს უჭერდა კავშირის სამხედრო კამპანიას კონფედერაციული შტატების წინააღმდეგ, ვინაიდან ემხრობოდნენ მონობის გაუქმებას.

1960-იან წლებში ახალ მემარცხენეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი პაციფისტი ეროვნულ განმათავისუფლებელი ომების აქტიური დამცველებიიყვნენ (ვიეტ კონგის, ალჟირის ეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტის), აცხადებდნენ რა, რომ ამ ერების მშვიდობიანი განთავისუფლების ყველა საშუალება უკვე ამოწურული იყო და ომი ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენდა.

აბსოლუტური და პირობითი პაციფიზმი

აბსოლუტური პაციფიზმი უნივერსალურად უარყოფს ნებისმიერ ძალადობასა და ომს. იგი გულისხმობს, რომ მორალური პრინციპები მარადიულია, უცვლელი და არ ექვემდებარება გამონაკლისებს. ომი და ძალადობა ყოველთვის მცდარია. პირობითი პაციფიზმი, როგორც წესი, გულისხმობს რომელიმე კონკრეტული ომის თუ საბრძოლო მოქმედებისადმი პრინციპულ დაპირისპირებას. მისი ერთ-ერთი ინტერპრეტაციის თანახმად, პაციფიზმი სავალდებულოა მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ადამიანებისთვის და არა ყველასთვის. პირობითი პაციფიზმი შეიძლება კონკრეტულ სამხედრო სისტემას ან სამხედრო პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდეს.

ამ ტიპის პაციფიზმის მიმდევრები გარკვეულ სიტუაციებში ომს და ძალადობას დასაშვებად მიიჩნევენ, განსხვავებით აბსოლუტური პაციფისტებისგან. აბსოლუტური პაციფიზმი შესაძლოა გარკვეულ რელიგიურ წარმოდგენებსაც ეფუძნებოდეს, რომელიც არაძალადობრიობას რელიგიურ მცნებად აღიარებს. დასავლურ კულტურაში აბსოლუტური პაციფიზმი ქრისტიანული რწმენიდან მომდინარეობს, რომლის თანახმადაც ქრისტე მორჩილებისკენ, მათ შორის ბოროტისადმი, მოუწოდებდა. ინდურ კულტურაში, რომელსაც განდი წარმოადგენდა, აბსოლუტური პაციფიზმი „აჰიმსას“ ან არაძალადობის უფრო ფართო მეტაფიზიკურ გაგებას ემყარება, რომელიც კარმულ ურთიერთდამოკიდებულებას, ასკეტურ თვით-უარყოფასა და თანაგრძნობის იდეებს მოიცავს.

აბსოლუტური პაციფიზმის ზოგიერთი ვერსია იმდენად შორს მიდის, რომ გარკვეულ სიტუაციებში თავდაცვასაც კი გამორიცხავს. რაც შეეხებათ პირობით პაციფისტებს, ისინი მართალია გმობენ ომსა და ძალადობას, თუმცა, მაგალითად ალბერტ აინშტაინი და ბერტრან რასელი ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ომს ემხრობოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე თავს პაციფისტად მიიჩნევდა.

მაქსიმალისტური და მინიმალისტური პაციფიზმი

განსხვავება მაქსიმალისტურ და მინიმალისტურ პაციფიზმს შორის მდგომარეობს არაძალადობისადმი ერთგულების მასშტაბში, ანუ ძალადობის რა ფორმებია დასაშვები ან დაუშვებელი. მაქსიმალური პაციფიზმი აბსოლუტური პაციფიზმის კატეგორიაში გადის, ხოლო პაციფიზმის მინიმალისტური ფორმები, პირობითის. არსებობს უამრავი აქტივობა, რომელსაც „ომი“ შეგვიძლია ვუწოდოთ: ტერორიზმი, აჯანყება, სამოქალაქო ომი, ჰუმანიტარული ინტერვენცია, სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი, მსოფლიო ომი, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს. პაციფისტთა უმრავლესობა უპირისპირდება სახელმწიფოთაშორის კონფლიქტებსა და ბირთვულ ომს. თუმცა, არსებობს განსხვავებული მიდგომები, რამდენად გამართლებულია სამოქალაქო ომი ან ჰუმანიტარული ინტერვენცია. მაგალითად, ამერიკის სამოქალაქო ომს ბევრი პაციფისტი, მონათა ემანსიპაციის იდეიდან გამომდინარე, მხარს უჭერდა.[2]

სკეპტიკური და Prima Facie პაციფიზმი

პაციფიზმის არგუმენტები ძირითადად ნეგაციას - ძალადობისა და ომის ამორალურობას ეფუძნება. ზოგიერთი სკეპტიკოსი პაციფისტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სხვა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის არცერთი გამამართლებელი არგუმენტი. მათ შორის, არც თავდაცვის მიზნით თავდამსხმელის მოკვლას ამართლებენ, რადგან თავდამსხმელმა მიზანს ვერ მიაღწია, თავდასხმის სამიზნე ცოცხალია, ამდენად ამ უკანასკნელის მიერ თავდაცვის მიზნით მკვლელობა არაპროპორციულია მის მიმართ განხორციელებული ქმედებისა. ამას გარდა, სკეპტიკოსი პაციფისტები სვამენ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ თავდაცვის სხვა ყველა საშუალება ამოწურული იყო? სად გადის ზღვარი? აქედან გამომდინარე, ისინი ემხრობიან სხვადასხვა არაძალადობრივი მეთოდის ბოლომდე ამოწურვას.

ტრანსფორმაციული პაციფიზმი

ტრანსფორმაციული პაციფიზმი მიზნად ისახავს ფსიქოლოგიური, კულტურული, სოციალური და მორალური ღირებულებებისა და მდგომარეობის ტრანსფორმაციას, რომლის ფარგლებშიც ომი და ძალადობა მიუღებელი იქნება მთლიანად საზოგადოებისთვის. იგი ფართო კულტურულ კრიტიკას ეფუძნება, რომლის თანახმადაც საჭიროა ზოგადად განათლებისა და სოციო-კულტურული სისტემების რეფორმირება, რომელიც ძალადობრივ კულტურას კვებავს. ტრანსფორმაციული პაციფიზმის საბოლოო მიზანი არის სამყარო, სადაც ომი და ძალადობა დაბალგანვითარებული წარსულის არქაულ ნარჩენებად იქნება მიჩნეული.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი