ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

1/2/2022

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების  არსი

Comments

Read Now
 
Picture
​ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს შორის არ არის თვისობრივი განსხვავება. ორივე მათგანი ადამიანს, ინდივიდს, ანიჭებს გარკვეული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას (მაგ. გამოხატვის თავისუფლება გვანიჭებს უფლებას, თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი მოსაზრებები ისე, რომ ამისთვის არ დავისაჯოთ) ან იცავს რაიმე გარე ზემოქმედებისგან (მაგ. წამების აკრძალვა - არავის აქვს უფლება, მოგვაყენოს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა).

უფლება სახელმწიფოს უპირველესად პოზიტიურ ვალდებულებას აკისრებს და მისგან აქტიურ მოქმედებასა და უფლების დასაცავად სათანადო ზომების მიღებას მოითხოვს. მაგალითად, „საკუთრების უფლება“ სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას შექმნას ისეთი კანონმდებლობა და სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი საკუთრების უფლების დაცვას.

ამ ტიპის კანონმდებლობაა ქურდობისთვის, ძარცვისთვის, ყაჩაღობისთვის ან თაღლითობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება, კერძო პირებს შორის კერძო ხასიათის ქონებრივი ურთიერთობების დასარეგულირებლად სამოქალაქო კანონმდებლობის შექმნა და ა.შ.

ამავდროულად, როგორც უკვე ითქვა, გარდა კანონმდებლობისა აუცილებელია ეფექტურად მოქმედებდეს სახელმწიფო ინსტიტუტებიც. საკუთრების უფლების დასაცავად აუცილებელია პოლიცია ეფექტურად რეაგირებდეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გასახსნელად და დამნაშავეთა გამოსავლენად; თუ კერძო პირებს შორის ქონებრივი დავა წარმოიშვება, არსებობდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელსაც მიმართავენ მხარეები და ა.შ.

თუცა, გარდა პოზიტიური ვალდებულებისა, სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულებაც - თავად, საკუთარი ქმედებით არ დაარღვიოს კერძო პირთა საკუთრების უფლება.

თავისუფლება უპირველესად თავად ადამიანებს ანიჭებს მოქმედების თავისუფლების შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფოს უზღუდავს ამ შესაძლებლობათა შეზღუდვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფოს პირველ რიგში ნეგატიური ვალდებულება აქვს - თავი შეიკავოს იმ სახის მოქმედებისაგან, რაც შეზღუდავს ადამიანის უფლებებს. თუმცა, თავისუფლების შემთხვევაშიც სახელმწიფო მხოლოდ ჩაურევლობით ვერ შემოიფარგლება და მისი ვალია, აღკვეთოს ხელისშეშლა თავისუფლებით სარგებლობისას. მაგალითად, ადამიანს თუ სხვა პირები არ აძლევენ რელიგიური რიტუალების აღსრულების საშუალებას, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი უფლებები და აღკვეთოს მის რელიგიის თავისუფლებაში სხვა პირთა უკანონო ჩარევა.

ადამიანის უფლებებს შორის გამოყოფენ აბსოლუტურ უფლებებს - ანუ უფლებებს რომლის შეზღუდვა სახელმწიფოს არცერთ ვითარებაში არ შეუძლია. აბსოლუტური უფლებები ადამიანის ღირსებასთან არის კავშირში.

აბსოლუტურ უფლებებს განეკუთვნება:
  • წამების აკრძალვა;
  • მონობის და იძულებითი შრომის აკრძალვა;
  • უფლება, არ დაექვემდებარო პასუხისმგებლობას ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენისას კანონით არ იყო დასჯადი;
  • რწმენის თავისუფლების შიდა სფერო (და არა მისი გამოვლენა).
უმეტესი უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობას კი აქვს გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იძლევა შესაძლებლობას სხვადასხვა უფლებებში (გარდა აბსოლუტური უფლებებისა) მოხდეს ჩარევა ისეთი საფუძვლებით, როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი, სახელმწიფო უშიშროება, სხვების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და სხვა.

თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამა თუ იმ უფლების შეზღუდვის პირობები წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული კანონით, ის აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და უნდა ემსახურებოდეს რომელიმე ლეგიტიმურ საჯარო მიზანს. თუ ამ პირობებს უფლების შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს, ის არაკონსტიტუციურია.

ადამიანის უფლებებზე საუბრისას, ასევე გამოყოფენ ბუნებით და კანონით მინიჭებულ უფლებებს. ადამიანის ძირითადი უფლებები ბუნებით უფლებებად მოიაზრება და შესაბამისად, ადამიანი მათ ფლობს არსებობის პირველივე წუთებიდან. ბუნებითი უფლებების გარდა არსებობს უფლებები, რომლებსაც ადამიანს, მოქალაქეს ქვეყნის კანონმდებლობა ანიჭებს. მათი არსებობა და მათით სარგებლობა დამოკიდებულია სახელმწიფო პოლიტიკაზე და კანონმდებლობაზე. მაგალითად კანონით მინიჭებულ უფლებებს შეგვიძლია მივაკუთნოთ პირის უფლება, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღოს პენსია.

საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა განსაზღვრავს, რა ასაკიდან შეუძლია ადამიანს ამა თუ იმ უფლებით სარგებლობა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით:
  • საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან იძენს აქტიურ საარჩევნო უფლებას - ანუ უფლებას მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, როგორც ამომრჩეველმა;
  • პასიური საარჩევნო უფლებით - ანუ უფლებით, იყოს ასარჩევი კანდიდატი - სარგებლობის ასაკი განსხვავდება თანამდებობების მიხედვით:
  • საქართველოს პარლამენტის წევრობა - 25 წელი 
  • საკრებულოს წევრობა - 21 წელი;
  • მერი/გამგებელი - 25 წელი;
  • საქართველოს პრეზიდენტი - 40 წელი.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი