ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

30/12/2021

საახალწლო ნაძვის ხის ისტორია

Comments

Read Now
 
Picture
სადღესასწაულო გაწყობის მარტივ გამოხატულებას — საახალწლო მორთულობას სინამდვილეში საკმაოდ ბუნდოვანი ისტორია აქვს. ორნამენტები, რომლებიც პირველად, სავარაუდოდ, მე-16 საუკუნის გერმანიაში გამოჩნდა, დღევანდელი დეკორაციებისგან სრულიად განსხვავდებოდა.

საახალწლო ნაძვის ხის სახელით ცნობილი სადღესასწაულო დეკორაცია ქრისტეშობამდე ბევრად ადრეული პერიოდიდან იღებს სათავეს. სხვადასხვა მტკიცებულების თანახმად, სახლის მარადმწვანე მცენარეებით მორთვა ზამთრის ნაბუნიობის პერიოდში ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს ახასიათებდათ.

მარადმწვანე სიცოცხლის არსებობა ზამთრის სუსხიან დღეებსა და გრძელ ღამეებში მათთვის მანუგეშებელი იყო. მსგავსი დანიშნულება ჰქონდათ ამ მცენარეებს დრუიდების, რომაელებისა და ვიკინგების ზამთრის ნაბუნიობასთან დაკავშირებულ წარმართულ რიტუალებშიც.

თანამედროვე საახალწლო ნაძვის ხის "ფესვები" მე-16 საუკუნის გერმანიაშია, სადაც საეკლესიო წარმოდგენებში "სამოთხის ხეებად" მცირე ზომის მარადმწვანე მცენარეებს სანთლებით, ვაშლებით, თხილითა და კენკრით რთავდნენ. დროთა განმავლობაში ღვთისმოშიშმა ქრისტიანებმა მორთული ხეები სადღესასწაულო პერიოდში სახლებშიც შეიტანეს. შედეგად, ტრადიცია, რომელიც ქრისტიანულ რიტუალად იქცა, ევროპის მასშტაბით გავრცელდა.

მე-18 — მე-19 საუკუნეებში გერმანელმა მიგრანტებმა ნაძვის ხის მორთვის პრაქტიკა ამერიკაში ჩაიტანეს, სადაც პურიტანულმა რელიგიურმა ჯგუფებმა ის, მისი წარმართული საწყისებიდან გამომდინარე, უკუაგდეს. ამგვარად, სანამ აშში-ში ფართოდ გავრცელდებოდა, გერმანული წარმოშობის მცირე დასახლებებში მე-18 საუკუნის 50-იან წლებში ნაძვის ხეს მაინც რთავდნენ.

1840-იანი წლების ბოლოს დედოფალი ვიქტორიას მიერ გამოქვეყნებულმა სურათმა, რომელშიც ის თავის გერმანელ ქმართან, პრინც ალბერტთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად შობას მორთული მარადმწვანე ხის გარშემო აღნიშნავს, ეს პრაქტიკა "მოდურად" გადააქცია და ის შეძლებულმა ამერიკელებმა სწრაფად აითვისეს. ორნამენტების კომერციული პოტენციალი მალევე გამოიყენეს ადგილობრივმა ბიზნესებმაც.

1890-იანი წლებისთვის ვულვორსის მაღაზიათა ქსელმა აშშ-ში გერმანიიდან იმპორტირებული 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტყვიისა და ხელნაკეთი მინის ორნამენტები გაყიდა. დროის სვლასთან ერთად ნაძვის ხის დეკორაციები უფრო მეტად დაიხვეწა და მის დასამზადებლად ახალი მასალების — მბზინავი ქსოვილის, აბრეშუმისა და შალის გამოყენება დაიწყეს.

ხელნაკეთი ორნამენტების სამშობლო — გერმანია, მოულოდნელად იაპონურ და აღმოსავლეთ ევროპულ მასობრივ პროდუქციასთან შევიდა კონკურენციაში, რადგან საახალწლო მორთულობის წარმოება მსოფლიო მასშტაბით დაიწყეს. 1930-იანი წლებისთვის აშშ-ში 250 ათასზე მეტი ორნამენტი ჩაჰქონდათ.
  
1973 წელს ჰოლმარკმა "Keepsake"-ის სახელით ცნობილი საკოლექციო ორნამენტები წარადგინა. პირველი კოლექცია მოიცავდა მინის ბურთებს, რომელთაც ძაფისგან შექმნილი პატარა ფიგურები ამშვენებდა. ყოველ მომდევნო წელს ის შეზღუდული რაოდენობის საკოლექციო ხაზს უშვებდა.

დღეს ნაძვის ხეს რელიგიური დანიშნულება აღარ აქვს. ის სრულად საერთო-კულტურული ზამთრის ტრადიცია გახდა. მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა რწმენის მქონე ოჯახები წლის ამ განსაკუთრებულ პერიოდს და ნაძვის ხის აწყობის "რიტუალს" მოუთმენლად ელიან.
 

გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი