ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

15/2/2022

დიდი ქართველები - ამბროსი ხელაია

Comments

Read Now
 
Picture
ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია; 1861-1927) - ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში, საქართველოს ეროვნული გმირი.

1885 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1887-1896 მღვდლად იყო სოჭში, შემდეგ სოხუმში. იყო აგრეთვე სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი.

ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში. გამოდიოდა პრესაში შავრაზმელი გოლუბცოვისა და ეპისკოპოს არსენის (იზოტოვი) წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზებს ქართველების მიმართ სიძულვილს უნერგავდნენ და დევნიდნენ ქართულ ენას. 1897 ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში შევიდა. 1900 წელს ბერად აღიკვეცა. აკადემია დაასრულა 1901 წელს.

1901 წელს დაინიშნა ჭელიშის მონასტრის არქიმანდრიტად. 1904 წელს გადაიყვანეს თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად. რუსეთის პირველი რევოლუციის დროს ამბროსი იბრძოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღდგენისათვის, რის გამოც 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს.

1908 წელს ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მიეღოს მონაწილეობა. 1910 წელს გაამართლეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. საქართველოში ის მხოლოდ 1917 წლის აგვისტოში ჩამოვიდა. კენჭს იყრიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ ადგილობრივ კრებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, თუმცა მალევე მოხსნა თავისი კანდიდატურა.

1917 წლის 17 სექტემბერს არქიმანდრიტი ამბროსი აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში და დაამტკიცეს ჭყონდიდის ეპისკოპოსად. 1919 წლის 28 ოქტომბრიდან გადაიყვანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1921 წლის მესამე საეკლესიო კრებაზე არჩეულ იქნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, ხოლო ინთრონიზაცია 1921 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა დღეს მოხდა.

ამბროსი იკვლევდა ქართულ ისტორიულ ძეგლებს. პეტერბურგის „უწყებებში“ და ქართულ პერიოდულ პრესაში „ამბერი“-ს ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და საეკლესიო წარსულის და მიმდინარე ვითარების შესახებ; საყურადღებოა მისი „მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალებში „განთიადი“ და „ცხოვრება“ (1915-1917).

აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ჭელიშური ვარიანტი, რომლის შესახებ მოხსენება წაიკითხა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე. იგი არჩეული იყო ამ საზოგადოების საპატიო წევრად. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში.

საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობის საკითხში ამბროსი მხარს უჭერდა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ბოლშევიკური რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, 1921 წლიდან, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

1922 წლის 7 თებერვალს მან თავისი ცნობილი მიმართვა გაუგზავნა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას. იგი მოითხოვდა საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას. ამ მიმართვამ, რომელიც ითარგმნა და გამოქვეყნდა რამდენიმე ენაზე, ფართო გამოხმაურება ჰპოვა. „... 1) დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან; 2) საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშავოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება. სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულვებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან“-ო, აღნიშნავდა სრულიად საქართველოს სულიერი წინამძღოლი თავის მიმართვაში.

იმავე წლის 13 ივნისს „ჩეკამ“ დააპატიმრა, დაკითხა და გაათავისუფლა. მას ეკუთვნის დაპატიმრების დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“ 1923 წლის იანვარში დააპატიმრეს და 1924 წლის დამლევამდე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში.

1923 წელს ამბროსიმ შემოიღო ახალი სტილის კალენდარი. თავადაც 1923–1924 წლებში ამ სტილის მიხედვით მარხულობდა და იხსნილებდა, თუმცა შემდგომში, 1925 წლის მარტიდან, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ეკლესია ისევ კალენდრის ძველ სტილს დაუბრუნდა 1927 წლამდე.

დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. მისი პირადი არქივი, რომელიც მის ქადაგებებს, მიმოწერასა და შემოქმედებით საქმიანობას ასახავს, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. 2013 წლის 26 სექტემბერს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი