ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

17/2/2022

ეკონომიკური უსაფრთხოება და მასზე მოქმედი ფაქტორები

Comments

Read Now
 
Picture
​ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოს უსაფრთხოების მთლიან სისტემასთან. იგი უნდა განვიხილოთ, როგორც სახელმწიფოს მიერ გატარებული ყველა თავდაცვითი ღონისძიების ერთობლიობა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ქვეყანაზე ნეგატიური შიდა და გარე ფაქტორების გავლენა. ეკონომიკური ინტერესების დაცვასთან ერთად, მოიცავს თავდაცვით, ეკოლოგიურ, ინფორმაციულ პოლიტიკას და სხვ. მისი აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და სხვა პროცესებისა და მოვლენების მწვავე კრიზისულ, ე.წ. გარდამავალ პერიოდში.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საბაზრო რეფორმების პერიოდში ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ფორმის უარყოფამ და საბაზრო თვითრეგულირების როლის უზომოდ განდიდებამ ეს ქვეყნები მიიყვანა მეტისმეტად გახანგრძლივებულ ეკონომიკურ და ტრანსფორმაციულ კრიზისამდე, ამასთან ერთად კი არა მარტო ეკონომიკური, არამედ ეროვნული უსაფრთხოების დასუსტებამდე. მსოფლიო პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ვერ ახერხებენ ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თითქმის ყოველთვის ხდებიან სხვა, უფრო ძლიერ ქვეყნებზე არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურად დამოკიდებულნი. ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ სამართლებრივი მეთოდებით შეუძლებელია. აუცილებელია ამ პრობლემის გადაწყვეტისადმი იმგვარი კომპლექსური მიდგომა, რაც ხხჳ საუკუნის მოთხოვნებს უპასუხებს.

ეკონომიკური უსაფრთხოება შედგება სხვადასხვა კომპონენტებისაგან: ბუნებრივი რესურსების ტიპი და რაოდენობა; ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ტერიტორიების თავისებურება; სახელმწიფო მართვის თავისებურება; საწარმოო სფეროს პოტენციალი; სასოფლო-სამეურნეო კომპლექსის განვითარება; სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობა და სხვ. იმ ქვეყნებს, რომლებიც ლიდერობენ ეკონომიკური განვითარების მხრივ, თითქმის ყველა ეს კომპონენტი გააჩნიათ, რაც მათი ეკონომიკური უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა უნდა ითქვას, რომ უსაფრთხოების მაღალი დონის მისაღწევად სულაც არ არის აუცილებელი ყველა ჩამოთვლილი კომპონენტის არსებობა. ზოგიერთ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას არ გააჩნია სახარბიელო გეოგრაფიული მდებარეობა ანდა მდიდარი ბუნებრივი რესურები, მაგრამ ეს მათი „ნაკლი“ სხვა ფაქტორებით კომპენსირდება: წარმოების მაღალი დონე, ინოვაციურობა და ა.შ.

ეკონომიკური უსაფრთხოების ობიექტებია როგორც ეკონომიკური სისტემა კომპლექსში, ასევე მისი ცალკეული ელემენტი: ბუნებრივი სიმდიდრე, საწარმოო და არასაწარმოო ფონდები, უძრავი ქონება, ფინანსური რესურსები, სამეურნეო სტრუქტურები და სხვ., ხოლო მისი სუბიექტებია: საკანონმდებლო სტრუქტურები, სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები (სამინისტროები, უწყებები, სამსახურები და სხვ.), სახელმწიფო და კერძო სექტორის დაწესებულებები.

გამოყოფენ ეკონომიკური უსაფრთხოების სამ ძირითად შემადგენელს:

- სამეურნეო დამოუკიდებლობა, რაც ძირითადად ნიშნავს ეროვნული რესურსების სახელმწიფო კონტროლს;

- სახელმწიფო ეკონომიკის მდგრადობა და სტაბილურობა, რაც ძირითადად ნიშნავს ქონების (მის ყველა ფორმებში) დაცვას,  გარანტიების და საიმედო პირობების შექმნას სამეწარმეო აქტიურობისათვის, ბრძოლას კრიმინალთან და სხვ.;

- თვითგანვითარების და პროგრესის შესაძლებლობა. ეს მეტად მნიშვნელოვანია დღევანდელი განვითარებადი საზოგადოებისათვის და ნიშნავს ინვესტიციების ჩადებისათვის კლიმატის შექმნას წარმოების მუდმივი სრულყოფისათვის.

ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დონე მრავალი ფაქტორით განისაზღვრება: ქვეყნის გეოპოლიტიკური და გეოგრაფიულ-ეკონომიკური მდებარეობა და, ამასთან, ადგილობრივი და უცხოური რესურსების ხელმისაწვდომობა; ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური სიძლიერე და მისი კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში; სტრატეგიული მნიშვნელობის მატერიალურ სიმდიდრეთა არსებობა, რომელიც საკმარისი იქნება ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ქვეყნის ინსტიტუციური სისტემის ორიენტაცია ინდუსტრიული ინოვაციური ეკონომიკის შექმნის ხელშეწყობაზე, რომელზეც ეროვნული უსაფრთხოების ხარისხია დამოკიდებული; სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების მიმართვა იმ დარგებისა და საწარმოებისაკენ, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის კონკურენტულობის ზრდას.

მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების ხარისხი დიდწილადაა დამოკიდებული ეკონომიკაში ინოვაციებზე და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებაზე. რადგანაც ინოვაცია და კონკურენტუნარიანობა ერთად აღებული და არა ცალ-ცალკე უნდა განიხილებოდეს, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების მოდერნიზაციის და გაძლიერების მნიშვნელოვანი რესურსი. სწორედ ინოვაცია იძლევა ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური უსაფრთხოების ოპტიმალური ფორმირებისათვის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე.

ძალიან ხშირად ინოვაციის განმარტებისას იხმარება ტერმინი `ტექნიკური სრულყოფა~. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ეს მიდგომა არაა სრულყოფილი, რადგანაც ნაკლებად (ანდა საერთოდ) არ ითვალისწინებს ცვლილებებს ადამიანურ პოტენციალში, კერძოდ, საგანმანათლებლო კუთხით, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია `ახალი ეკონომიკის~ ანუ `ცოდნის ეკონომიკის~ პირობებში. ქვეყანაში ინოვაციურობის მაღალი დონე ხელს უწყობს ეკონომიკური უსაფრთხოების განვითარებას. მაგრამ ამ ასპექტით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აქცენტი გაკეთდეს არა იზოლაციონურობაზე და მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევებზე, არამედ უცხოური გამოცდილების გამოყენებაზე. აუცილებელია ეკონომიკის ყველა სექტორის ინოვაციური აქტიურობის გაზრდა, როგორც ტრადიციულის, ასევე ახალი სახეობების. თანამედროვე ეკონომიკური უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია და განისაზღვრება ინოვაციური ციკლის სხვადასხვა სტადიების პირდაპირი და უკუკავშირის ერთობლიობით: ცოდნის მწარმოებლების და მომხმარებლების, ფირმების, ბაზრის, სახელმწიფოს და ა.შ., როგორც ნაციონალურ საზღვრებში, ასევე გლობალურად. გასათვალისწინებელია ის, რომ ძირითადი ეფექტი მიიღწევა არა უშუალოდ ინოვაციების პირველადი დანერგვის, არამედ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტების და მომსახურებათა ფართოდ გავრცელების და გამოყენების გზით.

ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) სისტემა, რომლის დანიშნულებაა წინასწარ განსაზღვროს მოახლოებული ეკონომიკური საფრთხე, მოიცავს ისეთ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა: მოსახლეობის ცხოვრების დონე, ინფლაციის დონე და ტემპი, უმუშევრობის დონე, ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო ვალი, ქვეყნის ოქროს რეზერვების შემადგენლობა, ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, ერთობლივი ეროვნული პროდუქტი. მათი საშუალებით შესაძლებელია უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პროცესების შეფასება, ქვეყნის რესურსული პოტენციალის, მისი ეფექტურად გამოყენების, ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის, სუვერენიტეტის, სოციალური სტაბილურობის და ა.შ. გაანალიზება.

ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორთა სისტემაში მითითებულია ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც განსაკუთრებულ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ. მისი მასშტაბები დღეს იმდენად დიდია, რომ სპეციალისტები მას ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენის მქონე მოვლენათა შორის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად თვლიან. მან პრაქტიკულად გლობალური მასშტაბები მიიღო, რადგან ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფერო მოიცვა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს. განვითარებულ ქვეყნებში ჩრდილოვანი ეკონომიკის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ასახელებენ გადასახადების მაღალ დონეს. მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩვეულებრივი მოქალაქის თვიური შემოსავლების 40-50% გადასახადების დაფარვაზე მიდის. ამ ქვეყნებში მშპ-ში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საშუალოდ 5-10%-ია, თუმცა იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში 20-30%-მდეც ადის. განვითარებად ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 5-35%-ს შორის მერყეობს. 2017 წლის მონაცემებით ზოგიერთ ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ში ამგვარია: აშშ – 7.8%, შვეიცარია – 7.6%, იაპონია და ჩინეთი – 10-10%, გერმანია – 14.9%, ავსტრია – 9%, საფრანგეთი – 14.9 და ა.შ. მისი გამომწვევი მიზეზები მრავალნაირია: ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, კრიმინალური და სხვ. განსაკუთრებით მწვავედ არის ის ფესვგადგმული პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. ამ ქვეყნებში ამ მოვლენის სიცოცხლისუნარიანობის ზრდის მრავალი მიზეზია, მათ შორის:

- მოსახლეობის სოციალური დიფერენციაციისა და სიღარიბის ზრდა, რაც სოციალური მშვიდობისა და საზოგადოებრივი თანხმობის მოშლას იწვევს;

- ინსტიტუციური მოწყობისა და წესრიგის სისუსტე, რაც არაეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის, კორუფციის გაბატონების, ფინანსური და საბანკო სისტემების პოტენციალის უკმარისობის სახით ვლინდება;

- ეკონომიკის სტრუქტურული დეფორმაცია, რაც წარმოების ეფექტიანობის, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის, მსოფლიო მეურნეობაში მონაწილეობის დაბალი დონით, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის მაღალი დონით, საგარეო ვალის მომსახურების გაძნელებით, ინფორმაციული სექტორის ჩამორჩენილობით გამოიხატება;

- ქვეყნების რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უთანაბრობის გაღრმავება;

- საზოგადოებისა და სამეურნეო საქმიანობის კრიმინალიზაცია.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოება მრავალ სფეროს აერთიანებს, რომელთა შორის წამყვანია: სახელმწიფო თავდაცვა, შიდა, საგარეო, სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური, ენერგეტიკული, ინფორმაციული უსაფრთხოებები, მართლწესრიგი და სხვ. თანამედროვე პირობებში, განსაკუთრებით გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ეკონომიკისა და მისი წამყვანი დარგების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა საერთაშორისო არენაზე. ქვეყნის მეურნეობის ტრადიციული დარგების დაცვასა და განვითარებასთან პარალელურად, ქვეყნის მდგომარეობა საგარეო სფეროში პირდაპირ ზემოქმედებს მისი ეკონომიკის, ცალკეული დარგის და თითოეული საწამოს განვითარებაზე. ამ კუთხით პირველ პლანზე წამოიწევა ისეთი საკითხები, როგორიცაა:

საგარეო საფრთხეების და რისკების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება; საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა მაქსიმალური განვითარება და სხვ.

როგორც სხვადასხვა მეცნიერ-ეკონომისტის ნაშრომებშია მითითებული ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედი გარე ფაქტორები შეიძლება შემდეგნაირად დაჯგუფდეს:

- პოლიტიკური: საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საერთაშორისო ინსტიტუტების განვითარების დონე; ქვეყნის მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციებში; საერთაშორისო ტერორიზმი და ტრანსნაციონალური ორგანიზაციული დანაშაული; საერთაშორისო კონფლიქტები; სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების ფუნქციონირება და სხვ.;

- ეკონომიკური: სავაჭრო-ეკონომიკური; სავალუტო-საფინანსო; მარკეტინგული; სამრეწველო-ეკონომიკური ფაქტორები; იმპორტზე დამოკიდებულება;

- სოციალურ-დემოგრაფიული: მსოფლიო მიგრაციული ნაკადების მიმართულება; კვალიფიციური კადრების გადინება უცხოეთში, ე.წ. „ტვინების გადინება“ და სხვ.

ყოველივე ზემოთქმული ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედი შიდა და საგარეო ფაქტორები, ერთად აღებული, სახელმწიფო უსაფრთხოების მთლიანი სისტემის უმნიშვნელოვანეს სეგმენტს წარმოადგენს. ისინი კონკურენტუნარიანობის ზრდის, ეკონომიკური მდგრადობის და განვითარების უპირველეს ამოცანათა რიგში დგას. მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება თავდაცვით ღონისძიებათა მწყობრი სისტემის გონივრული გატარებით მინიმუმამდე დაიყვანოს ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედ ფაქტორთა უარყოფითი გავლენა და ამით ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების სტაბილურობას და მდგრადობას მიაღწიოს. 
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი