ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

16/7/2021

პეტიცია - პარტნიორებო, ნუ მიგვაქანებთ რუსეთისკენ!

Comments

Read Now
 
Picture
​ქართველი ხალხი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ისტორიის მანძილზე ყოველთვის ეძებდა ძლიერ მოკავშირეს, რადგან ამის გარეშე შეუძლებელი იყო წარმატებაზე ფიქრი, გამომდინარე ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან და ერის მცირერიცხოვნობიდან.მუდამ ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ეს მოკავშირე ბატონად გადაქცევას ახერხებდა და მერე მისგან დასაცავად იწყებოდა სხვა მოკავშირის ძებნა.

ასე გამოიარა ქვეყანამ საუკუნეთა მანძილზე რომის, ბიზანტიის, სპარსეთის, არაბების, მონღოლების, ოსმალეთის და რუსეთის იმპერიებთან მტრობისა და მეგობრობის ურთიერთობები. თითოეულ მათგანს, მუდამ საკუთარი ინტერესები ჰქონდა და ამის მიხედვით პერიოდულად ქართველების ხან მფარველად და ხანაც-ბატონად გვევლინებოდნენ. ძალიან ხშირად ამ მეგობრობის თუ პატრონ-ვასალობის ურთიერთობის გამოხატულება იყო ქართველ მეომართა მონაწილეობა დიდი იმპერიების ლაშქრობებში. უამრავ ქართველს დაუღვრია ქვეყნისთვის დასაღვრელი სისხლი იმპერიების ინტერესებისათვის ბრძოლებში. ამის გასახსენებლად მარტო ქართველი მამლუქების, გიორგი სააკაძისა და პეტრე ბაგრატიონის სახელებიც კმარა. საბჭოთა იმპერიის ძლიერებასაც ბევრმა ქართველმა შესწირა თავი.

ყველა იმპერიას საქართველოსთვის მრავალ ბოროტებასთან ერთად, ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, სიკეთეც მოუტანია და ამაზე თვალის დახუჭვა არ ეგების. ბოლოს ერთმორწმუნე რუსეთის კალთას შეფარებულ ჩვენს წინაპრებს გაუცრუვდათ იმედი, როცა რუსეთმაც იცვალა მფარველის სახე და ბატონად გადაიქცა.

საბჭოთა იმპერიის შექმნის სათავეებთანაც იდგნენ ქართველი კომუნისტები თუმცა, თუ რომელიმე რესპუბლიკა იბრძოდა საბჭოთა დიქტატურის წინააღმდეგ, მათ შორის ერთ-ერთი პირველთაგანი საქართველოც იყო. საბჭოთა კავშირი ობიექტურმა მიზეზებმა დაანგრია, მაგრამ სხვებთან ერთად, ქართველებმაც უჩვენეს მსოფლიოს ტოტალიტარულ რეჟიმთან შეუგუებლობის მაგალითი. ჩვენ თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და მუდამ ვესწრაფვით, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, რადგან ამას დამოუკიდებლად ვერასოდეს ვახერხებთ, უზარმაზარი იმპერიებისგან დასაცავად, მუდმივად ვეძებთ მოკავშირეებს.

დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ჩვენს ბუნებრივ მოკავშირედ ევროპა -ამერიკა დავიგულეთ და ბოლომდე მივენდეთ მათ. გულუბრყვილოდ დავიჯერეთ, რომ ისინი მომაკვდავი იმპერიული გველეშაპის კუდის მოქნევისას კედლად აღიმართებოდნენდა ჩვენს თავს არავის დააჩაგვრინებდნენ. მალე დავინახეთ, რომ არც ერთი ქვეყანა ჩვენს ინტერესებს თავის ინტერესებზე წინ არ დააყენებდა (ან რატომ უნდა დაეყენებინა?).

ეს ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვის ფასად დაგვიჯდა. შემდგომში უფრო ფრთხილად, მაგრამ ერთგულად ვასრულებდით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე აღებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ ვალდებულებას, იქნებოდა ეს კანონმდებლობის ცვლილებები, საერთაშორისო ფორუმებზე პოზიციების დაფიქსირება თუ ქართველი მეომრების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. ამას არავის ვამადლით, რადგან ჩვენი არჩევანია, როგორმე დაცული ვიყოთ რუსეთის აგრესიული შემოტევებისგან. მიუხედავად ამისა,ამდენი ხნის მანძილზე ვხედავთ როგორ გაურბიხართ ჩვენი დაცვის პასუხისმგებლობის. ამიტომაც არ გვიშვებთ ნატოში შემავალ იმ კარებში, რომელზეც მუდმივად გვეუბნებით, რომ ღიააო.

გვესმის, რომ ერიდებით რუსეთთან კონფრონტაციას, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როდესაც სწორედ თავისუფლებისკენ და თქვენკენ აღებული გეზის გამო გვაჭრის რუსეთი ტერიტორიებს? ხომ ხედავთ, რომ რუსეთს თქვენგან ყოველ ჯერზე გამოთქმული მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებები ვერ აჩერებს?
თქვენ იმ ხალხის ერთგულ მოკავშირეებად იქეცით, ვისაც ჩვენი ერის სულიერებასა და ცხოვრების წესზე მიაქვს იერიში. თქვენი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ჩვენთან,უხეში ფორმებით ცდილობთ და გვემუქრებით: თუ თქვენს მითითებებს არ შევასრულებთ, სანქციებს დაგვიწესებთ, თქვენი ბიუჯეტით გათვალისწინებული ფულით აღარ დაგვეხმარებით, და შიმშილით დაგვხოცსვთ. გგონიათ,ასეთი პოზიციებით გააძლიერებთ პროდასავლურ განწყობებს?

საბჭოთა კავშირის, ბიუჯეტში ნაწილი ე. წ. სოციალისტური ბანაკის წევრი სახემწიფოებისთვისაც იყო განსაზღვრული. და იმის მიხედვით უმცირებდნენ ან უზრდიდნენ დაფინანსებას, თუ როგორ შეასრულებდნენ ეს ქვეყნები საბჭოთა კავშირის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და მითითებებს.
რატომღაც ეს წარსული გაგვახსენა ბოლოდროინდელმა გახშირებულმა საუბრებმა,რომ საქართველოს შეუმცირდება ან სულაც შეუწყდება ევროკავშირიდან თუ აშშ-დან დაგეგმილი დაფინანსების მიღება, თუ ჩვენი ხელისუფლება ისე არ მოიქცევა, როგორც საჭიროა. მართალია, ეს „როგორც საჭიროა“ კარგად არის შეფუთულ-შეფერადებული ზიზილ-პიპილოებიანი „ადამიანის უფლებების“, „დემოკრატიის“, „ტოლერანტობის“, „ხალხზე ზრუნვის“, „თავისუფლების“, „დამოუკიდებლობის“, „თანასწორობის“, „სამართლიანობის“ დაცვის აუცილებლობით, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ეს სიტყვები მხოლოდ სახელმწიფოზე ზეწოლის ინსტრუმენტებად გამოიყენება, მოქალაქეებს სხვა განწყობები და ასოციაციები უჩნდებათ.

ჩვენ ვხედავთ, რომ რაც დასაშვებია სხვა ქვეყნებისთვის, ის დაუშვებლად ცხადდება საქართველოსთვის. თუ აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის შედეგად დაკავებული ასეულობით ადამიანის სისხლისსამართლებრივი დევნა და სასტიკი სასჯელები ბუნებრივი მოვლენაა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შეჭრისათვის დაკავებულები პოლიტიკურ პატიმრებად ინათლებიან, თუ ასეთი შეჭრის დროს აშშ-ში რამდენიმე ადამიანის არათუ დაშავება, არამედ მკვლელობაც კი კანონის აღსრულებად ითვლება, საქართველოსთვის რამდენიმე ადამიანის დაზიანება პოლიციელთა მხრიდან კანონის დარღვევად აღიქმება და წინა პლანზე გამოდის პოლიციელთა დასჯის მოთხოვნა, რასაც თქვენც უბამთ მხარს.თქვენ ვერასოდეს მოითხოვთ მოკავშირე საუდის არაბეთში ან სხვა ქვეყნებში გეი აღლუმებისა და გეი ქორწინებების დაშვებას, ჩვენთან ამის მიუღებლობაზე ისეთი რეაქცია გაქვთ, ლამის ყველა იმ ხალხის დაპატიმრება მოითხოვოთ, ვინც ამას სიტყვითაც კი ეწინააღმდეგება.

ასეთი კი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა. რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე უნდა დასაჯოს კანონმა, მაგრამ როდესაც, ჩვენგან, მოითხოვთ 5 ივლისის მოძალადეების დასჯას და მეორე მხრივ, მოითხოვთ 2019 წლის 20 ივნისის პოლიციელებზე მოძალადეების გათავისუფლებას, როგორ უნდა დაგიჯეროთ, რომ მხოლოდ მაღალი სტანდარტები და სამართლიანობა გაწუხებთ და არა სხვა ინტერესები?
გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე წერდა: „საქართველოს ყველა დამპყრობლის მთავარი მოთხოვნა იყო - „მემსგავსე მე!“ ეს ძირითადად სწორედ ცხოვრების წესის და რელიგიის ცვლილებას გულისხმობდა, რაც, ფაქტობრივად, ერთი და იგივე იყო. ჩვენ არ გვინდა, ქართველი ხალხი თქვენ დამპყრობლებად აღგიქვამდეთ, მაგრამ მაშინ რითი ავხსნათ თქვენი ასეთი დაჟინებული და უკომპრომისო მოთხოვნა, რომ მაინცდამაინც ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები ერთ დონეზე დავაყენოთ, ერთნაირად მიმზიდველად და მისაბაძად დავსახოთ და ჰომოსექსუალური ვნებების წასახალისებლად აუცილებლად ლგბტ პრაიდები ჩავატაროთ? და თუ ამას არ გავაკეთებთ, ფულადი დახმარების შეწყვეტით უნდა დაგვსაჯოთ?

ჩვენ მხოლოდ ის გვაწუხებს, რომ ასეთი ქმედებებით თქვენ მხოლოდ ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებთ და პრორუსულ განწყობებს აძლიერებთ. ჩვენ კი აღარ გვინდა რუსეთისკენ გახედვა, მაგრამ რა ქნას ჩვენმა ხალხმა ასეთ ვითარებაში, ერთდროულად თქვენგან და რუსეთისგან დასაცავად ვეძებოთ ახალი მოკავშირე? და რადგან ბუნებაში ვერ გამოჩნდება ასეთი ძალა (იმედია, პროჩინური პარტია არ გაჩნდება საქართველოში), ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენდამი ნდობის შესუსტება ავტომატურად ნიშნავს რუსული ორიენტაციის გაძლიერებას?
​
ჩვენი თხოვნაა, როცა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას (ანუ ქვეყანას) დირექტორების პოზიციებიდან დაუწყებთ თითების თუ მუშტების ქნევას, გაითვალისწინოთ ზემოხსენებული. ჩვენ დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ!
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი