27/9/2021 საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვითRead Now
უფლების ზოგადი მიმოხილვა
კონვენციის პირველის დამატებითი ოქმის 1 მუხლი იცავს საკუთრების უფლებას. ამ მუხლის მიხედვით: ,,1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით; 2. ზემოთ აღნიშნული დებულებები არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას აუცილებლად ესახება საკუთრების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისათვის, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ან ბეგარის ან სხვა გადასახადებისა და ჯარიმების აკრეფის უზრუნველყოფისათვის“. აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. საკუთრების უფლების დარღვევის სამტკიცებლად აუცილებელია, რომ განმცხადებელი იყოს მსხვერპლი. მაგ: იურიდიული პირი, თუ მისი უფლებები არის დარღვეული და მეწილე, ანუ ფიზიკური პირი, თუ ადგილი ჰქონდა კონკრეტულად მისი უფლებების შელახვას. საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს უფლება შეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესების არსებობისა და კანონით დადგენილ შემთხვევებში. გარდა ამისა, სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას ესახება სავალდებულოდ, საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების გზით საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ჯარიმებისა თუ გადასახადების გადახდის ან სხვა მიზნებისათვის. პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას, თუმცა ძალიან ცოტა არის სასამართლოს პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ეკისრება სახელმწიფოს აქტიური ქმედების განხორციელების ვალდებულება ამ უფლების დასაცავად. დადგენილია, რომ ზომების მიღების ვალდებულება არ ეკისრება სახელმწიფოს საბაზრო პირობებიდან გამომდინარე ქონებისათვის ღირებულების დაკარგვის შემთხვევაში ან ინფლაციის პირობებში. სამი წესი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს განმარტავს, როგორც სამი კონკრეტული წესის მომცველს. ეს სამი წესია: (I) ქონებით მშვიდობიანად სარგებლობის პრინციპი (პირველი ნაწილის პირველი წინადადება); (II) ქონების ჩამორთმევა (პირველი ნაწილის მეორე წინადადება); (III) ქონებით სარგებლობის კონტროლი (მეორე ნაწილი). უნდა აღინიშნოს, რომ ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ასევე მოიცავს კომპანიის წილებზე საკუთრების უფლებას. წინამდებარე საქმე ეხებოდა ორ კერძო პირს, რომლებიც ფლობდნენ წილებს სტოკჰოლმის ფართოდ ცნობილ სავაჭრო დაწესებულებაში ახალი სამეწარმეო აქტი იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც: ნებისმიერი კომპანია, რომელიც ფლობდა 90%-ზე მეტი ხმის მიცემის უფლების მქონე აქციებს, უფლებამოსილი იყო უმცირესობაში მყოფ სხვა აქციონერებისთვის მოეთხოვა და იძულების წესით დაეთმობინებინა მათი დარჩენილი წილები თავდაპირველად ნაყიდ ფასში, თუ აქციები საჯარო შეთავაზების შედეგად იქნა შეძენილი, ან სხვაგვარად, არბიტრების მიერ ფიქსირებული ფასით. უმცირესობაში მყოფმა აქციონერებმა საჩივრით მიმართეს ევროკომისიას, ახალი კანონის მათზე მოქმედების და გავრცელების შესახებ. კერძოდ, მეწილეები დავობდნენ, რომ მათ უნდა დაეთმოთ საკუთარი წილები უმრავლესობაში მყოფი აქციონერების სასარგებლოდ წილების საბაზრო ღირებულებაზე უფრო ნაკლებ ფასად (საბაზრო ღირებულება არბიტრების მიერ იყო დადგენილი). ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ თავდაპირველად განიხილა ის ფაქტი, რომ წარმოადგენდა თუ არა „აქციები“ მფლობელობას - კონვენციის 1- ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის ფარგლებში. მათ ასევე განსაზღვრეს ის რთული და კომპლექსური საკითხი, რომელიც „წილს“ უკავშირდებოდა. კერძოდ, სერტიფიკატი, რომელიც მისი მფლობელის საწარმოს წილზე საკუთრების უფლებას განამტკიცებს და ასევე მასთან დაკავშირებულ უფლებებს (განსაკუთრებით ხმის მიცემის უფლებას). ამასთან, სერტიფიკატი მოიცავს კომპანიის წილებზე არაპირდაპირი მოთხოვნის უფლებას. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ეჭვს არ იწვევდა ის ფაქტი, რომ წილებს საწარმოში გარკვეული ეკონომიკური და ქონებრივი ღირებულება გააჩნდა. შესაბამისად, ევროკომისიამ დაასკვნა, რომ წილები წარმოადგენდნენ „მფლობელობას“ კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის ფარგლებში. კითხვაზე, ევროკონვენციის საკუთრების უფლების წინამდებარე მუხლის სამი წესიდან, რომელი გამოიყენებოდა აღნიშნულ საქმეში, ევროკომისიამ მიიჩნია, რომ ახალი სამეწარმეო აქტის უმცირესობაში მყოფი აქციონერების მიმართ გავრცელება არ ხვდებოდა მეორე წესის - „ჩარევის“ ფარგლებში, როგორც ამას აქციონერები დავობდნენ. კომისიამ დაადგინა, რომ თუმცა, არ არსებობდა ცალსახა მითითება „ექსპროპრიაციის“ შესახებ კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლში, მისი შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ საკუთრების უფლების მე-2 წესი, გამიზნული იყო ექსპროპრიაციის საკითხებისთვის. აღნიშნული გულისხმობს, სახელმწიფოს მიერ ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, მესამე პირების მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვას საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული ინტერპრეტაცია დამოწმებულ იქნა საკუთრების უფლების „მოსამზადებელ სამუშაოებშიც“. კომისიამ მიიჩნია, რომ სადავო კანონმდებლობა სრულიად განსხვავებულ საკითხს ეხებოდა. კერძოდ, ეხებოდა კერძო პირებს შორის დავას. აქედან გამომდინარე, სადავო თემატიკა მოითხოვდა სკურპულოზულ შემოწმებას და შეფასებას. კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფოში, კერძო ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობა მოიცავდა იმ წესებს, რომელიც განსაზღვრავდა აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობების გავლენას საკუთრების უფლებაზე და ზოგიერთ შემთვევაში, აიძულებდა პირს დაეთმო საკუთრება სხვა პირის სასარგებლოდ. ამის მაგალითებია: სამემკვიდრეო ქონების გაყოფა, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო მიწის კონტექსტში, ქორწინების შედეგად არსებული საერთო საკუთრების გაყოფა და აღსრულების სფეროში მოქმედი წესები - ქონების ყადაღისა და გასხვისების შესახებ. კომისიამ მიიჩნია, რომ ამგვარი წესი, რომელიც აუცილებელია ლიბერალურ საზოგადოებაში, არ შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლთან. თუმცა კომისიამ მაინც აღნიშნა, რომ როდესაც, კანონმდებლობა გავლენას ახდენს პირებს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, სამათლებრივმა ნორმებმა არ უნდა მოახდინონ და შექმნან ისეთი უთანასწორობა, რომ გარიგების ერთი პირმა თვითნებურად და უკანონოდ წაართვას საკუთრება მეორე პირს. ამ შემთხვევაში, კომისიამ ვერ დაადგინა ასეთი უთანასწორობა წინამდებარე საქმე - Bramelid and Malmström v. Seden - მნიშვნელოვანია არა მარტო იმის გამო, რომ იგი აღიარებს წილის საკუთრების უფლების კონვენციით გარანტირებული საკუთრების უფლების ფარგლებში მოქცევას, არამედ იმიტომაც, რომ ნათლად აჩვენებს აღნიშნული მუხლის გამოყენების შესაძლებლობას კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებს შორის. პირებს შორის კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი რეგულაციები არ ზღუდავს კონვენციით დაცულ საკუთრების უფლებას, როცა საქმე ეხება ერთი პირის იძულებას დათმოს კომპანიის წილი მეორე პირის სასარგებლოდ. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მარეგულირებელი აქტები უკანონოდ და უსამართლოდ ართმევს საკუთრების უფლებას მეორე პირის სასარგებლოდ. აღნიშნული დათქმის საფუძველზე, კანონმდებელს შეუძლია შეცვალოს წინამდებარე კერძოსამართლებრივი ნორმები საჭიროების შემთხვევაში. საკუთრების უფლების საკითხთან დაკავშირებით, ევროსასამართლომ ასევე ისაუბრა გამოტანილ გადაწყვეტილებაში, საქმეზე: „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“, რომელიც პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თაობაზე სასამართლოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენს. საქმე ეხებოდა საკმაოდ ძვირად ღირებულ საკუთრებას (შენობები და მიწის ნაკვეთები) ცენტრალურ შვედეთში. შესაბამისი ოლქის ადმინისტრაციულმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ეს საკუთრება ქალაქის განვითარებისათვის იყო საჭირო, და, შესაბამისად, გამოიყენა ორი განსხვავებული ზომა - ექსპროპრიაციის ნებართვა (რომელიც გულისხმობდა, რომ საკუთრება შეიძლებოდა მომავალში ექსპროპრიაციას დაქვემდებარებოდა) და მშენებლობის აკრძალვა (ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის მშენებლობა). ერთ-ერთი მესაკუთრის ქონების მიმართ ექსპროპრიაციის ნებართვა 25 წლის განმავლობაში, ხოლო მშენებლობის აკრძალვა - 23 წლის განმავლობაში მოქმედებდა. მეორე ქონების მიმართ ექსპროპრიაციის ნებართვა 8 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, მშენებლობის აკრძალვა - 12 წლის განმავლობაში. მანამ, სანამ ეს ზომები გამოიყენებოდა, ქონების გაყიდვა უდავოდ უფრო რთული იყო. ისინი შემდგომში გაუქმებულ იქნა დაგეგმარების პოლიტიკის ცვლილების გამო. ქონების მესაკუთრეებმა პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. მათ არ მიუღიათ არავითარი კომპენსაცია იმ პერიოდში, როდესაც მათი ქონების მიმართ შესაბამისი ზომები გამოიყენებოდა. პირველი კითხვა, რომელზეც ევროსასამართლოს პასუხი უნდა გაეცა, იყო შემდეგი - პირველი მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ჰქონდა თუ არა საერთოდ ადგილი საკუთრების ხელყოფას? შვედეთის მთავრობის მტკიცებით, ექსპროპრიაციის ნებართვა და მშენებლობის აკრძალვა წარმოადგენდა ქალაქის დაგეგმარების განუყოფელ ნაწილს და, შესაბამისად, ქონებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლების ხელყოფას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ დაუყოვნებლივ უარყო ეს არგუმენტი. მან აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეების უფლება მათ ქონებაზე (ე.ი. მესაკუთრეობა) ხელუხლებელი დარჩა, პრაქტიკაში საკუთრების უფლების განხორციელების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა. სასამართლოს აზრით, ექსპროპრიაციის ნებართვის წყალობით, განმცხადებელთა საკუთრების უფლება „არამყარი და ადვილად გასაუქმებელი“ გახდა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა განმცხადებელთა საკუთრების უფლების ხელყოფას. სასამართლომ მოახდინა პირველი მუხლის ანალიზი, რომელიც ექვემდებარება და შედგება სამი წესისგან: „ეს დებულება [პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი] მოიცავს სამ წესს. პირველი წესი, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, აცხადებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს; ის გათვალისწინებულია პირველი ნაწილის პირველი წინადადებით. მეორე წესი მოიცავს ქონების ჩამორთმევას და ამ უკანასკნელს გარკვეულ პირობებს უქვემდებარებს; ის მოიპოვება იმავე ნაწილის მეორე წინადადებაში. მესამე წესი აღიარებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, სხვა ზომების გარდა, გააკონტროლოს ქონების გამოყენება ზოგადი ინტერესის შესაბამისად, ისეთი კანონების მიღებით, რომელთაც ის აუცილებლად ჩათვლის ამ მიზნით; ეს წესი გათვალისწინებულია პირველი მუხლის მეორე ნაწილით“ (პ. 61). ამის შემდეგ, სასამართლომ განიხილა მეორე წესის გამოყენების საკითხი და დაასკვნა, რომ ადგილი არ ჰქონია ექსპროპრიაციას, ანუ ქონების ჩამორთმევას. განმცხადებლებს, კანონის მიხედვით, ნებისმიერ დროს შენარჩუნებული ჰქონდათ საკუთრებით სარგებლობის, მისი გაყიდვის, გასხვისების ან სხვაგვარად განკარგვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ქონების გაყიდვა, ხსენებული ზომების გამოყენების გამო, უფრო რთული გახდა, განმცხადებლებს მაინც რჩებოდათ ამის შესაძლებლობა. შესაბამისად, პირველი ნაწილის მეორე წინადადება (ე.ი. მეორე წესი) ამ შემთხვევაში არ გამოიყენებოდა. რაც შეეხება პირველი მუხლის მე-2 ნაწილს (ე.ი. მესამე წესს), სასამართლომ დაადგინა, რომ ეს წესი უდავოდ გამოიყენებოდა მშენებლობის აკრძალვის მიმართ, რაც წარმოადგენდა კონტროლს ქონებით სარგებლობაზე. მეორეს მხრივ, ექსპროპრიაციის ნებართვა უნდა განიხილებოდეს პირველი ნაწილის პირველი წინადადების (ე.ი. პირველი წესის) ფარგლებში, ვინაიდან ის არ წარმოადგენს არც ქონების ჩამორთმევას და არც ქონების კონტროლს ისახავს მიზნად. დასაბუთება: საკუთრების უფლების დაშვებული ხელყოფა 14. თუ დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ქონების ხელყოფას, რომელზეც ვრცელდება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სამი წესიდან რომელიმე, ამის შემდეგ უნდა მოხდეს იმის დადგენა, შეიძლება თუ არა ამგვარი ხელყოფა დასაბუთდეს სახელმწიფოს მიერ. თუ დასაბუთება შესაძლებელია (დასაბუთების ტვირთი სახელმწიფოს აწევს), მაშინ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას ადგილი არ ექნება. 15. დასაბუთების მიზნით, საკუთრების უფლების ნებისმიერი ხელყოფა უნდა ემსახურებოდეს საჯარო ან საერთო ინტერესით განპირობებულ კანონიერ მიზნებს. 16. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ ხელყოფა კანონიერ მიზანს ემსახურება. არამედ, ასევე, დაცული უნდა იყოს პროპორციულობა. საქმეში: „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ (იხ. ზემოთ), სასამართლომ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება ხელყოფის დასაბუთების პრინციპთან დაკავშირებით: „...სასამართლომ უნდა დაადგინოს, შენარჩუნებულ იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის. ...ამგვარი ბალანსის დადგენა წარმოადგენს კონვენციის განუყოფელ ნაწილს და ასევე ასახულია [პირველი დამატებითი ოქმის] პირველ მუხლში“ აღნიშნული სტანდარტის გამოყენებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ საქმეში ადგილი ჰქონდა სამართლიანი ბალანსის დარღვევას. სასამართლომ გააკეთა კიდევ ერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც მრავალჯერ იქნა ციტირებული მის მომდევნო გადაწყვეტილებებში: „ამ ორი სახის ზომის კომბინირებამ გამოიწვია საკუთრების დაცვის უფლებასა და ზოგადი ინტერესის მოთხოვნათა შორის არსებული სავალდებულო სამართლიანი ბალანსის ხელყოფა: სპორონგის სამფლობელოს და ქ-ნ ლონორთს დაეკისრა ინდივიდუალური და განსაკუთრებული ტვირთი, რომელიც შეიძლება კანონიერი ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებოდათ ვადების შემცირების ან კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. შვედეთის კანონმდებლობა გამორიცხავს ამ შესაძლებლობებს დავის არსებობის დროს“. შესაბამისად, საკუთრების ნებისმიერი ხელყოფის დროს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საკუთრების უფლების დაცვასა და ზოგადი ინტერესის მოთხოვნას შორის სამართლიანი ბალანსის არსებობის საკითხი. ამგვარი სამართლიანი ბალანსი ვერ იარსებებს, როდესაც ინდივიდუალური ქონების მესაკუთრეს ეკისრება „ინდივიდუალური და განსაკუთრებული ტვირთი“. საკუთრების ხელყოფა, ასევე, უნდა პასუხობდეს კანონის გასაგები ფორმით არსებობის (ანუ კანონიერების) პრინციპს. ეს პრინციპი გარკვევითაა ჩამოყალიბებული პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაში, რომელიც მოითხოვს, რომ ქონების ჩამორთმევა უნდა იყოს „კანონით დადგენილი პირობების შესაბამისი“. ამასთან, კანონიერების პრინციპი ევროპული კონვენციის მთლიანი და განუყოფელი ნაწილია და უნდა გამოიყენებოდეს პირველი მუხლის სამივე წესის მიმართ. კანონის გასაგები ფორმით არსებობის პრინციპი მოითხოვს ეროვნული კანონმდებლობის სათანადოდ გასაგები და საკმარისად ზუსტი დებულებების არსებობასა და შესრულებას; ეს დებულებები უნდა აკმაყოფილებდეს „სამართლის“ ცნების არსებით მოთხოვნებს. ანუ ფორმულირება - „კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად“ - არ არის შეზღუდული მხოლოდ შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. კონვენცია მოითხოვს იმის უზრუნველყოფას, რომ თვით შინასახელმწიფოებრივი სამართალი შეესაბამებოდეს „სამართლის“ არსებით მოთხოვნებს. ეს მოიცავს სამართლიან და სათანადო პროცესს. კერძოდ, მოცემული ზომა მიღებული და გატარებული უნდა იქნეს შესაბამისი ხელისუფლების ორგანოს მიერ და არ უნდა იყოს თვითნებური. ასევე, უნდა არსებობდეს პროცესუალური გარანტიები სახელმწიფოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს განმარტავს, როგორც სამი ცალკეული წესის მომცველს. ეს ანალიზი პირველად გაკეთდა საქმეში „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ და მრავალჯერ იქნა ციტირებული სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებებში. |