ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

29/7/2021

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის ინტერვიუ მიმდინარე მოვლენებზე

Comments

Read Now
 
Picture
,,ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. აღნიშნულს ოპოზიციის მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ და სხვა საკითხებზე, როგორიცაა მომავალი ადგილობრივი არჩევნები, ის საფრთხეები, რაც ამ არჩევნებს შეიძლება ახლდეს თან, ,,კვირა“ უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ესაუბრა:

-,,შარლ მიშელის“ ხელშეკრულება თავისთავად რაიმე სახის იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენდა, თუ ეს იყო ჯენტლმენური შეთანხმება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში?

-საერთოდ არანაირი იურიდიული ფორმის დოკუმენტი, მიშელის ეგრეთ წოდებული შეთანხმება, არ იყო. მას არც იურიდიული სახე და არც პრეტენზია არ გააჩნდა. ეს იყო მხარეებს შორის გარკვეული სახის შეთანხმებაზე ხელმოწერა, რომელიც მათთვის პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად იყო საჭირო. თუმცა, მოგვიანებით, საერთაშორისო პარტნიორების აზრით, აღმოჩნდა, რომ ამ შეთანხმებას ,,ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები არც ხელს აწერდნენ და არც რაიმე სახის ვალდებულებებს კისრულობდნენ. ისინი, კარგა ხანს, არც პარლამენტში შესვლას აპირებდნენ, ხელისუფლებას კი ცალმხრივად უწევდა ხელშეკრულებაში არსებული პუნქტების შესრულება.

-რამდენად შესაძლებელი იყო ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ჯენტლმენური გარიგების დადება?

-ხელისუფლებამ თავიდანვე დაუშვა შეცდომა და ვერ გათვალა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციასა და სახელმწიფოს ჩამოშლაზე ორიენტირებული ძალაა და ეს შეთანხმებაც თავიდანვე განწირული იყო ჩასაშლელად. “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს შეინარჩუნოს კრიზისი ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის ჩამოსაშლელად. ხელისუფლება გვიან, მხოლოდ 100 დღის შემდეგ მიხვდა, რომ ეს შეთანხმება განწირულია კრახისთვის და საკუთარი პოზიცია ხელშეკრულებიდან გასვლით დააფიქსირა.

-შარლ მიშელის დოკუმენტში იყო ისეთი პუნქტები, რომელიც მიუღებლად მიგაჩნიათ, თუნდაც პოლიტიკური ან იურიდიული თვალსაზრისით?

-ორი ძალიან საეჭვო პუნქტი მაფიქრებდა ამ ხელშეკრულებაში, რომელიც, რატომღაც, ქართველ პოლიტიკოსებს ,,გაეპარა”.

-კერძოდ?

-მაგალითად, 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მხოლოდ პროპორციული, პარტიული სიით არჩევნების ჩატარება.

-2%-იან ბარიერში რა მიგაჩნდათ საეჭვოდ?

-პარლამენტში მოხვდებიან დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიები.

-რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს?

-მაშინ, როდესაც ქვეყანაში პარტიული კულტურა ჩამოუყალიბებელია, ხშირ შემთხვევაში არსებობს ერთი პოლიტიკოსის პარტიები, ამ სისტემით არჩევნების ჩატარება გაუმართლებელია.
პროპორციულ სისტემას ახლავს ის ნეგატივი, რომ შესაძლებელია, ნებისმიერ დროს ვადამდელი არჩევნების პროვოცირება. ქვეყანაში შეიძლება წელიწადში 2-ჯერაც კი ჩატარდეს არჩევნები, რომელსაც, მცირებიუჯეტიანი ქვეყანა, რასაკვირველია, ვერ გაუძლებს და ჩამოიშლება. სწორედ ესაა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიზანიც, რომ ამ უბედურებიდან ვერასოდეს გამოვიდეთ. ამას ემატება პროკურორისა და ცესკოს თავმჯდომარის დამტკიცების წესი. დღეს უკვე ჩანს, რომ ვერ ხერხდება ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ხმათა უმრავლესობით და ის მხოლოდ 6 თვით შეიძლება იყოს დამტკიცებული. რამდენად ძლიერი კანდიდატი უნდა დამტკიცდეს 6 თვით ცესკოს თავმჯდომარედ, რომ მან გაუძლოს კორუფციულ ცდუნებებს, არ მოიყვანოს თანამდებობაზე მისთვის სასურველი კადრები და ასე შემდეგ. ასე რომ, ,,ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციაზე ფიქრობს და არ აინტერესებს არავითარი ოპონირება მმართველ გუნდთან 2%-იანი პარტიული არჩევნები სათანადო იარაღი აღმოჩნდება ოპოზიციის ხელში, რითაც აუცილებლად ჩამოშლიან ქვეყანას. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით, ფაქტობრივად გამორიცხულია მთავარი პროკურორის დამტკიცებაც.

-ფიქრობთ, რომ მიშელის შეთანხმება პოლიტიკური ჩიხი იყო?

-დოკუმენტში არსებული საფრთხეები კარგად უნდა განგვემარტა ევროპარტნიორებისთვის. ამღვრეულ წყალში მხოლოდ რუსეთი იჭერს თევზს და არა მგონია, ევროპას ეს უნდოდეს.

-რატომ ვერ დავარწმუნეთ ევროპა საფრთხეების არსებობაში, ხელისუფლებას დიპლომატია არ ეყო?

-43%-იანი ბარიერის დაწესებას არ იცნობს საქართველოს კონსტიტუცია. რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში მხოლოდ მაშინ შეიძლება დაინიშნოს, როდესაც მთავრობა ვერ ამტკიცებს ბიუჯეტს ან ვერ ირჩევს პრემიერ-მინისტრს. შარლ მიშელის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 43%-იანი ბარიერის გადაულახაობის შემთხვევაში, ხელისუფლებამ ხელოვნურად უნდა შექმნას კრიზისი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს და რიგგარეშე არჩევნებს გააპროტესტებს, ამ სარჩელს მოიგებს, რადგან ეს არჩევნები არაკონსტიტუციური იქნება.

-ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებას 43%-იანი ბარიერის უბრალოდ შეეშინდა. ასეა?

-მთავარი პრობლემა არა ხელისუფლების 43%-იანი ბარიერის გადაულახაობა, არამედ, კვალიფიციური და ქვეყნის განვითარებაზე არაორიენტირებული ოპოზიციაა. უფრო გასაგებად კი, ჩვენ უბრალოდ არ გვყავს ოპოზიცია. ოპოზიციად წოდებული ძალები ქვეყნის ჩამოშლასა და ძალაუფლების უზურპაციაზეა ორიენტირებული. ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ვერ გაითვალისწინა, ვინ იდგა საპირისპირო მხარეს და რა იყო მათი სურვილი. სამწუხაროდ, ,,ქართულმა ოცნება“ ძალზე ცუდად მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებასთან. დღემდე ვერ აუხსნა დემოკრატიულ სახელმწიფოებს რაზე თქვა უარი ქართველმა ხალხმა 2012 წელს. გამოვიდა ისე, რომ დასავლეთის დახმარებით შევინარჩუნეთ კრიმინალები ქართულ პოლიტიკაში. მართალია, ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ, მაგრამ ძალაუფლებას მაინც ესწრაფვიან და ცდილობენ, რევოლუციური გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

-როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, რომ დაგვიანებით, მაგრამ მაინც განმუხტოს უკიდურესი პოლარიზება ქართულ პოლიტიკაში?

-ხელისუფლებამ დასავლეთს უნდა აჩვენოს ქართული ოპოზიციის ნამდვილი სახე, რომელსაც მხოლოდ დესტრუქცია და სახელმწიფოს ჩამოშლა აინტერესებს, როგორ ასხამენ წითელ საღებავებს სახელმწიფო კანცელარიას და საპატრიარქოს, როგორ ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებასაც აკლია პროფესიონალიზმი. მან დესტრუქციული ოპოზიციის კაპრიზებზე კი არ უნდა ააწყოს სახელმწიფოს დღის წესრიგი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედონ. გახსოვთ ბოლშევიკები და მათი პარტიული უჯრედები? სწორედ ასეთივე პოლიტიკური უჯრედები აქვს დღევანდელ ოპოზიციას პარტიული მედიის სახით, რომლებიც გამოდიან მიტინგებზე, აყენებენ პოლიტიკურ მოთხოვნებს… ესაა დაბალანსებული და ობიექტური მედია? დროა ხელისუფლებამ კარგად გაიაზროს რა ძალასთან აქვს საქმე და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და არ იმოქმედოს კრიმინალების დღის წესრიგით.

წყარო: ​http://kvira.ge/677844
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი