ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

27/1/2022

დიდი ქართველები - დიმიტრი ყიფიანი

Comments

Read Now
 
Picture
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი - ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1864-1870 წლებში, სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე, ტფილისის ქალაქის თავი 1875-1879 წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე 1879-1882 წლებში, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1885-1886 წლებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად (2007).

ნიკოლოზ ყიფიანის ჩანაწერების მიხედვით დიმიტრის მამა ადრეულ ასაკში გარდაცვლილა, ხოლო დედაც რამდენიმე წელში, როცა დიმიტრი 7-8 წლის იქნებოდა. მაგრამ მკვლევარი გურამ ყორანაშვილი შენიშნავს, რომ 1833 წლის დაკითხვისას ჩანს, რომ იმ დროს ბარბარე ფურცელაძე ცოცხალი უნდა ყოფილიყო. ამიტომ დიმიტრი ყიფიანის დედის გარდაცვალების პერიოდი სამეცნიერო ლიტერატურაში სადავოა.

დიმიტრი ყიფიანი იყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის მოსწავლე (1830) და შემდგომ გიმნაზიად გადაკეთებული სასწავლებლის გეოგრაფიის, არითმეტიკის, ქართულისა და რუსული ენის, სუფთად წერის მასწავლებელი. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო გადასახლებული იყო ვოლოგდაში, სადაც გუბერნატორის კანცელარიაში მუშაობდა. აქედან დაიწყო მისი სახელმწიფო მოხელეობის კარიერაც. იგი 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმიანოაბში აქტიურად ჩაერთო.

1837-1864 წლებში იყო მთავარმართლებლის კანცელარიის თანამშრომელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე. იგი, აგრეთვე, იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. 1886 წელს ტფილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. წყევლის საპასუხოდ ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო ის თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც იმპერატორის აგენტებმა მოკლეს.

დიმიტრი ყიფიანი ლიტერატურილი მიმართულებითაც აქტიურად მუშაობდა. 1841 წელს თარგმნა შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, რუსულ ენაზე თარგმნა გიორგი ერისთავის „გაყრა“. 1857-იდან თანამშრომლობდა „ცისკარში“. აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, პიერ ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა“. დიმიტრი ყიფიანი წერდა საისტორიო ჟანრის თხზულებებსაც. ის იყო XIX საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის წამოწყებულ საქმეებს, რაც შემდგომში ცალკეულ ინსტიტუციებად ჩამოყალიბდა.

დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1811 წლის (ზოგიერთ ჩანაწერში 1814 წელს) 26 აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში, ქოჩო (ივანე) ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. დიმიტრის მამა ქოჩო ყიფიანი სააბაშიოდან წამოსული აზნაური იყო. ოჯახს, დიმიტრის გარდა, სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსი ძმა ქაიხოსრო ყიფიანი დიმიტრიზე 20 წლით უფროსი იყო. გარდაიცვალა 1867 წელს, სოფელ ქვიშხეთში. მისი მეორე ძმა გიორგი ყიფიანი (1800-1874) სიკვდილამდე სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანთან ცხოვრობდა, მესამე ძმა იოსებ ყიფიანი (1805-1841/1851) იყო. დიმიტრი ყიფიანის დები იყვნენ თინათინ ყიფიანი-მუსხელიშვილისა და ანასტასია ყიფიანი-კვალიაშვილისა.

დიმიტრი ყიფიანმა წერა-კითხვა, ანგარიში და საღვთო სჯული ჯერ კიდევ მერეთში, ბავშვობის ასაკში შეისწავლა. ობოლ ძმებზე უფროსი ძმა — ქაიხოსრო ყიფიანი ზრუნავდა. ქაიხოსროს დიმიტრი სამსახურში, სურამში დაჰყავდა და აქვე გაიცნო მან თბილისში მცხოვრები პრაპორშჩიკი ნიკიფორე ფედოროვი. ნიკიფორე ფედოროვის მეუღლეც ყიფიანი იყო და ის ერთხანს ქაიხოსროსთან ცხოვრობდა, სადაც დიმიტრის ნიჭიერება, რუსული ენის სწრაფი ათვისების უნარი აღმოაჩინა. მან გადაწყვიტა დიმიტრი ეშვილა და ამგვარად იგი ერთხანს რუსულ-ქართულ ოჯახშიც იზრდებოდა.

17 წლის დიმიტრიმ 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი. 1830 წლის 1 ნოემბერს, უკვე გიმნაზიად გადაკეთებულ სასწავლებელში პედაგოგიურმა საბჭომ, შესაბამისი გამოცდების შემდეგ უმცროსი მასწავლებლის თანამდებობაზე მიიღო. იგი პირველ კლასში ასწავლიდა გეოგრაფიას, არითმეტიკას, ქართულ და რუსულ ენებს, ხოლო მეორე კლასში სუფთად წერას.

ქართლ-კახეთის სამეფოსა და დანარჩენი სამეფო-სამთავროების რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ არ წყდებოდა წინააღმდეგობის მოძრაობა გუბერნიებად დაყოფილ საქართველოში. ამის ერთ-ერთი მაგალითია 1832 წლის შეთქმულება, რომელიც საქართველოს რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლების იდეისკენ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული წინააღმდეგობრივი მოძრაობა იყო. შეთქმულების ორგანიზატორთა შორის იყვნენ დიმიტრი ბატონიშვილი, ოქროპირ ბატონიშვილი, დავით ორბელიანი, სოლომონ დოდაშვილი, გიორგი ერისთავი. ორგანიზაციას მალე შეუერთდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი და სხვები. შეთქმულების მარცხი იასე ფალავანდიშვილის მიერ ხელისუფლებასთან დასმენამ განაპირობა. 1832 წლის 11 დეკემბრიდან შეთქმულთა დაპატიმრებები დაიწყო.

შეთქმულების მონაწილეებს სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, თუმცა იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა შეიწყალა. სიკვდილით დასჯა გადასახლებით შეცვალეს. დიმიტრი ყიფიანი 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს.

1834 წელს დიმიტრი ყიფიანის ვოლოგდაში გადასახლების შემდეგ მას ნება დართეს ვოლოგდის გუბერნატორის კანცელარიაში დაეწყო მუშაობა. თავდაპირველად რიგითი მწერლის ფუნქცია ჰქონდა, ექვსი თვის შემდეგ მდივნად დააწინაურეს, ხოლო 1835 წლისათვის ვოლოგდის გუბერნატორის კანცელარიის მმართველი გახდა. დიმიტრი ყიფიანის თავდაუზოგავმა მუშაობამ, სხარტმა აზროვნებამ და პროგრესულმა შეხედულებებმა იქაური ინტელიგენციის ყურადღება მიიქცია. განათლებულ საზოგადოებაში მალე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ვოლოგდის გუბერნატორის სიმპათია იქამდე მივიდა, რომ დიმიტრისთვის მისი ქალიშვილის ცოლად შერთვა მოისურვა. შემოთავაზება მან არ მიიღო და გუბერნატორს უმაღლეს ხელისუფლებასთან საქართველოში დაბრუნებაში შუამდგომლობა სთხოვა.

დიმიტრი ყიფიანი 1837 წლისათვის საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ თბილისში ცხოვრების ნება არ მისცეს და ქუთაისში ჩავიდა, სადაც „იმერეთისა და გურიის გუბერნატორის“ კანცელარიაში გაამწესეს. იგი იმერეთის მმართველის, გენერალ-მაიორ იაკიმ (მიხეილ) მიხეილის ძე ესპეხოს მდივნად დანიშნეს და ამ თანამდებობაზე 1839 წლის 16 იანვრამდე იმსახურა. 1839 წლის იანვარში დიმიტრი ყიფიანი გადაიყვანეს თბილისში, მთავარმართებლის კანცელარიაში, 8 თებერვალს დანიშნეს კანცელარიის სამეურნეო განყოფილებაში მაგიდის უფროსად. 1840 წლის 16 ოქტომრიდან პარალელურად იყო ამიერკავკასიის სასტატისტიკო კომიტეტის საქმისმწარმოებელი. 1840 წლის 15 დეკემბრიდან 1845 წლის 28 აგვისტომდე მსახურობდა მთავარმართებლის კანცელარიის განყოფილების გამგედ, 1845 წლის 28 აგვისტოს დანიშნეს კანცელარიის საქმისმწარმოებლად, იმავე წლის 28 სექტემბერს კანცელარიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად; 1846 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული კანცელარია გაუქმდა, ხოლო მის ნაცვლად მთავარმმართველობის საბჭო შეიქმნა და დიმიტრი ყიფიანი საბჭოს საქმეთა მმართველად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე იგი 1857 წლის 9 აპრილამდე მსახურობდა. აქ მსახურების პერიოდში მეფისნაცვალმა ნიკოლოზ მურავიოვმა დიმიტრი ყიფიანი დააწინაურა და მეფისნაცვლის კანცელარიის დირექტორად დანიშნა, მაგრამ ეს თანამდებობა მას პეტერბურგში არ დაუმტკიცეს და მთავარმმართველობის საბჭოს საქმეთა მმართველად დაბრუნდა. მეფისნაცვალმა ალექსანდრ ბარიატინსკიმ დიმიტრი ყიფიანი ამიერკავკასიის მხარის მთავარმმართველობის საბჭოში წევრად შეიყვანა, ამ თანამდებობაზე იმპერატორმა ალექსანდრე II-მ იგი 1857 წლის 8 მაისს დაამტკიცა.

დიმიტრი ყიფიანი 1862 წლამდე იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 წლებში თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 წლებში ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876-1879 წლებში იყო თბილისის ქალაქისთავი.

1845 წელს, თბილისში ცოლად შეირთო დუშელი მემამულის, გენერალ გიორგი ჭილაშვილის ასული ნინო.

1887 წლის 24 ოქტომბერს, ღამით სტავროპოლში მოკლეს დიმიტრი ყიფიანი. ქართულმა საზოგადოებამ ეს ამბავი პრესის ფურცლებიდან 29 ოქტომბრიდან შეიტყო. 30 ოქტომბერს გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს დეპეშას, სადაც დიმიტრი ყიფიანის მკვლელობაზეა საუბარი. პირველადი ვერსიით წერენ, რომ იგი მძინარეა მოკლული, გვამს თავში მძიმე ნივთი, კერძოდ სასწორის ქვა ჰქონდა ჩარტყმული და ხელ-ფეხი შეკრული. მისი საქართველოში ჩამოსვენების ნებართვა 29 ოქტომბრის საღამოს გასცეს. განსვენებულის ნეშტი სტავროპოლიდან 31 ოქტომბრის დილას, 08:00 საათზე გამოასვენეს, რომელსაც თან მოჰყვებოდნენ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი და კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი. გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე ამავე დღეებში დაანონსდა პანაშვიდები თბილისის ქაშუეთის, თბილისის ანჩისხატის, მცხეთის, დუშეთის, გორის, სტავროპოლის ეკლესიებში.

გაზიარება

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი