ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

22/2/2022

დიდი ქართველები - ექვთიმე თაყაიშვილი

Comments

Read Now
 
Picture
გაზიარება

ექვთიმე თაყაიშვილი (1862 -1953) - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918, 1945), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ცნობილია როგორც 1921–1945 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა.
​მეტრიკის მიხედვით ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში 1862 წლის 5 იანვარს. რამდენადაც მეტრიკას მონათვლისას ადგენდნენ, შესაძლოა ერთი წლით ადრე ყოფილიყო დაბადებული. სვიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო „კორდონის უფროსად“ იწოდებოდა. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტული ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.

მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს: „ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია“. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.

მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს. მეურვეს სურდა ექვთიმე სოფლის მწერლად გაემწესებინა, რაც იმდროისთვის რამდენამდე შემოსავლიანი საქმე იყო, მაგრამ ექვთიმემ თავისი გაიტანა და 7 წლისამ სწავლა გააგრძელა ჯერ ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში. აქ მას ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ძმა სიმონი ასწავლიდა. სკოლაში ექვთიმემ გაიცნო ნიკო მარი. შემდგომში ეს ნაცნობობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. მესამე კლასში სასწავლებელი საქალაქოდ გადააკეთეს და პროგრამა შეცვალეს, ამიტომ ექვთიმეს სასწავლებლის დასრულება ფოთში მოუხდა. შემდეგ თაყაიშვილი შევიდა ქუთაისის პროგიმნაზიის მეორე კლასში, იქედან კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, მეხუთე კლასში. გიმნაზიაში სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს. სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც თვითონ წერდა:

„მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი...“

1887 წელს მან პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით. უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე თაყაიშვილმა ფრიად ნაყოფიერად გამოიყენა: აღიჭურვა იმ დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ-ფილოლოგიური განათლებით და თან ქართველმცოდნეობაშიც „გატეხია ენა“. საუნივერსიტეტო კურსის დასრულების შემდეგ დროებით პეტერბურგში დარჩა და მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო.
1887 წლის ოქტომბერში თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლის დირექტორმა, ალექსი ჭიჭინაძემ ექვთიმე თაყაიშვილი მიიწვია ბერძნულ და ლათინურ ენების მასწავლებლად. მას განუწყვეტელი ბრძოლა ჰქონდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის სამმართველოსთან, რადგან მათ თვალში სკოლა ქართული ნაციონალიზმის და ანტირუსული მიმართულების ბუდე იყო. ამავდროულად ასწავლიდა ლათინურს, ბერძნულს, ისტორიასა და გეოგრაფიას თბილისის სხვადასხვა სკოლებში. 1889 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. 1889 წელს მათ ერთად დააარსეს საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ საეკლესიო წიგნებს, ნივთებს, ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში, მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.

1910-იანი წლებში ექვთიმე თაყაიშვილი მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა რიგებში. 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თაყაიშვილმა უარი განაცხადა საკათალიკოსო საბჭოს წევრად არჩევაზე. ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი 1917 წელს. ამავე წლის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში. დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას, იყო არქეოლოგიის კათედრის გამგე.

მისი ხელმოწერა დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. თაყაიშვილის წინადადება იყო, რომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის რესპუბლიკის საბჭო ეწოდებინათ, თუმცა უმრავლესობამ ეს აზრი არ გაიზიარა და ტერმინი პარლამენტი ამჯობინა. 1919-1921 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. ამ პარტიამ სულ 8 მანდატი მიიღო. 1919 წლის 18 მარტს თაყაიშვილი არჩეული იქნა კრების თავმჯდომარის მოადგილედ, იყო განათლების კომისიის წევრი. 1919 წლის 22 ივლისს მას დაევალა ეკლესია-მონასტრების მდგომარეობისა და სიძველეების აღწერა. თაყაიშვილა სიძველეების აღწერასთან ერთად, მდიდარი ფოტომასალა შეაგროვა. თაყაიშვილი მთავრობისგან ითხოვდა ეკლესიისთვის მიწების დაბრუნებას, ფოტოების გამოცემას ალბომის სახით, ეკლესიების მოვლა-პატრონობას, ხოლო წირვა-ლოცვისას გამოუყენებელი სიძველეების დაბინავებას მუზეუმებში. 1920 წლის არჩევნების შემდეგ თაყაიშვილი კვლავ აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო წევრი სატერიტორიო კომისიისა, რომელსაც სომხეთ-საქართველოს სადავო ტერიტორიების საკითხის შესწავლა ევალებოდა.

ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტმა მის წევრებს აუკრძალა ემიგრირებულ მთავრობასთან თანამშრომლობა, რამდენიმე ეროვნულ-დემოკრატი მაინც აღმოჩნდა ემიგრაციაში და მათ შორის იყო ექვთიმე თაყაიშვილიც. გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. თაყაიშვილი და მისი მეუღლე არ აუშვეს გემ „ერნს რენანზე“, რომელზეც განძეულობა იყო, რადგან გემი სამხედრო იყო. ისინი სხვა გემით გაყვნენ ხომალდს კონსტანტინიპოლამდე, სადაც განძეულობა გადატანილი იქნა გემზე „ბიენ ჰოა“. ექვთიმე თაყაიშვილი ამ გემზე დაუშვეს. ისინი ტუნისის გავლით ჩავიდნენ მარსელში. მარსელში მოხდა განძეულობისგან სამუზეუმო მნიშვნელობის მქონე ქონების გამოყოფა და 39 დაბეჭდილი ყუთი შენახულ იქნა ბანკში.

თაყაიშვილი დასახლდა თავდაპირველად პარიზში, ვიქტორ ჰიუგოს პროსპექტზე, სასტუმროში, სადაც ქართული დელეგაცია ცხოვრობდა. 1922 წლიდან გადავიდა ლევილში. თაყაიშვილი ემიგრაციაშიც რჩებოდა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ. მონაწილეობდა სხდომებსა და კონფერენციებში. არ უჭერდა მხარს შეიარაღებული აჯანყების მოწყობას. 1924 წლიდან ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე მოღვაწეობდა და განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის“ თავმჯდომარე. ამასთან, მისი სტატიები იბეჭდებოდა „ბიზანტიონში“, “Georgica-ში”, „ჟურნალ აზიატიკში“. 1928-31 წლებში შეადგინა ქართულ-ფრანგული ლექსიკონი, რომელის 55 რვეული შემდგომში საქართველოში ჩაიტანა. საფრანგეთში ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მისი მდგომარეობა 1931 წელს კიდევ უფრო დაამძიმა მეუღლის გარდაცვლებამ. ამის შემდეგ ექვთიმე დროებით ბრიუსელში გადავიდ ასაცხოვრებლად. 1934 წელს მან ფეხი მოიტეხა.

განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. 1926 წელს ფილადელფიაში უნდა გამართულიყო საერთაშორისო გამოფენა აშშ-ის დამოუკიდებლობის 150 წლისთავის აღსანიშნავად. თაყაიშვილს შესთავაზეს, შეერჩია ექსპონატები გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მან უარი განაცხადა. მან ასევე უარი განუცხადა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს მომინანქრებული ხატების მიყიდვაზე. ამ მუზეუმს უკვე შეძენილი ჰქონდა მინანქრების ერთი, ჯუმათის მონასტრიდან წამოღებული კოლქეცია რუსეთის ქალაქ ზვენიგოროდსკიდგან. ბრიტანეთის მუზეუმი ითხოვდა ახალგორის განძიდან ერთი ნივთის შეძენას და სანაცვლოდ პირობას დებდა, რომ გამოყოფდა სხვა ნივთების დაცვის თანხას და გამოსცემდა ალბომებს. თაყაიშვილმა ეს მოლაპარკებაც ჩაშალა. მან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. პროცესი შვიდ წელს გაგრძელდა.

ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა „ქართული ოფისი“. რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდა, ამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. გახსნილი იქნა ყუთები და განძეულობა მარსელიდან პარიზში გადაიტანეს. აქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერები. საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე, რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.

1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს განძით დატვრითული ამერიკული თვითმფრინავით თბილისში დაბრუნდა. იმავე წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი აღადგინეს პროფესორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე, ხოლო 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით „ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ“. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.

1951 წელს დააპატიმრეს ექვთიმეს შვილიშვილი ლიდა პოლტორაცკაია, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ბინაში. 1952 წლის დასაწყისში გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან „საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო“ მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში, გულის დამბლის შედეგად გარდაიცვალა. 24 თებერვალს უკანასკნელ გზაზე ვაკის სასაფლაომდე, მისი ნეშტი მხოლოდ ორმოცდარვა ადამიანმა გააცილა.

Share

Comments
Details
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი