ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

9/5/2022

მადრიდის სამიტზე ნატოს გაფართოებას განიხილავენ

Comments

Read Now
 
Picture
​ორ თვეზე ნაკლები რჩება ნატოს მომავალ სამიტამდე, რომელიც ქალაქ მადრიდშია დაგეგმილი. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ამ ფორმატში პირველად შეიკრიბებიან მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

ამ მოვლენებმა სამიტის დღის წესრიგი მთლიანად შეცვალა. ახლა უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ წარმოდგენები კიდევ უფრო მკაფიოა. სწორედ ამ სამიტზე უნდა განისაზღვროს ალიანსის სტრატეგიული ხედვა მომავალი ათწლეულის განმავლობაში.

სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი პოლიტიკურ პარტიებთან მართავს შეხვედრებს. ალექსანდრ ვინიკოვი მედიასთან საუბრისას თავს იკავებს წინასწარი ვარაუდების გამოთქმისგან, თუ რა შეიძლება შესთავაზოს ალიანსმა საქართველოს მადრიდში. თუმცა, ის ამბობს, რომ დეკლარაციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ჩაიწერება.

„ფოკუსი იქნება შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცებაზე, რაც არის ნატოს ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ნატოს სამომავლო სტრატეგიას შემდგომი ათწლეულისთვის. მე ველოდები, რომ საქართველოს წევრობის მისწრაფებები სათანადოდ აისახება საბოლოოდ მიღებულ დოკუმენტში“, – აცხადებს ალექსანდრ ვინიკოვი.

ჯერ უცნობია, რა შეიძლება შესთავაზოს ნატომ საქართველოს მადრიდის სამიტზე, თუმცა საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს სამიტი საქართველოსთვის დიდი შესაძლებლობაა, რომელსაც ქვეყანა მომზადებული უნდა შეხვდეს. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სიხარულიძეს მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების პოზიცია შეიცვალა, რაც საქართველოსთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს.

მეტად სავარაუდოა, რომ მადრიდის სამიტზე მართლაც ილაპარაკებენ გაფართოებაზე, თუმცა ეს შესაძლოა არ ეხებოდეს აღმოსავლეთით გაფართოებას. ნატო შესაძლოა დაჩქარებული წესით გაფართოვდეს ჩრდილოეთით, რადგან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ფინეთისა და შვედეთის მთავრობები ალიანსში გაწევრიანებაზე დააფიქრა.

ამ ფონზე კი ფინეთში ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების წვრთნა მიმდინარეობს. ფინეთისა და შვედეთის მთავრობების საბოლოო გადაწყვეტილება, ალიანსის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. თუმცა, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ მათ გაწევრიანებას მხარს დაუჭერენ.

ფინეთსა და შვედეთს აქვთ ყველანაირი შანსი იმისთვის, რომ ალიანსის წევრები მოკლე დროში გახდნენ.

თითოეულ მათგანს აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული და გამართული თავდაცვის სისტემა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ და გამორჩეულად რეგიონში. ორივე ქვეყანა კონსოლიდირებულ დემოკრატიას წარმოადგენს, შესაბამისად მათთან დაკავშირებით ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს და ალიანსში, მაგალითად ფინეთის გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ნატო პრაქტიკულად მიუახლოვდება რუსეთის ფედერაციას იმდენად, რომ პეტერბურგიდან ფაქტობრივად 120 კილომეტრში უკვე ნატოს საზღვარი იქნება.

ნატოს სამიტი ესპანეთის დედაქალაქში 28-30 ივნისს გაიმართება. სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს კვლავ იენს სტოლტენბერგი წარუძღვება, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების გამო ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდა.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი