ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

6/8/2022

საჯარო პოლიტიკის მეწარმე - პოლიტიკის კეთება და წარმოება

Comments

Read Now
 
Picture

საჯარო პოლიტიკის კეთება/წარმოება მოიცავს ყველა იმ გადაწყვეტილებების ერთობლიობას, რომლის საფუძველზეც მთავრობა წყვეტს, როგორ მოახდინოს რეაგირება ამა თუ იმ საზოგადოებრივ პრობლემაზე ან რეაგირების გარეშე დატოვოს პრობლემა. 

იმ მექანიზმის ასახსნელად, რომელიც, ერთი მხრივ, მოქმედებს პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებაზე, მეორე მხრივ კი, რეაგირებს პოლიტიკის გადაწყვეტილებების შეფერხებასა და იგნორირებაზე, როგორც წესი, აუცილებელი ხდება ორი, საკმაოდ ადრეული და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფი თეორიის მიმოხილვა.

პირველი მათგანი არის თეორია, რომელსაც ვიცნობთ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების მიდგომის სახელით და ასოცირებულია ჰაროლდ ლასუელის (Harold Lasswell) საკმაოდ ცნობილ ნაშრომთან - პოლიტიკის მეცნიერების მომავალი (1963).

მასში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაყოფილია 7 ეტაპად:

1. დაზვერვის ეტაპი, რომელშიც იგულისხმება საინფორმაციო ნაკადების შეგროვება და ანალიზი;
2. წინ წაწევისა და რეკომენდირების ეტაპი მოიცავს აქტივობებს, რომლებიც ზემოქმედებენ და უზრუნველყოფენ კურსის სავარუდო შედეგების მიღწევას;
3. წინასწარ გაწერის ეტაპზე ხორციელდება ნორმების არტიკულირება;
4. შეთავაზებისა და შუამდგომლობის ეტაპზე ხდება წინასწარ გაწერილ და კონკრეტულ პირობათა შორის თავსებადობის უზრუნველყოფა;
5. განხორციელების ეტაპი, რომელშიც წინასწარ გაწერილი პოლიტიკის აღსრულება ხორციელდება;
6. შეფასების ეტაპი, რომელშიც მოსალოდნელი შედეგების საფუძველზე ხორციელდება მიღებული ეფექტების გაზომვა;
7. შეწყვეტის ეტაპი, რომელიც ასრულებს პროცესს და ადგენს, რომ წინასწარ გაწერილი გეგმა შესრულებულია.

გადაწყვეტილების მიღების აღნიშნული მიდგომა გააკრიტიკა ჩარლზ ლინდბლომმა (Charles E. Lindblom), რომელმაც საჯარო ადმინისტრირების პერიოდულ გამოცემაში (1959) შემოგვთავაზა გადაწყვეტილების მიღების ინკრიმენტალური თეორია, რომელიც უფრო მეტად ცნობილია სახელწოდებით „ზერელედ (ასე თუ ისე) საქმის კეთების მეცნიერება“ (Theory of Muddling Though).

ლინდბლომს, იელის უნივერსიტეტის პოლიტიკურ ეკონომისტს, გადაწყვეტილებების მიღების რაციონალური მოდელის რეალისტურობაში ეჭვი ეპარებოდა და აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ პრაქტიკაში საჯარო პოლიტიკის კეთების პროცესი გაცილებით უფრო რთული იყო, ასევე ნაკლებად შეიძლებოდა მისი ისეთი მწყობრი სისტემის სახით გაწერა, რასაც რაციონალური გადაწყვეტილების მიღების თეორია ითვალისწინებდა.

ლინდბლომის აზრით, შეზღუდული ინკრიმენტალიზმი (disjointed incrementalism) როგორც პოლიტიკის კურსი გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ რეალისტურ შესაძლებლობაა, რადგან ინკრიმენტალიზმი საჯარო პოლიტიკის ანალიზის დროს აქცენტს აკეთებს სპეციფიკურ პრობლემებზე, კარგად ნაცნობ გამოცდილებებსა და მონაცემებზე და ამ გზით პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ალტერნატივების, ისევე როგორც თავად გასაანალიზებელი ფაქტორების, რაოდენობაც მნიშვნელოვნად მცირდება.

რაციონალური მოდელი შეიცავს უმნიშვნელოვანეს პოტენციალს, რომელიც შესაძლებელია გამოვიყენოთ პოლიტიკის სპეციფიკურ პრობლემებზე ფოკუსის განსახორციელებლად, თავად საზოგადოებრივ პრობლემათა გადაწყვეტის მიზნით კი ინკრიმენტალური მოდელის გამოყენება შეუცვლელია, - ასეთია ინკრიმენტალიზმის მომხრეთა პოზიცია. 

თეოდორ ლოვის (Theodore J. lowi), გამოჩენილი მკვლევრის აზრით კი, ამა თუ იმ მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია სხვადასხვა ტიპის პოლიტიკის კურსებზე.

აღნიშნული ავტორი საკმაოდ ფართოდ ცნობილ სტატიაში „ამერიკული ბიზნესი, საჯარო პოლიტიკა, შემთხვევების ანალიზი და პოლიტიკური თეორია“, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის (World Politics) პერიოდულ გამოცემაში 1964 წელს დაიბეჭდა, ამტკიცებდა, რომ პოლიტიკის შინაარსი უნდა იყოს დამოუკიდებელი ცვლადი და შესაძლებელია გვხვდებოდეს საჯარო პოლიტიკის 3 ძირითადი კატეგორიის სახით: გამანაწილებელი (დისტრიბუციული), მარეგულირებელი და გადამანაწილებელი (რედისტრიბუციული) საჯარო პოლიტიკის კურსების სახით.

„თითოეული მათგანი ხასიათდება და გამოირჩევა საკუთარი სპეციფიკით, პოლიტიკური სტრუქტურით და ელიტებსა და დაინტერესებულ ჯგუფებს შორის განსხვავებული ურთიერთობებით“. შესაბამისად, დასკვნის სახით, შესაძლებელია აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ საჯარო პოლიტიკის კეთების პროცესთან როდია დაკავშირებული ყველა საჯარო პოლიტიკის კურსების წარმოება და ამ პროცესზე შესაძლებელია ზეგავლენა საჯარო პოლიტიკის წარმოების პროცესის მიღმა არსებულ ფაქტორებსაც ჰქონდეს. სიტუაცია ხშირად საპირისპიროც კია - არსებობს პოლიტიკის პროცესი, რომელშიც იწარმოება პოლიტიკის სხვადასხვა კურსი და გამოიყენება კონკრეტულ დროსა და გარემოში. 

​საჯარო პოლიტიკის წარმოების ციკლი -  კონცეპტუალური მოდელი, რომელიც საჯარო პოლიტიკის პროცესს აღიქვამს როგორც ერთმანეთის თანმიმდევრული ეტაპებისგან შემდგარ პროცესს, რომელსაც აქვს ციკლური ხასიათი. ეტაპები, რომლებიც საჯარო პოლიტიკის ციკლური პროცესის ნაწილად მოაზრება, შემდეგია:

1. დღის წესრიგი, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკის პრობლემების იდენტიფიკაციის ეტაპს;
2. პოლიტიკის ფორმულირება, რომელიც არის საზოგადოებრივი პრობლემების ალტერნატიული გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებზე მსჯელობისა და განხილვის ეტაპი;
3. პოლიტიკის დამტკიცებისა და გადაწყვეტილების მიღების ეტაპი;
4. პოლიტიკის განხორციელება/იმპლიმენტაცია;
5. პოლიტიკის შეფასება, რომელშიც მოიაზრება პროგრამული შეფასება და განხორციელებული პოლიტიკის კურსის ზეგავლენების ანალიზი;
6. უკუკავშირის ეტაპი, რომელშიც იგულისხმება პოლიტიკის შეფასების დროს მიღებული შედეგების გაანალიზების საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და რომელიც ხდება პოლიტიკის შეწყვეტის ან პოლიტიკის გადახედვისა და, შესაბამისად, საჯარო პოლიტიკის წარმოების ახალი ციკლის დაწყების საფუძველი.

საჯარო პოლიტიკის წარმოების პროცესი ციკლურ ხასიათს ატარებს, რის გამოც, მას, ხშირ შემთხვევაში, ციკლურ პროცესად მოიხსენიებენ.  

საჯარო პოლიტიკურ-მმართველობითი ციკლის მოდელები -  საჯარო პოლიტიკურ-მმართველობითი ციკლის სტადიური მოდელები საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესს წარმოადგენს თანამიმდევრული სტადიებისა და ფაზების დინამიური პროცესის სახით.

მათ პროცესუალური (policy process),  სტადიური (stagist), წრიული (circular), ციკლური (policy cycle) და, ზოგჯერ, ცხოვრებისეული ციკლის (policy life cycle)  სახელითაც კი მოიხსენიებენ.

XX საუკუნის 70-იან 80-იან წლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა აღქმაში ასეთი მოდელები მიიჩნეოდა საბაზისო მოდელებად, რომლებიც დღემდე  პოპულარობას ინარჩუნებენ.

დღესაც კი მათ არაერთი მიმდევარი და მხურვალე მხარდამჭერი ჰყავთ. ამ მოდელის საფუძველზე პოლიტიკის გადაწყვეტილებათა მიღება აღიქმება ერთიანი პროცესის სახით, რომელიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირსა და თანხმობაში მყოფი ცალკეული სტადიებისგან შედგება და სოციალურ-პოლიტიკურ სივრცესა და დროში ვითარდება.

​ეს პროცესი ატარებს ციკლურ-წრიულ ხასიათს - თითოეული მისი შემადგენელი ელემენტი უზრუნველყოფს უკუგებას და ქმნის პირობებს შემდგომი ფაზის განვითარებისთვის. საჯარო პოლიტიკის სტადიების სახით განიხილება: პოლიტიკის ინიცირება, პოლიტიკის დღის წესრიგის ფორმირება, პოლიტიკის ფორმულირება, პოლიტიკის დამტკიცება, პოლიტიკის შეფასება და ა.შ.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი