ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

19/2/2022

ევროკავშირის ეკონომიკური მოდელი და საქართველო

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს სწრაფვა, გახდეს ევროპული სახელმწიფო, დღის წესრიგში აყენებს საკითხს იმის შესახებ, თუ უმთავრესად რა ტიპის ეკონომიკური მოდელები გამოიყენება ევროკავშირში. ანგლო-ამერიკულ და “რეინის” მოდელებს შორის არჩევანის გაკეთება თანამედროვე ეტაპზე გაუმართლებელია, რადგან თავად ევროკავშირშიც ადგილი აქვს ამ მოდელების შერწყმის პროცესს. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვისაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკის ისეთი მოდელის რეალიზაციას, რომელიც ანგლო-ამერიკული და “რეინის” მოდელების სინთეზსს დაეფუძნება.

ხედვა იმ საკითხის შესახებ, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა, რა მოდელს უნდა დაფუძნებოდა ის. ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ბოლომდე არ იყო ჩამოყალიბებული. ერთგვარი იმედის მომცემი იყო ”ვარდების რევოლუციის” შემდგომი პერიოდი, თუმცა დიდი დრო არ აღმოჩნდა საჭირო იმედგაცრუებისათვის.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ”ქართული ოცნების” გამარჯვებამ კვლავ აქტუალური გახადა საქართველოში არჩევანის პრობლემა, რადგანაც დღის წესრიგში ისევ დადგა საკითხი იმის შესახებ, თუ განვითარების რომელი ვექტორი უნდა ყოფილიყო განმსაზღვრელი ”ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ.

“ქართული ოცნების” სასარგებლოდ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ რეალურ პრიორიტეტად გაიხადეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიღწევა. ამ უკანასკნელის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაა (DCFTA). 
“ნაციონალური მოძრაობის” მთავრობისათვის განვითარების ევროპული გზა, სამწუხაროდ, უმთავრესად არტიკულაციით შემოიფარგლებოდა, ხოლო რეალური ქმედებით ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ საქართველო არ დაახლოებოდა ევროკავშირს. რეალურად ქვეყანას კურსი სინგაპურიზაციისაკენ ჰქონდა აღებული.

“ქართული ოცნების” მთავრობამ შეძლო ის, რომ საქართველომ 2014 წლის ივნისში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი [EC, 2016], რომელიც 2016 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ამოქმედება “ქართული ოცნების” მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.

პოსტკომუნისტურ სივრცეში არაერთი წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ევროპული ტიპის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და ევროკავშირშიც არის გაწევრიანებული. არიან ნაკლებ წარმატებული, თუ საერთოდ წარუმატებელი ქვეყნებიც, სადაც ასეთი ტიპის საბაზრო ეკონომიკაზე საუბარიც კი ზედმეტია. რაც შეეხება მათ ევროკავშირში წევრობას, ეს ან საერთოდ არ წარმოადგენს მათ მიზანს, ან, უკეთეს შემთხვევაში, შედარებით შორეულ პერსპექტივაში შეიძლება იქნეს მოაზრებული.

თავის მხრივ, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საჭიროებს იმის გააზრებას, თუ ეკონომიკის რომელი მოდელი უნდა იქნეს საქართველოსთვის გამოყენებული.

აშკარაა, საქართველო ჯერჯერობით არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ საკითხი იმის შესახებ, თუ რეალურად საით მივდივართ, იმისდა მიუხედავად, რომ ოფიციალურ განცხადებებში აქცენტი სწორედ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებზეა გაკეთებული, აქტუალურობას სულაც არ არის მოკლებული. ამ მარავალწახნაგოვანი კითხვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ორიენტირია, რადგანაც, თუკი გვინდა საქართველო ოდესმე ევროპის განუყოფელ ნაწილად იქცეს, აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის ევროპული ტიპის საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით ტრანსფორმაცია.

ევროკავშირის ეკონომიკურ მოდელზე მსჯელობა არც ისე ადვილია, რადგანაც ის თავად არის ფორმირების პროცესში. ცნობილია, რომ ევროკავშირში ერთმანეთს “უპირისპირდება” კაპიტალიზმის ორი – ანგლო-ამერიკული და “რეინის” (ანუ გერმანული-იაპონური) მოდელი.

ეკონომიკის ანგლო-ამერიკულ მოდელში აქციონერული საკუთრების ხელიდან ხელში გადასვლა სწრაფად და დაბრკოლებების გარეშე ხდება, ბირჟა გადამწყვეტ როლს ასრულებს კომპანიათა დაფინანსებაში, აქციათა 40-60 პროცენტს ინსტიტუციური ინვესტორები (კერძოდ, სადაზღვევო და საპენსიო ფონდები) ფლობენ. ამასთან სახელმწიფო სექტორი შედარებით მცირე მასშტაბისაა, ხოლო სოციალური პოლიტიკა კი სიღარიბისა და უთანასწორობის საკითხის მიმართ ლიბერალური მიდგომით გამოირჩევა, რომლის თანახმადაც უთანასწორობა კონკურენციის ხელშემწყობ სტიმულად აღიქმება, ხოლო სიღარიბე არა იმდენად სახელმწიფოს, რამდენადაც მორალისა და მოწყალების პრობლემაა, და კერძო ქველმოქმედების სფეროს განეკუთვნება.

რეინის მოდელში აქციონერ მესაკუთრეთა შემადგენლობა სტაბილურობით გამოირჩევა, აქციონერულ საწარმოთა დაფინანსებაში განსაკუთრებული როლი საბანკო სექტორს ეკუთვნის, ხოლო საფინანსო ბაზრები შედარებით შეზღუდულნი და ნაკლებ აქტიურნი არიან. ამასთან, სახელმწიფო რეგულირების სფერო რეინის მოდელში საკმაოდ ფართოა, სახელმწიფოს როლი მთლიანი შიგა პროდუქტის გადანაწილებაში, კონკურენციის თანაბარი პირობების უზრუნველყოფასა და სოციალურ ამოცანათა გადაჭრაში ძალზე დიდია.

საყურადღებოა, რომ ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყანაში ანგლო-ამერიკული მოდელის რეინის მოდელზე ზეწოლის პირობებში ხდება მათი თანდათანობითი შერწყმა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს არ გააჩნია ერთიანი ეკონომიკური მოდელი, და რომ უფრო კორექტულია ვისაუბროთ საერთო ეკონომიკურ მოდელზე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სრულ უნიფიკაციას. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები სწორედ უნიფიკაციის მნიშვნელობის გაფართოებაზეა ორიენტირებული, რისი თვალსაჩინო მაგალითია საერთო ბაზრიდან ერთიან ბაზარზე გადასვლა, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის ფორმირების საფუძველი გახდა.

ევროკავშირის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია “მიღწეულის შენარჩუნება”, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისათვის: ევროკავშირში ერთიანი მოდელის ფორმირების გზაზე ყოველივე ის რა დონეზეც არის უნიფიცირებული კანდიდატი ქვეყნისათვის, უპირობოდაა შესასრულებელი.

ფორმალური ნიშნით თანამედროვე საქართველოსათვისაც არის დამახასიათებელი ხსენებული ორივე მოდელის ელემენტების თანაარსებობა და დაპირისპირება. კერძოდ, საწარმოთა დაფინანსებასა და მათ მესაკუთრეთა ფორმირებაში აშკარად რეინის მოდელს ენიჭება უპირატესობა, რაც საფინანსო ბაზრების შეზღუდულობასა და არააქტიურობაში გამოიხატება, და რაც სახელმწიფოს მიერ გატარებული ოფიციალური კურსის შედეგია.

​ამასთან, სახელმწიფო რეგულირების სფერო საქართველოში საკმაოდ შეზღუდულია, რაც ქმნის იმის ილუზიას თითქოს ეს ანგლო-ამერიკული მოდელის სქემაში ჯდებოდეს. ყველაზე მკაფიოდ ეს სიღარიბისა და უთანასწორობის საკითხის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაში იკვეთება, რაც გარკვეული გულგრილობით (რასაც, ყოვლად გაუმართლებლად, ჩვენში რატომღაც ლიბერალიზმს უწოდებენ) გამოირჩევა, როცა უთანასწორობა რეალურად არც არანაირად არის ხელისუფლების საზრუნავი, ხოლო სიღარიბის დაძლევა კი უმთავრესად იძულებითი (სახელმწიფოს მხრიდან) კერძო ქველმოქმედების სფეროს განეკუთვნება.

ხსენებულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც იქნება ანგლო-ამერიკული და რეინის მოდელების გარკვეული აზრით სინთეზი (იქ, სადაც ეს შესაძლებელია), ისე, როგორც ეს დამახასიათებელია ევროკავშირის არაერთი წევრი-სახელმწიფოსთვის. ამასთან, მიზანშეწონილია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სიღარიბის შემცირების საკითხებს, რომელმაც უნდა შექმნას ობიექტური წინაპირობა ეკონომიკური რეფორმების წარმატებისათვის.
გაზიარება

Share

Comments
Details
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი