ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

21/12/2021

ბავშვზე ძალადობის ფაქტორები და პრევენცია

Comments

Read Now
 
Picture
დიდი ხნის განმავლობაში ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ძირითადად ძალადობის უკვე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებით შემოიფარგლებოდა. დღეს, მეცნიერული კვლევების სარწმუნო მონაცემებზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღკვეთა შესაძლებელია მანამ, სანამ ის მოხდება. 

ვინაიდან ბავშვზე ძალადობის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია, შესაბამისად, ძალადობის პრევენციული სტრატეგიებიც განსხვავდება. არსებობს ბავშვზე ძალადობის პრევენციის და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე ზრუნვის უნივერსალური სტრატეგიები, რომელთა ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო სხვადასხვა ქვეყანაში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და მრავალი მეცნიერული შრომა.

ეს სტრატეგიები მოიცავს როგორც პირდაპირი ზეგავლენის მქონე ღონისძიებებს, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის მოვლისა და აღზრდის საკითხებზე მშობელთა განათლება, საზოგადოების ინფორმირება ბავშვზე ძალადობის საკითხებზე, ასევე არაპირდაპირი ზემოქმედების მომხდენ სტრატეგიებსაც, მაგალითად, ნაკლებად ხელმისაწვდომი ალკოჰოლი, და სხვა.

პრევენციის მრავალი არსებული სტრატეგია ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ადრეულ იდენტიფიცირებას და ინტერვენციას გულისხმობს, რაც მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ცალკეული ბავშვისა და ოჯახისათვის.

თუმცა, მხოლოდ ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს ბავშვზე ძალადობის შემთხვევათა რიცხვს. ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ დასახულ ღონისძიებათა მაქსიმალური ეფექტურობისთვის აუცილებელია, რომ ნებისმიერი სტრატეგია, განსაკუთრებით - პრევენციული სტრატეგიები, აუცილებლად ითვალისწინებდეს ბავშვზე ძალადობის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს და ძალადობის ხელისშემშლელ, დამცავ ფაქტორებს. პრევენციული სტრატეგიები მიმართული უნდა იყოს ძალადობის გამომწვევი რისკ-ფაქტორების შემცირებისა და დამცავი ფაქტორების გაძლიერებისკენ.

ძალადობა ინდივიდუალური, ჯგუფური, სოციალური, კულტურული ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგია. ცალკე აღებული ვერც ერთი ფაქტორი ვერ ხსნის, რატომ იქცევა ერთი ადამიანი აგრესიულად, მეორე კი _ არა, რატომ ხდება ერთგან ძალადობის მეტი შემთხვევა, ვიდრე სხვაგან.

ოჯახში, თემში, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ სივრცეში მრავალი ფაქტორი არსებობს, რომელთა ურთიერთქმედებამ, შესაძლოა, ბავშვზე ძალადობის პროვოცირება მოახდინოს, ან პირიქით, - ძალადობის საფრთხე შეამციროს.

ბავშვზე ძალადობის ფაქტორები 2 ძირითად ჯგუფად იყოფა:

  1. რისკ-ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვზე ძალადობის გავრცელებას;
  2. დამცავი ფაქტორები, რომლებიც იცავენ ბავშვს ძალადობისგან.

რისკ-ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვზე ძალადობის გავრცელებას, შეიძლება დაიყოს ინდივიდუალურ/პიროვნულ ურთიერთობათა, საზოგადოებრივ/თემში არსებულ და სოციალურ რისკ-ფაქტორებად.

ა) ინდივიდუალური/პიროვნულ ურთიერთობათა რისკ-ფაქტორები:

მშობლებთან და მზრუნველებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები:
  • მშობელი/მზრუნველი თვითონ არის წარსულში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი;
  • რთული ორსულობა;
  • ბავშვის განვითარების შესახებ წარმოდგენის უქონლობა ან არარეალური წარმოდგენები;
  • მშობელს/მზრუნველს ფიზიკური ან მენტალური ჯანმრთელობის იმგვარი პრობლემები აქვს, რომ ართმევს მას უნარს, იზრუნოს ბავშვზე;
  • ბავშვის აღზრდის უნარის არქონა და შეუსაბამო საპასუხო რეაქცია ბავშვის ცუდ საქციელზე;
  • მშობელი/მზრუნველი წყენის და ბრაზის დროს თვითკონტროლს ნაკლებად ახერხებს;
  • სოციალური იზოლაცია;
  • მშობელი/მზრუნველი დაავადებულია დეპრესიით, დაბალი თვითშეფასება აქვს ან არაადეკვატურ ქცევას ავლენს;
  • ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება მშობლობის ან ორსულობის პერიოდში;
  • ფიზიკური დასჯის გამოყენება ბავშვის აღსაზრდელად;
  • კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვა, რაც ნეგატიურად აისახება ბავშვთან ურთიერთობაზე;
  • ფინანსური გასაჭირი და სხვა.

ბავშვთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები:

  • „ვერ გაამართლა“ მშობელთა მოლოდინები (სქესი, გარეგნობა, თანდაყოლილი ანომალიები, ხასიათი);
  • საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას (დღენაკლული ბავშვი, გონებრივ ან ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა, ქრონიკული დაავადება);
  • მცირეწლოვანი ასაკი (ხშირი ტირილი და მისი დამშვიდების სიძნელე);
  • აქვს პრობლემური ხასიათი ან აქვს განსაკუთრებული ემოციური და ქცევითი მახასიათებლები (აგრესიულობა, იმპულსურობა და სხვა) ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;
  • მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი შვილია, რაც იწვევს მშობლების მხრიდან ზრუნვის შემცირებას;

ურთიერთობებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები:

  • ნაკლები სიახლოვე ბავშვს და მშობელს შორის;
  • ოჯახის წევრის ფიზიკური ან გონებრივი განვითარების პრობლემები;
  • ოჯახის დანგრევა, რასაც შედეგად მოჰყვება ბავშვის და უფროსის ფსიქოლოგიური პრობლემები, სიმარტოვის და უმწეობის განცდები, მუდმივი დაძაბულობა, ბავშვის აღზრდაში ხელშეწყობის შეწყვეტა, დავა ბავშვზე მეურვეობა/მზრუნველობის თაობაზე;
  • ძალადობა ოჯახში;
  • სქესობრივი ნიშნით გამორჩევა;
  • საზოგადოებისგან იზოლაცია; დამხმარე ქსელის არარსებობა;
  • ოჯახის დისკრიმინაცია ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური, სქესობრივი, ასაკობრივი, სექსუალური ორიენტაციის, უძლურების ან ცხოვრების სტილის მიზეზით;
  • კრიმინალურ ან ძალადობრივ ქმედებებში ჩართულობა და სხვა.

ბ) საზოგადოებრივი/თემში არსებული რისკ-ფაქტორები:

  • ბავშვზე ძალადობის მიმართ ტოლერანტული საზოგადოება;
  • საცხოვრებელი ფართის დაკარგვა/არარსებობა ან შეუფერებელი საცხოვრებელი ფართი;
  • ოჯახის მხარდამჭერი, განსაკუთრებული საჭიროებების უზრუნველმყოფი სამსახურების ნაკლებობა;
  • უმუშევრობის მაღალი დონე, სიღატაკე;
  • გარემოში ტყვიისა და სხვა ტოქსინების სახიფათო დონე;
  • ალკოჰოლის ადვილად მისაწვდომობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა თემში.

გ) სოციალური რისკ-ფაქტორები:

  • დაბალი საცხოვრებელი სტანდარტები;
  • სოციალური და კულტურული ნორმები, რომლებიც დასაშვებს ხდის ბავშვზე ძალადობას, ან, ზოგადად, ძალადობას სხვების მიმართ, ფიზიკური დასჯის ჩათვლით;
  • სოციალური და კულტურული ნორმები, რაც მოითხოვს მკაცრ გენდერულ როლებს კაცებისა და ქალებისათვის;
  • სოციალური და კულტურული ნორმები, რომლებიც მშობლის და შვილის ურთიერთობაში ბავშვის სტატუსს აკნინებს;
  • ბავშვთა პორნოგრაფიის, ბავშვთა პროსტიტუციის და ბავშვთა ფიზიკური შრომის არსებობა.

ბავშვზე ძალადობის გამომწვევი რისკ-ფაქტორების გარდა, აღსანიშნავია დამცავი ფაქტორები, რომელთა არსებობა ან თანაარსებობა ხელს უწყობს ბავშვთა დაცვას ძალადობისგან. დამცავი ფაქტორები ასევე შეიძლება დაიყოს ინდივიდუალურ/ურთიერთობის, საზოგადოებრივ/თემში არსებულ და სოციალურ ფაქტორებად.

დამცავი ფაქტორები ქმნიან გარემოს, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, უფრო დაცულნი არიან ძალადობისა და უგულებელყოფისაგან. ეს შეიძლება იყოს:
  • ოჯახური ურთიერთობის სტაბილურობა, ბავშვის აღზრდა-განვითარების თავისებურებათა ცოდნა და მის აღზრდაზე გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, აღზრდის არაძალადობრივი მეთოდები;
  • საზოგადოების კულტურული ნორმები, არადისკრიმინაციული და ჯანმრთელი გარემო;
  • სოციალური კეთილდღეობა, ოჯახის და ბავშვის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკა და პროგრამები და სხვა.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი