ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

12/2/2022

დასაბამიდან დღემდე: ხორნაბუჯის ისტორია

Comments

Read Now
 
Picture
ხორნაბუჯი - შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის კამბეჩოვანის ცენტრი. ისტორიულ-არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 2-3 კმ-ზე, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირას, სოფელ ყარაღაჯის სამხრეთით, მიუვალ კლდოვან მთის წვერზე: „სადაცა დასწყდების ჰერეთის მთა ანუ ცივის მთა“. ციხე-ქალაქი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე იყო გაშენებული და ერთდროულად უწევდა კონტროლს ივრისა და ალაზნის ველებს. ხორნაბუჯი ძველ ირანულად „მზის საყრდენს“ ნიშნავს. არსებობს მოსაზრება, რომ ამ სახელში უძველესი ქართული ტომის საცხოვრებელია ნაგულისხმები. ხალხი კი მას თამარის ციხეს უწოდებს.

წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როდესაც აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს, დაჩი I უჯარმელს. ციხეს იხსენიებს შაჰ-აბასის მეისტორიე ისქანდერ მუნშიც: „ის დიდებული ციხე მდებარეობს ერთი მაღალი და მიუვალი მთის წვერზე... მისი სიმაღლე ისეთია, რომ კარის ზღურბლიდან იმ ადგილამდე, სადაც ციხის მცველები დგანან, 560 კიბის საფეხური უნდა აიაროს კაცმა... იმ ციხეს რომ, წვიმის წყლის ასავსები ამბრის გარდა, ერთი წყაროც ჰქონოდა, ვერც ერთი ხელმწიფე ვერ დაიპყრობდა“.

V საუკუნეში ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა სპარსთა შემოსევების შედეგად. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნეში ქალაქი გაათავისუფლეს და 70-იან წლებში ქართლის პირველი ერისმთავრის გუარამ ბაგრატიონის ძმებმა ასამმა და ყარაზვარდმა მოკლეს სპარსთა სპასპეტი, დაიპყრეს კამბეჩოვანი, გახდნენ მისი მთავრები და ხორნაბუჯი თავის რეზიდენციად გამოაცხადეს. VII საუკუნის II ნახევრიდან ხორნაბუჯში არაბები გაბატონდნენ. VIII საუკუნის II ნახევრიდან, ჰერეთის სამთავროს (შემდგომში ჰერეთის სამეფო) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა. X საუკუნის დასაწყისში, კახეთ-კუხეთ-ჰერეთის გაერთიანების შემდეგ კახეთის სამეფოს საერისთავოს — კამბეჩოვანის ცენტრია. მისი ერისთავები კი ხორნაბუჯელებად იწოდებიან. XI საუკუნის 40-იან წლებში ბაგრატ IV-მ კახეთის წინაღმდეგ გაილაშქრა. სხვა ერისთავებთან ერთად მან ხორნაბუჯის ერისთავი — ვაჩე გურგენის ძეც შეიპყრო.

1068 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანმა ხორნაბუჯი, საქართველოს მთელ რიგ პუნქტებთან ერთად განძის ამირა ფადლონს გადასცა. გათამამებული ფადლონი მოსახლეობას მოსვენებას არ აძელვდა. თბილისის სანახებში მოთარეშე ამირას ბაგრატ IV თავისი მხედრიონით დაედევნა. დამარცხებული ფადლონი ჟალეთში შეიპყრეს. მესხმა აზნაურმა ისაკ თოლობელის ძემ, იგი ბაგრატის ნაცვლად, სულთანის მოკავშირე კახეთის მეფეს აღსართან I-ს მიჰგვარა თელავში, რომელმაც ფადლონი სასწრაფოდ ხორნაბუჯში გადაიყვანა.

XII საუკუნეში ხორნაბუჯი ერთ-ერთი სანაპირო საერისთავოს ცენტრად იქცა. XII-XIII საუკუნეებში აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს მახატლისძეთა (კოლონკელისძეთა) რეზიდენცია.

1193 წელს ხორნაბუჯის ერისთავმა საღირ მახატლისძემ, თავის სამ შვილთან ერთად, სასტიკად დაამარცხა გიორგი რუსი, რომელიც „კონსტანტინეპოლიდამ მოვიდა სპარსეთის ათაბაგისა თანა... მოარბია კამბეჩოვანის მინდორი და აღიღო ნატყუენავი დიდი“... მახატლისძემ „სამითა ძითა განწირა თავი, მიეწია მცირედითა სპითა, წარიქცივნა და მოსრნა მახვილითა, უკ-მოიხუნა ყოველნი ტყუენი და ნაალფევნი; გარნა რუსი ივლტოდა ორითა მონითა საძაგელი“.

დავით ულუს მეფობისას კამბეჩოვანს კვლავ ხორნაბუჯელები განაგებდნენ. XIII საუკუნის 40-50-იან წლებში ერისთავია ბერი ხორნაბუჯელი, დავით ულუს კარის ერთგული მოხელე, მესტუმრე ჯიქურმა გაგზავნა კახეთის მმართველ თორღვა პანკელთან, როდესაც იგი განუდგა მეფეს. ხორნაბუჯელმა „წინაშე ალავერდის წმიდისა გიორგისა“ უვნებლობის ფიცი მისცა თორღვას და იგი მეფეს მიჰგვარა, მაგრამ ფიცი არ შეასრულა და თორღვა „გარდააგდეს კლდეკარსა ზედა“. ფიცის გატეხვისთვის არც ბერს დადგომია კარგი დღე — „ხორნაბუჯელი ერთს წელს მოსწყდა ორითა ძითა შურის-გებითა წმიდისა გიორგისითა“.

XIII საუკუნეშივე ხორნაბუჯი ხვარაზმელებმა ააოხრეს. 1265 წელს იგი დაარბია მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით. აყვავებული კამბეჩოვანი გავერანდა. მოისპო ხორნაბუჯიც. ამის შემდეგ იგი ქალაქად აღარ იხსენიება XV საუკუნის ბოლოდან კამბეჩოვანი ქიზიყად იწოდება, ხოლო ხრონაბუჯი — ჭოეთად.

XVII საუკუნის დასაწყისში კახეთის მეფემ დავით I-მა მის წინააღმდეგ შეთქმული ძმა — გიორგი თორღის ციხეში გამოკეტა. შეთქმულების თვრამეტ მონაწილეთაგან კი ზოგს თავი მოკვეთეს, ზოგი კი ჭოეთის ციხიდან გადააგდეს.

XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის აბას I-ის მიერ კახეთის ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ ფეიქარ-ხანს. 1625 წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან გიორგი სააკაძემ გაათავისუფლა. აქვე მეფე თეიმურაზ I-ს დატყვევებული ჰყავდა მოწინააღმდეგე ჯავახიშვილთა ფეოდალური საგვარეულოს თავკაცები. რაც თავის მხრივ იმის მაჩვენებელია, რომ ციხესიმაგრე არაერთხელ იყო რესტავრირებული. XIII საუკუნეში ბერქა ყაენის მიერ დანგრეულ ნაგებობას ვერც ფეიქარ ხანი და ვერც თეიმურაზ მეფე ვერ გამოიყენებდა.
გაზიარება

Share

Comments
Details
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი