ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

9/3/2022

ომის დანაშაულები საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს

Comments

Read Now
 
Picture
ომის დანაშაულები - დანაშაულებათა სახე, რომელიც ჩადენილია შეიარაღებული კონფლიქტების მიმდინარეობის დროს. აღნიშნული დანაშაულები ძირითად შემთხვევაში არღვევენ ომის ან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კანონებსა და ნორმებს. ომის დანაშაულების უმეტესობა ჩადენილია არამებრძოლი, სამოქალაქო და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ომის დანაშაულებანი მოიცავს: მკვლელობებს, წამებას, გაუპატიურებას, მძევლად აყვანასა, იძულებით შრომას და ა. შ.

ომის დანაშაულები საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს

რომის სტატუტის თანახმად, ომის დანაშაულს წარმოადგენს იმ კანონებისა და ჩვეულებების მძიმე დარღვევები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების დროს, კერძოდ, ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება:


  • განზრახ თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, როგორც ასეთზე, ან ცალკეულ სამოქალაქო პირებზე, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში;
  • განზრახ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე, ე.ი. იმ ობიექტებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ სამხედრო სამიზნეს;
  • დარტყმების განზრახ მიყენება ჰუმანიტარულ დახმარებაში ან სამშვიდობო მისიაში გაეროს წესდების შესაბამისად მონაწილე პერსონალზე, ობიექტებზე, მასალებზე, ქვედანაყოფებზე ან სატრანსპორტო საშუალებებზე, სანამ მათ აქვთ დაცვის უფლება, რომელიც ენიჭება სამოქალაქო პირებს ან სამოქალაქო ობიექტებს შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
  • განზრახ თავდასხმა, როდესაც ცნობილია, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევს სამოქალაქო პირთა შემთხვევით დაღუპვას ან დაზიანებას ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას ანდა ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიან, ხანგრძლივ და მნიშვნელოვან ზიანს, რომელიც აშკარად იქნება აღმატებული კონკრეტული და უშუალოდ მოსალოდნელი საერთო სამხედრო უპირატესობაზე;
  • ნებისმიერი საშუალებით ქალაქებზე, სოფლებზე, საცხოვრებლებზე ან შენობებზე თავდასხმა ან მათი დაბომბვა, რომლებიც არ არიან დაცული და არ წარმოადგენენ სამხედრო სამიზნეს;
  • იმ მებრძოლის მოკვლა ან დაჭრა, რომელმაც დაყარა იარაღი ან აღარ გააჩნია დაცვის საშუალება და უსიტყვოდ დანებდა;
  • დროებით ცეცხლის შეწყვეტის აღმნიშვნელი ალმის, ეროვნული დროშის ანდა გაერო-ს ან მოწინააღმდეგის განმასხვავებელი სამხედრო ნიშნის და ფორმის, აგრეთვე ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული განმასხვავებელი ემბლემების არასათანადო გამოყენება, რამაც ადამიანთა სიკვდილი ან მათი მძიმე ფიზიკური დაზიანება გამოიწვია;
  • ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაყვანა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ან ოკუპირებული ტერიტორიის მთელი მოსახლეობის ან მისი ნაწილის დეპორტაცია ან გადაადგილება ამ ტერიტორიის საზღვრის ფარგლებში ან მის გარეთ;
  • რელიგიური, საგანმანათლებლო, ხელოვნების, სამეცნიერო ან საქველმოქმედო მიზნებისთვის განკუთვნილ შენობებზე, ისტორიულ ძეგლებზე, საავადმყოფოებზე ან ავადმყოფთა და დაჭრილთა თავშეყრის ადგილებზე დარტყმების განზრახ მიყენება, თუ ისინი არ წარმოადგენენ სამხედრო სამიზნეს;
  • მოწინააღმდეგის განკარგულებაში მყოფი პირების ფიზიკური დამახინჯება ან მათზე ნებისმიერი სახის სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება, რაც გაუმართლებელია აღნიშნული პირის სამედიცინო, სტომატოლოგიური ან სტაციონარული მკურნალობის თვალსაზრისით, ამასთან, არ ხორციელდება ამ პირის ინტერესებიდან გამომდინარე და იწვევს ამ პირის ან პირთა სიკვდილს ან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას;
  • მოწინააღმდეგე ერის ან მისი შეიარაღებული ძალების პირთა ღალატით მკვლელობა ან მათთვის ჭრილობის მიყენება;
  • იმის გამოცხადება, რომ არ იქნება არავითარი დანდობა;
  • მოწინააღმდეგის საკუთრების განადგურება ან ხელში ჩაგდება, თუ ეს განადგურება ან ხელში ჩაგდება განპირობებული არ იყო იმპერატიული სამხედრო აუცილებლობით;
  • იმის გამოცხადება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეთა უფლებები და სარჩელები სასამართლოში გაუქმებული, შეჩერებული ან მიუღებელია;
  • მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეთა იძულება, მონაწილეობა მიიღონ მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი ომის დაწყებამდე მეომარი მხარის სამსახურში;
  • ქალაქის ან ადგილმდებარეობის გაძარცვა, თუნდაც იერიშით აღებისას;
  • შხამიანი ნივთიერების ან მოწამლული იარაღის გამოყენება;
  • მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა აირების, აგრეთვე ყოველგვარი მსგავსი სითხის, მასალის ან საშუალების გამოყენება;
  • ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც ადვილად იხლიჩება ან ბრტყელდება ადამიანის სხეულში, როგორიცაა მყარგარსიანი ტყვიები, რომელთა გარსი არ ფარავს ტყვიის მთელ გულს ან აქვს ნასერები;
  • ისეთი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ტექნიკის, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევენ გადაჭარბებულ ზიანს ან გაუმრთლებელ ტანჯვას, ან იწვევს შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის განურჩეველ დარღვევას, ამასთან, თუ ასეთი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ტექნიკა, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ასეთი მეთოდები ექვემდებარება საყოველთაო აკრძალვას და შესწორების სახით შეტანილია წინამდებარე წესდების დანართში 121-ე და 123-ე მუხლების სათანადო დებულებების შესაბამისად;
  • ადამიანის ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;
  • გაუპატიურება, სექსუალური დამონება, პროსტიტუციის იძულება, იძულებითი ორსულობა, რაც განსაზღვრულია მე-7 მუხლის 2 პუნქტის (ფ) ქვეპუნქტით, ძალადობით სტერილიზაცია ან სქესობრივი ძალადობის სხვა სახე, რომელიც ასევე წარმოადგენს ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევას;
  • სამოქალაქო ან სხვა დაცული პირის თანდასწრების გამოყენება ცალკეული პუნქტების, რაიონების ან შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებებისგან დაცვის მიზნით;
  • დარტყმების განზრახ მიყენება იმ შენობებზე, მასალებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე ან სატრანსპორტო საშუალებებზე და პერსონალზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იყენებენ ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებულ განმასხვავებელ ემბლემებს;
  • ომის წარმოების საშუალების სახით სამოქალაქო მოსახლეობაში შიმშილის განზრახ გამოწვევა სასიცოცხლო მნიშვნელობის საგნების ჩამორთმევით, მათ შორის ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული დახმარების გაწევისათვის განზრახ ხელის შეშლა;
  • თხუთმეტი წლის ასაკამდე ბავშვების გაწვევა ან შეგროვება ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის ან მათი გამოყენება სამხედრო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.

ომის დანაშაულის თანამედროვე ცნების ჩამოყალიბება

ომის დანაშაულების ცნების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდებამ, სადაც ომის დანაშაულებანი განიმარტა, როგორც ომის კანონების ან ადათ-წესების დარღვევა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი სახის დანაშაულებით: მკვლელობა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სამოქალაქო მოსახლეობისადმი არასათანადო მოპყრობა, მათი დეპორტაცია მონური შრომის გამოყენების მიზნით ან ნებისმიერი სხვა მიზნით, სამხედრო ტყვეებისადმი არასათანადო მოპყრობა, მათი მკვლელობა, მძევლების მკვლელობა, საზოგადოებრივი ან კერძო საკუთრების ძარცვა, ქალაქების, დასახლებების ან სოფლების განადგურება, რომლებიც არ გამომდინარეობდა სამხედრო აუცილებლობით.

ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ, პირველად განისაზღვრა, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულებისათვის, მათ შორის ომის დანაშაულებისათვის, პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლებელია და უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად. პირველად განხორციელდა სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულების ჩადენისთვის. ტრიბუნალის წესდების თანახმად, საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულებები ჩაიდინეს კონკრეტულმა პირებმა და არა აბსტრაქტულმა წარმონაქმნებმა, შესაბამისად მხოლოდ იმ პირების დასჯით, რომლებიც ამგვარი დანაშაულების ჩადენაში არიან მხილებულნი, შესაძლებელი იქნება მომავალში საერთაშორისო სამართლის დებულებების შესრულება. ასევე, ნიურნბერგის პროცესზე პირველად იქნა გამოყენებული პრინციპი, რომლის თანახმადაც პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება პირი, რომელიც ასრულებდა დანაშაულებრივ ბრძანებას.

ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდებით ჩამოყალიბებული ზემოაღნიშნული პრინციპები, რომლებიც ასევე აისახა ტრიბუნალის განაჩენში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 1946 წლის 11 დეკემბერს და 1947 წლის 27 ნოემბერს მიღებული რეზოლუციებით აღიარა საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპებად.

ნიურნბერგის პროცესზე აღიარებული პრინციპები, საფუძვლად დაედო 1968 წელს მიღებულ კონვენციას „სამხედრო დანაშაულთა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა მიმართ ხანდაზმულობის ვადის გამოუყენებლობის შესახებ“.

1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციები
შემდგომ ნაბიჯს, ომის დანაშაულების ცნების ჩამოყალიბებაში, წარმოადგენდა 1949 წლის 12 აგვისტოს მიღებული ჟენევის ოთხი კონვენცია. ჟენევის კონვენციების შემუშავებამ შესაძლებელი გახადა ომის დანაშაულების მასშტაბების გარკვევა. ჟენევის 1949 წლის კონვენციები და მათი დამატებითი ოქმები, განსაზღვრავენ ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების მიმდინარეობის წესებს და იცავენ იმ პირთა უფლებებს, რომლებიც არ მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში.

ჟენევის პირველი კონვენციით, მოქმედ არმიაში დაჭრილთა და ავადმყოფთა ხვედრის გაუმჯობესების შესახებ, იკრძალება სამხედრო ნაწილების დაჭრილი და ავადმყოფი მებრძოლების, სამხედრო ტყვეებსა და მშვიდობიან მოსახლეობის სიცოცხლის ხელყოფა და მათი წამება. აღნიშნული პირები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სათანადო სამედიცინო მომსახურებითა და მოვლით.

ჟენევის მეორე კონვენცია შეეხება, ზღვაში შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან დაჭრილთა, ავადმყოფთა და გემის დაღუპვის შედეგად წყალში აღმოჩენილ პირთა ბედის გაუმჯობესებას.

ჟენევის 1949 წლის მესამე კონვენციით კი, რომელიც შეეხება ტყვეთა რეჟიმს, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, სამხედრო ტყვეობაში აღმოჩენილ პირებს, განსაზღვრულია რომ ზემოაღნიშნულ პირებს უნდა მოეპყრონ ჰუმანურად, დაიცვან მათი ღირსება, უზრუნველყონ შესაბამისი საკვებით. დაუშვებელია ტყვეების წამება, მათზე ძალადობა და შეურაცხყოფის მიყენება. კონვენციის თანახმად, ანალოგიური მოპყრობაა განსაზღვრული იმ პირთათვის, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ საომარი მოქმედებების მიმდინარეობის პერიოდში, მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, მაგალითად ჟურნალისტები და ექიმები.

ჟენევის მეოთხე კონვენცია, ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ, ფოკუსირებულია ომის დროს სამოქალაქო პირების უფლებების დაცვაზე. კონვენციის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, ყოველთვის უნდა განასხვაონ ერთმანეთისგან სამხედრო პირები და მშვიდობიანი მოსახლეობა. მხარეებმა ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენონ, რათა კონფლიქტის მიმდინარეობის მიუხედავად, სამოქალაქო პირებს შეუნარჩუნდეთ ნორმალური ცხოვრების პირობები, დაცულნი იყვნენ სიცოცხლის ხელყოფის, წამების, ძარცვის, რეპრესიებისა და ტყვეობისაგან.

რომის წესდება

1998 წლის 17 ივლისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უფლებამოსილ წარმომადგენელთა დიპლომატიურ კონფერენციაზე მიღებულ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მე-8 მუხლში გაიწერა ომის დანაშაულებანის კრისტალიზებული, უნივერსალური და ზუსტი ფორმულირება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ომის დანაშაულები“ ნიშნავს, 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევებს, კერძოდ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც მიმართულია იმ პირების ან საკუთრების წინააღმდეგ, რომლებიც დაცულნი არიან ჟენევის კონვენციის შესაბამისი დებულებით. ასეთ ქმედებებს განეკუთვნება: განზრახ მკვლელობა; წამება ან არაადამიანური მოპყრობა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერიმენტები; მძიმე ტანჯვის, სხეულის მძიმე დაზიანების ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება; საკუთრების უკანონო, უაზრო და ფართომასშტაბიანი განადგურება და მითვისება, რაც არ არის გამართლებული სამხედრო აუცილებლობით; სამხედრო ტყვის ან სხვა დაცული პირის იძულება, იმსახუროს მოწინააღმდეგე სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში; სამხედრო ტყვის ან სხვა დაცული პირისთვის სამართლიანი და ნორმალური სასამართლო განხილვის უფლების განზრახ ჩამორთმევა; უკანონო დეპორტაცია ან გადაადგილება ან უკანონო თავისუფლების აღკვეთა; მძევლების აყვანა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

1998 წლის 17 ივლისს ქალაქ რომში, 120 სახელმწიფოს მიერ მიღებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამაარსებელი „რომის სტატუტის“, 2002 წლის 1 ივლისს ძალაში შესვლის შედეგად, დაარსდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), რომლის მთავარ დანიშნულებას საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობისთვის ბოლოს მოღება და მსგავსი დანაშაულებების თავიდან აცილების ხელშეწყობა წარმოადგენს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იურისდიქციას ახორციელებს იმ დანაშაულთა მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებით. ასეთი სახის დანაშაულებს კი წარმოადგენს: გენოციდი; კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშული; ომის დანაშაული და აგრესიის დანაშაული.
გაზიარება

Share

Comments
Details
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი