ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

16/2/2022

ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტები

Comments

Read Now
 
Picture
 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელი ადამიანის უფლებების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უკავშირდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩამოყალიბებისას, მის წესდებაში ასახული მიზნებიდან და პრინციპებიდან ერთერთს წარმოადგენდა ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტაში საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემის ხელშეწყობა და განვითარება. წესდებაში ამ მიზნის ასახვა იყო რეაქცია ადამიანის უფლებათა მასობრივ და  უხეშ დარღვევებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის წინარე პერიოდსა და მიმდინარეობისას.

1948 წლის 10 დეკემბერს, პარიზში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ წინააღმდეგი ხმის გარეშე მიიღო ადამიანის უფლებათა ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელმაც პირველად შეაჯერა მთელი მსოფლიოს ერების ისტორიული და კულტურული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში და შექმნა ადამიანის უფლებების უნივერსალური სტანდარტი. დეკლარაციის მიღება ელეანორ რუზველტის სახელს უკავშირდება, რომელმაც მას “ყველა ადამიანის საერთაშორისო მაგნა კარტა” უწოდა. მიუხედავად დეკლარაციის შექმნისათვის არსებული მცირე დროისა, მასში არ გამორჩენილა არცერთი ის პრინციპი და ნორმა, რომლებიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროდან, ჰუმანიტარული განვითარების ოქროს ფონდს შეადგენენ. დოკუმენტი იწყება ყველა ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის აღიარებითა და დისკრიმინაციის აკრძალვით და მოიცავს ისეთ უფლებებს, როგორებიცაა სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება, წამების აკრძალვა, კანონის წინაშე თანასწორობა და სხვა. აღსანიშნავია, რომ დეკლარაცია თავისთავად სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტი არ არის, თუმცა მას გააჩნია დიდი მორალური ძალა. საქართველო გაეროს წევრი 1992 წელს გახდა.

1966 წლის 16 დეკემბერს, ნიუ იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი. აღნიშნული დოკუმენტები ფაქტორბივად ყველა იმ უფლებას მოიცავს, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშია მოცემული, გარდა საკუთრების უფლებისა და დეკლარაციასთან ერთობლიობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილად მოიხსენიება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ არის, ასევე, მიღებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა. პირველად კაცობრიობის ისტორიაში სახელმწიფოები შეთანხმდნენ წამების განსაზღვრებაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მისი აკრძალვის აბსოლუტური ხასიათი და იკისრეს ეფექტიანი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სასამართლო და სხვა ღონისძიებების მიღება მათი იურისდიქციის ფარგლებში წამების ფაქტების თავიდან ასაცილებლად.

გაეროს ეგიდით მიღებულ დოკუმენტებს შორისაა, ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი აქტები, როგორებიცაა კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია, საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ.

ადამიანის უფლებათა უკეთ დასაცავად არსებობს ე.წ. ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონული სისტემები, რომელთაც თან ახლავს უპირატესობათა მთელი რიგი. მაგალითად ასეთ სისტემაში ჩაბმულია შედარებით ნაკლები სახელმწიფო რაც აადვილებს პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევას როგორც ტექსტთან, ასევე მონიტორინგის/აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპის საბჭო და მისი ეგიდით მიღებული საერთაშორისო აქტები ადამიანის უფლებათა შესახებ.

ევროპის რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანის უფლებათა დოკუმენტს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (იგივე ევროკონვენცია) წარმოადგენს, რომელსაც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს რომში, 1950 წლის 4 ნოემბერს. კონვენციის ტექსტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან უფლებებს, როგორებიცაა სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, შეკრების და გამოხატვის, ასევე, რელიგიის თავისუფლება და სხვა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ მან დააარსა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო (ე.წ. სტრასბურგის სასამართლო, მისი განლაგების ადგილის მიხედვით), რომლის ფარგლებშიც ინდივიდებს შეუძლიათ ედავონ ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს მის ტერიტორიაზე კონვენციით აღიარებული უფლებების დარღვევაზე. საქართველო კონვენციას 1999 წელს მიუერთდა.

ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, განსაკუთრებით კი მედიცინის და გენეტიკური მეცნიერებების განვითარება სულ უფრო მეტ კითხვებს აჩენს ადამიანის უფლებების კუთხით. ადამიანის გენებზე მანიპულაცია, ქსოვილების და ორგანოების გადანერგვა  დაკავშირებულია რისკებთან, რომელთა საპასუხოდაც 1997 წლის 4 აპრილს ევროპის საბჭომ მიიღო კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ, რომლის მიზანია ადამიანის, ინდივიდის დაცვა უკონტროლო და არაეთიკური სამედიცინო ჩარევისა და ექსპერიმენტებისაგან. საქართველომ აღნიშნული კონვენციის რატიფიკაცია 2000 წელს განახორციელა.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი