ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

6/4/2022

საქართველოს კონსტიტუცია - სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა (თავი მეექვსე)

Comments

Read Now
 
Picture
სასამართლო ხელისუფლება

1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები.

2. საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

3. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია. საერთო სასამართლოებში საქმეებს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საერთო სასამართლოების სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით.

2. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

3. საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

4. საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:

ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე;

გ) საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი ვარაუდით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას;

დ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს დავას შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის სარჩელის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის სარჩელის ან წარდგინების საფუძველზე იხილავს საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხს;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იხილავს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს;

ზ) პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან შესაბამისი პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხს;

თ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს რეფერენდუმის ან არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას;

ი) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით;

კ) ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას.

6. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამისი არჩევნების თვემდე 15 თვის განმავლობაში არ არის მიღებული.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე საკონსტიტუციო სამართალწარმოების და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

საქართველოს უზენაესი სასამართლო

1. საქართველოს უზენაესი სასამართლო არის საკასაციო სასამართლო.

2. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

სამართალწარმოება

1. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

2. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შემსუბუქების სხვა წესი განისაზღვრება კანონით.

3. სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.

4. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი.

5. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

მოსამართლე

1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.

2. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში − საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან საკონსტიტუციო სასამართლო არ მისცემს თანხმობას, თავისუფლებაშეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

4. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

5. საერთო სასამართლოს მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოსამართლის შეუცვლელობა გარანტირებულია ორგანული კანონით. სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.

6. საერთო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საერთო სასამართლოს მოსამართლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ორგანული კანონით. საერთო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლე შეირჩევა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით. გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

1. საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საერთო სასამართლოების სისტემის ორგანო − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში შედიან 4 წლის ვადით განწესებული 14 წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოსამართლეთაგან არჩეული წევრები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, შედიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი და პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩეული წევრები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან ორგანული კანონით დადგენილი წესით 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო მის მიერ არჩეულ წევრთაგან.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს წინაშე. ანგარიშგების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

პროკურატურა

1. საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.

2. პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი, რომელსაც 6 წლის ვადით საპროკურორო საბჭოს წარდგინებით ორგანული კანონით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

3. პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საპროკურორო საბჭო, რომელიც შედგება ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისაგან. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით ირჩევს საპროკურორო საბჭო.

4. პროკურატურა ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტს თავისი საქმიანობის ანგარიშს.

5. პროკურატურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი