ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

13/12/2021

ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის - მოღვაწეობის ისტორია

Comments

Read Now
 
Picture
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ შეიქმნა 1996 წლის 18 მარტს. 

ორგანიზაციის შექმნის ინიციატორები იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების მიერ 80-იან წლებში ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისათვის დაპატიმრებული და გასამართლებული პირები. ორგანიზაციის წევრობა შეუძლიათ არა მხოლოდ ყოფილ პოლიტპატიმრებს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს წესდების მოთხოვნებს და აღიარებს მის მიზნებსა და ამოცანებს. ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში, განსახორციელებელი პროექტების მოცულობის მიხედვით, სისტემატურად ჩართულია რამდენიმე ათეული ადამიანი.


ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია:

  • სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა
  • უფლებების შელახვის ფაქტების გამოვლენა და შეტყობინება ადგილობრივი და უცხოური უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის მთი აღმოფხვრის მიზნით. 
  • იმ საკანონმდებლო აქტებზე მუშაობა, რომელიც უშუალოდ ეხმიანება ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის საკითხებს,
  • საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პრობლემატიკის აქტუალიზაცია.

ორგანიზაციამ არსებობის 25 წლის მანძილზე განახორციელა რამდენიმე ათეული პროექტი, რომელთა შორის აღსანიშნავია:

  • ,,სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრებისთვის“ (1996-1997) - პროექტი ითვალისწინებდა ყოველთვიური ბიულეტენების გამოცემას ქართულ და ინგლისურ ენებზე. ბიულეტენებში საუბარი იყო საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების კონკრეტულ ფაქტებზე, აგრეთვე განხილული იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების თეორიული ასპექტები. პროექტის თანადამფუძნებლები იყვნენ აშშ-ს საელჩოს დემოკრატიული კომისია და ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო“. 
 
  • ,,სემინარები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის“ (1996-1997) - პროექტი ითვალისწინებს სემინარების ჩატარებას ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემატიკით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურისტებისთვის. პროექტი დააფინანსა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ. 
 
  • ,,როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები“ (1997-1998) - პროექტი ითვალისწინებს ამავე სახელწოდების ბროშურის გამოცემას, აგრეთვე სემინარების ჩატარებას ადამიანის უფლებათა დავის პრობლემატიკისადმი მიძღვნილ საკითხებზე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების პოლიციის რაიონულ განყოფილებებში. პროექტი ძირითადად დააფინანსა ევრაზიის ფონდმა (თანადამფინანსებელი ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო“).
 
  • 1997-1998 წლებში ორგანიზაციის ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების 4 კონფერენცია.
 
  • 1998 წელს გაეროს განვითარების პროგრამების საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა ჩვენს ორგანიზაციაში დამუშავებული ბროშურა ,,ადამიანის უფლებები საქართველოში: კრიტიკული ანალიზი“.
 
  • ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის“ (დამფინანსებელი -კანადის საელჩო საქართველოში. 1998-1999) პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ყოველთვიური ბიულეტენების გამოცემას ქართულ და ინგლისურ ენებზე. 
 
  • 1999 წელს ორგანიზაცია მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით დაწყებულ და იტალიური საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ნუოვა ფრონტიერას“ ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელ პროექტებში. პროექტი ითვალისწინებდა მსჯავრდებულთა დასაქმებას, ხოლო ჩვენი ორგანიზაციის წარომადგენელთა ფუნქცია იყო დასაქმების პერიოდში პატიმართა უფლებების დაცვის მონიტორინგი.
 
  • 1999-2000 წლებში ორგანიზაციამ განახორციელა რამდენიმე პროექტი, რომლებიც ითვალისწინებდნენ მსჯავრდებულის უფლებების დაცვასთან და მათი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ აქტივობებს (ინგლისური ენის სწავლება მსჯავრდებულთათვის, მათთვის ყოველთვიური ბიულეტენების გამოცემა და 4 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში საქართველოს ახალი კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე სემინარების ჩატარება). პროექტებს აფინანსებდნენ: ქართული ფონდი ,,ჰორიზონტი“, საერთაშორისო ორგანიზაციები: Oxfam-ი და Penal Reform International-ი.
 
  • 2000 წელს ორგანიზაციამ დაასრულა ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტი ,,როგორ დავნერგოთ საქართველოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები“, რომელიც ითვალისწინებდა საერთაშორისო ორგანიზაციის Penal Reform International-ის მიერ 1995 წელს ჰოლანდიაში გამოცემული სახელმძღვანელოს Making Standards Work”-ის ქართულ ენაზე თარგმნას და გამოცემას. სახელმძღვანელო  (,,პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტები“) ქართულ ენაზე გამოიცა 2000-იანი ტირაჟით.
 
  • ,,სემინარები პოლიციის განყოფილებებში“ - დააფინანსა ფონდმა ,,ჰორიზონტმა“. პროექტი ითვალისწინებდა სემინარების ჩატარებას პოლიციის 15 რაიონულ განყოფილებაში.
 
  • მსჯავრდებულთა დახმარება - 2000 წელს განხორციელებული პროექტი ითვალისწინებდა მსჯავრდებულთათვის უფასო იურიდიული დახმარების აღმოჩენას მათი უფლებების დაცვის მიზნით. დახმარება ითვალისწინებდა როგორც ზედამხედველობის წესით სასჯელის გასაჩივრებას, ისე კონკრეტული კანონიერი შეღავათების მიღებისათვის განცხადებების შედგენას. პროექტი ითვალისწინებდა აგრეთვე მსჯავრდებულთა ოჯახების წევრებისათვის უფასო სამართლებრივ დახმარებას. პროექტი დააფინანსა ფონდმა ,,ღია საზოგადოება საქართველომ“. 
 
  • უფლებადაცვითი ორგანიზაციების ქსელის შექმნა (2001) - პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უფლებადაცვითი ორგანიზაციების ქსელის შექმნას და მათი საქმიანობის კოორდინაციას. პროექტი დაფინანსებულია COLPI-ს მიერ. 
 
  • სამაგალითო სასამრთლო გადაწყვეტილებები (2002) - პროექტი ითვალისწინებდა ქართულ და ინგლისურ ენებზე უზენაესი სასამართლოს მიერ გასული წლის იმ სასამრთლო გადაწყვეტილებების წიგნად გამოცემას, რომლებშიც გამოყენებული იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები. პროექტი დააფინანსა ამერიკის იურისტთა ასოციაციამ (ABA).
 
  • მონიტორინგი და ტრენინგები პოლიციის განყოფილებებში (2002) - დაფინანსებულია ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ. 
 
  • სამოქალაქო საზოგადოება და ეროვნული უმცირესობები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში  (2002) - დაფინანსებულია ევროპის საბჭოს მიერ.
 
  • 2003-2004 წლებში - წამების პრევენცია საქართველოში: ხელისუფლება, საზოგადოება და წამების მსხვერპლნი (წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია) - დაფინანსებულია ევროპული კომისიის მიერ.

ორგანიზაციის წევრები სისტემატურად აწყობენ ან ესწრებიან საქართველოსა და უცხოეთში  (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, უნგრეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვ.) ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემატიკისადმი მიძღვნილ სხვადასხვა სემინარებსა და კონფერენციებს.

ორგანიზაცია არსებობის პერიოდში სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე ქართულ (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 21-ე საუკუნე, კავკასიის ინსტიტუტი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, სამართლიანი არჩევნები, ქალთა კლუბი ,,პეონი“ და სხვ.) და უცხოურ (Amnesty International, Human Rights Watch, Penal Reform International, პოლონეთის ,,ჰელსინკის ფონდი“, სომხეთის ორგანიზაცია ,,სამართლებრივი განუკითხაობის წინააღმდეგ“ და ,,აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“) არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

ორგანიზაციამ სხვადასხვა წელს გამოსცა ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სხვადასხვა წიგნი და ბროშურა:


  • ,,როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები“,
  • ,,ადამიანის უფლებები საქართველოში: კრიტიკული ანალიზი“,
  • ,,პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტები“, 
  • ,,სახელმძღვანელო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის“,
  • ,,საქართველოს ციხეები (ყველაფერი პატიმრობის შესახებ)“,
  • ,,თავისუფლების აღკვეთა: საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები“,
  • ,,შევაჩეროთ წამება“, 
  • ,,ადამიანის უფლებათა დაცვის სამაგალითო სასამართლო გადაწყვეტილებები“,
  • ,,პოლიცია და საზოგადოება.“

სხვადასხვა წლებში ორგანიზაციის გამოცემებში გამოქვეყნებული მასალები

,,არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს“
(ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 3)
2002 წ.

საქართველოში დღეისათვის გავრცელებულ ადამიანის უფლებათა დარღვევების ტიპებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საშიშია დაკავებულთა წამება და სასტიკი, არაადამიანური მოპყრობა. არადემოკრატიულ ან ახალი დემოკრატიის ქვეყნებში სამართალდამცავების მხრიდან ამ მეთოდით ურთიერთობა თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან დამკვიდრებული ტრადიციის ნაწილია და მის აღმოფხვრას ჯერ კიდევ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ამის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა თვითონ სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებაა. რაც არის ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს კონკრეტული და რეალური ნაბიჯები გადადგას მოქალაქეთა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტების მინიმუმამდე შემცირებისათვის. დღეისათვის საქართველოში ხშირად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ხდება მოქალაქეთა უკანონო დაკავება, დაკავების დროის არაზუსტი დაფიქსირება, დაკავებულებს არ განემარტებათ საკუთარი უფლებები, ირღვევა ადვოკატის დროულად დაშვებისა და ახლობლებთან დაკავშირების უფლებები. საპროცესო წესების დარღვევით, უსაფუძვლოდ ხდება ჩხრეკა, ნარკოლოგიურ დისპანსერებში ადამიანთა წარდგენა და ასე შემდეგ. ძალზე მძიმე პირობებია წინასწარი დაკავების საკნებში. სადაც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, , საპყრობილეში გადაყვანამდე 72 საათის განმავლობაში ამყოფებენ დაკავებულ პირებს. 2002 წლის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა 300-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც დაკავებულები 72-საათიანი ვადის დარღვევით ან სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით გადაჰყავდათ წინასწარი დაკავების საკნებიდან საპყრობილეებში. სამწუხაროდ, ასეთი დარღვევები აღმოჩენილია საქართველოს ყველა რეგიონსა და რაიონში (მეტ-ნაკლებად). ამასთან, ჩვენში არსებული წინასწარი დაკავების საკნების პირობებში 72-საათიანი უბრალოდ ყოფნაც კი (თუნდაც ყოველგვარი ფიზიკური ზემოქმედების გარეშე) უკვე წარმოადგენს დაკავებულის წამების ერთ-ერთ ფორმას. ბევრ ასეთ საკანში, (ე.წ. კაპეზე-ში) არც ფანჯარაა და არც სინათლე და არც სისუფთავე. რაც შეეხება ლოგინს, იგი არცერთ წინასწარი დაკავების საკანში არ არის და თუ ჭირისუფალს პოლიციამ ლეიბისა და საბნის გადაცემაზე უარი უთხრა დაკავებული ხის ან ცემენტის იატაკზე ატარებს 72 საათს. 
პოლიციის განყოფილებაში არსებულ მძიმე მდგომარეობას ხელს უწყობს სისტემის დახურულობა, მონიტორინგის განხორციელების სირთულეები და საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობა საკუთარ უფლებებსა და შესაძლებლობებში. პოლიციის განყოფილებაში დაკავებულთა წამების იმ ცალკეული ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებსაც პერიოდულად ააშკარავებენ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციები ან ჟურნალისტები, არა აქვს სისტემატიზირებული და თანმიმდევრული ხასიათი, რის გამოც ასეთი ფაქტების აღმოფხვრის მიმართულებით ყველა ძალისხმევა მნიშვნელოვნად ვერ ცვლის გაბატონებულ მანკიერ სისტემას. საბჭოთა პერიოდიდან დამკვიდრებული ანტაგონისტური დამოკიდებულება სამართალდამცავ ორგანოებსა და  საზოგადოებას შორის, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. 

წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპულმა კომიტეტმა საქართველოს მთავრობისადმი წარმოდგენილ მოხსენებაში (რომელიც ეხებოდა ამ კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტის შედეგებს საქართველოში) პირდაპირ მიუთითა: ,,კომიტეტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოში ეჭვმიტანილ პირებს პოლიციის მიერ დაკავების ან/და პოლიციაში მათი ყოფნის პერიოდში (განსაკუთრებით დაკითხვის დროს) ემუქრებათ სერიოზული საფრთხე იმისა, რომ მათ მიმართ შეიძლება ადგილი ჰქონდეს არამართებულ და ზოგიერთ შემთხვევაში უხეშ ფიზიკურ მოპყრობას და წამებას.“    წამებისა და ღირსებაშემლახავი მოპყრობისგან ერთ-ერთი ეფექტური საშუალება მოქალაქეებისათვის არის იმ უფლებებისა და მოვალეობების ცოდნა, რომელიც განსაზღვრულია როგორც საერთაშორისო ნორმებით, ისე საქართველოს კანონმდებლობით. ამ ნორმათა ცოდნისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გარეშე თითოეული მოქალაქე დაუცველი იქნება იმ სამართალდამცველი ჩინოვნიკების ძალმომრეობისგან,  რომლებიც აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას და ცდილობენ შელახონ მოქალაქეთა კანონიერი უფლებები და ინტერესები. აღნიშნულ ნორმათა მოქალაქეთათვის უკეთ გაცნობისა და გამოყენების მიზნით ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნდა და გავრცელდა ამონაკრები საქართველოს კანონმდებლობიდან, რომელთა შესრულება სავალდებულოა თითოეული სამართალდამცველისათვის. აღნიშნული ამონაკრები შესრულებულია სავიზიტო ბარათების ფორმის ფურცლებზე და მოხერხებულია ჯიბით სატარებლად. 

დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში თქვენი უფლებებია:

1. დამკავებელი ვალდებულია წარმოგიდგინოთ თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. დაკავებისთანავე უნდა განგიმარტონ დაკავების საფუძველი და თქვენი უფლებები. კერძოდ, დუმილისა და ადვოკატის მოთხოვნის უფლებები.
2. სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე უნდა შედგეს დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება: დაკავების დრო, ვითარება და საფუძველი, რაში ხართ ეჭვმიტანილი, პოლიციაში მიყვანის საათი.
3. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს თქვენს ახლობლებს დაკავების ადგილსამყოფელი სრულწლოვანის დაკავებიდან სუთ საათში, არასრულწლოვანის დაკავებიდან-სამ საათში. 
4. პიროვნების დადგენა პოლიციაში ან პროკურატურაში უნდა დამთავრდეს მიყვანიდან 12 საათში. პიროვნების დადგენისთანავე გამოტანილი უნდა იქნეს დასაბუთებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების, ან მისი გათავისუფლების შესახებ.
5. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ დადგენილება დაუყოვნებლივ უნდა გეცნობოთ ხელწერილით და განგემარტოთ თქვენი, როგორც ეჭვმიტანილის, უფლებები.
6. დაკავებიდან 48 საათში წაგიყენონ ბრალდება, მომდევნო 24 საათში მოსამართლემ უნდა დაადასტუროს თავისუფლების აღკვეთის კანონიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებიდან 72 საათში უნდა გაგათავისუფლონ. 
7. უფლება გაქვთ მოითხოვოთ, რომ დაკითხვა მოხდეს მხოლოდ თქვენი შერჩეული ადვოკატის თანდასწრებით. უფლება გაქვთ უარი თქვათ ჩვენების მიცემაზე.
8. დაუშვებელია თქვენზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედება ჩვენების გამოძალვის მიზნით. ეჭვმიტანილად პირველივე დაკითხვის შემდეგ უფლება გაქვთ მოითხოვოთ გადაუდებელი უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა.
თქვენს უფლებებს იცავს საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველოს კონსტიტუცია (17,18 და 42 მუხლები), სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (თავი XX) და სხვა საკანონმდებლო აქტები.
თუ სამართალდამცავები შელახავენ თქვენს უფლებებს , შეგიძლიათ იჩივლოთ სასამართლოში ან ზემდგომ თანამდებობის პირთან, ასევე მიმართოთ სახალხო დამცველს ან სხვადასხვა უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს. 


პოლიციელთა უფლებები და მოვალეობები

(საკანონმდებლო რეგულირება 2003 წ.)

სამართალდამცავი სტრუქტურები მოწოდებული არიან დაიცვან სახელმწიფოს შიდა წესრიგი, საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდგომარეობა და მოქალაქეთა უსაფრთხოება. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ქვეყანაში შეინიშნება პრობლემები საზოგადოებასა და პოლიციას შორის ურთიერთობაში. რადგან მუდამ არსებობს გარკვეულის აფრთხე, რომ სამართალდამცავებისადმი კანონით მინიჭებული ძალაუფლება მათი ცალკეული წარმომადგენლების მიწერ შეიძლება გამოყენებული იქნას პირადი ინტერესების დაცვისა და მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვისათვის. ასეთი ფაქტების სიმრავლე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დემოკრატიულია სახელმწიფო და რამდენად და რამდენად კონტროლდება ძალაუფლებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეების ქმედება საზოგადოების მხრიდან. დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ყველა სახელმწიფო ცდილობს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის რეგლამენტაცია მოახდინოს არა მხოლოდ დემოკრატიული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული შიდა კანონმდებლობით, არამედ გაითვალისწინოს და გაიზიაროს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებში (პაქტები, კონვენციები, დეკლარაციები...) ჩამოყალიბებული ნორმები, პრინციპები და დებულებები.
საზოგადოების მიერ სამართალდამცავთა  უფლება-მოვალეობების მართებულად გამოყენების გაკონტროლების ხარისხი დამოკიდებულია, ერთი მხრივ, მოქალაქეთა გათვითცნობიერებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ცოდნის ცხოვრებაში აქტიურად გამოყენების ხარისხზე. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას და თვით სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა შორის ამ უფლება-მოვალეობების შესახებ  ცოდნის ფართოდ გავრცელებას და მათ გათავისებას , რადგან ასეთი ცოდნის გარეშე ჯეროვნად ვერ იქნება დაცული ვერც საზოგადოებისა და ვერც პოლიციელთა უფლებები. 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევრაზიის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით 2002-2003 წლებში განახორციელა პროექტი სახელწოდებით: ,,პოლიციელთა უფლებები და მოვალეობები,“ რომლის მიზანი იყო საქართველოს პოლიციის მუშაობის პირობების შესწავლა, მონიტორინგი, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა პოლიციის განყოფილებებში განთავსებული წინასწარი დაკავების ადგილების პერიოდული მონიტორინგი, აგრეთვე ტარდებოდა სემინარები ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში (სულ სემინარები ჩატარდა პოლიციის 45 ქვეგანყოფილებაში). 


სამართალდამცავი თანამდებობის პირების ქცევის კოდექსი

(გაეროს გენერალური ანსამბლეის 1979 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციიდან)

სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირი წარმოადგენს მთლიანად საზოგადოებას და პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. ამიტომ, სამართალდამცავი თანამდებობის პირების ქცევა უნდა იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი საზოგადოების მხრიდან, რაც შეიძლება განხორციელდეს საბჭოს, სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს, ომბუდსმენის, მოქალაქეთა ასოციაციის მიერ ან ამ ორგანოთა   ნებისმიერი შერწყმით. 
სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირი წარმოადგენს მართლმსაჯულების ნაწილს, რის გამოც თითოეული თანამდებობის პირის ქცევა ზეგავლენას ახდენს მთელ სისტემაზე, მის ავტორიტეტზე. 
სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირის ქვემოთ ქვემოთ ჩამოყალიბებულ ნორმებს არ ექნებათ პრაქტიკული ღირებულება მანამ, სანამ მათი შინაარსი და მნიშვნელობა სწავლებისა და მომზადების, აგრეთვე კონტროლის განხორციელების გზით არ იქცევა სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირის კრედოდ.
1. ტერმინი ,,სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირი“ მოიცავს ყველა დანიშვნით ან არჩევით პირს, რომელიც აღჭურვილია პოლიციური ძალაუფლებით, განსაკუთრებით დაკავების ან დაპატიმრების ძალაუფლებით. იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციურ ძალაუფლებას ახორციელებენ აგრეთვე სამხედრო ხელისუფალნი, ანდა სახელმწიფო უშიშროების ძალები, სამართალდამცავი პირის ცნება მოიცავს ამ სამსახურების თანამდებობის პირებსაც.
2. თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, სამართალდამცავი თანამდებობის პირები  პატივს სცემენ და იცავენ ადამიანის ღირსებას და მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ თითოეული ადამიანის უფლებებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია საერთაშორისო დეკლარაციებში და კონვენციებში.
3. სამართალდამცავი თანამდებობის პირებს შეუძლიათ გამოიყენონ ფიზიკური ძალა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში და იმ ზომით, რაც საჭიროა მათი მოვალეობის შესასრულებლად. უკიდურესად აუცილებელ მდგომარეობად ჩაითვლება: ა) დანაშაულის აღკვეთა, ეჭვმიტანილის მართლზომიერი დაკავება და ბ) სამართალდამრღვევის ან სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილი პირის მართლზომიერი დაკავება ან გ)დაკავებისას დახმარების აღმოჩენა.
4. სამართალდამცავ თანამდებობის პირებს შეუძლიათ გამოიყენონ შეიარაღებული ძალა  (ცეცხლსასროლი იარაღი) როგორც უკიდურესი ზომა. როგორც წესი, ცეცხლსასროლი იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული, გარდა ორი შემთხევისა: ა) როდესაც სამართალდამრღვევი ან ეჭვმიტანილი სამართალდამრღვევი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს ან სხვაგვარ საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ბ) როდესაც სხვა ნაკლებ უკიდურესი ზომები არ არის საკმარისი მათ დასაშოშმინებლად და დასაკავებლად.   
5. სამართალდამცავი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საპატიმროში მოთავსებული პირის ჯანმრთელობის სრული დაცვა, კერძოდ მიიღონ დაუყოვნებელი ზომები სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, როდესაც ასეთს ითხოვენ. ამასთან, სამართალდამცავმა თანამდებობის პირებმა უნდა გაითვალისწინონ საპატიმროს სამედიცინო პერსონალის აზრი გარედან მათთან უშუალო ურთიერთობაში არმყოფი სამედიცინო პერსონალის მოწვევის შესახებ, კონსულტაციის მისაღებად ან სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. 
6. კანონი მთელი სიმკაცრით უნდა იქნას გამოყენებული ნებისმიერი იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომელიც მხილებული იქნება კორუფციაში, რადგანაც ხელისუფლება ვერ მოსთხოვს მოქალაქეებს კანონისადმი მორჩილებას თუ მას არ შეუძლია კანონის შესრულება მისივე წარმომადგენლის მხრიდან.
7. სამართალდამცავი თანამდებობის პირები პატივს სცემენ კანონს და ამ კოდექსს. თუ ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა ითვალისწინებს უფრო მკაცრ წესებს, ვიდრე ამ კოდექსის დებულებები, მაშინ მოქმედებს პირველი. 
8. სამართალდამცავი თანამდებობის პირები, რომლებიც ასრულებენ ამ კოდექსის დებულებებს, იმსახურებენ პატივისცემას, სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას საზოგადოებისგან და იმ სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომელშიც ისინი მსახურობენ. 


სამართალდამცავი თანამდებობის პირების ქცევის კოდექსის ეფექტური განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები

(გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1989 წლის 24 მაისის რეზოლუცია)

მთავრობები იღებენ აუცილებელ ზომებს  სამართალდამცავი თანამდებობის პირების სწავლების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში მათ მიერ ამ კოდექსთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა შესახებ სხვა ფუძემდებლური დოკუმენტების გაცნობის მიზნით.
2. პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება სამართალდამცავი თანამდებობის პირების შერჩევას, სწავლებასა და მომზადებას, აგრეთვე სატანადო ანაზღაურებასა და შრომის პირობებს. ამასთან, იქმნება ეფექტური მექანიზმები შინაგანი დისციპლინისა და გარე კონტროლის უზრუნველსაყოფად, მათ შორის თანამდებობის პირებზე საჩივრებისა და განხილვის განსაკუთრებული დებულებების შემუშავების მიმართულებით. 
3. შიდასახელმწიფო დონეზე კანონის ეფექტური განხორციელების მიზნით სამართალდამცავი ყველა თანამდებობის პირი უნდა ფლობდეს კოდექსს მშობლიურ ენაზე. ხელისუფლებამ უნდა გაავრცელოს კოდექსი და მასთან დაკავშირებული შიდა კანონები, რათა საზოგადოება გაეცნოს მატში ჩამოყალიბებულ პრინციპებსა და უფლებებს.
4. მთავრობები ახსენებენ გენერალურ მდივანს ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც კოდექსის განხორციელების მდგომარეობის შესახებ, ამასთან, მთავრობები გენერალურ მდივნებს უგზავნიან ამონაწერს კანონებიდან, დადგენილებებიდან და ადმინისტრაციული ინსტრუქციებიდან კოდექსის გამოყენებასთან დაკავშირებით და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას მისი განხორციელების შესახებ, აგრეთვე ცნობებს მისი განხორციელების დაბრკოლებების შესახებ.
5. გენერალური მდივანი ავრცელებს კოდექსს და ამ სახელმძღვანელო პრინციპებს ყველა სახელმწიფოში და შესაბამის სამთავრობოთაშორისო  და არასამთავრობო ორგანიზაციებში გაეროს ყველა ოფიციალურ ენაზე. 
6. გაეროს გენერალურ ინსტრუქტორებს შორის რჩევა ეძლევათ მოაწყონ სემინარები და სასწავლო კურსები კოდექსის განხორციელების მდგომარეობის შესახებ რეგიონის ქვეყნებში, აგრეთვე ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილ დაბრკოლებათა შესახებ.

პრინციპების კრებული ყველა იმ პირის დასაცავად, რომლებიც, ნებისმიერი ფორმით, არიან დაკავებული ან დაპატიმრებული

(გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წლის 9 დეკემბრის რეზოლუცია)

ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ  ყველა პირს   უფლება აქვს მოექცნენ ჰუმანურად და ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელი ღირსების პატივისცემით.
ნებისმიერი ფორმით პირის დაკავება ან დაპატიმრება და პიროვნების უფლებების ყოველგვარი შეზღუდვა დაკავშირებული დაკავებასა და დაპატიმრებასთან უნდა ხორციელდებოდეს დადგენილების საფუძველზე და ექვემდებარებოდეს სასამართლოს ან სხვა ორგანოს ეფექტურ კონტროლს. 
სახელმწიფოებმა საკანონმდებლო წესით უნდა აკრძალონ თანამდებობის პირების მიერ პრინციპების ამ კრებულში ჩამოყალიბებული მოვალეობების შეუსრულებლობა, ასეთი ქმედებებისათვის დაადონ შესაბამისი სანქციები და ჩაატარონ მიუკერძოებელი გამოძიება მათ გამო არსებულ საჩივრებზე.
ნებისმიერი თავისუფლებააღკვეთილი პირი დაუყოვნებლივ უნდა იქნას ინფორმირებული მისთვის გასაგებ ენაზე მისი უფლებების შესახებ მისი დაკავებისა ან დაპატიმრების მიზეზებისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მათი განხორციელება, თანახმად ეროვნული კანონმდებლობისა. 
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს დაუყოვნებლივ იქნას წარდგენილი მოსამართლის ან იმ თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს მისი დაკავებისა ან დაპატიმრების კანონიერება და უფლება, რომ უკანონო დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული.
ნებისმიერ პირს, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულში, უფლება აქვს დაიცვას თავი დამოუკიდებლად ან მის მიერ შერჩეული ადვოკატის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი არ ფლობს საკმარის სახსრებს ადვოკატის დასაქირავებლად, ასეთი მომსახურება მას უნდა გაეწიოს უფასოდ.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს კომპეტენტური ორგანოებისგან დაუყოვნებლივ აცნობონ მისი დაკავების ან დაპატიმრების ადგილის შესახებ.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ მისი თავისუფლების აღკვეთა არ იქნება გამოყენებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღიარების, თვითგათქმის ან სხვა პირის მიმართ ჩვენების იძულებისათვის.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ ნებისმიერ დაკითხვის ხანგრძლივობა და შესვენება შეტანილ იქნას ოქმში.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ მისი ან ადვოკატის შუამდგომლობა ან საჩივარი მის მიმართ მოპყრობის თაობაზე, დაუყოვნებლივ წარედგინოს თავისუფლების აღკვეთის ადგილებზე პასუხისმგებელ ორგანოს და ზემდგომ ინსტანციას, და რომ ასეთი შუამდგომლობა და საჩივარი განხილული იქნას ოპერატიულად და დაუსაბუთებელი დაყოვნების გარეშე გაეცეს მათ პასუხი, ხოლო შუამდგომლობის ან საჩივრის დაუკმაყოფილებლობის ან არამართლზომიერი დაყოვნების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს ან სხვა ორგანოს. 
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს ან უფლება აქვს, რომ მიღებულ იქნას ზომები თავისუფლების აღკვეთის პირობების გასაუმჯობესებლად.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს, რომელსაც არასაკმარისად ესმის ან ლაპარაკობს სახელმწიფო ენაზე, უფლება აქვს რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს მისთვის გასაგებ ენაზე თავის დაცვისთვის აუცილებელი ინფორმაცია და ისარგებლოს თარჯიმნის დახმარებით.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს თავის ადვოკატთან კონსულტაციების ჩატარების აუცილებელი დროისა და პირობების გამოყოფაზე, დაუყოვნებლივ, სრული კონფიდენციალობის დაცვით.
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რათა იგი მოინახულონ ოჯახის წევრებმა, აწარმოოს მიმოწერა მათთან, ურთიერთობა ჰქონდეს გარეშე სამყაროსთან მხოლოდ იმ გონივრული შეზღუდვების დაშვებით, რაც გათვალისწინებულია ქვეყნის შიდა კანონმდებლობით.
  ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ დაკითხვისას მის მიმართ არ იქნეს გამოყენებული ძალადობა, მუქარა ან მოკვლევის ის მეთოდები, რომლებიც ზღუდავენ მის მიერ განსჯის შედეგად გადაწყვეტილების მიღების უნარს. 
ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა მიეცეს დაკავებიდან უმოკლეს ვადაში სათანადო სამედიცინო შემოწმების გავლის საშუალება. შემდგომში, აუცილებლობის წარმოშობისთანავე მას უნდა ჩაუტარდეს ასეთივე შემოწმება და უფასო მკურნალობა. ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს ან მის ადვოკატს უფლება აქვს მიმართონ სასამართლოს ან სხვა ორგანოს განმეორებითი სამედიცინო შემოწმების შესახებ. თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ სამედიცინო შემოწმების ყოველი ფაქტი, ექიმის გვარი და ასეთი შემოწმების შედეგები სათანადო წესით ფიქსირდება ოქმში. 
 ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს ან მის ადვოკატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს აღძრან შუამდგომლობა სასამართლოში ან სხვა ორგანოს წინაშე მისი დაკავების ან დაპატიმრების კანონიერების შესახებ მისი გათავისუფლების მოთხოვნით.   ასეთი განხილვა უნდა იყოს მარტივი და სწრაფი, აგრეთვე უფასო იმათთვის, ვინც შესაბამის სახსრებს არ ფლობს. ამასთან, ორგანო, რომელმაც დააკავა ან დააპატიმრა პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს იგი იმ ორგანოს, რომელიც განიხილავს საქმეს. 
ზემოაღნიშნული პრინციპების შეუსრულებლობა მტკიცებულებების მოპოვების დროს მიიღება მხედველობაში ამ მტკიცებულებების დაშვებულობის საკითხის გადაწყვეტისას დაკავებულის ან დაპატიმრებულის მიმართ.

კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ

(გაეროს გენერალური ანსამბლეის 1984 წლის 10 დეკემბრის რეზოლუცია)

,,ამ კონვენციის მიზნების განსაზღვრება ,,წამება“ ნიშნავს ნებისმიერ მოქმედებას, რომლითაც რომელიმე პირი განზრახ აყენებს ძლიერ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს თუ მორალურს, რათა მისგან ან მესამე პირისგან მიიღოს ინფორმაცია ან აღიარება, დასაჯოს პირი მის მიერ ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან ისეთი მოქმედებისთვის, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი, ან ნებისმიერი სახის ნებისმიერ დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიზეზით, როცა ასეთ ტკივილს ან ტანჯვას ამ პირს აყენებენ სახელმწიფოს თანამდებობის ან სხვ ოფიციალური  პირები, ან ხდება მათი წაქეზებით, ნებართვით თუ უსიტყვო თანხმობით. ამ განმარტებაში არ შედის ტკივილი ან ტანჯვა, რომელსაც ბუნებრივად განიცდის პირი კანონიერი სანქციის შედეგად ან თუ განუყოფელია ამ სანქციისგან.“
,,ყველა მონაწილე სახელმწიფო ახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სასამართლო და სხვა ღონისძიებებს წამების აქტების თავიდან ასაცილებლად, მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე. არავითარი განსაკუთრებული გარემოება, იქნება ეს საომარი მდგომარეობა თუ ომის საფრთხე, არასტაბილური მონოპოლიური ვითარება თუ ნებისმიერი სხვა საგანგებო სიტუაცია, არ ამართლებს წამებას.
ზემდგომი უფროსის თუ სახელმწიფო ხელისუფლების ბრძანება არ ამართლებს წამებას“ (მუხლი 2).
,,ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ სასწავლო მასალები და ინფორმაცია წამების აკრძალვის შესახებ სრულად იქნება შეტანილი იმ სამართალდამცავი ორგანოების, სამოქალაქო თუ სამხედრო პერსონალის, სამედიცინო პერსონალის, სახელმწიფო თანამდებობის პირთა და სხვა იმ პირთა მომზადების პროგრამაში, რომლებსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეთ ნებისმიერი ფორმით დაპატიმრებული, დაკავებული ან საპყრობილეში მყოფი პირების საპყრობილეში ყოლასა თუ დაკითხვასთან ან მათდამი მოპყრობასთან.
ყოველ მონაწილე სახელმწიფოს ეს აკრძალვა შეაქვს იმ წესებსა და ინსტრუქციებში, რომლებიც ეხება ყოველი ასეთი პირის მოვალეობებსა და ფუნქციებს“ (მუხლი 10).
,,ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა სწრაფად და მიუკერძოებლად აწარმოონ გამოძიება, რომ წამებას ადგილი ჰქონდა მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე“ (მუხლი 12).
,,ნებისმიერი პირისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი აწამეს ან სახელმწიფოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე, ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს უფლებას, რომ საჩივრით მიმართოს ამ სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ, რომლებმაც სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა განიხილონ ასეთი საჩივარი. ხორციელდება ღონისძიებანი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსარჩელისა და მოწმეების დაცვა ნებისმიერი ფორმის ცუდი მოპყრობისა ან დაშინებისაგან მის საჩივართან ან ნებისმიერი მოწმის ჩვენებებთან დაკავშირებით“ (მუხლი 13).
,,ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც პირმა გააკეთა წამების დროს, არ გამოიყენებოდეს როგორც მტკიცებულება არავითარი სასამართლო განხილვის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი გამოიყენება იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება ადამიანის წამება, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ეს განცხადება გაკეთებული იყო“ (მუხლი 15).
,,ყოველი მონაწილე სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს თავის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე თავიდან აიცილოს მოპყრობისა და სასჯელის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი სხვა აქტები, რომელიც არ შედის ამ კონვენციის პირველ მუხლში ჩამოყალიბებული წამების განსაზღვრებაში, როცა ასეთ აქტებს ახორციელებს სახელმწიფო თანამდებობის ან სხვა ოფიციალური პირი, ან ხდება მისი წაქეზებით, მათი ნებართვის ან უსიტყვო თანხმობით“ (მუხლი 16).

პოლიცია და საზოგადოება

(ტრადიციები და თანამედროვეობა 2003)

საბჭოთა პერიოდიდან დამკვიდრებული ანტაგონისტური დამოკიდებულება სამართალდამცავ ორგანოებსა და საზოგადოებას შორის დრესაც გრძელდება. სამწუხაროდ, ხალხი პოლიციაში საფრთხის პოტენციურ მატარებელს ხედავს, ვიდრე მისი უფლებებისა და უსაფრთხოების დამცველი ინსტიტუტის წარმომადგენელს. ბევრი მოქალაქის აზრით, პიროვნების დაკავება პოლიციელის მიერ ამ უკანასკნელისთვის წარმოადგენს ბიზნესის ერთგვარ სახეს და შემოსავლის მუდმივ წყაროს. მოქალაქეთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პოლიციის განყოფილებებში ვინმეს მიყვანა და მისი დადანაშაულება სხვადასხვა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ხშირად ფულის გამოძალვით მთავრდება (წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციელები მათ მიმართ ბრალის წაყენებითა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრით იმუქრებიან). ხშირად დიდი მნიშვნელობა არა აქვს თუ რამდენად არის ესა თუ ის პირი გარეული რაიმე დანაშაულში. ყველა შემთხვევაში შეიძლება მოწმეთა ,,შოვნა“ (ზოგჯერ ცრუ, ზოგჯერ ნამდვილი მოწმეებისა), მტკიცებულებათა მოპოვება ან შექმნა და დაკავებულთაგან ,,აღიარების“ მიღება ინკვიზიციური მეთოდებით. ამის შემდეგ იწყება ვაჭრობა იმაზე თუ ,,რა ღირს“ საქმის არ აღძვრა და დაკავებული პირის გათავისუფლება. ამის მთავარი მიზეზი ის დაუწერელი წესია, რომლის მიხედვითაც რიგითებისა და საშუალო რგოლების პოლიციელებისათვის უზენაეს კანონს წარმოადგენს არა საქართველოს კონსტიტუციით ან სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლებები, არამედ უფროსის ზეპირი მითითებები ან ბრძანებები. აღნიშნული დაუწერელი წესის მიხედვით კი დაკავებულისაგან სასურველი ჩვენების მიღება ნებადართულია ნებისმიერი უკანონო მეთოდით. ზოგჯერ ეს მეთოდები გამოიყენება საქმის გასახსნელად და სამსახურებრივი წინსვლისთვის, ხოლო ზოგჯერ ,,მტკიცებულებების“ მოსაპოვებლად ან შესაქმნელად იმ მიზნით, რომ შემდეგ მოხდეს დაკავებულისგან ფულის გამოძალვა (ამას ეწოდება საქმის ,,გალევება“). გამოძალული ფულიდან ყველას თავისი წილი ეკუთვნის (ოპერმუშაკს, ქვეგანყოფილების, განყოფილებისა და სამმართველოს ხელმძღვანელებს, მინისტრსა და მის მოადგილეებს), რის გამოც ,,შავი საქმის“ უშუალო შემსრულებლებს აქვთ მათგან მფარველობის გარანტია. ბევრი, მათ შორის რიგითი პოლიციელებიც), დარწმუნებულია, რომ ასეთ საქმეებში გარეულები და მაშასადამე, მათი მფარველები შსს-ს უმაღლეს ინსტანციაში არიან. ასეთ მოქალაქეთა უმრავლესობაში გავრცელებული აზრი პოლიციის სისტემაში არსებული დაუწერელი კანონების შესახებ, რომლის დადასტურება მტკიცებულებებით თითქმის გადაულახავ სირთულეს წარმოადგენს, რადგანაც მსხვერპლი ყოველთვის დაშინებულია იმით, რომ მისი ჩივილის შემთხვევაში პოლიცია გამოამჟღავნებს მის მიერ რეალურად ჩადენილ ან მასზე მიწერილ რომელიმე დანაშაულს, ან მომავალში მოხდება მისთვის ნარკოტიკის ან იარაღის ,,ჩადება“ (ეს არის საქართველოში მიზანში ამოღებული პიროვნების დაკავების ყველაზე გავრცელებული მეთოდი). თუ რომელიმე უკანონოდ დაკავებულს აღმოაჩნდება გავლენიანი მფარველი, არც ეს არის პოლიციისათვის გადაულახავი პრობლემა, რადგანაც დაკავებულის გათავისუფლება ფულის (გამოსასყიდის) გარეშეც შეიძლება გაამართლონ სრულიად კანონიერი საფუძვლით (,,ეჭვი არ დადასტურდა“, ,,მიენიჭა მოწმის სტატუსი“ და ა.შ.), თანაც შეიძლება აღნიშნული გავლენიანი მფარველის მომადლიერებაც იმით, რომ სწორედ მისი პატივისცემით მოხდა დაკავებულის გათავისუფლება. როგორც წესი, ნებისმიერი მოქალაქე (თუნდაც გავლენიანი) ერიდება პოლიციასთან ურთიერთობის გაფუჭებას, რის გამოც არაერთი გამოვლენილი უკანონო დაკავების ფაქტიდან თითქმის არც ერთი არ ჰპოვებს შემდგომ საგამოძიებო თუ სასამართლო გაგრძელებას. საერთოდ, ცნობილია, რომ საქართველოში შექმნილი კორუმპირებული გარემოს წყალობით დამნაშავეს არ უჭირს თავისუფლების ყიდვა.  მოქალაქე (თუნდაც უმნიშვნელო დამრღვევი) ფიქრობს, უმჯობესია საწყის ეტაპზე გადაუხადოს ფული პოლიციას და სამართალდამცავი ორგანოებიდან დაიხსნას ტავი, რადგან შემდგომში გამომძიებელთან, პროკურორთან ან მოსამართლესთან ეს უფრო ძვირი დაუჯდება. ერთი სიტყვით, თუ ფული გაქვს ან ,,პატრონი“ გყავს ,,ზევით“, შეგიძლია ნებისმიერი დანაშაული ჩაიდინო და შემდეგ თავი დაიძვრინო ან მინიმალური (სიმბოლური) სასჯელი მიიღო. 
ცალკე უნდა ითქვას იმ საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომელთა მიხედვითაც სწორედ პოლიციელთა მფარველობით ან მონაწილეობით ხდება ხშირად ადამიანის გატაცებები და გამოძალვები, ხოლო ავტომობილების ტექდათვალიერებისას, მანქანის განბაჟებისას, კონტრაბანდული ტვირთის გაცილებისას, აგრეთვე საპასპორტო განყოფილებებისა და სხვა დანაყოფების მიერ ,,ფულის კეთების“ ფაქტები ფაქტიურად უკვე ლეგალიზებულია (მყარი ნიხრებიც დაწესებულია).
თავიდან პოლიციელები დარწმუნებულნი არიან თავიანთი უკანონო ქმედებების დაუსჯელობაში და აქვთ ამ ქმედებათა გამართლების თეორიაც. მათი ღრმა რწმენით, სახელმწიფოსგან უპატრონოდ, ბედის ანაბარად მიტოვებულმა სამართალდამცავებმა თვითონვე უნდა გამონახონ არსებობის საშუალება. ყველაზე თვალშისაცემი და საგანგაშო პოლიციელებთან ურთიერთობებისას იმის აღმოჩენა იყო, რომ რიგითი და საშუალო რგოლის თანამშრომლები არ გრძნობენ თავს სახელმწიფოსგან დაცულებად, გაღიზიანებულნი არიან საზოგადოებისგან (განსაკუთრებით ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან) გამოვლენილი კრიტიკული და მტრული დამოკიდებულებით. ფაქტია, რომ ხელისუფლება მართლაც არ იჩენს ჯეროვან ყურადღებას სამართალდამცავთა მიმართ (პოლიცია სისტემატურად განიცდის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობისა დაფინანსების დეფიციტს), ხოლო ტყვიისთვის შუბლის შემშვერი პოლიციელის მიმართ მადლიერების გრძნობაც არ არსებობს არც საზოგადოებაში და არც ხელისუფლებაში. ამასთან, რასაკვირველია, იმის მტკიცებაც არასწორი იქნებოდა, რომ სისტემის ნებისმიერი თუ ხელმძღვანელი პირი ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში. ბუნებრივია, არსებობენ წესიერი იმიჯის მქონე სახელმწიფო მოხელეები და მათ შორის სამართალდამცავებიც. პოლიციელთა მუშაობის დადებითი მაგალითების იგნორირება და მთელი აქცენტის გადატანა მხოლოდ ნეგატივზე ყველა სამართალდამცავის გაღიზიანებას, გამწარებასა და გაღიზიანებასაც კი იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ  საზოგადოებისა და პრესის მხრიდან პოლიციის მუშაობის ნეგატიურ მომენტებზე  აქცენტირებისა და აჟიტირების მიზეზები  სრულიად გასაგებია (ყველა ქვეყნის ჟურნალისტიკა ძირითადად სენსაციურ, ნეგატიურ მასალებს ანიჭებს უპირატესობას), ამაზე პოლიციელთა რეაქცია სავსებით ბუნებრივია, რადგან ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც საკუთარი ოჯახები, მეგობრები და ნათესავები ჰყავთ და მუდმივი ლანძღვა-გინება შეურაცხყოფს მათ ღირსებას. საქართველოს სპეციფიურობა საზოგადოებასა და პოლიციას შორის ანტაგონისტური დამოკიდებულების თვალსაზრისით იმაში მდგომარეობს, რომ თუ სხვა ქვეყნებში პოლიციელებს ძირითადად პატივს სცემენ (თუმცა არ უყვართ ისინი), ჩვენთან საზოგადოების მხრიდან პოლიციელთა მიმართ ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია. ამის მიზეზია ფაქტობრივად უხელფასო ბიუროკრატიის არსებობა, რის გამოც სახელმწიფო მოხელე იძულებულია იკვებოს მოქალაქეთა ხარჯზე. ეს მოხელე ისეთ ეკონომიკურ პირობებშია ჩაყენებული, რომ ხშირად იძულებულია თავი ირჩინოს ხელისუფლების ბოროტად გამოყენებით. 
სამართალდამცავ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს მთლიანად დასუსტებული სახელმწიფო ინსტიტუტები, რითაც კარგად სარგებლობენ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები და ხდება საზოგადოების კრიმინალიზაცია. ამის შემდეგ კრიმინალური სამყარო იმდენად გათამამებული და გავლენიანია, რომ ხშირად ძნელი ხდება რეალური ზღვარის გავლება სამართალდამცავებსა და სამართალდამრღვევებს შორის. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა ხელშეწყობით, მფარველობით ან უშუალო მონაწილეობით ხდება მრავალი მძიმე კატეგორიის დანაშაული. უფრო მეტიც, კრიმინალური სამყარო უკვე ცდილობს ზემოქმედებას არა მხოლოდ სამართალდამცავ სტრუქტურებზე, არამედ პოლიტიკურ პროცესებზეც. დღევანდელი ხელისუფლების მართვის სტილისა და მეთოდების პირობებში მათი მხრიდან ასეთი გავლენების მოპოვება სავსებით რეალურია. საქმე ისაა, რომ უმაღლესი ხელისუფლება მუდამ ცდილობდა ე.წ. დაბალანსების პოლიტიკის გატარებას, რის გამოც იგი ადვილად მიდის დათმობებზე იმ ძალებთან, რომლებიც უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებენ მასზე (სულ ერთია, ვინ იქნებიან ისინი, პოლიტიკოსები, ლტოლვილები თუ კრიმინალები). ამიტომ ე.წ. ,,რადიკალური ოპოზიციონერობით“ ძალის დემონსტრირება დღეს ყველაზე მომგებიანია ჩვენს ქვეყანაში. კრიმინალურ სამყარო კი, როგორც ცნობილია,  არც ფული და არც ძალა გააჩნია, რასაც ისინი წარმატებით იყენებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად და პოლიტიკოსებზე გავლენის მოსაპოვებლად. ასეთ სიტუაციაში გასაგებია სამართალდამცავ სტრუქტურათა გაორებული მდგომარეობა, რადგან ისინიც უკვე ყველა მნიშვნელოვან და გახმაურებულ დანაშაულს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური კუთხით განიხილავენ. მათ გამოცდილებით იციან, რომ სერიოზულ დამნაშავეებს თითქმის ყოველთვის გამოუჩნდებათ მფარველები ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, რის გამოც ხშირად დანაშაულის გახსნაზე მუშაობისას მათთვის პრიორიტეტად ქცეულია არა სამართლიანობის ან დაზარალებულის ინტერესების დაცვა, არამედ ის, თუ დანაშაულის მხილებაში, აღკვეთაში თუ გამოძიებაში ჩართული რომელი კონკრეტული სამართალდამცავი რა სარგებელს ნახავს თავისი მუშაობის შედეგად  (სარგებელი შეიძლება იყოს მატერიალურიც და თანამდებობრივიც). ამიტომ დღეისათვის საზოგადოება შინაგან საქმეთა სამინისტროს აღიქვამს, არა დანაშაულთან მებრძოლ სტრუქტურად, არამედ გარკვეული ინტერესების მქონე პიროვნებათა ჯგუფად, რომელიც იბრძვის გავლენის სფეროების მოპოვების ან შენარჩუნებისთვის. ამას ემატება ისიც, პოლიციელებს არ გააჩნიათ ხელფასი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ თუნდაც მინიმალურ დონეზე მოახერხონ ოჯახის რჩენა. ასეთ სიტუაციაში სულაც არ არის გასაკვირი, რომ იარაღითა და გარკვეული უფლებებით აღჭურვილ პოლიციელს უყალიბდება კრიმინალური ცნობიერება. თანაც, ქვეყანაში და სისტემაში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო, მათ არ იციან თუ ვინ ეყოლებათ ხვალ უფროსი (რაიონული განყოფილების, სამმართველოს თუ სამინისტროს ხელმძღვანელი), დატოვებს თუ არა მას ახალი ხელმძღვანელი თანამდებობაზე, რის გამოც ისინი ცდილობენ მოკლე დროშ იშოვნონ რაც შეიძლება ბევრი ფული და გარკვეული დროით მაინც უზრუნველყონ საკუთარი მომავალი.  საზოგადოებამ ეს ყველაფერი იცის (ადამიანების ნაწილი ამას ხედავს, ხოლო ზოგს საკუთარ ტყავზე გამოუხდია სამართალდამცველ სისტემაში არსებული რეალობა). ამის გამო ხშირად პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ არა მხოლოდ მოწმეები, არამედ დაზარალებულებიც კი, რომლებსაც ან საერთოდ არა აქვთ სამართლის პოვნის იმედი, ან სამართალს სხვა გზებით (შავი სამყაროს მეშვეობით) ეძებენ. თუ ამას დავუმატებთ საკანონმდებლო სფეროში არსებულ ხარვეზებს და მოწმეთა, ფაქტიურად, სრულ დაუცველობას, გასაგები გახდება თუ როგორ უჭირთ დღევანდელ საქართველოში როგორც წესიერ პოლიციელებს,  ასევე დაზარალებულებს და მთლიანად, მძიმე კრიმინოგენული ვითარებით შეწუხებულ საზოგადოებას. 

რეკომენდაციები

პოლიციის მუშაობის კანონიერებისა და ეფექტიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მასზე სამოქალაქო კონტროლის დაწესების, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გარანტიების შექმნის მიზნით უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს საკანონმდებლო ბაზაში და კანონქვემდებარე აქტებში. კერძოდ: 
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მოხდეს ,,წამების“ განსაზღვრება ისე, როგორც ეს არის წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და ღირსების შემლახავი სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის პირველ მუხლში;
• სისხლის სამართლის პროცესის დაჩქარების, აგრეთვე იაფი, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მოხდეს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების გაერთიანება, შემცირდეს წინასწარი გამოძიების ვადები და მთავარი აქცენტი გადატანილი იქნას სასამართლო გამოძიებაზე;
• სააპელაციო, უზენაესი, საკონსტიტუციო და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეთ სავალდებულო პრეცედენტის ძალა. გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოს მიერ განსხვავებულ გადაწყვეტილებათა მიღება;
• როგორც წესი, ბრალდებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს გამამართლებელი და სხვა მტკიცებულებები. მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევებში, სასამართლოს ნებართვით უნდა იყოს შესაძლებელი ზოგიერთი მტკიცებულების და მოწმეთა ვინაობის  (ან მათი ჩვენების) კონფიდენციალურად დარჩენა სასამართლომდე;
• შეჯიბრებითობისა და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები თანაბრად განხორციელდეს როგორც სასამართლო, ისე წინასასამართლო სტადიებზე;
• გარანტირებულ იქნას სასამართლოსთვის მიმართვის უფლება შესაბამისი საჩივრით ან შუამდგომლობით პროცესის ნებისმიერ სტადიაზე;
• სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა უნდა მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და წინასწარი პატიმრობის ვადა (განაჩენის გამოტანამდე)არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. დღეს მოქმედი პრაქტიკით წინასწარი პატიმრობის ვადაში არ ითვლება სასამრთლო გამოძიების ვადა, რის გამოც პირის დაპატიმრებიდან მის მიმართ განაჩენის გამოტანამდე არცთუ იშვიათად გადის არა 9 თვე, არამედ 18-20 და ზოგჯერ 25-30 თვეც. წინასასამართლო პატიმრობის ვადა უნდა განისაზღვროს 3-4 თვით, ხოლო დანარჩენ 5-6 თვეში უნდა მოხდეს სასამრთლო გამოძიების დამთავრება. თუ გამონაკლის შემთხვევებში ეს ვერ ესწრება, მაშინ სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ პირი უნდა გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან;
• პირს დაკავებისთანავე უნდა ჩაუტარდეს სავალდებულო სამედიცინო შემოწმება და ეცნობოს ინფორმაცია კანონით მინიჭებული მისი უფლებების შესახებ; 
• გაფართოვდეს სასამართლომდე დაკავებულის პირობითი გათავისუფლების პრაქტიკა. წინასწარი პატიმრობა უნდა იყოს გამონაკლისი და არა წესი. თუ არ არსებობს იმის სერიოზული საფრთხე, რომ ბრალდებული არ გამოცხადდება სასამართლოზე, ხელს შეუშლის კანონის აღსრულებას, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება მოწმეს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, სახელმწიფო ბრალდებულს უნდა აეკრძალოს ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის უფლება. მხოლოდ იმის ზოგადი მტკიცება, რომ ბრალდებული პირი საშიშია სხვა ადამიანებისთვის და საზოგადოებისთვის, არ უნდა წარმოადგენდეს წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის კანონიერ საფუძველს. 
• კანონში უნდა შევიდეს გარიგებითი მართლმსაჯულების ცნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრალის აღიარებისა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენის (ანუ გამოძიებასთან თანამშრომლობის) შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ფასეულობიდან გამომდინარე, მას მნიშვნელოვნად შეუმცირდეს სასჯელი (მაგალითად ერთი მესამედით). ხოლო თუ მას ბრალად ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა, შეიძლება შეეფარდოს ჯარიმა, პირობითი სასჯელი ან სხვა არასაპატიმრო ღონისძიება. ასეთი სახის გარიგება ბრალდებასა და ბრალდებულს შორის უნდა განიხილოს და დაამტკიცოს სასამართლომ, რომელმაც უნდა გამოარკვიოს, რომ გარიგება არ ატარებდა იძულებით ხასიათს;
• ასევე ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული მორიგებითი მართლმსაჯულების ფორმებიც, როდესაც დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ხდება მორიგება ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. თუ ასეთ შემთხვევებში საქმე არ გვაქვს განსაკუთრებით მძიმე ხასიათის ან საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობის დანაშაულთან. დაზარალებულთან მორიგების შემთხვევაში ბრალდებულს შეიძლება დაეკისროს არა მხოლოდ ზარალის, არამედ საგამოძიებო ხარჯების ლეგალურად ანაზღაურებაც;
• პოლიციელებისათვის პერიოდულად ჩატარდეს ტრენინგები და სემინარები, რათა მათთან ერთად განხილულ იქნას ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემატიკის აქტუალურის აკითხები.
• წელიწადში ერთხელ მოხდეს პოლიციელების უფასო სამედიცინო შემოწმება მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენის მიზნით;
• აუცილებლად უნდა მოხდეს სამართალდაცვის სისტემის დეცენტრალიზაცია, ადგილებზე მყოფი პოლიციის სამმართველოებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭება. ადგილობრივი კადრების სტიმულირება და საზოგადოების ჩართვა ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის საკითხებში. შეიძლება მომავალში ვიფიქროთ პოლიციის რაიონული სამმართველოების ხელმძღვანელთა არჩევითობის შემოღებაზეც;
• პოლიციის თანამშრომელთა მინიმალური ხელფასი ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობას. შესაძლოა, ამას დასჭირდეს სისტემაში არსებული შტატების შემცირებაც, ბიუჯეტის სხვა ღონისძიებებიც, მაგრამ პოლიციელთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზე ზრუნვა პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს;
• პოლიციის მუშაობაში გამჭვირვალეობის მიღწევისა და იქ მონიტორინგის ჩატარებისათვის პირობების შექმნის მიზნით სასურველია პოლიციის რაიონულ განყოფილებებთან შეიქმნეს საზოგადოებრივიო ზედამხედველობის საბჭოები, რომლებშიც ძირითადად შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსამართლეობის ის ავტორიტეტული წარმომადგენლები, რომელთა მიმართ მოქალაქეთა შორის არსებობს ნდომის მაღალი ხარისხი. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ უნდა ხდებოდეს საბჭოს წევრთა შეცვლა როტაციის პრინციპით. დღეისათვის ასეთი საბჭოები სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. მაგალითად, პირველი ასეთი პრეცედენტი აშშ-ში დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შეიქმნა და იქ ეს სისტემა ამ ქვეყნის დიდი ქალაქების ¾-ში წარმატებით მუშაობს.
• საბჭოები უნ და იყოს მაქსიმალურად წარმომადგენლობითი და ჰქონდეს ნდობის მაღალი ხარისხი. ამასთან მის მიერ ღიად და საჯაროდ მოძიებული, განხილული და გამოქვეყნებული დასკვნები უნდა გახდეს შესაბამისი დისციპლინარული დასჯის საფუძველი.
• გაცილებით ეფექტური იქნება, თუ პოლიციაზე საჩივრებს განიხილავს არა თვით შსს-ს სისტემის შიგნით არსებული და პოლიციის მოხელეებისგან შემდგარი გენერალური ინსპექცია ან სხვა ორგანო, არამედ საზოგადოებაში შექმნილი მაღალი ავტორიტეტის მქონე პირებისგან შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო. არსებობს მეტი შანსი იმისა, რომ საზოგადოებრივმა საბჭომ შეაგროვოს და გამოაქვეყნოს ინფორმაცია პოლიციელების მიერ კანონის დარღვევის შესახებ, ვიდრე ამას შსს-ს შიგნით არსებული სტრუქტურები გააკეთებენ.
• საზოგადოებრივი ზედამხედველობის დამოუკიდებელ საბჭოებს უნდა ჰქონდეთ უფლება დამოუკიდებლად გამოიძიონ საჩივრები პოლიციელთა მხრიდან გამოვლენილი უფლებამოსილების გადამეტების, უკანონო ჩხრეკის ან დაკავების, მუქარის, გადამეტებული ფიზიკური ძალის გამოყენების, უხეშობისა და შეურაცხმყოფელი მოქმედების შესახებ.
• საზოგადოებრივი ზედამხედველობის დამოუკიდებელი საბჭოების შექმნა და ფუნქციონირება უზრუნველყოფს საჩივრების მიღებისას პოლიციის პასიურობის, აგრეთვე პროცედურული ბარიერების შემცირებას, საჩივრების შესახებ სტატისტიკური მონაცემების სისრულისა და სიზუსტის სავარაუდო გაზრდას, პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დამოუკიდებლად განხილვას, მოქალაქეების ნდობის ზრდას.
• ასეთი საბჭოების შექმნა იქნება პოლიციის რეფორმირების მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. 

ადამიანის უფლებები საქართველოში  - 2004 წ.

2993 წლის ნოემბერში ათეულ ათასობით მომიტინგემ გულწრფელად დაუჯერა რევოლუციის ლიდერების ლოზუნგებს და ლამაზ დაპირებებს (,,პენსიებისა და ხელფასების დაუყოვნებელი ზრდა“, ,,თოთოეული მოქალაქის კეთილდღეობის ამაღლება და მათი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა“, ,,ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უმოკლეს ვადაში აღდგენა“, წვრილი და საშუალო მეწარმეებისა და ფერმერების მთლიანად გათავისუფლება გადასახადებისგან რამდენიმე წლით, ხოლო შემდგომში მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება.“ ,,მმართველობაში დემოკრატიული პრინციპებისა და რეგიონებისა და ყველა ქალაქის მერებისა და გამგებლების არჩევითობის შემოღებას.“ ,,კორუფციის აღმოფხვრა და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა“ და ა.შ. თუმცა, რევოლუციის შემდეგ გასულმა ერთმა წელმა დაგვანახა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა პოსტრევოლუციურ საქართველოში გაცილებით გაუარესდა, ხოლო მმართველობის კომუნისტური ფორმების რეანიმაციით ბევრი რამ დაემსგავსა საბჭოთა პერიოდს. კერძოდ:
1. ხელისუფლება მთლიანად გავიდა საზოგადოების კონტროლიდან;
2. სრულიად დაირღვა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ბალანსისა და ურთიერთკონტროლის მექანიზმები, რის შედეგადაც ქვეყანაში, ფაქტობრივად, დამყარდა ერთპარტიული სისტემა და ჩამოყალიბდა აბსოლუტურად მორჩილი პარლამენტი;
3. საერთოდ მოისპო დამოუკიდებელი სასამრთლოს არსებობის ნიშნები, მოხდა ადვოკატის როლის ნიველირება და ფორმალობამდე დაყვანა;
4. შეიქმნა ისეთი საარჩევნო სისტემა და პირობები, რომლის დროსაც შეუძლებელია ნორმალური არჩევნების ჩატარება;
5. საანგარიშო წელს ხელისუფლება დაჟინებით მიისწრაფოდა დამოუკიდებელი მედიის დამორჩილებისკენ.
6. არასამთავრობო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გადაიქცა სახელისუფლო დაწესებულებებად;
7. ხდებოდა დამოუკიდებელი ბიზნესის მაქსიმალური შეზღუდვა და მიმდინარეობდა მოქალაქეთა განკულაკების პროცესი (სახელმწიფო რეკეტი);
8. არნახულ მასშტაბებს მიაღწია პოლიციის თვითნებობამ, რაც გამოიხატებოდა მოქალაქეებისათვის იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებისა და დაკავებულთა ცემა-წამების სისტემური ხასიათით.;
9. ადგილი ჰქონდა მიტინგებისა და დემონსტრაციების სისტემურ დარბევებს;
10. საქართველოში კვლავ გაჩდნენ პოლიტპატიმრები;
რევოლუციურმა ხელისუფლებამ მალე დაივიწყა ბევრი წინასაარჩევო დაპირება და საკანონმდებლო სფეროში დემოკრატიული რეფორმები გაურკვეველი ვადით გადადო (მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნები, საგადასახადო რეფორმა, მცირე და საშუალო ბიზნესის გათავისუფლება გადასახადებისგან, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ.). სამაგიეროდ, კოსმოსური ტემპით იქნა შემუშავებული კანონები, რომლებიც მოქალაქეთა ხარჯზე ბიუროკრატიის გაძლიერებასა და ხელისუფლების გამყარებას ემსახურება. ამ კანონპროექტებს შორის ბევრი უკვე კანონად იქცა, ხოლო მათი ნაწილი ასევე დაჩქარებული ტემპებით განხილვასა და პარლამენტის მიერ მორჩილად ხელის აწევას ელოდება. პირველ რიგში მოხდა კონსტიტუციის საკუთარ ტანზე მორგება და განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით მივიღეთ რუსულ-თურქული მოდელი, რადგან სწორედ ამ ქვეყნების ხელისუფლებებს ჰქონდათ მათი კონსტიტუციის მიღებისას თუ ცვლილებებისას ზუსტად ისეთი მდგომარეობა, რომ ხალხის მასობრივი მხარდაჭერით გათამამებულებს, შეეძლოთ ნებისმიერი უფლება მიეთვისებინათ: რუსეთშიც და თურქმენეთშიც, ისევე როგორც დღევანდელ საქართველოში, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე უწევდა პრეზიდენტს ხელს მორჩილი პარლამენტი. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მთლიანად დაინგრა ხელისუფლების დანაწილებისა და ბალანსის პრინციპებზე დაფუძნებული მექანიზმები და საკანონმდებლო ორგანო ხელისუფლების ისეთივე ფორმალურ შტოდ იქცა, როგორც ეს კომუნისტური რეჟიმის პირობებში იყო. 
რევოლუციის შემდეგ მიღებული ბევრი საკანონმდებლო ცვლილება მიმართულია სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობათა მთელი კომპლექსის გადახედვისკენ, ყველაზე დამაფიქრებელი კი ამ ცვლილებებში ის არის, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობათა ამ კომპლექსის შეცვლა ძირითადად მიმართულია მოქალაქეთა უფლებების ხარჯზე ბიუროკრატიის უფლებების გაზრდისკენ.
რასაკვირველია, სახელმწიფო (თავისი ჩინოვნიკებიანად) უნდა იყოს ძლიერი და სამართლიანი, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ მისი ნდობა და იმედი, მაგრამ დემოკრატიული სივრცისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის პარალელურად სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერება ასეთ სახელმწიფოს აქცევს არა მოქალაქეთა უფლებების დაცვის, არამედ მათი დათრგუნვის გარანტად. ასეთი ტიპის ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრების სიტკბო კი უკვე გამოვცადეთ დიად საბჭოეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა. არის იმის მტკიცების საფუძველი, რომ დღევანდელი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია სწორედ კომუნისტური მმართველობის ფორმებისა და რეანიმაციისკენ, რაც ოსტატურად ინიღბება დემოკრატიული რიტორიკით და ევროპული ფასეულობების დაცვისკენ მისწრაფებების ლოზუნგებით. ხდება საზოგადოების მოტყუება იმით,  რომ ახალი ხელისუფლების მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში გათვალისწინებული პრინციპების უმრავლესობა სხვადასხვა კუთხითა და ხარისხით მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართალში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობაც, რომელშიც ხორციელდება ეს საკანონმდებლო ნოვაციები. ყველაზე სახიფათო ამ ცვლილებებში ის არის, რომ საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს დამოუკიდებელი სასამრთლო. ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ფაქტი კიდევ უფრო გაშიშვლდა და პოსტ რევოლუციურ პირობებში სასამართლო ხელისუფლების მიერ ფაქტობრივად არ ყოფილა მიღებული არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სრულიად არ დააკმაყოფილებდა აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნას (შეკვეთას). საბჭოთა რეჟიმის მსგავსად, დღევანდელ საქართველოშიც ფაქტობრივად დამყარებულია ერთპარტიული სისტემა, რომელიც მუდმივად აპელირებს ,,პარტიისა და ხალხის ერთიანობაზე“, ,,ხალხის ნების გამოხატვაზე“, ნიველირებულია დემოკრატიის ელემენტარული პრინციპები და ყველაფერს განსაზღვრავს პარტიის ნება, გეგმაზომიერად მიმდინარეობს პარტიისა და მისი ლიდერის, ქვეყნის პრეზიდენტის ერთადერთობის, განუმეორებლობისა და შეუმცდარობის იდეის ჩანერგვა ხალხის გონებაში, მისი ,,ბრძნული“ გადაწყვეტილებების სისტემური და დაჟინებული პროპაგანდა მაშინაც კი, როდესაც ეს გადაწყვეტილებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და ადამიანთა მსხვერპლსაც უკავშირდება. მაგალითად, როდესაც ცხინვალის რეგიონის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ზაფხულში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართული ჯარი შეიყვანა, პატრიოტული რიტორიკით თავბრუდახვეულმა მისმა პროპაგანდისტებმა ეს ნაბიჯი გმირულ და ბრძნულ გადაწყვეტილებად მონათლეს, ხოლო როდესაც ერთი თვის განმავლობაში ამის შედეგად ათეულობით მებრძოლის დაღუპვისა და დაჭრის შემდეგ მან ჯარები უკან გამოიყვანა, სახელმწიფო პროპაგანდის მიერ ეს ნაბიჯიც ასევე ერთადერთ სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებად მოინათლა. აქ გვახსენდება საბჭოთა ჯარების შეყვანა ავღანეთში 1979 წელს, რომელიც პარტიის ბრძნულ გადაწყვეტილებად გამოცხადდა, ხოლო დიდი მსხვერპლის შემდეგ 1989 წელს იქიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ასევე პარტიის ბრძნულ გადაწყვეტილებად შეფასდა. რასაკვირველია, სრულიად განსხვავებულია საკუთარი ქვეყნის  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობა და სხვისი ქვეყნის დაპყრობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ პარალელს ვავლებთ ხელისუფალთა მიერ ხალხის მოტყუებასა და მათთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკას შორის, რომლისთვისაც, ორივე შემთხვევაში, მომართულია მძლავრი სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა. ყოველდღიური ტყუილებითა და აგიტაცია-პროპაგანდით გაჟღენთილი მმართველობის ფორმები და მეთოდები ასევე ძალიან ამსგავსებს ერთმანეთს დღევანდელ  ხელისუფლებას და კომუნისტურ რეჟიმს. ხალხის დაშინების მიზნით საკუთარი ხელისუფლების ძლიერების მუდმივი დემონსტრირება ისევეა დამახასიათებელი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისათვის, როგორც ეს იყო კომუნისტური რეჟიმის დროს. აქ მარტო პარადებისა და დემონსტრაციების სიხშირე, იქ წარმოთქმული სატრაბახო რიტორიკათა მსგავსება ან საზეიმო-აღმატებულ-აღტაცებული ტონალობით ,,წარმატებების“ წარმოჩენა კი არ იგულისხმება, არამედ ხელისუფალთა პანიკური შიში ხალხის უკმაყოფილების გამომჟღავნების მიმართ, რის შედეგადაც ხდება ხოლმე თუნდაც სრულიად უწყინარი ლოზუნგებით გამოსული მომიტინგეების სასტიკი ფორმებითა და მეთოდებით დარბევა (2004 წელს სასტიკად დაირბა10-ზე მეტი მიტინგი), რისი გამართლებაც მოხდა იმით, რომ ხელისუფლება ვალდებულია არ დაუშვას ,,უწესრიგობა“ ქვეყანაში (ეს მაშინ, როდესაც რევოლუციის მომზადებისას  ამჟამინდელი ხელისუფალნი ,,დამნაშავეებს“ უწოდებდნენ ყველა პოლიციელს, რომლებსაც ექნებოდათ უწესრიგობის აღკვეთის მცდელობა). დღევანდელ ხელისუფლებას, კომუნისტური რეჟიმის მსგავსად, ჰყავს თავისი ახალგაზრდული ორგანიზაცია (კომკავშირი), რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, აქტიურდება და ხმაურიანი გამოსვლებითა და ლოზუნგებით (,,კმარა“ ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლების წინააღმდეგ ძველი რეჟიმის მომხრეთა გამოსვლები). ისიც დამახასიათებელია, რომ ყველა მიუღებელი ოპონენტი ,,ხალხის მტრად“ და ,,კონტრრევოლუციონერად“ შეირაცხებოდა, როგორც კომუნისტების, ასევე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ. იმაზე, რომ კომუნისტური რეჟიმის მსგავსად არც დრეს არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და რომ ის მხოლოდ ხელისუფალთა დაკვეთებს ასრულებს, თვითონ დღევანდელი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელიც აღარ დავობს. 
რაც შეეხება დემოკრატიის ისეთ ატრიბუტებს, როგორიც დამოუკიდებელი პრესა და არასამთავრობო ორგანიზაციებია, აქ თვალში საცემი მსგავსება კომუნისტურ და დღევანდელ რეჟიმებს შორის ერთი შეხედვით, არ არის, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით და ჩავუღრმავდებით მდგომარეობას, ფაქტობრივი მსგავსება აშკარა გახდება. კერძოდ: კომუნისტური რეჟიმი არასოდეს უშვებდა დემოკრატიული მედიის არსებობას, რასაც იმით ამართლებდა, რომ ,,რადგან პარტია გამოხატავს ხალხის გულისთქმას“, ამიტომაც პარტიული მედიისგან განსხვავებული და მით უმეტეს, მისი მოწინააღმდეგე აზრების დაფიქსირება და ქადაგება ნიშნავს ერთი მუჭა გადაგვარებულებისათვის (მაგალითად დისიდენტებისათვის)ხალხის ნების წინააღმდეგ გამოსვლის საშუალების მიცემას, რაც დანაშაულია (ისევ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე). საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ ამ საკითხისადმი მიდგომა უფრო მოქნილი და ეშმაკურია. ფორმალურად იგი უშვებს კონტროლირებადი დამოუკიდებელი მედიის არსებობას და მისი საშუალებით დოზირებული ოპოზიციური აზრების გავრცელებასაც, თუმცა, პირდაპირ თუ ფარულად ცდილობს აკრძალოს ტელეეკრანებზე მისთვის მიუღებელი ოპონენტების გამოჩენაც კი. ამ საქმეში ერთვება მიუღებელი პოლიტიკოსების თუ უფლებადამცველების მიმართ ბინძური ჭორების გავრცელების კაკებეშნიკური მეთოდები, რომ ასეთი ხალხის მხრიდან ანტისახელისუფლო პოზიციების დაფიქსირების საფუძვლები მხოლოდ ,,ხელმოცარულობა“, ,,ანგარება“, ,,შურიანობა“ ან ,,ქვეყნის მტრობაა. ამიტომაც, მათი საუბრები მხოლოდ ,,ყიყინი“ან ,,ჭყლოპინია“. რაც შეეხება მისი კონტროლიდან რეალურად გასულ მედიასაშუალებებს, ხელისუფლება დაუნდობლად ებრძოდა მათ. იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთებს შეუზღუდოს ან საერთოდ მოუსპოს მუშაობის შესაძლებლობა. ამ მიზნით გამოყენებულია სხვადასხვა ფორმები და მეთოდები: რედაქტორებისა და მედიის საშუალებათა მეპატრონეების მიმართ შანტაჟი და მუქარები, მათთვის ფინანსური პრობლემების ხელოვნურად შექმნა და ამ საბაბით მათი დახურვა, სასამართლოში ჩივილი და მოსამართლეთა მიერ მედიის წინააღმდეგ შეკვეთილი გადაწყვეტილებების გამოტანა (ზოგჯერ არც უშუალოდ ჟურნალისტების დევნა-შევიწროებას ერიდებიან). ასეთი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად 2004 წელს უკვე დაიხურა, პოზიციები დათმო ან მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ელექტრონული და ბეჭდური მედიის არაერთი საშუალება (ტელეკომპანიები: ,,მე-9 არხი“, ,,იბერია“, ,,კავკასია“. გაზეთები: ,,დილის გაზეთი“, ,,ჯორჯიან თაიმსი“, ,,ტრიბუნა“, ,,მთავარი გაზეთი“, ,,ხალხის გაზეთი“, ,,თავისუფალი გაზეთი“, ,,ახალი ეპოქა“, ,,ქართული მწერლობა“, ჟურნალები: ,,ომეგა“, ,,იმიჯი“, ,,პრეს-პრემიერი“ და ა.შ.). ეს იმ დროს, როდესაც სახელისუფლო პროპაგანდის მთავარ დამრტყმელ ძალას-ტელეარხებს: ,,პირველ არხსა“ და ,,,,რუსთავი 2“-ს სრული ფინანსური ამინისტია აქვთ გამოცხადებული და მათ მილიონობით დოლარის არსებულ დავალიანებაზე ხელისუფლება შეგნებულად ხუჭავს თვალს. დღეისათვის საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე დარჩენილი ტელეარხებიდან 4 აშკარად სახელისუფლო (პირველი და მეორე არხები, ,,რუსთავი 2“, და ,,აჭარა“), ხოლო დანარჩენები დამოუკიდებელი, მაგრამ ხელისუფლებისგან კონტროლირებადი ან მხოლოდ გასართობი. მედიაზე შეტევის ნათელი გამოვლინება იყო ფაქტობრივად ერთადერთი, უკონტროლო, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის-,,კავკასიის“ დახურვის მცდელობა, როს მიზეზადაც დასახელდა რამდენიმე ათასი ლარის არსებული დავალიანება. დემოკრატიული საზოგადოებისთვის სრულიად გასაგებია, რომ ხელისუფლების ეს მცდელობა მისი ანტიდემოკრატიულობისა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მორიგ მკაფიო გამოვლინებას წარმოადგენდა. სავარაუდოა, რომ ასეთ პირობებში ხელისუფლება ადრე თუ გვიან მაინც მოახერხებს აღნიშნული ტელეარხის (,,კავკასია“) დახურვასაც. 
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს: საბჭოთა პერიოდშიც იყვნენ ასეთივე უწყინარი და ხელისუფლების მორჩილი  ,,არასამთავრობო ორგანიზაციები“ (,,ტყის მეგობარი“, ,,წითელი ჯვრის საზოგადოება,“ ,,მონადირეთა კავშირი“, ,,ბუნების დაცვის საზოგადოება“, ,,ვეტერანთა კავშირი“, ,,ქალთა საბჭო“, ,,მშვიდობის ფონდი“ და ასე შემდეგ), როგორებადაც დღევანდელმა ხელისუფლებამ აქცია ერთ დროს სამართლიანობისათვის მებრძოლი ბევრი ენჯეო. ბოლო წლებში საქართველოს არასამთავრობო სექტორი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად და წარმატებულად პოსტსაბჭოთა სივრცეში. გარკვეულწილად, ამაში იყო სამართლის ნაწილი, რადგან ყოფილი ხელისუფლება იყო ძალიან სუსტი, არ სარგებლობდა მოსახლეობის მხარდაჭერით და ამიტომ ადვილად ექვემდებარებოდა სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლას. რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლება, როგორც საძულველი მთავრობის მოშორების წამყვანი ძალა, სარგებლობდა მოქალაქეთა დიდი ნაწილის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერითაც. უფრო მეტიც: ბევრი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკოსებზე მეტად იყო ჩართული რევოლუციის დროს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში. ხელისუფლებაში რევოლუციური ძალების მოსვლის შემდეგ კი ზოგიერთი არასამთავრობო ლიდერი უშუალოდ გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში და პარლამენტში მოხვდა, ხოლო მესამე სექტორში დარჩენილი რევოლუციონერი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უბრალოდ, ხელისუფლების დანამატად და მისი პოზიციების გაძლიერებისთვის მებრძოლად გადაიქცა. ასეთ სიტუაციაში არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვნად დასუსტდა, რადგანაც რეალურად ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი ყველა მოქალაქე (მათ შორის მესამე სექტორის მიუკერძოებელი წარმომადგენლები)   კონტრრევოლუციონერებად მონათლა სახელისუფლო პროპაგანდამ. სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენი და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდიოდა იმის წინააღმდეგ, რომ მესამე სექტორი აქტიურად ჩართულიყო სახელისუფლო ბრძოლაში და რევოლუციაში. ამის უმთავრესი მიზეზი ის იყო, ამით მესამე სექტორი კარგავდა მისთვის ბუნებრივ (სუბიექტურ, ნეიტრალურ, მიუკერძოებელ) პოზიციას. გარდა ამისა, ჩვენ იმთავითვე ვაფიქსირებდით, რომ დემოკრატიული ლოზუნგებით და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსული მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის გარემოს აშკარად გაუარესებდა.   მთელი 2004 წლის მანძილზე ეს ასეც ხდებოდა, თუმცა ამის წინააღმდეგ რეალურად მხოლოდ ერთეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ვიბრძოდით. რევოლუციონერი არასამთავრობოები კი ამას მხოლოდ წინა ხელისუფლების ინერციას ან კონკრეტულ უღირს ჩინოვნიკებს აბრალებდნენ. სინამდვილეში ადამიანის უფლების დაცვის გარემოს მნიშვნელოვანი გაუარესება სწორედ ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია. როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ ამ სფეროში გაუარესებული მძიმე მდგომარეობის დაფარვა უკვე შეუძლებელი იყო, ბოლო ხანებში ინტენსიურად ცდილობს, რომ ნეიტრალურობის, ობიექტურობისა და პროფესიონალების იმიჯი აღუდგინოს საკუთარ სატელიტ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ეს ნიშაც სწორედ მათი მომხრეების მიერ იყოს დაკავებული. რეალურად ხდება ის, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებაში მოსულმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ (,,თავისუფლების ინსტიტუტი:, ,,კმარა“, ,,ALPE” და ა.შ.) უმნიშვნელოვანესი და წამყვანი პოსტები დაიკავეს პარლამენტში, თბილისსა და სხვა ქალაქების მერიებში, უშიშროების საბჭოში, შინაგან საქმეთა, უშიშროების, იუსტიციისა და სხვა სამინისტროებში (ანუ, სწორედ ისინი არიან დღეს ხელისუფალნი), ხოლო მეორე მხრივ, თვითონ ისინი ინარჩუნებენ ძველს და ქმნიან ახალ არასამთავრობო ,,არასამთავრობო“ ორგანიზაციებს, რომლებსაც უხვად აფინანსებენ იმ დონორი ორგანიზაციების (საერთაშორისო და ადგილობრივი ფონდების) საშუალებით, რომლებიც ფაქტიურად მონოპოლიზებული ჰქონდათ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს (აქტიური ლობირებისა და იმ ფონდებში საკუთარი წარმომადგენლების უშუალო დანიშვნის გზით), დღეს კი მათ, მით უმეტეს, გარანტირებული აქვთ ფონდების მხრიდან საკუთარი ორგანიზაციების დაფინანსება. ასეთ პირობებში საერთოდ აღარ რჩება ადგილი მიუკერძოებელი და ობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამ უკანასკნელთა მუშაობა ხელისუფლებისგან იბლოკება როგორც სახელისუფლო, ისე ფინანსური (სამთავრობო ენჯეოების გავლენის ქვეშ მყოფი ფონდების) ბერკეტების მეშვეობით. გამონაკლისის სახით მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ ისეთ არასახელისუფლო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არც წინა ხელისუფლების დროს წარმოადგენდნენ რაიმე ანგარიშგასაწევ ძალას და დღესაც მათი საქმიანობა ფორმალურ ხასიათს ატარებს, როს გამოც არ უქმნიან არავითარ წინააღმდეგობას ხელისუფლებას. ესეც არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ 2004 წელს ხელისუფალთა მხრიდან გახშირდა ადამიანის უფლებების,  კანონისა და სამართლიანობის ნორმების თანხმობის თავხედური დარღვევები. სწორედ იმის გამო ხდება ხელისუფლებისათვის მიუღებელ პირთა მიმართ პროცესების უხეში დარღვებით მოქმედება, რომ სრულადაა მოშლილი ხელისუფლების კონტროლისა და ბალანსირების მექანიზმები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელისუფლება საკუთარი მოქმედების საკრიტიკებლად ფართო ასპარეზს აძლევს საკუთრ ,,არასამთავრობო“ ორგანიზაციებს, რომლებიც დოზირებულად, ,,ორთქლის გამოშვების“ პრინციპით ისევ ხელისუფლებას ემსახურება და ქმნის ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის ილუზიას. ეს ჩვენ გვაგონებს გორბაჩოვის დროინდელ შიდა პარტიული დემოკრატიის განვითარებას, როდესაც ქვეყნის დასანახად ხდებოდა კრიტიკული გამოსვლები ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ (,,შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარება“), რისი მიზანიც კომუნისტური სისტემის ,,გაადამიანურება“ და განმტკიცება იყო. საკუთარი არასამთავრობოებისაგან კრიტიკის წახალისება ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივად სწორედ ,,შიდა პარტიული დემოკრატიის“ არსეწბობის რეკლამირებაა.
2004 წელს დავინახეთ, რომ ლიბერალური ღირებულებებისთვის ბრძოლის ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსული ბევრი გაპოლიტიკოსებული რევოლუციური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის ეს ლოზუნგები რეალურად მხოლოდ ხელისუფლების დაპყრობის საშუალება ყოფილა და ისინი მესამე სექტორში მოღვაწეობის საკუთარ გამოცდილებას ამ სექტორის დასაკნინებლად იყენებდნენ. ნიშანდობლივია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შევარდნაძის მმართველობის ბოლო ხანებში გახსნილი პოლიციის განყოფილებებისა და პენიტენციური სისტემის კარები ახალი ხელისუფლების შს და იუსტიციის მინისტრებმა მყარად მიხურეს და მხოლოდ ,,სახელისუფლო“ არასამთავრობოებისთვის აპირებენ მათ სისტემაში ფორმალური გამჭვირვალეობის დაშვებას. ხელისუფლების ასეთი პოლიტიკის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი კი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ჩვენი საზოგადოების განათლების არასაკმარისობა და გავრცელებული არადემოკრატიული სტერეოტიპების ტრადიციის არსებობაა.
განუკითხაობა და საზოგადოებრივი კონტროლიდან გამოსვლის ის უმთავრესი მომენტებია, რომლებითაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს კომუნისტური და საქართველოს დღევანდელი რეჟიმები. ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში, 2004 წელს გახშირებული იყო ფულის ჩვენების გამოძალვის მიზნით მოქალაქეებისთვის ნარკოტიკის ან იარაღის ჩადება, მაშინაც და ახლაც პოლიცია დაუსჯელად იყენებს დაკავებულთა მიმართ წამების და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის ფორმებსა და მეთოდებს. მხოლოდ ჩვენმა ორგანიზაციამ მიმდინარე წელს დაკავებულთა მიმართ წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ასეულობით ფაქტი მიაწოდა სამართალდამცველ ორგანოებს, თუმცა მათზე რეაგირების ხარისხი, ფაქტობრივად, ნულის ტოლი იყო.
ისევე როგორც საბჭოთა რეჟიმის პირველ წლებში, ხელისუფლებას დრესაც შეუძლია მოქალაქეს ჩამოართვას ქონება და თანხები (რევოლუციის შემდეგ პირველ ხანებში ეს ხდებოდა ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ხოლო შემდეგ კანონიც მიიღეს და მოხდა სახელმწიფო რეკეტის ლეგიტიმაცია). მართალია, ხელისუფლება ამას ანტიკორუფციულ ბრძოლას და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას უწოდებდა, მაგრამ ხშირად ეს იყო ქონების დაუსაბუთებლად ჩამორთმევა. დღევანდელ ხელისუფალთა გამზრდელი, ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თავისი ცკ-ს მდივნობის პირველ წლებში ასევე ახორციელებდა ხალხის განკულაკებას (მაშინ ამას ,,უშრომელი შემოსავლის წინააღმდეგ ბრძოლა“ ერქვა). ხალხს მაშინაც ქონება სამართლიანობის სახელით (ანუ დაკანონებულად)პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ერთმეოდა.  
ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში, 2004 წელსაც არავინ იყო იმის გამკითხავი, თუ რა უკანონო მეთოდებით (ხშირად მოტყუებით) ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან მათთვის მიუღებელ თანამშრომლებს იმისათვის, რომ საკუთარი მომხრე ,,რევოლუციონერები“ დაეკმაყოფილებინათ სამსახურებით. ასეთ შემთხვევებში არავითარი ყურადღება არ ექცეოდა არც ამ მოქალაქეთა უფლებებს, არც მათ კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს. ამასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ხელისუფლებას სჭირდება არა პროფესიონალი და გამოცდილი , არამედ ,,ეფექტური“ კადრები. რაც შეეხება ,,ეფექტებს“, საქართველოს ხელისუფლება 2004 წელს ნამდვილად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე კომუნისტური რეჟიმი, თუმცა, ეს ეფექტები, როგორც წესი, დამყარებული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე. კომუნისტური რეჟიმი ფორმალურად მაინც ზრუნავდა სამსახურიდან დათხოვნილ მოქალაქეთა სოციალურ დაცვაზე. დღევანდელ რეჟიმს კი ათეულ ათასობით უმუშევრად დარჩენილთა ბედი ფორმალურადაც კი არ აწუხებს (სხვადასხვა ინფორმაციით, 2004 წელს ხელისუფლების მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა).
უუნარო, მაგრამ საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ მყოფმა წინა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი პროტესტის გამო ვერ გაბედა საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ჩეჩენი ლტოლვილების რუსეთისათვის გადაცემა, სადაც მათ ემუქრებოდათ სიკვდილი ან წამება, 2004 წელს კი საქართველოს ხელისუფლებამ სხვადასხვა ფორმით  და მეთოდით (მათ შორის მოტაცების გზით) 7 ჩეჩენი ლტოლვილი გადასცა რუსეთის ხელისუფლებას.
ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოში 2004 წელს კვლავ გაჩდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები. მართალია, პოსტკომუნისტურ პერიოდში (1990-1997წლებში) დამოუკიდებელ საქართველოში ადრეც ვხვდებოდით ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებდა მოქალაქეებს, მაგრამ უდავო ფაქტია, რომ 90-იანი წლების ბოლოდან ვიდრე 2004 წლამდე პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დაპატიმრების პრობლემა საქართველოში აღარ არსებობდა. მსოფლიოში არსებული არადემოკრატიული რეჟიმების მხრიდან ხშირია მიუღებელ პირთა დაპატიმრებისა და სამაგალითო დასჯის შემთხვევები მოგონილი ბრალდებებით. მაგალითად, საბჭოთა პერიოდში დაპატიმრებული არაერთი ქართველი დისიდენტი სწორედ სხვადასხვა მოგონილი (არაპოლიტიკური) ბრალდებით იყო გასამართლებული. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო ამინისტია“ პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს ყველა იმ პირს, რომელსაც ხელისუფლება აპატიმრებს პოლიტიკური ნიშნით, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ჩადენილი ამ პირს მის მიმართ ინკრიმინირებული თუ სხვა დანაშაული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2004 წელს დაპატიმრებულთაგან პოლიტიკურ პატიმრებად შეიძლება ჩაითვალონ ბათუმელი სტუდენტი ლაშა ჩახვაძე, აგრეთვე წინა ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკები: სულხან მოლაშვილი და გიორგი კუპრეიშვილი, გარდა ამისა, ასეთივე კატეგორიის პატიმრებად მივიჩნევთ ბათუმის ბაზარში აქციისას დაპატიმრებულ ჯუმბერ თავართქილაძეს და ეკონომიკის სამინისტროს წინ აქციის დარბევისას დაკავებულ3 მოქალაქეს (წიკლაური, ქაცანაშვილი, შონია), რომელთაც უკვე მიესაჯათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა. 
საქართველოს დღევანდელ ლიდერთა ხელისუფლებაში მოსვლა, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა საერთაშორისო მხარდაჭერამაც. მათ, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მსგავსად ირწმუნეს ხელისუფლების სათავეში მოსულ პირთა ლიბერალური ღირებულებებისადმი ერთგულება და დემოკრატიული ლოზუნგების რეალურობა. დღეისათვის საერთაშორისო საზოგადოება ნათლად ხედავს ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის გარემოს გაუარესებას. ამის გამო მათ თვალი არ უნდა დახუჭონ თუნდაც მათთვის მისაღებ ლიდერთა  არადემოკრატიულ საქციელზე (როგორც სამწუხაროდ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ეს ხდება ხოლმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერთა მიმართ) და დაიკავონ მკაცრ  დარღვევებზე. ეს დარღვევები არა მხოლოდ  რევოლუციონერ ქართველ პოლიტიკოსთა და უფლებადამცველთა, არამედ ამ რევოლუციის მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების პასუხიმგებლობის საკითხიცაა. საერთაშორისო წაყრუების შემთხვევაში საქართველოს ,,პუტინიზაციის“ პროცესის შეჩერება შეუძლებელი იქნება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პუტინმა რუსეთში თავის ავტორიტარულ რეჟიმს დაუმორჩილა თავისუფალი სიტყვა და სამოქალაქო საზოგადოება. ხოლო ხელისუფლების გაძლიერების პუტინისეული ფორმები და მეთოდები პრეზიდენტ სააკაშვილისათვის მისაღები და მისაბაძია, რის შესახებაც მას არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ. სააკაშვილის საჯარო გამოსვლებიდან შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ იგი მწყრალად არის დემოკრატიასთან. საყოველტაოდ ცნობილია მისი გამონათქვამები, რომ ,,ადგილზე დახვრიტონ ყველა, ვინც ხელისუფლების წარმომადგენლებს არდაემორჩილება.“ ,,კბილები ჩაუმტვრიონ დაკავებულთა დამცველებს,“ ,,სულელი ბრიყვი ან ბრმაა ყველა, ვინც ვერ ხედავს მისი ხელისუფლების წარმატებებს“ (ანუ ყველა მისი ოპონენტი) და ა.შ.
მთლიანობაში 2004 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად არღვევდა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-10 (გამოხატვის უფლება) და მე-13 (შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ხელმისაწვდომობის უფლება) მუხლებს. 
P.S. 
ჩვენ და ზოგიერთი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია (სამწუხაროდ, მესამე სექტორის უმცირესობა) რევოლუციის წინა პერიოდში გამოვდიოდით ხელისუფლებისათვის ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ფორმებით ჩარევის წინააღმდეგ, რადგან სამოქალაქო სექტორის სიძლიერე მის ობიექტურობაში, სამართლიანობასა და ლიბერალური ღირებულებებისადმი ერთგულებაშია, რასაც მოკლებულნი არიან ნებისმიერი ხელისუფლების მსახური არასამთავრობოები. სამწუხაროდ, რევოლუციის ეიფორიით აღტაცებულმა ბევრმა ჩვენმა კოლეგამ მაშინ ასეთ პოზიციას არაერთი უკადრისი იარლიყი მიაკრა. დღეს კი აღმოჩნდა, რომ თურმე სამოქალაქო სექტორი ეფექტურად ვეღარ აღუდგება წინ პოლიციის განყოფილებებში გახშირებულ წამებებს, იარაღისა და ნარკოტიკის ,,ჩადებებს“, პროტესტის გამომხატველი მოსახლეობის დარბევებს, ხელისუფალთაგან კონსტიტუციის საკუთარ ტანზე მორგებას, ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ფეხქვეშ გათელვას, ადვოკატების საქმიანობის იგნორირებას და მის ფორმალობამდე დაყვანას, სიტყვის დამოუკიდებლობის შეზღუდვას, საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარი ინტერესებისამებრ შელამაზებას და ასე შემდეგ. ამაზე პასუხისმგებლობა კი ყველა იმ პოლიტიკოსმა და უფლებადამცველმა უნდა გაიზიაროს, ვინც ხელი შეუწყო დღევანდელ მმართველობას იმაში, რომ ისინი ასეთი გზით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. 

წამების პრევენცია საქართველოში - ხელისუფლება, საზოგადოება, წამების მსხვერპლნი

(2004 წლის ანგარიში)

პროექტის მიმოხილვა და მეთოდოლოგია

ჩვენი ორგანიზაციის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული არაერთი პროექტი პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში დაკავებულ მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ ქმედებებს, რომელთა დროსაც სისტემატურად ჰქონდა ადგილი წამების ან მათ მიმართ განხორციელებულ სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. აღნიშნულ პროექტზე მუშაობის პერიოდში ჩვენ შევისწავლეთ თავისუფლება შეზღუდულ პირთა უფლებების შელახვის ის ფორმები და მეთოდები, რომლებსაც იყენებენ სამართალდამცველები ყოველდღიურ პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, შემუშავდა ამ პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდოლოგია, რომელიც საზოგადოებას აძლევს პოლიციის ქმედებათა მეტ-ნაკლები კონტროლის შესაძლებლობას. აღნიშნული მეთოდოლოგია მოიცავს:
ა) სამართალდამცველების მუშაობის ტრანსფარენტულობის უზრუნველყოფას, რაც მიიღწევა პოლიციის განყოფილებებში არსებული დოკუმენტაციის წინასწარი დაკავების საკნებისა და დაკავებულთა მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგით;
ბ)პოლიციის თანამშრომელთა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე დაკავებულ პირთა  სისტემური ინფორმირება მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რაც მიიღწევა სისტემატურად ჩატარებული სემინარებისა და მრგვალი მაგიდების მოწყობის, აგრეთვე შესაბამისი ბროშურების, სარეკლამო ფურცლებისა და ბუკლეტების მომზადებითა და შესაბამის ფოკუსჯგუფებში გავრცელებით. 
პროექტის განხორციელება დაიწყო 2003 წლის სექტემბერში. პროექტით გათვალისწინებული იყო 11 სხვადასხვა სახის აქტივობის განხორციელება და სხვადასხვა ინტენსივობით ყველა მათგანი შესრულდა. პროექტის საწყის ეტაპზე (პირველი სამი თვის განმავლობაში)დაუბრკოლებლად სრულდებოდა პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა. თუმცა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე რევოლუციურმა პროცესებმა გვაიძულეს გარკვეული კორექტივები შეგვეტანა პროექტით გათვალისწინებული აქტივობების რეალიზაციის ფორმებსა და მეთოდებში. მაგალითად: არასრულად იქნა შესრულებული პროექტის ორი აქტივობა-პოლიციის განყოფილების მონიტორინგი და სემინარები პოლიციელებისთვის, ვინაიდან ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ , დაახლოებით 2003 წლის დეკემბერის მეორე  ნახევრიდან, ახალმა ხელისუფლებამ აკრძალა მონიტორინგი, პრაქტიკულად დახურა პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორები და ჩვენს ორგანიზაციას აუკრძალა პოლიციელებისთვის სემინარების ჩატარება. ჩვენ ვთვლით, რომ ახალი ხელისუფლება პირველ თვეებში სხვა ოპერატიულად გადასაწყვეტი საკითხებით, რის გამოც ვერ იცლიდა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობისათვის. ამის გამო, სიტუაციის მეტ-ნაკლებად დასტაბილურების შედეგად ჩვენ ოფიციალურად ორი წერილით მივმართეთ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი ბარამიძეს, რომლებშიც ვთხოვდით მოეცა ჩვენთვის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორების მონიტორინგისა და პოლიციელებისათვის სემინარების ჩატარების საშუალება, რაზეც, სამწუხაროდ, მინისტრისგან უარი მივიღეთ (არსებობს ოფიციალური პასუხები).
პროექტით გათვალისწინებული დანარჩენი 9 აქტივობა განხორციელდა სრულად. კერძოდ: 
• სამოქალაქო საზოგადოებასა და მასმედიის წარმომადგენლების მანაწილეობით ჩატარდა 6 მრგვალი მაგიდა, რომლებზეც განხილული იყო დაკავებულთა მიმართ წამებისა და სასტიკ, ღირსების შემლახველ მოპყრობასთან დაკავშირებული შემდეგი აქტუალური საკითხები: სახელისუფლო ორგანოების თანამშრომლობა და ურთიერთობის ფორმები, აღნიშნულ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობა მასმედიასთან, ადვოკატებთან და უფლებადაცვით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ეფექტური მეთოდები წამების ფაქტების აღმოფხვრისათვის. ახალი ხელისუფლების პირობებში პოლიციის განყოფილებაში დაკავებულ პირთა წამების რაოდენობის გახშირების მიზეზები და ა.შ. მრგვალ მაგიდებში მონაწილე მასმედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები მსჯელობდნენ იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც იძლეოდა სამართალდამცველთა მხრიდან დაკავებულ მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დაუსჯელად განხორციელების შესაძლებლობას, სახავდნენ და აანალიზებდნენ იმ ღონისძიებათა განხორციელებს ფორმებსა და მეთოდებს, რომლებიც საზოგადოებას მისცემდა პოლიციელთა თვითნებობის აღმოფხვრის შესაძლებლობას. მრგვალი მაგიდების დროს შემუშავებული რეკომენდაციები ეგზავნებოდა სამართალდამცველი სტრუქტურების ხელმძღვანელებს. ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის დროს განხილული იქნა დაკავებულთა წამებასთან დაკავშირებული წლიური ანგარიშს პროექტი. 
• გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლები სისტემურად ატარებდნენ პრეს-კონფერენციებს, რომლებიც ეძღვნებოდა დაკავებულთა წამების კონკრეტულ შემთხვევებს (კერძოდ, ასეთი პრესკონფერენციები მიეძღვნა: ადამიანის გატაცებაში ბრალდების გამო დაკავებულ ელდარ გოგბერაშვილს, ბენიამინ სანებლიძისა და გია ვაშაკიძის პოლიციელთა მიერ წამებას , პანკისის ხეობაში მცხოვრები სუბიდარ ბათირაშვილის ოჯახზე სამართალდამცავების თავდასხმას და მისი სამი შვილის ახმეტის პოლიციაში ცემას, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის წამების ფაქტს, იარაღის, ნარკოტიკის ,,ჩადებისა“ და დაქირავებულ მოწმეთა არსებობის პრობლემებს და ა.შ.). აღნიშნული პრეს-კონფერენციები აქტიურად შუქდებოდა მედიის საშუალებებით.
• პოლიციის განყოფილებებში დაკავებულთა წამების კონკრეტული ფაქტების გამოვლენისას მათი გახმაურების, დამნაშავეთა დასჯისა და მომავალში პრევენციული ზომების მიღების მიზნით ხდებოდა წამების კვალის ფოტოებზე დაფიქსირება და მათი გავრცელება მედიის საშუალებებით. როდესაც მოხდა ექსტრემისტული შემთხვევა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის ერთ-ერთ რაიონულ პოლიციის განყოფილებაში წამების შედეგად გარდაიცვალა 40 წლის მოქალაქე ხვიჩა კვირიკაშვილი, პროექტის ფარგლებში განხორციელებული მრგვალი მაგიდების მონაწილეთა ერთმა ნაწილმა მოაწყო საპროტესტო აქცია შსს-ს შენობის წინ.
• პროექტის ფარგლებში მომზადებული წამების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრა ორგანიზებულად ხდებოდა თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში არსებული ორგანიზაციის ფილიალების წარმომადგენელთა მიერ პოლიციის განყოფილებებთან და სხვადასხვა შენობებზე.
• 8 საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პროექტით გათვალისწინებული აქტივობის ფარგლებში პერიოდულად ხდებოდა სემინარების ჩატარება, რომლებიც ეძღვნებოდა დაკავებულთა წამების წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო სტანდარტებს და ამ პრობლემასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად განხორციელებულ აქტივობებს, რომლებსაც მიმართავენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში. ასეთი სემინარები, თბილისის გარდა, ჩატარდა ქუთაისში, რუსთავში, ახალციხესა და ახმეტაში. აღნიშნულ სემინარებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის რეგიონალური წარმომადგენლები.
• პროექტით გათვალისწინებული 5-დღიანი შემაჯამებელი სემინარი (კონფერენცია) ,,წამების პრევენცია საქართველოს პოლიციის ქვეგანყოფილებებში“ ჩატარდა გუდაურში 2004 წლის 3-8 მარტს. კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს უფლება დაცვითი ორგანიზაციების, მასმედიის, შსს-სა და გენერალური პროკურატურის 35 წარმომადგენელი. პროექტი გათვალისწინებული იყო, რომ სემინარის მუშაობას გაუძღვებოდა პოლონეთის ჰელსინკის ფონდის თავმჯდომარე მარეკ ნოვიცკი. სამწუხაროდ, მისი მოულოდნელი გარდაცვალების გამო ეს არ მოხერხდა. ამიტომ გუდაურში ჩატარებულ სემინარებს 5 დღის მანძილზე უძღვებოდნენ იმავე ორგანიზაციის (პოლონეთის ჰელსინკის ფონდის)ორი წამყვანი ექსპერტი: სლავეკ სიბულსკი  და ბოგნა ხმელნისკა. კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების (,,წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი“, ,,სტუდია რე“, ,,კავკასიური ინსტიტუტი“, ,,ძალადობისგან დაცვის ნაციონალური ქსელი“, ,,21-ე საუკუნე:, ,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“, ,, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,“ ,,ამერიკის იურისტთა ასოციაციის“, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, ,,ალპის“ და ა.შ.)წარმომადგენლები, აგრეთვე წამყვანი ტელეარხებისა და გაზეთების ჟურნალისტები. შსს და გენერალური პროკურატურა წარმოდგენილი იყო მათი გენერალური ინსპექციების თანამშრომლებით. კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.
• 8 პოლიციის ქვეგანყოფილებებში მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და ინფორმაციის სისტემური შეგროვების მიზნით, პროექტის ფარგლებში თბილისის ცენტრალური ოფისში და რეგიონებში არსებული ჩვენი ორგანიზაციის ფილიალების ოფისებთან დადგმული იქნა პოსტ-ბოქსები მოქალაქეთა განცხადებებისთვის. აღნიშნული პოსტ-ბოქსების საშუალებით სისტემატურად ვიღებდით ინფორმაციებს პოლიციის განყოფილებებში დაკავებული მოქალაქეების მიმართ წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტების შესახებ. ინფორმაციის მირების მეორე ძირითადი წყარო იყო ცხელი ხაზები, რომლებიც გახსნილი იყო ორგანიზაციის ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში. ორგანიზაციის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი მითითებული იყო იმ სარეკლამო რგოლებში, რომლებიც პროექტის ფარგლებში იქნა მომზადებული და რომლებიც მრავალი თვის განმავლობაში გადიოდა საქართველოს ტელევიზიების ცენტრალურ არხებზე. მართალია, პროექტით გათვალისწინებული იყო, რომ აღნიშნული რგოლები უნდა გასულიყო საქართველოს ზოგიერთი რეგიონის ადგილობრივი ტელევიზიების არხებზე, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული რაიონული ტელეკომპანიები მხოლოდ გარკვეული რაიონის ტერიტორიებს ფარავდნენ , ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად აღნიშნული სარეკლამო რგოლები (სულ მომზადდა 5 სარეკლამო რგოლი) გასულიყო მხოლოდ იმ ტელეკომპანიის ეთერით, რომლებიც ფარავდნენ საქართველოს მთელ ტერიტორიას. (ასეთები იყვნენ: ,,პირველი არცი“ და ტელეკომპანია ,,აჭარა“ )მთელი საქართველოს ტერიტორიის დამფარავი ტელეკომპანიების (,,იმედი“, ,,მზე“) გახსნა და ფუნქციონირება დაიწყო პროექტის დამტკიცების შემდეგ. მართლაც, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფექტური გამოდგა, ვინაიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩვენს ორგანიზაციას თითქმის მუდმივად უკავშირდებოდნენ პოლიციის განყოფილებებში ნაწამები ადამიანების ოჯახის წევრები და ადვოკატები, რომლებიც ითხოვდნენ დახმარებას. გარდა ამისა, ჩვენი ორგანიზაციის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერს პერიოდულად აქვეყნებდა სხვადასხვა გაზეთი, ხოლო ერთი მათგანი, გაზეთი ,,ალია“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მრავალტირაჟიან გამოცემას წარმოადგენდა, თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყოველ ნომერში აქვეყნებდა ამ ინფორმაციას.
• ორგანიზაციის ცენტრალურ და რეგიონალურ ოფისებში ორგანიზაციის იურისტები სისტემატურად ახდენდნენ ცხელი ხაზების, პოსტ-ბოქსებისა და მოქალაქეთა უშუალო ვიზიტების შესახებ მიღებული ინფორმაციებისა და საჩივრების შეგროვებას, ანალიზსა და კომენტირებას. ჩვენი ორგანიზაციის სახელით აღნიშნულ საჩივარზე ინფორმაციები ეგზავნებოდა შსს-სა და გენერალური პროკურორის იმ დანაყოფებს, რომელსაც კანონით მოეთხოვება ბრძოლა პოლიციელების მიერ ხელისუფლების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.
• პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ 2004 წელს საქართველოი ჯერ კიდევ ძალაში იყო ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული დაკავებულ მოქალაქეთა წამების ფორმები და მეთოდები. კერძოდ, როდესაც პოლიციელებს გადაწყვეტილი აქვთ , რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო აუცილებელია ეჭვმიტანილის  ,,სროკზე გაშვება“ (შეიძლება ეს იყოს საფუძვლიანად ან უსაფუძვლოდ), საქმეში ერთვება წამების კარგად დამუშავებული მეთოდები, რათა მსხვერპლმა რაც შეიძლება მეტი სამხილი მისცეს გამოძიებას საკუთარი თავის წინააღმდეგ. კერძოდ, მსხვერპლს ურტყამენ ხელებზე, ტანზე, ფეხის გულებზე, რისთვისაც იყენებენ რეზინის ხელკეტებს, სკამის საზურგეებს, სპეციალურ დრეკად რკინას, რომელთა სხეულზე დარტყმების შედეგად სილურჯე თითქმის არ რჩება. წამების მეთოდები მრავალფეროვანია: ხელების შემორტყმა ყურებში, მსხვერპლის ჩაკეტვა სეიფში და გარედან ხელკეტების დარტყმები, მსხვერპლის გაშლილი ხელებით ჩამოკიდება და მისი ცემა (ე.წ. ,,ლასტოჩკა“). ცალკე უნდა აღინიშნოს დენზე შეერთების აპრობირებული მეთოდი, როდესაც საველე ტელეფონს შეერთებული აქვს 250 კილოვატიანი კვების წყარო, საიდანაც გამოდის ორი შემაერთებელი მავთული და რაც უფრო მეტად ატრიალებენ ტელეფონის სახელურს, მით უფრო იმატებს დენი. ასეთ წამებას, პრაქტიკულად, ვერავინ უძლებს და მსხვერპლი მზად არის ნებისმიერ დოკუმენტზე მოაწეროს ხელი. 
• პოლიციის განყოფილებებში დაკავებულთა წამების მსხვერპლებსა და სხვა კატეგორიის უფლებაშელახულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს პროექტის ფარგლებში სისტემატიურად ეწეოდათ იურიდიული ხასიათის კონსულტაციები, რეკომენდაციები იმ არასამთავრობო თუ სამთავრობო სტრუქტურებთან, რომლებიც მუშაობენ ფსიქოლოგიის, სამედიცინო ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის სფეროში. ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაციებით პერიოდულად ხდებოდა ასეთი კატეგორიის პირებისთვის უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევაც. აღნიშნული კონსულტაციების მიღების შესაძლებლობის შესახებ ასევე სისტემატურად ცხადდება საინფორმაციო საშუალებებით. ჩვენი ორგანიზაციის მიერ აღმოჩენილი მოქალაქეთა წამების შემთხვევების გახმაურება და გავრცელება სისტემატურად ხდება პრეს-რელიზების, ელექტრონული და ბეჭდური მედიის საშუალებით როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც. ამას ემსახურებოდა ყოველთვიური განახლებადი ელექტრონული ბიულეტენის გამოშვება და გავრცელება.  პროექტის ფარგლებში განხორციელებული ძალისხმევით მოხერხდა საზოგადოებრივი აზრის სერიოზული შემობრუნება დაკავებულთა ცემისა და წამების პრობლემატიკაზე. რევოლუციურ ეიფორიაში მყოფი ხელისუფლება , ეყრდნობოდა რა რევოლუციისადმი გამოვლენილ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, პირველ ხანებში სრულ იგნორირებას უწევდა ჩვენს მიერ მოძიებულ წამებისა და სამართალდამცავთა მიერ გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს. თუმცა, 2004 წლის მეორე ნახევრიდან მოხერხდა ამ თემის წინა პლანზე წამოწევა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის შესაბამისი არგუმენტირებული ინფორმაციების მიწოდება და გაძლიერდა მათი მხრიდან ზეწოლა ხელისუფლებაზე ასეთი ფაქტების აღმოფხვრის მოთხოვნით, რამაც ხელისუფლება აიძულა ანგარიში გაეწია ყოველივე ამისათვის და გარკვეულად შეეზღუდა დაკავებულ პირებზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის მასშტაბები. 
• წამების პრევენციისა და ამ პრობლემატიკით საზოგადოების დაინტერესების მიზნით საანგარიშო პერიოდში პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა შემდეგი პუბლიკაციები:
1) ბუკლეტები ჩვენი ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განხორციელებული აქტივობებისა და წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ;
2) ბუკლეტები ბაზისური უფლებებისა და დამხმარე ინფორმაციის შესახებ;
3) ბროშურა სახელწოდებით: ,,შევაჩეროთ წამება!“ ბროშურაში მოცემულია იმ საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი ნორმების კრებული, რომლითაც იკრძალება ადამიანის წამება და დაკავებულთა მიმართ სხვა სახის არაადამიანური, სასტიკი და ღირსების შემლახველი მოპყრობა; 
4) წამების საწინააღმდეგო პლაკატები რომელზეც გამოსახულია სიუჟეტი პროექტის ფარგლებში ჩვენ მიერ მომზადებული წამების საწინააღმდეგო ვიდეოკლიპიდან; 
5) საფულის ზომის ბარათები, რომლითაც მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც  შეხება ექნებათ სამართალდამცველებთან იმ შემთხვევაში თუ ისინი განიზრახავენ (ან განახორციელებენ) მათ ჩხრეკას ან დაკავებას. აღნიშნული ბარათების ზომა მოსახერხებელია მათი ჯიბით ტარებისათვის;  
6) ,,პოლიცია და საზოგადოება“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე). წიგნში გაანალიზებულია საქართველოში პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტები და მთავარი აქცენტი გადატანილია პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებში მოქალაქეთა წამების მიზეზებსა და მექანიზმებზე;

• პროექტის ფარგლებში შევქმენით ჩვენი ორგანიზაციის ვებ-საიტი, რომელიც ეძღვნება საქართველოში ადამიანის სამოქალაქო უფლებების დარღვევების პრობლემატიკას, ხოლო მათ შორის უმთავრესი ადგილი უკავია ინფორმაციებს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან დაკავებულ მოქალაქეთა მიმართ გამოყენებულ იმ ფორმებსა და მეთოდებს რომლებსაც შეიძლება მიეცეთ წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის კვალიფიკაცია. ვებ-საიტის მთავარი გვერდები შედგება ადგილობრივი და საერთაშორისო განყოფილებებისგან, რომლებზეც განთავსებულია: ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის მიმოხილვა საქართველოში, პოლიციის განყოფილებაში დაკავებულ მოქალაქეთა წამების გამომწვევი მიზეზების, ფორმებისა და მეთოდების ანალიზი და რეკომენდაციები იმისთვის, რომ შეიცვალოს არსებული მდგომარეობა. . ორგანიზაციის მიერ მოცემული ბუკლეტები, სახელმძღვანელო პოლიციელებისთვის და სხვა მასალები. აღნიშნული ვებ-გვერდი ადვილად ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა პრობლემატიკასთან დაკავშირებულ თუ კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში დაინტერესებული ყველა პირისთვის.
• საანგარიშო პერიოდში პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები სისტემატურად შუქდებოდა მედიაში. ამ მიზნით სისტემატურად ხდებოდა ელექტრონული ბიულეტენებისა და პრეს-რელიზების გავრცელება მედიით. ასევე ხორციელდებოდა სისტემატური მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე რომლებიც ეხება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს და რეკომენდაციები მედიის თუ სხვა საშუალებებით მიეწოდებოდა ხელისუფლებას. აქტიურად იყო გამოყენებული მედიასთან მუშაობის ისეთი ფორმა, როგორიცაა პრესკონფერენციები წამებებთან დაკავშირებულ კონკრეტულ და ზოგად საკითხებზე.
• წამების საწინააღმდეგო სარეკლამო ვიდეორგოლები შერჩეული იქნა ტენდერის საფუძველზე. აღნიშნული ვიდეორგოლების მიერ პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტურ რეკლამირებაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მათი სატელევიზიო არხებით გაშვების შემდეგ მნიშვნელოვნად მოიმატა იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომლებიც უშუალოდ ოფისში მოსვლით ან ცხელი ხაზის საშუალებით გვაწვდიდნენ ინფორმაციას პოლიციის განყოფილებებში დაკავებულთა მიმართ გამოვლენილ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ.
• მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევა ისეთ მანკიერებებთან მიმართებაში, როგორიცაა პოლიციელთა მხრიდან დაკავებულ მოქალაქეთა მიმართ გამოვლენილი წამება და სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა და ამასთან დაკავშირებული პრობლემები. კვლევა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევის ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ IPM-მა. კვლევის მიზანი იყო  საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა და ანალიზი წამების პრობლემატიკასთან დაკავშირებულ ისეთი საკითხების გარკვევასთან დაკავშირებით, როგორებიცაა:
• რა არის პოლიციის განყოფილებებში დაკავებულთა მიმართ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის მიზეზები?
• რომელი წყაროდან იღებენ უპირატესად მოქალაქეები ინფორმაციებს პოლიციის განყოფილებებში დაკავებულ მოქალაქეთა მიმართ გამოყენებული წამების შესახებ?
• არის თუ არა შემთხვევები, როდესაც შეიძლება გამართლებულ იქნას დაკავებული მოქალაქის წამება?
• რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ასეთი ფაქტების რაოდენობა შემცირდეს?
ამ და წამების პრობლემატიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხების მიმართ საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულების შესახებ აქვე მოგვყავს აღნიშნული სოციოლოგიური კვლევის დეტალური შედეგები.
საანგარიშო პერიოდში პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა საქმიანობამ და სხვადასხვა აქტივობებმა ნათლად დაგვანახეს, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს პოლიციის განყოფილებებში დაკავებულ პირთა წამებისა და მათ მიმართ განხორციელებული სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის პრობლემა კვლავ აქტუალური იყო. ხშირია შემთხვევები, როდესაც არ მუშაობენ ის მექანიზმები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია აღნიშნული მოვლენის აღმოფხვრისათვის. წამების მსხვერპლთა დაცვაზე არასაკმარისად ზრუნავს როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება. მთლიანობაში, საზოგადოებაში ჯერ კიდევ შეინიშნება ნიჰილისტური დამოკიდებულება ასეთი ფაქტების მიმართ, რადგან მოქალაქეთა საკმაოდ დიდ ნაწილში ისევ მუშაობს სტერეოტიპი, რომ ხელისუფლების მხრიდან დამნაშავეობასთან და კრიმინალებთან ეფექტური ბრძოლა ვერ განხორციელდება დაკავებულთა მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური (თუნდაც კანონსაწინააღმდეგო) ზემოქმედების გარეშე. ახალი ხელისუფლების მმართველობის პირველ ეტაპზე ასეთი სტერეოტიპებით მოაზროვნეთა რაოდენობა ძალზე საშიშ ზღვარს აღწევდა და ყოველივე მართლდებოდა ახალი ხელისუფლების მხრიდან კორუფციასთან და კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის სურვილით, თუმცა, თანდათანობით სულ უფრო მეტი მოქალაქე  ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებითა და ადგილობრივი კანონმდებლობით დეკლარირებული იმ ღირებულებების ცხოვრებაში დანერგვის აუცილებლობას რომლის მიხედვითაც ადამიანის წამება დაუშვებელია ნებისმიერ დროსა და ვითარებაში. აღნიშნულის გაცნობიერებას და გათავისებას საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქის მხრიდან ხელი შეუწყო სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის მიერ წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული აქტივობების რეალიზაციამაც.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი