ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

17/7/2021

პროფესია პატრიოტი - ყოფილი პოლიტპატიმრები განცხადებას ავრცელებენ

Comments

Read Now
 
Picture
ბრძენი ხალხის ნათქვამია - „პატრიოტობა ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარია“. ეს ჭეშმარიტება ხშირად გვახსენებს ხოლმე თავს, როდესაც თითქმის ყოველდღიურად ვუყურებთ, თუ როგორ გვასწავლიან ჭკუას პატრიოტობაზე მონოპოლიის მომპოვებელი პოლიტიკოსები და მათი აქტივისტები.

ბოლო დღეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება და აჰა, მიეცათ თავის გამოჩენის ასპარეზი პროფესიის არმქონე ან სხვა პროფესიაში ხელმოცარულ ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც პატრიოტობა ერთადერთ პროფესიად გაუხდიათ.

„როგორ ბედავს ოკუპანტ სახელმწიფოში სპექტაკლის თამაშს“! „მოღალატე“! „რუსეთუმე“! „რას აკეთებს სახელმწიფო, როგორ აძლევს ოკუპანტ სახელმწიფოში გამგზავრების უფლებას თეატრს?!“ და ა. შ. და ა. შ. ზოგიერთი „ინტელიგენტი პატრიოტი“ ბოლომდე მაინც არ წირავს დიდ რეჟისორს და მოღალატის ნაცვლად შემცდარ ადამიანს უწოდებს.

ისიც იმიტომ, რომ ქვეცნობიერად გრძნობენ, მათი პროფესია („პატრიოტობა“) არ არის საკმარისი, რომ თუნდაც მცირე ჩირქი მოსცხონ დიდ შემოქმედს. გულში მჯიღის ცემა, ოკუპანტის ლანძღვა-გინება (მათ შორის შარვლების ჩახდა და უკანალების მიშვერა), საღი აზრის გამომხატველთა რუსეთუმეებად გამოცხადება და ჩაქოლვა, ცილისწამებები, ინსინუაციები, ფეიკნიუსები და ათასი საზიზღრობები - აი, პროფესიით პატრიოტების სავიზიტო ბარათი.

ლოგიკასთან ხომ მთლად მწყრალად არიან ისინი. მაგალითად, ვერ ახსნიან, თუ რატომ არის ასეთი „აგზნება“ (როგორც რობერტ სტურუა იტყოდა) და ისტერიკა რუსთაველის თეატრზე და რატომ უკრავენ ტაშს საქართველოში ჩამოსულ რუსულ თეატრებს, რატომ ადიდებენ რუსეთში მყოფ ქართველ ფეხბურთელებს (მაგ. ხვიჩა  კვარაცხელიას), კალათბურთელებს (მაგ. თორნიკე შენგელიას, რომელიც  რუსეთის ჩემპიონი გახდა ტანზე შემოხვეული ქართული დროშით), რაგბისტებს ან ხელოვანებს (მაგ. პაატა ბურჭულაძეს, ქეთა თოფურიას, ნანი ბრეგვაძეს, ბუბა კიკაბიძეს და ა. შ.)?!

მეორეს მხრივ, მათი ლოგიკით რომელიმე ქართველი მსახიობის რუსულ ფილმში მონაწილეობაც ღალატი იქნება, თუნდაც ამ ფილმმა და მსახიობმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს. არც ქართული პროდუქცია უნდა გავიდეს რუსეთში (სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვა და რუსეთისთვის ბლოკადის გამოცხადება ხომ გახსოვთ 90-იანების დასაწყისში), არც იქიდან შემოვიტანოთ არაფერი, არც რუსი ტურისტები შემოვიდნენ, რუსი კლასიკოსების პატივისცემაც ხომ დიდი ღალატია.

ასევე ღალატია, თუ იტყვი, უაზროდ და უშედეგოდ არ გავაღიზიანოთ რუსული დათვი, თორემ ეს ქვეყნისთვის სახიფათოაო. სამაგიეროდ დიდი პატრიოტობაა, თუ რუსეთის „გაღიზიანების“ შედეგად ასზე მეტ სოფელს („ქვების გროვას“) დავკარგავთ, კოდორის ხეობას ერთი თოფის გასროლის გარეშე დავუთმობთ იმავე რუსებს, ათიათასობით ახალ ლტოლვილს და ასობით დაღუპულს მივიღებთ, შემდეგ ომში დამარცხებას გამარჯვებად გამოვაცხადებთ და მხოლოდ იმით ვისიამოვნებთ, რომ ამ ყოველივეთი საქართველო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება რამდენიმე დღის თუ თვის განმავლობაში.

ასევე პატრიოტობაა, თუ ათეულობით სტრატეგიულ ობიექტს მივყიდით რუსეთს და ომში დამარცხების შემდეგ ამ პატრიოტების ხელისუფლება იმავე რუსეთს იქით შეეხვეწება, საქართველოს კულტურის დღეები ჩაგვატარებინეთ მოსკოვშიო. აი, რუსთაველის თეატრის ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალში მიწვევა და მონაწილეობაზე დათანხმება კი ქვეყნის ღალატია, რადგან თეატრის ხელმძღვანელი „არაპატრიოტი და რუსეთუმე“ დიდი რეჟისორია.

თურმე საშინალებაა რუსული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა, მაგრამ სავსებით ლეგიტიმური და მისაღებია რუსეთში მცხოვრები ასიათასობით ქართველის მიერ გადმორიცხული თანხებით საქართველოში მცხოვრები ოჯახების შენახვა. პროფესიით პატრიოტებისთვის არაფერს ნიშნავს ან მათ საერთოდ არ ესმით, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები და დღის წესრიგი გააჩნია და ჩვენი გულისთვის საკუთარ სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ ინტერსებს უკანა პლანზე არავინ გადაწევს.

„პატრიოტებისთვის“ მთავარი მარტო იმის ძახილია, რომ ჩვენ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორები გვყავს და ეს პატრიოტები ამ პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით მზად არიან, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი საზარბაზნე ხორცად იქნას გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

როდესაც ჩვენ, საბჭოთა დისიდენტები ვუპირისპირდებოდით რუსულ კომუნისტურ რეჟიმს და სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ფასად 70-80-იან წლებში ანტისაბჭოთა ბრძოლას ვეწეოდით, დიახაც ჩვენი ქვეყნის სიყვარული გვამოძრავებდა. მაშინ პატრიოტობა საკეკლუცო თემა და რაიმე პროფესია კი არა, ჩვენი შინაგანი მოთხოვნილება იყო და არასოდეს არავისთვის დაგვიმადლებია ჩვენი თავგანწირვა.

მაგრამ დღეს, ამდენი პროფესია-პატრიოტების შემხედვარებს არ შეგვიძლია ზოგიერთი რამ არ შევახსენოთ მათ: ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენ ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის კგბ-ს ციხეებს ვხეხავდით, ზოგი სწორედ იმ კგბ-ს მაღალჩინოსანი იყო (მაგ. თემურ ალასანია), ზოგი იმ კგბ-ს სასაზღვრო ჯარში მსახურობდა (მაგ. მიხეილ სააკაშვილი), ზოგი სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე (მაგ. გრიგოლ ვაშაძე) და ზოგიც უბრალოდ, მოსკოვის იდეოლოგიზებულ უმაღლეს სასწავლებელში იღებდა განათლებას (მაგ. ელენე ხოშტარია).

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბევრი „პროფესიონალი პატრიოტი“ და მათი მშობლები ან გულმხურვალე კომუნისტები (მაგ. აწ გარდაცვლილი კახა ბენდუქიძე) და კომკავშირლები (მაგ. მამუკა ხაზარაძე) იყვნენ, ან ლენინზე და კომუნისტებზე წერდნენ ლექსებს (მაგ. ჯანსუღ ჩარკვიანი). სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულისამრევია, როდესაც პატრიოტობას ამოფარებული მრავალი ვიგინდარა დღეს ხალხის გულწრფელ გრძნობებზე თამაშობს და ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფრიდან საკუთარი პერსონის წინ წამოწევით ცდილობს მათ თავს მოახვიოს ანტიდემოკრატიული იდეები.

პრაქტიკულად ისინი მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ დაუდგინოს ჩარჩოები და განუსაზღვროს მოღვაწეობის მასშტაბები ხელოვანებს, სპორტსმენებს, ბიზნესმენებს და ეს ყველაფერი გააკეთონ პატრიოტიზმის იდეების საფარქვეშ.

და ეს ტოტალიტარული აზროვნების ქაჯები ქმნიან დღეს საზოგადოებრივ აზრს. პროფესიით პატრიოტებს (კრებით ე. წ. მიშისტებს) აწუხებთ კომპლექსები.

რაც უნდა თანამედროვედ, დემოკრატებად და პატრიოტებად ეცადონ საკუთარი პერსონების წარმოჩენას, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვერ მოიცილებენ საქართველოს ტერიტორიების დამკარგველების იმიჯს, რომლებმაც ორდღიან ომში დაკარგეს ქვეყნის ნაწილი (მათ შორის კოდორის ხეობა - ერთი ტყვიის გასროლის გარეშე), რომ ბევრი სტრატეგიული ობიექტი მიყიდეს რუსეთს, რადგან ამბობდნენ, ფულს სუნი არა აქვსო, რომ მათი სახეები არიან ბუბა კიკაბიძე, რომელიც სანამ შეეძლო, სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა ძალიან წარმატებულად, ეკონომიკის „ვარსკვლავი“, აწ გარდაცვლილი მილიარდერი კახა ბედუქიძე, ასევე ჰაერიდან უცბად გამდიდრებული მილიარდერები კეზერაშვილი, ოქუაშვილი და ნაყოფია, რომლებსაც საქართველოში ნაშოვნი მილიარდები უცხოეთში გააქვთ, სხვების გაღატაკების ხარჯზე გამილიარდელებული ბანკირი მამუკა ხაზარაძე, ყოფილი „პატრიოტთა ალიანსელი“ და შემდეგ განაცებული დეპუტატის ნატო ჩხეიძის მეუღლე ზაზა ოქუაშვილი, წამლების ბიზნესით გამილიონერებული კახა ოქრიაშვილი ა. შ.

მათ საპირისპიროდ, მეორე მხარეს არიან უცხოეთში ნაშოვნი მილიარდების საქართველოში შემომტანი ბიძინა ივანიშვილი, ეროვნული მოძრაობის სათავეებთან მდგარი ირაკლი ქადაგიშვილი და ირაკლი კობახიძის მამა გიორგი კობახიძე, ერთ მხარეს არის ამავე მოძრაობიდან ფეხდაცურებული გუბაზ სანიკიძე და ვინმე მაჭუტაძე, მეორე მხარეს - თეა წულუკიანი და კახა კახიშვილი, ან თუნდაც, ფენომენალური ლაშა ტალახაძე და სხვა სპორტსმენები, რომლებიც „პატრიოტი“ მილიარდერების მიერ საქართველოდან გატანილ მილიონებს ოქროს მედლების სახით აბრუნებენ საქართველოში.

ბოლოს, ერთ მხარეს არიან „პრაიდის“ მომწყობი ლომებივით და ვეფხვებვით „ძლიერი და ამაყი“ ლდბტ აქტივისტები, რომლებიც ამ შემთხვევაშიც კი ვერ აცდნენ კრებითი მიშისტების საკრალურ ციფრს და სწორედ 5 ივლისს აპირებენ თავისი „სიამაყის“ დემონსტრირებას საქართველოს ცენტრალურ გამზირზე, ხოლო მეორე მხარესაა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი თავისი ტრადიციული ღირებულებების დაცვის მოწოდებებით.

მოკლედ, ყველაფერი სახეზეა და კარგად ჩანს, რომ „პროფესიონალი პატრიოტების“ ზრახვებში და ქმედებებში მხოლოდ ხელისუფლების დაბრუნების ველური ჟინი იკითხება, რათა ტოტალიტალირული რეჟიმის რეანიმაციისა და „ახალი ჯიშის ქართველის“ გამოყვანის დაწყებული და ვერდასრულებული ექსპერიმენტი წარმატებით დაასრულონ კიდევ უფრო სასტიკი და არაადამიანური ფორმებით და მეთოდებით. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ მათგან მრავალჭირგამოვლილი და უკვე გამოცდილებამიღებული ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს.

ნანა კაკაბაძე
გელა ნიკოლაიშვილი
ტარიელ ღვინიაშვილი

(საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმრები)
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი