ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

12/6/2022

საქართველო, ბიზნესი და ადამიანის უფლებები

Comments

Read Now
 
Picture
გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მიიღოს შესაბამისი რეგულაციები და წარმართოს შესაბისი პოლიტიკა ისე, რომ ეფექტურად დაიცვას მოსახლეობის ადამიანის უფლებები და მოახდინოს კერძო სექტორის, მათ შორის ბიზნეს საწარმოების, მხრიდან უფლებების დარღვევის პრევენცია. ამისთვის მხოლოდ კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა საკმარისი არ არის. საჭიროა, სახელმწიფოს ჰქონდეს ექფექტური აღსრულების, მონიტორინგის და მართლმსაჯულების მექანიზმები.
ადამიანის უფლებებში იგულისხმება:

1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები;
2) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ქარტია, რომელშიც შედის: საერთაშორისო პაქტი სამოაქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და საერთშორისო პაქტი ეკონომიური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ;
​3) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დეკლრაცია სამუშაო ადგილზე ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების შესახებ და საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის რვა ძირითადი კონვენცია.

ბიზნესს აქვს ვალდებულება პატივი სცეს საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, რაც გულისხმობს, რომ მათ:  არ უნდა დაარღვიონ აღნიშნული სტანდარტებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები; მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა შეაჩერონ ადამიანის უფლებათა დარღვევისკენ მიმართული  ქმედებები; არ უნდა გამოიწვიონ და არც წვლილი შეიტანონ თავისი ქმედებებით ადამიანის უფლებათა დარღვევაში;  ხელი შეუწყონ დარღვეული უფლებების აღდგენას.

საქართველოში დაარსებული ან/და საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ბიზნესს საწარმოები ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა, მიუხედავად იმისა ახორციელებს თუ არა სახელმწიფო აღნიშნულის ეფექტურ მონიტორინგს.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფოში არსებობდეს ეფექტური სასამართლო მექანიზმი, რათა მოხდეს ბიზნესის მიერ მიყენებული ზიანის დროულად ანაზღაურება დაზარალებული პირებისთვის. აღნიშნული მექანიზმი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ლეგიტიმური, განჭვრეტადი, სწრაფი და გამჭვირვალე.

საჭიროა, არსებობდეს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მექანიზმები ბიზნესისგან მიყენებული ზიანის სწრაფად და ეფექტურად ანაზღაურების მიზნით.

ასევე სასურველია არსებობდეს ეფექტური შიდა საჩივრის მექნანიზმი კომპანიაში, რომელიც სწრაფად და ეფექტურად განიხილავს დასაქამებულების, მომხმარებლების თუ სხვა დაინტერესებული მხარეების განაცხადებებს ბიზნესის მხრიდან ადამიანის უფლებების სფეროში მიყენებული ზიანის საპასუხოდ.

უკეთესად გავიაზროთ, თუ რას გულისხმობს ბიზნესი და ადამიანის უფლებების ჩარჩო, რა არის ბიზნესის ვალდებულება პატივის სცეს ადამიანის უფლებებს სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად?

გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ ბიზნესის პასუხისმგებლობას პატივი სცეს ადამიანის უფლებებს განმარტავს შემდეგნაირად: “ბიზნეს საწარმოებმა პატივის უნდა სცენ ადამიანის უფლებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ თავიდან უნდა აირიდონ ადამიანის უფლებების დარღვევა და რეაგირება მოახდინონ იმ უფლებების ხელყოფაზე, რაშიც თვითონ წვლილი მიუძღვით.”

როგორც ამ მუხლის კომენტარი განმარტავს:  აღნიშნული ვალდებულება ბიზნესს აკისრია იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა სახელმწიფო ამის მონიტორინგს.

აქვს თუ არა ბიზნესს საქართელოს კანონმდებლობით ზუსტად იგივე ვალდებულება, რაც ზემოთ სახელმძღვანელო პრინციპებმა განგვიმარტა? - რა თქმა უნდა აქვს!

ადამიანის უფლებები გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ნორმატიული აქტებით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოში მცხოვრები ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვალდებულია, პატივი სცეს და არ დაარღვიოს საქართელოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები.

შესაბამისად, სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესს მოუწოდებს გააკეთოს ის, რაც მას უკვე კანონმდებლობით ისედაც აკისრია. სახელმძღვანელო პრინციპები ადამიანის უფლებების ახალ სტანდარტს არ ქმნის. ეს არის მექანიზმი, იარაღი, იმისთვის, რომ კომპანიამ ისედაც არსებული სტანდარტები უკეთესად და უფრო ჯეროვნად განახორციელოს.

კანონი ავალდებულებს კომპანიას არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები და დარღვევის შემთხვევაში აანაზღაუროს ზიანი. თუმცა, სახელმწიფო არ ეუბნება კომპანიას თუ როგორც უნდა გააკეთოს ეს.

პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევა, სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, გულისხმობს კომპანიის მხრიდან პოლიტიკის დონეზე შიდა მექანიზმის შექმნას, რომელიც მას ეხმარება წინასწარ შეაფასოს თავისი საქმიანობა და განსაზღვროს თუ რომელ აქტივობას შეიძლება მოჰყვეს ადამიანის უფლებების დარღვევა. შემდეგ, მოახდინოს აღნიშნულის პრევენცია, პერიოდული მონიტორინგი და ანგარიშგება. ასევე, ჰქონდეს შიდა ზიანის ანაზღაურების მექანიზმი, რათა უფლების დარღვევის შემთხვევაში, სწრაფად და ეფექტურად მოხდეს ზიანის ანასღაურება.

არის თუ არა გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც რბილი სამართლის მექანიზმია, მარეგულირებელი ჩარჩო საერთაშორისო დონეზე? საქართველოში?

სახელმძღვანელო პრინციპები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე მიღებისთანავე, 2011 წელს, ფართოდ იქნა აღიარებული საერთაშორისო დონეზე, წამყვანი სამთავრობო და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფოების მიერ.

ევროკავშირმა სახელმძღვანელო პრინციპებს შეუსაბამა კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია და მოუწოდა წევრ ქვენყნებს სახელმძღვანელო პრინციპების შესრულებისთვის ადგილობრივი პოლიტიკის მექანიზმები მიეღოთ.

ევროპარლამენტის 2018 წლის 4 ოქტომბრის რეზოლიციაში  (2018/2763(RSP)) ვკითხულობთ:


  • არსებობს მტკიცებულებები, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სახელმძღვანელო პრინციპების იმპლემენტაციას სახელმწიფო უწყობს ხელს, ბიზნესის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები შემცირებულია.
  • ევროპარლამენტი მხარს უჭერს სახელმძღვანელო პრინციპების  განხორციელებას ევროკაშირის წევრ ქვეყნებში და მის გარეთ. პარლამენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, მიიღონ სახელმძღვანელო პრინიციპების შესრულებისთვის შესაბამისი ადგილობრივი სამოქმედო გეგმები, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული მთავრობების ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, ასევე, გადასადგმელი ნაბიჯები. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს აქტივობების შესრულების გაზომვად ინდიკატორებს, რათა ეფექტურად მოხდეს გეგმის შესრულების მონიტორინგი.

ევროკავშირის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებების და დემოკრატიის შესახებ (10875/15 COHOM 80 CFSP/PESC 395 COSCE 4 FREMP 158 INF 131 JAI 558 RELEX 597 DEVGEN 131 CONUN 141) ასევე მკაფიოდ განსაზღვრავდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობას გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების იმპლემენტაციის მიმართულებით და ავალდებულებდა წევრ ქვეყნებს, ემუშავათ მესამე ქვეყნებთან, რათა სახელმძღვანელო პრინციპების შესრულება პარტნიორ ქვეყნებშიც მომხდარიყო.

დღეის მდგომარეობით მსოფლიოს 24 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, არის მიღებული სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისი სამოქმედო გეგმა ბიზნესის და ადამიანის უფლებების შესახებ, 16 ქვეყანა არის ასეთი გეგმის მიღების პროცესში, ხოლო 13 ქვეყანაში სხვა არასახელმწიფო ინიციატივები არსებობს, რაც ხელს უწყობს სახელმძღვანელო პრინციპების შესრულებას ეროვნულ დონეზე.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით საქართველოს ეკისრება ვადლებულება, წაახალისოს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობა საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებისა და სახელმძღვანელოების შესაბამისად.

აღნიშნულ საკითხს ასოცირების შეთანხმების 5 მუხლი ეთმობა - 231, 239, 348, 349, 352. ევროკავშირის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიაში განსაზღვრულია კორპორაციული პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ჩამონათვალი და, როგორც ზემოთაც აღინიშნა, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები მოწინავე პოზიციას იკავებს.

სწორედ ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულების მიზნით, 2015 წელს, საქართველოს მთავრობის ადმიანისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმას დაამატა ბიზნესი და ადამიანის უფლებების თავი. 2017 წელს მთავრობის ადმინისტრაციამ, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდასთან და სახალხო დამცველის აპარატთან პარტნიორობით, განახორციელა საქართველოს კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების კვლევა ბიზნესი და ადამიანის უფლებების ჭრილში. სწორედ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით მიღებული იქნა ახალი თავი ბიზნესი და ადამიანის უფლებების შესახებ 2018-2020 წლების ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმაში.

წელს მთავრობა 2021-2030 წლების ადამიანის უფლებების სტრატეგაზე მუშაობს და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით ბიზნესი და ადამიანის უფლებები სავარაუდოდ აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტის ნაწილიც გახდება.

პოლიტიკის დოკუმენტების არსებობა ბიზნესი და ადამიანის უფლებების მიმართულებით არის მნიშნველოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა მხოლოდ ეფექტური აღსრულების და მონიტორინგის მექანიზმები უზრუნველყოფს ქვეყნაში ადამიანის უფლებების დაცვას, ქვეყნის მდგრად განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას. აღსრულების და მონიტორინგის მექანიზმების გამართული ფუნქცინოირებისთვის კი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ცნობიერება და განათლება სახელმწიფო და კერძო სექტორში ბიზნესი და ადამიანის უფლებები სახელმძღვანელო ჩარჩო დოკუმენტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი