ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

19/4/2022

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

Comments

Read Now
 
Picture
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ფართო და მრავალმხრივი შინაარსი გააჩნია, იგი უამრავი უფლებრივი კომპონენტისაგან შედგება, რომლებიც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლითაა დაცული.
 
პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომლის პრაქტიკა ამ სფეროში ძალზე მდიდარია, არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ უფლების სრული განმარტების შეუძლებლობაზე.
 
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რომელიც ადამიანს გარანტიას აძლევს, რომ მისი პირადი, კერძო სფერო დაცული იქნება. ამავდროულად ვერც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ვერც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ახდენენ ამ უფლების სრულად განსაზღვრას და მისი ყველა ასპექტის ჩამოთვლას, რაც ასევე ამ უფლების ფართო ხასიათსა და განსაკუთრებულობაზე მიუთითებს.
 
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ინდივიდის ავტონომიურობის, დამოუკიდებელი განვითარების, მისი ღირსების დაცვის წინაპირობაა.
 
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გულისხმობს ინდივიდის შესაძლებლობას საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს თავისი კერძო ცხოვრება და იყოს დაცული მის კერძო სფეროში სახელმწიფოს და სხვა პირების ჩარევისგან. იცავს ადამიანის არჩევანს იარსებოს გარე სამყაროსგან დამოუკიდებლად, იყოს მარტო, ასევე თავისუფლად გადაწყვიტოს რა პირობებში და მოცულობით ექნება ურთიერთობა საზოგადოების სხვა წევრებთან, თავად განსაზღვროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფარგლები, დრო, ინტენსივობა, ფორმები.
 
პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს ინდივიდის ცხოვრების ინტიმურ, კერძო და სოციალურ სფეროებს. მიუხედავად იმისა, რომ ინტიმურ სფეროს მიკუთვნებული საკითხები, როგორც წესი, დაცვის უფრო მაღალი სტანდარტით სარგებლობს და შეზღუდვის კანონიერება ექვემდებარება ე.წ. მკაცრ ტესტ-შემოწმებას, საქართველოს სისხლის საპროცესო კანონმდებლობა ამ ინფორმაციას არ მიაკუთვნებს აბსოლუტურად დაცულ უფლებათა სფეროს; არ ითვალისწინებს განსხვავებულ მიდგომებს პირად ცხოვრებაში შემავალი ინფორმაციის დაცვის ხარისხის თვალსაზრისით აღნიშნული დაყოფის შესაბამისად.  
 
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას. კანონმდებლობა კრძალავს მხოლოდ თვითნებურ და უკანონო შეზღუდვას პროცესის ნებისმიერი მონაწილის, მათ შორის დაცვის მხარის, დაზარალებულის თუ მოწმის მხრიდან და ითვალისწინებს საპროცესო გარანტიას მის დასაცავად: უფლების შეზღუდვის განსაკუთრებული წესის დადგენის და აღნიშნული წესის დარღვევით მოპოვებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად აღიარების სახით; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გზით.
 
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ეხება პირადი ხასიათის ინფორმაციის და პერსონალური მონაცემების შენახვის/დამალვის შესაძლებლობას სხვებისგან, ხოლო კონფიდენციალურობა - იმ უწყების საქმიანობას, რომელმაც შეაგროვა აღნიშნული მონაცემები სხვა პირებისგან (ფიზიკური და იურიდიული პირებისგან),  რისთვის, როგორ, რა მოცულობით და რამდენი ხნის განმავლობაში დაიშვება პერსონალური ინფორმაციის შეგროვება- გამოყენება.
 
საინეტერესოა, რითი შემოიფარგლება პირადი სფერო? კონსტიტუციიდან ჩანს, რომ ზოგადად არსებობს „დაცული სფერო“, თუმცა მასში შეიძლება მოვიაზროთ რამდენიმე ნაწილი. ციტირებული ნორმებიდან, ეს შეიძლება პირობითად სამ ნაწილად დავყოთ:
1. პირადი ცხოვრება;
2. მიმოწერის ხელშეუხებლობა;
3. საცხოვრებლის ხელშეუხებლობა.
„პირადი ცხოვრება“ - ძალიან საკამათო და ბუნდოვანი, თითქმის არაფრის მთქმელი ტერმინია. სწორედ მისი ბუნდოვანება წარმოადგენს დავის არსს.
 
სად გადის ზღვარი პირად სფეროსა და საჯარო სფეროს შორის, როგორ შეიძლება მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა?
 
პირადი ცხოვრების ზუსტი დეფინიცია არ გვაქვს მოცემული (სრულიად მართებულად). მისი განსაზღვრის შესახებ არსებობს გარკვეული „მითითებები“ სხვადასხვა სასამართლო პრაქტიკიდან. ერთ-ერთ სასამარლო დავაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „პირადი ცხოვრება“ ფართო ცნებაა, რომელიც არ ექვემდებარება ამომწურავ განსაზღვრას.
 
იურიდიულ დოქტრინაში, პირადი ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით, საუბარია რამდენიმე ელემენტის ერთობლიობაზე:
​
1. პირის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობაზე;
2. სახელმწიფოს მიერ პირადი მონაცემების შეგროვებასა და შენახვაზე, პირადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე;
3. სქესობრივი ცხოვრების საიდუბლოებაზე;
4. სახელებზე.
 
პირადი ცხოვრება არის დაცული სიკეთე, რადგან ის წარმოშობს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა ინდივიდუალური იდენტობისა და თვითგანხორციელების განვითარების, ავტონომიურ ურთიერთობათა სივრცეში დაცვის მოთხოვნები.
 
საქართველოში პირადი ცხოვრება დაცულია როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის ნორმებით. იგი კომპლექსური სამართლებრივი დაცვის ობიექტია.
კერძო სფეროს დაცვის სამართლებრივ საშუალებათა სისტემა საქართველოს სამართლებრივი და თვით პირადი სფეროს დაცვის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება ამგვარად დალაგდეს:

1. ძირითადი კანონი;
2. კანონები და
3. სასამართლო პრაქტიკა
 
მიზანშეწონილია საქართველოს კანონმდებლობაში კერძო ცხოვრების დაცვის თვალსაზრისით ძირითად კანონად განისაზღვროს კონსტიტუცია, ვინაიდან ის საფუძვლად უდევს პირადი ცხოვრების დაცვის მთელ სისტემას. ამასთან, ძირითადი კანონი ადგენს პირადი სფეროს დაცვის ეროვნული სისტემის მიზნებსა და სტრუქტურას.
 
კანონებში მოიაზრება (დარგობრივი) საჯარო და კერძოსამართლებრივი კანონები. საჯარო სამართლის დარგებიდან პირადი სფერო დაცულია სისხლის, ადმინისტრაციული, საგადასახადო, საპროცესო კანონმდებლობით.
 
რაც შეეხება კერძო სამართალს, პირადი ცხოვრების ცალკეული ელემენტები გათვალისწინებულია სამოქალაქო, საავტორო, ჯანდაცვის, სანოტარო სამართალში.
 
ანგარიშგასაწევია სასამართლო პრაქტიკაც, რომელშიც საქართველოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა უნდა იგულისხმებოდეს. ცალკე უნდა შევჩერდეთ საერთაშორისო კონვენციების ადგილზე   ქართულ   სამართლებრივ   სივრცეში.
 
საყურადღებოა პირადი ცხოვრების დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციით დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარება, რომელიც ამოსავალია პირადი ცხოვრების არსის განსასაზღვრად.
 
კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით. მართალია, აქ გვხვდება ტერმინი “პირადი ცხოვრება,” მაგრამ მასში კერძო სფეროს გარკვეული გამოვლინებანია მხოლოდ ჩადებული: თითოეული პირის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია.
 
ეს, ალბათ, ფართოდ უნდა იქნეს გაგებული და უნდა მოიაზრებოდეს ნეგატიურ-პოზიტიური ვალდებულებანი. ამდენად, პირადი ცხოვრება მჭიდრო კავშირშია თავისუფლებასა და ხელშეუხებლობასთან, რომლის დაცვისათვის ამოსავალი უნდა იყოს კონსტიტუციური დებულება.
 
აუცილებელია, გამოიკვეთოს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების, როგორც არამატერიალური უფლების, მნიშვნელობა კერძოსამართლებრივი დაცვის ხერხების გაფართოების გზით.
 
პირადი ცხოვრება ასახვას ჰპოვებს ასევე სქესის მიუხედავად კანონის წინაშე ადამიანების თანასწორობაში, მორალურ და ფიზიკურ ხელშეუხებლობაში, საოჯახო (საქორწინო) ცხოვრებაში.
კონსტიტუცია იცავს ადამიანის ჯანმრთე ლობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როცა გაცნობა აუცილებელია ლეგიტიმური მიზნებისთვის.
 
ამდენად, სამართლებრივი საფუძვლები გაუჩნდა თვითგამორკვევის უფლებასაც, როგორც კერძო ცხოვრების ერთ-ერთი გამოვლენის ფორმას.
 
ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები განეკუთვნება “განსაკუთრებით მგრძნობიარე” პერსონალურ მონაცემებს, ქონებრივი და სხვა კერძო საკითხი შედის “მგრძნობიარე” პერსონალურ მონაცემთა წრეში. ამდენად, კანონმდებელმა კონსტიტუციაში გაიზიარა პირადი ცხოვრების ფართო გაგება, თუმცა არც მისი გამოვლინებანი დარჩენია ყურადღების მიღმა.
 
აქ მნიშვნელოვანია, რომ პიროვნების დაცვა მხოლოდ მაშინაა ეფექტურად უზრუნ ველყოფილი, თუ განსაკუთრებული პიროვნული უფლებების გვერდით არსებობს ზოგადი პიროვნული უფლება ზოგადი ფორმით.
 
გარკვეული პირადი უფლებები წარმოიშობა დაბადებით. მაგალითად, ჯანმრთელობაზე უფლება. ამასთან, პირადი თავისუფლება მიზანმიმართულია ინდივიდუალობის განვითარებისკენ და წარმოადგენს სხეულებრივი, ფსიქიკური და სულიერი ურთიერთობის გამოვლინებას.
 
ადამიანის თავისუფლება და ღირსება მიიჩნევა უზენაეს სამართლებრივ ღირებულებებად. ღირსება მთელი სამართლებრივი წესრიგის საფუძველია. ამასთან, პირადი საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლება არის სულიერი თავისუფლების ბაზისი და შემადგენელი ნაწილი, ფართო გაგებით კი -  წარმოდგენილი პირადი ან ინდივიდუალური თავისუფლების საფუძველი და შემადგენელი ნაწილი.
 
პირადი თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც კონსტიტუციური პრინციპი, უზრუნველყოფ გამოვლენას წარმოადგენს.     ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ “ხელშეუხებლობისა” და “საიდუმლოების” სამართლებრივ ცნებებს შორის განსხვავება შეფარდებითია. ის, რაც არის ხელშეუხებელი, შედის საიდუმლოებაში; და პირიქით: საიდუმლო არის ხელშეუხებელი.
 
ამასთან, არსებობს საიდუმლოების სხვადასხვა სახე: საექიმო, საადვოკატო, მიმოწერის, შვილად აყვანის და სხვა საიდუმლოებანი. შესაბამისად, ამ ფორმით შეიძლება პირადი ცხოვრება განიხილებოდეს, როგორც საიდუმლოებათა ერთობლიობა.
 
აღნიშნული გაგებით შეიძლება გამოიყოს პირადი (რაც არავისთვის გაინდობა) და პროფესიული საიდუმლოება (თუ განსაზღვრული პროფესიის წარმომადგენლებს გაანდობენ რაიმეს უფლებათა და კანონიერ ინტერესთა დასაცავად). პირადი საიდუმლოებაა შემოქმედებისა და ურთიერთობის, საოჯახო და ინტიმური ურთიერთობების, საცხოვრებლის, დღიურების, პირადი ქაღალდების, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციებისა და სატელეფონო საუბრების საიდუმლოება.
 
პროფესიული საიდუმლოება მოიცავს სამედიცინო, სასამართლო დაცვის, აღსარების, შვილად აყვანის, საგამოძიებო საქმიანობის, სანოტარო მოქმედებათა და სამოქალაქო მდგომარეობის ჩამწერი აქტების საიდუმლოებას. ამდენად, გარკვეული პირადი უფლებების წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს გარიგება. მაგალითად, საადვოკატო საიდუმლოება. 
 
საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლებაში მოიაზრება ბინის, სახლის ან სამსახურებრივი შენობების მესაკუთრის უფლება, ოთახები თავისუფლად გამოიყენოს და განსაკუთრებულ შემთხვევაში საკუთარი შეხედულებისამებრ მესამე პირებს შესვლის ნება დართოს ან აუკრძალოს შესვლა.
 
საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება იცავს კერძო საიდუმლოს. ამდენად, საცხოვრებლის ხელშეუხებლობა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საცხოვრისში მიმდინარე ან არსებული მოვლენების საიდუმლოება.
 
რაც შეეხება საფოსტო გზავნილების, სატელეგრაფო შეტყობინებებისა და სატელეფონო საუბრების საიდუმლოებას, ისინი კერძო და საიდუმლო სფეროს განსაკუთრებული შემთხვევებია.
 
საფოსტო გზავნილების, სატელეგრაფო შეტყობინებებისა და სატელეფონო საუბრების საიდუმლოება ემსახურება პირად თავისუფლებას ფართო გაგებით და ის სამართლით დაცულ თავისუფლებად ითვლება.

აქ მნიშვნელოვანია დაწესებულების შინაგანაწესის დებულებებით სატელეფონო საიდუმლოების ელექტრონული  მისამართის კონტროლი, რომელიც მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ვინმე კომერციული მიზნებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებას იყენებს.
 
მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების საიდუმლოება არის დაცული საქართველოს კონსტიტუცით. ამ სიკეთის დაცვის მექანიზმები კი დაზუსტებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
 
სამართლით დაცული თავისუფლებები შეუზღუდავი არაა. სამართლით დაცული თავისუფლებების შეზღუდვები იწყება იქ, სადაც საქმე შეეხება სხვების კანონიერ ინტერესებს. ამდენად, ამ თავისუფლებათა ზღვარი გადის საჯარო ინტერესებსა და პროპორციულობის პრინციპზე.
გაზიარება

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი